ბედის ირონია - მიქაუტაძე ტრანსფერზეა

სპორტი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

როცა გიორგი მიქაუტაძე „მეცადან“ „ლიონში“ გადავიდა, ქართველ გულშემატკივარს ძალიან გაუხარდა, რადგან ლიონური კლუბი საფრანგეთის ერთ-ერთი გრანდია. შარშანდელი სეზონი ჩაუვარდათ, თორემ ეს კლუბი ჩემპიონთა ლიგაზე მუდმივად თამაშობს და საჩემპიონო ამბიციაც მუდმივად აქვს, თუმცა...

აგერ, ორი ტური მიილია და „ლიონმა“ ორივე შეხვედრა წააგო, თანაც მშრალი ანგარიშით ანუ გუნდს ჯერ გოლი არ გაუტანია. ამის კარგი შანსი პირველ ტურში, სწორედ მიქაუტაძეს ჰქონდა, მაგრამ ქართველმა თავდამსხმელმა პენალტის ნიშნულიდან ვერ გაიტანა. რაც შეეხება მეორე ტურს, რომეელშიც ლიონელები „მონაკოს“ მასპინძლობდნენ, ჟორჟმა შეხვედრა სათადარიგოთა სკამზე დაიწყო და მოედანზე მხოლოდ მას შემდეგ გამოჩნდა, რაც მისი თანაგუნდელი დაიმტვრა. ეს კი, მატჩის მე-17 წუთზე მოხდა ანუ მიქაუტაძეს თითქმის მთელი შეხვედრა ჰქონდა თავის გამოსაჩენად, მაგრამ ამაოდ. რაც ყველაზე ცუდია, მწვრთნელმა ქართველი მის პოზიციაზე არ ათამააშა, ფლანგზე დააყენა, რამაც მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი ლამის გაანულა. ფრანგი ექსპერტებიც ამბობენ, რომ მიქაუტაძის ფლანგზე თამაში, უბრალოდ, სისულელეა და მომავალში მწვრთნელი ასე არ უნდა მოიქცეს, მაგრამ „ლიონის“ მთავარ დამრტყმელ ძალად, გუნდის კაპიტანი და საფრანგეთის ნაკრების წევრი, ალექსანდრ ლაკაზეტი ითვლება და თუ მწვრთნელი ორი თავდამსხმელით თამაშს არ გადაწყვეტს, მიქაუტაძეს ძირითადში მოხვედრის ძალიან მცირე შანსი აქვს.

თუმცა, მთავარი არც ეს არის. საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაცია გუნდს ფეარ-ფლეის ფინანსური პრინციპების დარღვევაში ადანაშაულებს და 1 სექტემბრამდე, კლუბმა თავისი სალარო 75 მილიონი ევროთი უნდა შეავსოს, რაც მხოლოდ ფეხბურთელების გაყიდვით არის შესაძლებელი. ჰოდა, კლუბის პრეზიდენტმა გამოაცხადა, რომ აბსოლუტურად ყველა ფეხბურთელი ტრანსფერზეა და ისინი გაიყიდებიან მანამ, სანამ სალაროში 75 მილიონი არ შევა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ტრანსფერზეა მიქაუტაძეც და დიდი შანსია, 1 სექტემბრამდე, მან სხვა კლუბის მაისური მოირგოს.

ავტორი: ბათო ჯაფარიძე