ქურდობა მოხუცთა თვშესაფარში - ვინ და როგორ ჰპარავდა პენსიონერებს დანაზოგს

პატიმრის დღიური
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ადრე ასე იყო, მოხუცთა თავშესაფარში მშობლების გაშვება არავის მოსწონდა, არავინ იწონებდა, ყველა კიცხავდა შვილებსა თუ შვილიშვილებს მოხუცების მოშორებისთვის, თუმცა ახლა, თითქოს, სიტუაცია შეიცვალა, თითქოს, ხალხი შეეგუა იმ აზრს, რომ ეს „არ ტეხავს“. ეგებ, მოხუცსაც იქ ურჩევნია, თავისი ასაკის ხალხთან ურთიერთობისთვის, ზოგადად, ცხოვრებისთვის, თუმცა სხვაობა აქაც არის - მოხუცთა თავშესაფრები განსხვავებულია. არის ისეთი, სადაც მოხუცებს თან ჰყვებიან, იქ თვეში ერთი მოხუცის შენახვა 1500 ლარამდე ჯდება და არის ისეთიც, სადაც საკვების პრობლემაც კი დგას და მოვლა-პატრონობაც ცოტა ნაკლებია. ასეა თუ ისე, კაცია და გუნება, ვიღაცა ეგუება იმ აზრს, რომ დედას, მამას, ბებიასა თუ პაპას მარტივად მოიშორებს და მოხუცთა თავშესაფარში გაუშვებს, არის კატეგორია, რომელსაც ეს ვერ წარმოუდგენია და ცოდვა გამხელილი სჯობს, მეც ამ კატეგორიას ვეკუთვნი - მშობელი, ბებია თუ პაპა, რაც შეიძლება, დიდხანს უნდა გყავდეს გვერდით, ბოლომდე უნდა გყავდეს და უმრავლეს შემთხვევაში, ვერავინ მოუვლის მოხუცს ისე, როგორც შვილი ან შვილიშვილი.

 სწორედ ერთ-ერთი ასეთი მოხუცთა თავშესაფრიდან დარეკეს გამომძიებელთან და დახმარება ითხოვეს. მოხუცი, ვინც გამომძიებელს დაურეკა, მისი შვილის ახლო მეგობარი იყო და გამომძიებელს სთხოვა, ეგებ, მინახულო, შენი ხელი გვჭირდებაო. გამომძიებელი არც დაფიქრებულა, ისე გაემგზავრა მოხუცთა თავშესაფარში, რადგან ეს ქალი მისთვის უცხო არ იყო, ახსოვდა, ბავშვობაში როგორ უმასპინძლდებოდა ტკბილეულით, როგორ აჭმევდა საკუთრი ხელით გამომცხვარ ნამცხვარს... მეგობარსაც კი ეჩხუბა, დედა მოხუცთა თავშესაფარში რატომ გაუშვიო, მაგრამ შემდეგ, როცა პირობები იხილა, აღარაფერი თქვა, თუმცა გულში მაინც სჯეროდა, რომ თავად ასე არასდროს მოიქცეოდა.

„ახლა, რა ხდება ჩემო შვილო. ჩვენ, პენსიონერებს, პენსია ხომ გვერიცხება და ცოტ-ცოტას ვინახავთ, ცოტ-ცოტას ვხარჯავთ. აი, ნამცხვარი რომ ვიყიდოთ, კანფეტი... ან რა ვიცი, რამე თუ დაგვჭირდება ისეთი, რაც აქ არ გვაქვს. დავაბარებთ ხოლმე ჩვენს „ზავხოზს“, ის დადის ქალაქში ყოველდღიურად და მოაქვს ყველაფერი. ჰოდა, ახლა ყველას ეკარგება ფული. მთლიანად არა, მაგრამ მსხვილი კუპიურები ქრება და წარმოდგენა არ გვაქვს, ვის მიაქვს. აქ კამერები არ არის დამონტაჟებული, არც საკეტები აქვს ოთახებს, ვინ დაკეტავს, ან რატომ უნდა დაკეტოს, არავინ არავის უვარდება, არაფერია მოსაპარი ფულის გარდა, მაგრამ აქამდე არ ყოფილა შემთხვევა, რომ ფული დაკრგულიყო, ახლა კი იკარგება და ამ დღეშია ყველა“, - თქვა მოხუცმა.

გამომძიებელი უსიამოვნოდ შეიშმუშნა. ის კარგად მიხვდა, რომ ფულის ქურდი ან მოხუცებს შორის უნდა ეძებნა, ან თანამშრომლებში და ორივე შემთხვევაში, უხერხულობის მომენტი შეიქმნებოდა, თანაც არ იცოდა, ვისთვის რა ეთქვა და საიდან დაეწყო, ეჭვმიტანილი იყო ყველა, თუმცა ფულს ხომ მობინადრეები კარგავდნენ და ეგებ, დამნაშავე ის იყო, ვინც არ კარგავდა? ამიტომ, ჯერ ის იყო გასარკვევი, ვის პარავდნენ ფულს და ვისთვის არ მოუპარავთ? სხვა გზა არ იყო, გამომძიებელი დაწესებულების დირექტორთან მივიდა და მიხვდა, რომ ვინ, ვინ და, დირექტორი საქმეში ნამდვილად არ იყო და ფულს არ მოიპარავდა. ამიტომ, მასთან გახსნილად საუბარიც შეიძლებოდა და ვერსიების განხილვაც, რასაც ის სიხარულით დათანხმდა, აქაოდა, თუ ქურდს ვერ დავიჭერთ, სახელი გაგვიფუჭდება, მოხუცებს კი არა, ორ ბატს არ გვანდობს არავინ მოსავლელადო და მართალიც იყო. მოხუცების პატრონები საქმის გამოძიებას კატეგორიულად ითხოვდნენ.

„როგორია, რომელიმე მოხუცზე ეჭვი მიიტანო? ისინი მთელი დღეები ერთმანეთს ხომ მხოლოდ იმას უმტკიცებენ, როგორი პატიოსნები იყვნენ მთელი ცხოვრება, როგორ ღირსეულად იცხოვრეს, ახლა კი... არ ვიცი, რა იქნება და როგორ იქნება, მაგრამ საქმე უნდა გამოვიძიოთ. მე დაგეხმარებით ყველაფერში, რასაც დამავალებთ, ყველაფერს შევასრულებ“, - განაცხადა დირექტორმა.

გამომძიებელს იმ მოხუცების სია სჭირდებოდა, რომლებიც ფულის დაკარგვაზე არ ჩიოდნენ. ასეთი შვიდი მოხუცი აღმოჩნდა, ოთხის ამბავი გასაგები იყო, მათ საპენსიო ბარათები არ ჰქონდათ - შვილები ან შვილიშვილები იღებდნენ პენსიას, ის სამი კი, უბრალოდ, აგროვებდა, კაპიკს არ აკლებდა და ამბობდა, ეს ჩვენი დასამარხი ფულიაო. გამომძიებელმა გადაწყვიტა, მათი ოთახები ჩუმად შეემოწმებინა, ენახა, რა თანხა ჰქონდათ მოგროვებული, როგორც წესი, პენსია მოჭრილი თანხაა და აქაც კოვზი ნაცარში ჩაუვარდა - ყველა მათგანს ფული ბარათზე ჰქონდა, ბარათი - ოთახში და შესაბამისად, ქეში ერთსაც არ გააჩნდა ანუ ისინი ფულს არ იპარავდნენ. ძალოვანმა ორ ოპერმუშაკს გამოუძახა, დირექტორს სთხოვა, მოხუცები გაართე, ყველას ოთახი უნდა შევამოწმოო და მართლაც, შეამოწმა. საინტერესო ის იყო, რომ ოთახების სიმცირის მიუხედავად, თითქმის ყველას თანხა საგულდაგულოდ ჰქონდა შენახული და გადამალული ანუ მათი პოვნა იოლი არ იქნებოდა, თითო სამალავის მოსაძებნად, ათი წუთი მაინც იყო საჭირო, რაც იმას ნიშნავდა, რომ ნებისმიერ დროს, შესაძლოა, ოთახში რომელიმე მისი ბინადარი შესულიყო და კითხვებიც გაჩნდებოდა, მაგრამ არავინ, არავის, არასდროს დაუჭერია. გამოდიოდა, რომ დამნაშავეს ან თანამზრახველი ჰყავდა, ან ზუსტად იცოდა, ფულს ვინ სად ინახავდა, მაგრამ... რატომ გათქვამდნენ მოხუცები თავის საიდუმლოს, ან როგორ ჰკითხავდა ქურდი, ფულს სად ინახავო? გამომძიებელიცა და ოპერმუშაკებიც დაბნეულები იყვნენ.

„როცა ერთხელ დავკარგე ფული, მერე სამალავი შევცვალე, ბოლოს კი, ფული ისეთ ადგილზე დავდე, მეგონა, მის მონახვას ვერავინ შეძლებდა, მაგრამ ქურდმა მაინც მიაგნო. ბოდიში,  შვილო, მაგრამ საცვალს ნაჭერი მივაკერე, იმ ნაჭერში ჩავდე და ისე შევინახე სხვა საცვლებთან ერთად. ჰოდა, მაინცდამაინც ის იყო აღებული და ფულიც აღარ დამხვდა. არ ვიცი, რა ვიფიქრო, ამიტომ დაგიძახე შენ და შენ თუ ვერ მიშველი, სხვა საერთოდ ვერ მიშველის“, - წუწუნებდა მოხუცი.

გამომძიებელი ხვდებოდა, რომ საქმე მარტივი არ იქნებოდა და დირექტორს უთხრა, ეგებ, ჩუმად ვიდეოთვალი დავაყენოთ ყველა ოთახშიო და ისიც დათანხმდა, თუმცა ეს მარტივი გასაკეთებელი არ იყო. ვიდეოთვალის მონტაჟს დრო და შესაბამისი სპეციალისტი სჭირდებოდა, ამდენი ხნით კი, მოხუცების გარეთ გაყვანა წარმოუდგენლად ჩანდა. რაც მთავარია, ვიდეოთვალის შესახებ, დირექტორის გარდა, არავის, აბსოლუტურად არავის უნდა სცოდნოდა. გადაწყდა, კონცერტი გაემართათ და მოხუცები ორი საათით სააქტო დარბაზში გამოეკეტათ, რაც ძალოვნებს შესაძლებლობას მისცემდა, მშვიდად ემუშავათ. მომღერლის ჩამოყვანა გამომძიებელმა ითავა და რესტორნის ნაცნობ მომღერალს სთხოვა, მიშველე და რაც მთავრია, ისე უნდა იმღერო ორი საათი, არცერთმა მოხუცმა სააქტო დარბაზიდან ფეხი არ მოიცვალოსო. ასეც მოხდა, კონცერტი „ანშლაგით“ ჩატარდა, მოხუცები კარგად გაერთნენ და ერთმაც არ იცოდა, რომ მათ ოთახებში ვიდეოთვალები დაამონტაჟეს.

სამი დღის განმავლობაში, საინტერესო არაფერი მომხდარა, მეოთხე დღეს კი მაშინ, როცა მოხუცები სადილისთვის იყვნენ გასულები, ერთ-ერთი ოთახის კარი გაიღო და იქ „ზავხოზი“ შევიდა, რომელსაც ხელში კატა ჰყავდა. კატა იატაკზე დასვა და დაახლოებით ათ წამში, კატა კარადის კარს ეცა, მამაკაცმა კარი გააღო, კატა შიგნით შეხტა, მესამე თაროზე აძვრა და კაცმაც იქიდან ფული აიღო, იგივე გააკეთა კიდევ ორ ოთახში, ფულს კატა პოულობდა და მრავლისმნახველი გამომძიებელიც კი, ამ სანახაობას პირდაღებული უყურებდა. როგორ? რანაირად? რა თქმა უნდა, ფულის ქურდი დააკავეს. მართალია, ის თავიდან ყველაფერს უარყოფდა, მაგრამ როგორც კი ჩანაწერები ანახეს, მიხვდა, რომ ვერ გამოძვრებოდა და მოყოლა დაიწყო.

„კარგად იცით, კატაბალახას წვეთებზე კატა როგორ რეაგირებს. ჰოდა, ეს იდეაც მაშინ მომივიდა თავში, როცა მოხუცებმა მაღაზიიდან რაღაცების მოტანა მთხოვეს. ხურდას ხომ ვუბრუნებდი, სწორედ, იმ კუპიურებს წავუსვი კატაბალახას წვეთები და რომ დავუბრუნე, ეჭვი არავის აუღია, აქ ხომ ყველას ეს წვეთები უდევს ჯიბეში იმისთვის,რომ საჭიროების დროს მიიღონ, შესაბამისად, არც სუნი ეუცხოვათ. მერე, იმ კუპიურებს ხომ დანარჩენებთან ინახავდნენ. მერე კატა შემყავდა და მაშინვე ნახულობდა. რატომღაც მგონია, რომ ამათ აქ ყველაფერი აქვთ და ფული, უბრალოდ, არ სჭირდებათ“, - განაცხადა დაკავებულმა.

მოხუცებს თანხა თითქმის სრულად დაუბრუნდათ, მათივე გადაწყვეტილებით, საქმეს ოფიციალური მსვლელობა არ მიეცა და „ზავხოზი“, უბრალოდ, სამსახურიდან გაათავისუფლეს.

 

ბათო ჯაფარიძე