მანქანის საბარგულში ნაპოვნი თავგატეხილი ქალის ისტორია

კრიმინალი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

საქმროსგან მიტოვებული გოგოს შურისძიება

 

„ქალების შურისძიება“ - ამ ტერმინს მამაკაცები ხშირად აგდებულად ამბობენ ხოლმე, მაგრამ მერწმუნეთ, გულის სიღრმეში ყველამ ზუსტად იცის, რომ თუ ქალმა შურისძიება მოინდომა და „თავზე ხელი აიღო“, შეიძლება, უსასტიკესიც იყოს. ქალების ფანტაზიას საზღვარი არ აქვს და თუ შურისძიებას გადაწყვეტს, შესაძლოა, ისეთი რამ მოიფიქროს, რაც კაცს თავში აზრად არასდროს მოუვა. ამიტომ, არ აწყენინოთ ქალებს და არ მოატყუოთ ისინი, თორემ მერე, შესაძლოა, ყველაფერი სანანებელი გაგიხდეთ და დროის უკან დაბრუნებას ინატრებთ.

 

ის, რაც საქართველოს ერთ-ერთ დიდ ქალაქში მოხდა, იმიტომ არ გახმაურდა, რომ საქმეში პოლიციის მაღალჩინოსანი ფიგურირებდა. მაშინ, პოლიცია ჯერ კიდევ ახალი შექმნილი იყო და იმჟამინდელი ხელისუფლება ყველაფერს აკეთებდა, რომ ამ ორგანოს პრესტიჟი აეწია, ხალხის ნდობა მოეპოვებინა, რაც საწყის ეტაპზე, მოახერხეს კიდეც, მაგრამ შემდეგ პოლიცია პოლიტიზებული გახდა და ნდობა არათუ დაკარგა, არამედ, ლამის, გაანულა.

მოკლედ, პოლიციის მაღალჩინოსანი სამსახურში მივიდა, არ მოეწონა, რომ ყველა ადგილი სხვა მანქანებს ჰქონდათ დაკავებული, მანქანა ეზოს გარეთ გააჩერა და პოლიციის ეზოში ფეხით შევიდა, მორიგეს უთხრა, ეზოში მხოლოდ ჩვენი თანამშრომლების ავტომობილები უნდა იდგეს, ამიტომ ყველა მოქალაქეს უთხარი, მანქანები ეზოდან გაიყვანონო. რაღა თქმა უნდა, მორიგემ თავი დაუქნია და ხმამაღლა გამოაცხადა, რიგითმა მოქალაქეებმა ეზო მანქანებისგან გაათავისუფლეთო, მაღალჩინოსანი კი გარეთ გავიდა და ავტომობილში ჩაჯდა, რათა თავისუფალ ადგილზე დამდგარიყო. ამ დროს, ერთ-ერთმა მოქალაქემ მანქანა ისე დაძრა, რომ მაღალჩინოსნის ავტომობილს გვარიანად გაუსვა. რა თქმა უნდა, იქ ამბავი ატყდა, მტერს და ავს, მაღალჩინოსანი აყვირდა, მოქალაქემ უღონოდ ჩამოუშვა ხელები, მიხვდა, ვერსად გაიქცეოდა და მარტო მანქანის გაკეთებას თუ აკმარებდნენ, ბედნიერიც იქნებოდა. მთელი განყოფილება გარეთ გამოვიდა და რა თქმა უნდა, ყველა ძალოვანი უფროსის მხარეს იჭერდა, თუმცა ეს არც იყო აუცილებელი, მოქალაქე ისედაც ხვდებოდა, რომ მისი ბრალი იყო და მხოლოდ ერთ სიტყვას იმეორებდა - გავაკეთებ, გავაკეთებ, გავაკეთებ.

მაღალჩინოსანმა ერთ-ერთ თანამშრომელს დაავალა, ამას საბუთები ჩამოართვი, გაიგე, ვინ არის, სიმთვრალეზეც შეამოწმეთ და მომახსენეთო. თავად კი, მანქანის საბარგული გახსნა, ცოლმა სადილი გამომატანაო და... გაოცებისგან ყველამ პირი დააღო, ქალებმა კი, შეჰკივლეს კიდეც. საბარგულში ახალგაზრდა ქალი იწვა, რომელსაც ხელებზე ბორკილები ედო, თავიდან კი სისხლი სდიოდა. ის უგონო მდგომარეობაში გახლდათ, მაღალჩინოსანიც დაიბნა და მხოლოდ მორიგემ მოახერხა თქმა, სასწრაფოს უნდა გამოვუძახოთო. გამოძახების ადგილის გათვალისწინებით, სასწრაფო დახმარების მანქანა მალე მივიდა.

„ტრავმა ძალიან სერიოზულია და როგორც მივხვდი, ცეცხლმაქრი აქვს თავში ჩარტყმული, რადგან ცეცხლმაქრის ძირზე, რომელიც თქვენს მანქანაშია, სისხლი და მისი თმაა შერჩენილი“, - ჩუმად უთხრა ექიმმა მანქანის პატრონს. ცეცხლმაქრი ცალკე ისტორია იყო, ის მაღალჩინოსანს მეგობარმა აჩუქა და მანაც საბარგულში ჩააგდო. ძირი უცნაური ჰქონდა, მომრგვალებული კი არა, კუთხიანი, ძველებურ ცეცხლმაქრებს რომ ჰქონდათ და სწორედ ამ კუთხეზე იყო შერჩენილი თმა და სისხლი. გონდაკარგული გოგო საავადმყოფოში გადაიყვანეს, პოლიციის მაღალჩინოსანი კი სამინისტროში გამოიძახეს. რა თქმა უნდა, ის არ დაუკავებიათ, რადგან ყველა ხვდებოდა, რომ რაღაც ისე არ იყო და ამას თავად ეჭვმიტანილიც ხსნიდა.

„ვთქვათ, ის გოგო მე ჩავტენე მანქანაში, ვთქვათ, გავგიჟდი და მოვიყვანე სამსახურში, უფრო გავგიჟდი და ეზოში დატოვება მინდოდა მანქანის, მაგრამ ადგილი არ იყო და მერე, როცა ირგვლივ 30-მდე ნაცნობი თუ უცნობი ადამიანი მედგა, საბარგული გავხსენი, ცოლის გამოტანებული სადილი რომ ამეღო და ყველას დავანახე, როგორ მყავს მანქანაში ჩატენილი ქალი და რა გამოდის, ჩემი ხელით გამოვიჭერი ყელი“, - ამბობდა მაღალჩინოსანი და მართალიც იყო. ამას არავინ გააკეთებდა და ყველასთვის ცხადი გახდა, რომ ეს ყველაფერი „გაუჩალიჩეს“, მაგრამ რატომ, რისთვის? თითქოს ასეთი მტრები არ ჰყავდა.

ამასობაში, საავადმყოფოდან ინფორმაცია მოვიდა, რომ გოგონა კომაში იყო და მისი გადარჩენის საკითხი დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ იდგა. გაარკვიეს მისი ვინაობაც და ოჯახის წევრების სანახავად, გამომძიებელთან ერთად, მაღალჩინოსანიც წავიდა.

„წარმოდგენა არ გვაქვს, ვის შეიძლებოდა ეს მოეწყო და გაეკეთებინა. გვესმის, რომ თქვენ ამას არ იზამდით, მაგრამ მაშინ, ვინ? მით უმეტეს, ამბობდა, რომ საქმრო ჰყავდა, რომელიც ჩვენთვის ერთი კვირის წინ უნდა გაეცნო, მერე თქვა, არ სცალიაო, მერე დაძაბული დადიოდა, თითქოს, რაღაც არ იყო რიგზე“, - ამბობდა დაზარალებულის დედა.

საქმეში საქმროს გამოჩენამ ძალოვნები დააინტერესა, მაგრამ დედამ არც სახელი იცოდა, არც - გვარი და მეტიც, ნანახიც მხოლოდ ერთხელ ჰყავდა, აივნიდან, როცა ბიჭმა მისი ქალიშვილი სადარბაზომდე მიაცილა, მაგრამ აბა, ზემოდან სახეს როგორ დაინახავდა?

„ყველაზე საინტერესო იცი, რა არის? ძირითადად, სამსახურის მანქანით დავდივარ, ამ მანქანას არ ვხმარობ, მუდმივად გარაჟშია. ახლა, სამსახურის მანქანა რემონტზეა და მეორე დღეა, რაც ჩემი ავტომობილით დავიწყე სიარული. ეზოში რომ ჩამოვედი, საბარგული გავხსენი, საჭმელი ჩავდე, მანქანა დავქოქე და მაღაზიაში სიგარეტის საყიდლად ფეხით წავედი. რომ მოვბრუნდი, ჩვეულებრივად ჩავჯექი და წამოვედი. გამოდის, ვიღაცამ იმ მომენტში ჩასვა ქალი მანქანააში, როცა მე სიგარეტზე გავედი, მაგრამ ვინ? მეზობლებიდან ასეთ რამეს ვერავინ გაბედავდა, ყველასთან ნორმალური ურთიერთობა მაქვს და მეორეც, იციან, რომ ასეთ რამეს მათ კი არა, საკუთარ შვილს არ ვაპატიებ“, - გაოცებული და დაფიქრებული ამბობდა მაღალჩინოსანი.

გოგონას სამსახურშიც დაადასტურეს, რომ მას ვიღაც ბიჭი აკითხავდა, მაგრამ მათ არც სახელი იცოდნენ, არც - გვარი და რაც მთავარია, ნორმალურად მისი აღწერა არ შეეძლოთ. ერთადერთი, გოგოს უახლოესი მეგობარი ამბობდა, ახლოდან მყავს ნანახი, ისევ რომ დავინახო, ვიცნობ, მაგრამ აღწერა არ შემიძლიაო. საქმროს ასე გასაიდუმლოება გამომძიებელს არ მოსწონდა და მაღალჩინოსანიც დარწმუნებული იყო, რომ თუ ბიჭს ნახავდნენ, საქმესაც გახსნიდნენ, ბიჭის ნახვა კი, მარტივი ნამდვილად არ იქნებოდა, რადგან მასზე არავინ არაფერი იცოდა. ჯერჯერობით, ერთადერთ იმედად, გოგონას გამოჯანმრთელება რჩებოდა, თუმცა ექიმები დაზუსტებით ვერაფერს ამბობდნენ. ამასობაში, მაღალჩინოსანმა გაიხსენა, რომ როცა სამსახურში მოდიოდა, გზაზე საკმაოდ აჩქარდა, მერე ვიღაც ველოსიპედიანი კაცი შემოუხტა გზაზე და მკვეთრად დაამუხრუჭა.

„კი გავიგონე, რომ საბარგულში რაღაც მძიმედ გაინძრა, მაგრამ მეგონა ან „ზაპასკა“ იქნება, ან სხვა რამ-მეთქი, რას ვიფიქრებდი, საბარგულში ქალი თუ იყო“, - ისევ თავის თავს ესაუბრებოდა მაღალჩინოსანი. მან გადაწყვიტა, ისევ იმ გოგოს გასაუბრებოდა, რომელმაც თქვა, საქმრო ნანახი მყავსო. უნდოდა ეკითხა, რამე დამახასიათებელი ნიშანი ხომ არ ჰქონდა ბიჭს - ან სვირინგი, ან იარა სახეზე. გოგონა უიმედოდ აქნევდა თავს, ჩვეულებრივი ბიჭია, სვირინგი არ შემინიშნავსო. მაღალჩინოსანმა ჯიბიდან საფულე ამოიღო, საფულედან - სავიზიტო ბარათი და გოგოს მიაწოდა, რამეს თუ გაიხსენებ, დამირეკეო. გოგონამ ინსტიქტურად საფულეს დახედა და შეჰკივლა. მაღალჩინოსანმა საფულეს დახედა, სადაც ერთადერთი შვილის ფოტო ედო. გოგონამ ფოტოს თითი დაადო - „ეს არის!“ კაცმა გაოცებისგან პირი დააღო, მაგრამ მალე მოვიდა აზრზე და გოგონას სთხოვა, არავის არაფერი უთხრაო და შვილის სანახავად წავიდა. ბიჭმა მხრები აიჩეჩა, კი, ერთ გოგოს ვხვდებოდი, მაგრამ მერე რაღაც არ მომეწონა და დავშორდი, მეეჭვება, იმას ასეთი რამ ექნაო. მამამ შვილი საავადმყოფოში წაიყვანა და ბიჭმა დაადასტურა - კი, ეს არის. მთავარ ეჭვმიტანილად მაღალჩინოსანის შვილი იქცა, მაგრამ...

„მაგ დროს, მეგობრებთან ერთად, ქალაქგარეთ ვიყავი, მოწმედ 30 კაცის მოყვანა შემიძლია, ამიტომ მე არაფერი გამიფუჭებია. ერთადერთი, რასაც ვაღიარებ, შენს დაუკითხავად მიმყავდა ხოლმე მანქანა და იმ გოგომ იცოდა, სად ვცხოვრობდი“, -თქვა ბიჭმა და მისი ალიბის გადამოწმების შემდეგ, სამართალდამცავები დარწმუნდნენ, რომ ის მართალს ამბობდა. ისევ ბუნდოვანი იყო, ვინ ჩასვა გოგო მანქანის საბარგულში.

საქმე წინ ერთი ნაბიჯითაც ვერ მიდიოდა, როცა საავადმყოფოდან დარეკეს, გოგო აზრზე მოვიდა და 5 წუთით მასთან საუბრის ნებას დაგრთავთო. პალატაში გამომძიებელი და მაღალჩინოსანი შევიდნენ.

„შურისძება მინდოდა, არ ვიცოდი, თუ საჭესთან თქვენ იქნებოდით. ჩემით ჩავძვერი საბარგულში, ხელები მერე იქ, ჩემით შევიკარი. მინდოდა, როცა გაჩერდებოდა, კივილი დამეწყო, ხალხი ხომ გაიგონებდა, დააკავებდნენ, ვიტყოდი, გამიტაცა-მეთქი. საქმროდ ვთვლიდი და მიმაგდო. მერე გზაზე, მოულოდნელად, ძლიერად დაამუხრუჭეს და ხელები უკან რომ მქონდა შეკრული, თავი ვერ შევიკავე და რაღაცას მივარტყი. მერე არაფერი მახსოვს“, - თქვა გოგონამ.

რა თქმა უნდა, არავინ გაუსამართლებიათ, თუმცა მას შემდეგ, მაღალჩინოსანი ავტომობილში ისე არასდროს ჯდებოდა, საბარგული რომ არ აეხადა.

ავტორი: ბათო ჯაფარიძე