თამბაქოს კონტროლის ალიანსი - მონიტორინგის ინსპექტირება რეგულარული და მოულოდნელი უნდა გახდეს

საზოგადოება
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

 

საქართველოში თამბაქოს კონტროლის კანონის აღსრულება კვლავ მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება, - მიაჩნიათ თამბაქოს კონტროლის ალიანსში. სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, ყოველთვიურად  მიმდინარე მონიტორინგიშედეგად, ფიქსირდება დარღვევები, როგორც მოხმარების (დახურულ სივრცეში „ჩილიმის“ და ელექტრონული, ან გასახურებელი თამბაქოს მოხმარება), ისე ვაჭრობისა და რეკლამის კუთხით.

 

ბოლო დროს, კვლავ თვალსაჩინო გახდნენ ე.წ. „პრომო-გოგონები“, რომლებიც სავაჭრო ქსელებში, მომხმარებლებს კანონის დარღვევით აწვდიან თამბაქოს ნაწარმის შესახებ სარეკლამო ინფორმაციას.  ასეთი ქმედება არა მხოლოდ კანონდარღვევაა, საფრთხეს უქმნის საზოგადოებრივ ჯანმრთელობას, განსაკუთრებით ახალგაზრდებს.

აღნიშნულ შემთხვევაში, კანონის დარღვევის ფაქტზე გათვალისწინებული ჯარიმა ეხება, როგორც პრომო-გოგონას და მის დამქირავებელს, ასევე სავაჭრო დაწესებულებას, რომელიც მის კუთვნილ ტერიტორიაზე, ან სივრცეში სარეკლამო საქმიანობის წარმოების უფლებას აძლევს თამბაქოს ინდუსტრიის ინტერესების შესაბამისად მოქმედ პირს - ე.წ. პრომო-პერსონას.

„მიუხედავად იმისა, რომ საჯარიმო თანხები მოცულობითია (დაახლოებით, 5000 ლარამდე), სამწუხაროდ, ქსელური სავაჭრო მაღაზიები არ ერიდებიან მსგავსი ტიპის კანონდარღვევებს, რადგან დაჯარიმების შეთხვევაში, თამბაქოს ინდუსტრია წინასწარი შეთანხმებისამებრ, უნაზღაურებს ჯარიმის სახით გადახდილ თანხას.

თამბაქოს კონტროლის რეფორმების მიმდინარეობა გვაჩვენებს, რომ კანონის აღსრულებისა და რეფორმული პროცესების გასაუმჯობესებლად, საჭიროა  მონიტორინგის გაძლიერება, როგორც ადამიანური, ისე ტექნიკური და ფინანსური რესურსებით, რათა ინსპექტირება რეგულარული და მოულოდნელი გახდეს“, - აცხადებენ თამბაქოს კონტროლის ალიანსში.  

ამასთან, ორგანიზაციის წარმომადგენლებს მიაჩნიათ, რომ უნდა გაღრმავდეს თანამშრომლობა სამართალდამცავ ორგანოებთან, კანონის აღსრულების შესახებ მაქსიმალური ინფორმაციის მისაწოდებლად, რაც კანონდაღვევის ადგილზე მათ ოპერატიულ ქმედებას განაპირობებს.

„გარდა ამისა, აუცილებელია საზოგადოების ცნობიერების ამაღლება, ინტენსიური საგანმანათლებლო კამპანიების ჩატარება, განსაკუთრებით, ახალგაზრდებში. აუცილებელია სოციალური მედიის აქტიური გამოყენება ინფორმაციის გასავრცელებლად. ცნობილი სახეების ჩართვა კამპანიებში, რაც უნდა ჩატარდეს საზოგადოებრივი ჯანდაცვის მიმართულებით მოქმედი სახელმწიფო, საკომუნიკაციო პროგრამების ფარგლებში. სამწუხაროდ, როგორც წინა წლების შემთხვევაში, ამჯერადაც, არ დაწყებულა საზოგადოებრივი ჯანდაცვის პროექტების მოქმედება.  არადა, საშურია სისტემატური ხასიათი უნდა მიეცეს ალტერნატიული ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას, სპორტული და კულტურული ღონისძიებების ორგანიზება თამბაქოს გარეშე, ჯანსაღი კვებისა და ფიზიკური აქტივობის წახალისებას“.

ასევე, მნიშვნელოვანია, ხელისუფლებას ახსოვდეს, რომ თამბაქოს კონტროლი არა მხოლოდ სამართლებრივი, არამედ, საზოგადოებრივი ჯანდაცვის საკითხია. თამბაქოს კონტროლის კანონის ეფექტური აღსრულება საქართველოში, მოითხოვს კომპლექსურ მიდგომას, რომელიც მოიცავს, როგორც მკაცრ რეგულაციებს, ასევე საზოგადოების აქტიურ ჩართულობას და საერთაშორისო გამოცდილების გამოყენებას. მხოლოდ ერთობლივი ძალისხმევით შევძლებთ, შევქმნათ უფრო ჯანსაღი და თამბაქოსგან თავისუფალი გარემო, ჩვენი და მომავალი თაობებისთვის.

 

 

ავტორი-მაკა რუხაძე