ქართველი „კონკიას“ რეალური ამბავი - როგორ გამდიდრდა ბავშვთა სახლში გაზრდილი ქალი

კრიმინალი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ბოლო დროს, სასამართლოში არაერთი სარჩელია შესული, სადაც ოჯახის წევრები ქონებრივ დავას განიხილავენ. არადა, ადრე ასე იყო - მშობლების ნაწვალებ-ნაჯახირები ანუ, პრაქტიკულად, ყველაფერი ბიჭს რჩებოდა, გოგო კი... გოგოსთვის ქმარს უნდა მიეხედა და ეს თითქოს დაუწერელი კანონი ყველასთვის ნორმა იყო. მერე და მერე, გავიხსენეთ, რომ ჯერ კიდევ როდის დაწერა რუსთაველმა, „ლეკვი ლომისა სწორია, ძუ იყოს, თუნდა ხვადია“-ო და გოგონებსაც გაუჩნდათ უფლებები ქონებაზე. ხშირად მშობლების მემკვიდრეობა დედ-მამიშვილებს შორის დაპირისპირების საგანი ხდება და ხანდახან მდგომარეობა ისე მძმდება, რომ დები, და-ძმა თუ ძმები ერთმანეთს სიცოცხლის ბოლომდე არ ელაპარაკებიან. მააგალითისთვის გეტყვით, რომ შარშან, ჩემს მეგობარს, რომელსაც მამის გარდაცვალების შემდეგ, მამა-პაპისეული სახლ-კაარი ერგო, სასამართლოში 80 წელს გადაცილებულმა მამიდამ უჩივლა, აქაოდა, მეც მაგ სახლში გავიზარდე და წილი მერგებაო. მეგობარმა „დიდსულოვნად“ გამოისყიდა სახლის 50% და მამიდაშვილებს 20 ათასი დოლარი გადაუხადა...

 

სამართალდამცავებს ახალგაზრდა ქალმა მიაკითხა და უცნაური რამ უთხრა - შეგრძნება მაქვს, რომ მითვალთვალებენ და ძალიან მეშინია, ვინმემ არ მომკლასო. ქალი 30 წლისაც არ იყო, არაფრით და არავისგან გამორჩეული.

„ბავშვთა სახლში გავიზარდე, უპატრონოდ, უყველაფროდ. მერე, როცა სრულწლოვანი გავხდი, ტექნიკუმში ჩავაბარე, ჯერ ტექნიკუმის საერთო საცხოვრებელში მომცეს პატარა ოთახი, მერე, როცა მუშაობა დავიწყე, ერთოთახიანი ბინა გამომიყვეს. ქმარი მე არ მყავს და შვილი, დილით სამსახურში მივდივარ, საღამოს უკან ვბრუნდები და მთელი საღამო ვკითხულობ. ერთი მეგობარი მყავს, რომელთან ერთადაც შაბათ-კვირას, თბილისში ვსეირნობ, რადგან კაფე-რესტორნების ფული არც მე მაქვს და არც იმას. არ მყავს ნათესავი, არავინ მყავს და ამიტომ მეშინია“, - განაცხადა ქალმა.

სანამ სამართალდამცავები იმას გაარკვევდნენ, თუ ვინ იყო ქალი, დეტალურად გამოჰკითხეს, რატომ ეგონა, რომ უთვალთვალებდნენ და რაც მთავარია, რა იყო შიშის საფუძველი ანუ საფუძველი იმისა, რომ მაინცდამაინც მოკვლას უპირებდნენ.

„პირველ რიგში, იმის თქმა მინდა, რომ ავტომობილი, რომლითაც ვფიქრობ, რომ მითვალთვალებენ, ჩემს სამსახურთანაც რამდენჯერმე ვნახე და სახლთანაც. შაბათ-კვირასაც, როცა მეგობართან ერთად ვსეირნობდი, დავინახე, დამყვებოდა. თავიდან ვიფიქრე, მეჩვენება-მეთქი, მაგრამ ასე გავიდა ორი კვირა და ამიტომ, თქვენთან მოვედი. ვის რა ინტერესი უნდა ჰქონდეს ჩემი? სილამაზით არ გამოვირჩევი, არც ბევრი ფული მაქვს, არც დიდი სახლი. გამოდის, ვიღაც ავადმყოფია, რომელმაც ამომიჩემა და ჩემი მოკვლა უნდა“, - განაცხადა ქალმა.

სამართალდამცავებმა მისი სიტყვების გადამოწმება გადაწყვიტეს, თან ისიც გაარკვიეს, რას წარმოადგენდა მომჩივანი. როგორც გაირკვა, ის ერთ-ერთი სკოლის ბიბლიოთეკარი იყო, არაფრით გამორჩეული, არავისთან მეგობრობდა, არც კონფლიქტი ჰქონდა. იჯდა თავის ბიბლიოთეკაში და კითხულობდა. კოლეგები ამბობდნენ, გვეცოდება კიდეც, ძალიან უჭირს, მხოლოდ ხლფასზეა დამოკიდებული, არც ქმარი ჰყავს, არც შეყვარებული და მეგობარ მამაკაცზე საუბარი ხომ, საერთოდ ზედმეტიაო. როცა ძალოვნებმა შესაძლო კონფლიქტი ახსენეს, კოლეგებს გაეცინათ, რა კონფლიქტი, კვირა ისე გავა, გამარჯობის მეტს არაფერს ამბობს და ბიბლიოთეკიდანაც ძალით თუ გამოიყვან, ისე არ გამოდისო. მეტიც, ქალი სადილისთვის სკოლის ბუფეტში არ დადიოდა, სახლიდან მოტანილ ყველსა და პურს ჩუმად ჭამდა და საღამოს შინ მიდიოდა. ამიტომ, სამართალდამცავებმა ქალს მეთვალყურედ ორი ოპერმუშაკი დაუნიშნეს და მათაც, მეორე დღესვე დაადასტურეს, რომ ობიექტს ვიღაც მართლა უთვალთვალებდა. ავტომობილის ნომრის მიხედვით გაირკვა, რომ ის „ვიღაც“ ერთ-ერთი ქარხნის დირექტორის მოადგილე იყო. ეს კი იმას ნიშნავდა, რომ მისი პირდაპირ დაკავება არ გამოვიდოდა და ამიტომ, დასაკითხად სამსახურში ეწვივნენ.

„ახალგაზრდა კაცი ვარ, ეს გოგო ქუჩაში დავინახე, კი არ მომეწონა, ერთი ნახვით შემიყვარდა, მაგრამ პირდაპირ მისვლას ვერ ვბედავ. რა ვუთხრა, რომ მივიდე, გადავირიე და შენი ცოლად მოყვანა მინდა-მეთქი? ჰოდა, დავდევ უკან, ეგებ, ჩავარდეს ისეთი მომენტი, რომ ჩემი დახმარება დასჭირდეს და ამ დროს, მინდა, ახლოს ვიყო. სამწუხაროდ, ჯერჯერობით, უშედეგოდ დავდევ“, - განაცხადა დირექტორის მოადგილემ და სამართალდამცავები, ცოტა არ იყოს, გაოცდნენ. არაფერი, საერთოდ არაფერი ჰქონდა ქალს ისეთი, ერთი ნახვით რომ შეგყვარებოდა, მაგრამ ხომ გაგიგიათ, კაცია და გუნებაო. ყოველი შემთხვევისთვის, მამაკაცის წარსული და გარემოცვაც გადაამოწმეს და...

„ამ კაცს, ორი წელია, საცოლე ჰყავს, ძალიან ლამაზი გოგონა და მეზობლები კი ამბობენ, ბოლო ორი კვირაა, დაშორდა, ყურადღებას აღარ აქცევსო, მაგრამ გიჟი უნდა იყოს ადამიანი, ის ამაში რომ გაცვალოს. ყველაფერი ეს, ძალიან უცნაურია, ზედმეტად უცნაურიც კი, მაგრამ ვერაფერს შევცვლით. ჰო, კიდევ, ამ კაცს ერთი თვის წინ, გამზრდელი ბიძა მოუკვდა, გავლენიანი კაცი და გარდა იმისა, რომ იქ, სადაც მუშაობს, სწორედ ბიძის გავლენით მოხვდა, მისგან უამრავი რამ დარჩა: ორი ბინა, აგარაკი, ნახატებისა და ძველებური ხანჯლების კოლექცია. მოკლედ, ამისთვის „ისროლა ავრორამ“ და ახლა, სრულიად უცნობ ბიბლიოთეკარს აეკიდა. ალბათ, ბევრმა ფულმა გაგიჟება იცის“, - ეუბნებოდა გამომძიებელს ოპერმუშაკი.

იმ გავლენიანი კაცის სიკვდილი გამომძიებელმაც კი იცოდა, ისიც იცოდა, რომ მის ზღაპრულ ქონებაზე ბევრს წერდნენ და ფიქრობდა, ცოლ-შვილი არ ჰყოლია იმ კაცს და ნეტავ, ვის დარჩება ეს ავლა-დიდებაო. ახლა კი, გაიგო, რომ სიმდიდრეს პატრონი გამოუჩნდა. ასე იყო თუ ისე, გამომძიებელმა ყველაფერი გოგონას უთხრა და აუხსნა, ის კაცი შეყვარებულია, ეგებ, შეხვდე, ბედი გაგეხსნებაო. გოგონამ ძალიან გაიოცა, სად - მე და სად - ის, არ მჯერაო, მაგრამ მეორე დღეს, მამაკაცი სახლში ვარდების თაიგულით რომ მიადგა, დაიჯერა. საქმე თითქოს აღარ უნდა გაგრძელებულიყო, მაგრამ სამიოდე დღის შემდეგ, გოგო განყოფილებაში ისევ შეშინებული მივიდა და ერთადერთი სიტყვა თქვა - „მიშველეთ!“

„იმ კაცმა შინ დამპატიჟა, როგორც მითხრა, თავისი ბიძის სახლში, სადაც, თურმე, ჩემი ცოლად მოყვანის შემდეგ უნდა ვიცხოვროთ. ბიბლიოთეკარი ვარ და როცა უცხო ბინაში შევდივარ, პირველი, რასაც ვაკეთებ, წიგნების თაროს ვათვალიერებ. იქაც დავიწყე თვალიერება, ერთ-ერთმა წიგნმა ძალიან დამაინტერესა, ძველი გამოცემა იყო, ავიღე, გადავფურცლე და ფურცლებს შორის, სურათი იდო. სურათს დავაკვირდი და გავოგნდი - იქიდან საკუთარი თავი მიყურებდა. ჰო, ჩემი სურათი იყო, მაგრამ ძველი, ადრე გადაღებული, მე ამდენი წლისაც არ ვარ. არც მახსოვს ასეთი სურათი ოდესმე გადამეღო. ვკითხე, ეს სურათი ვისია-მეთქი და მხრები აიჩეჩა, არ ვიცი, ბიძაჩემის სახლია და როგორც ჩანს, მე და ბიძაჩემს ერთნაირი გემოვნება გვაქვსო. არ მჯერა ასეთი დამთხვევების, მიშველეთ, გთხოვთ, გემუდარებით“, -სამართალდამცავები ქალს ვერ აჩერებდნენ.

გამომძიებელი მაშინვე მითითებულ მისამართზე გავიდა და მამაკაცს სურათის ჩვენება მოსთხოვა, მან კი უდარდელად თქვა, ძველი ფოტო იყო, ნაგავში გადავაგდეო. ეს უკვე საეჭვოდ ჩანდა და გამომძიებელმა ჩხრეკის ორდერის მოპოვება შეძლო. პარალელურად, ოპერმუშაკები გარდაცვლილი ბიძის მეგობრებს ეძებდნენ. ჩხრეკამ შედეგი გამოიღო, სხვადასხვა წიგნში, კიდევ არაერთი სურათი ნახეს და მართლაც, ქალი გოგონას ძალიან, ძალიან ჰგავდა. გარდაცვლილის მეგობრებს სურათი ანახეს და მათ ერთხმად დაადასტურეს, ეს იმ კაცის ერთადერთი სიყვარულია, თუმცა მერე რაღაც აერია, ცოლად მოყვანა ვერ მოახერხა, ქალი ორსულად კი იყო, მაგრამ მშობიარობას გადაჰყვაო და ისიც თქვეს, ბავშვიც გარდაიცვალაო. ადვილი მისახვედრია, რომ სამართალდამცავებს დნმ-ის  ანალიზის ჩატარების უფლების მიღება არ გასჭირვებიათ და მალევე დაადგინეს, რომ გოგონა გარდაცვლილი კაცის შვილი იყო. ეჭვმიტანილი მამაკაცი დააკავეს.

„სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე, ბიძამ მითხრა, რომ ვიღაც გოგონა დაინახა, რომელიც მის საცოლეს გაჭრილი ვაშლივით ჰგავდა. მერე იმის მოძიება დაიწყო, ვინ იყო გოგო, სად დაიბადა, როდის და გაარკვია, რომ მისი დაბადების დრო, მისი საცოლის მშობიარობას ემთხვეოდა. მერე სატელეფონო ზარს ელოდა, დაზუსტებით უნდოდა სცოდნოდა, მართლა მისი შვილი იყო თუ არა და როცა ეს ამბავი, ლამის 100%-იაანი სიზუსტით დაუდასტურეს, სიხარულისგან გულის შეტევა დაემართა და გარდაიცვალა. არ ვიცოდი, მეგობრებთან თუ ჰქონდა ამ თემაზე საუბარი და მივხვდი, მისი მეგობრები საქმის კურსში თუ იყვნენ, გოგონას აუცილებლად იპოვნიდნენ. ამიტომ, მისი ცოლად მოყვანა გადავწყვიტე, სხვაგვარად, ყველაფერს ვკარგავდი, მაგრამ არც ეს გამოვიდა. რა ვიცოდი, ბიძაჩემს წიგნებში სურათები თუ ჰქონდა დამალული, წიგნებისთვის ხელი არასოდეს მიხლია“, - თქვა კაცმა.

რადგან მის ქმედებაში დანაშაულის ნიშნები არ იყო, მამაკაცი გაუშვეს, გოგონას კი აუხსნეს, რომ მემკვიდრეობაზე სრული უფლება ჰქონდა, თუმცა სასამართლო პროცესი დიდხანს გაგრძელდა და საბოლოოდ, ქონების მსუყე ნაწილი კაცსაც ერგო.

 

 

ავტორი: ბათო ჯაფარიძე