ჰემოლიზურ-ურემიული სინდრომი „ჰუსი“ - რითია საშიში სისხლიანი დიარეა

საზოგადოება
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ნაწლავური ინფექციები ყოველთვის იყო და დღესაც  რჩება მედიცინის აქტუალურ პრობლემად, რადგან ინფექციურ დაავადებათა შორის მსოფლიოში ფილტვების ანთების შემდეგ მეორე ადგილს იკავებს ადამიანთა სიკვდილიანობაში.

ალბათ, ერთხელ მაინც გვითქვამს, „რაღაცამ მომწამლა“, „ალბათ რაღაც შემყვა“  ამ ყველაფერს დიარეაც მოჰყოლია და ერთ ორ დღეში გაუვლია, ეს შეგრძნება მართლაც უსიამოვნოა, თუმცა, ჩვენ წარმოდგენაც არ გვაქვს, რეალურად რა ხდება ორგანიზმში. "რაღაცამ მაწყინას" მიზეზი უმეტესად არის ნაწლავის ჩხირები, შიგელა, სალმონელოზი,  კლოსტრიდიუმ დიფიცილე, ენტეროვირუსები... უსიამოვნო შეგრძნებების მიუხედავად კი მაინც მსუბუქ, ცოტა არ იყოს არასერიოზულ დაავადებად მიგვაჩნია, რადგან ბევრჯერ გადაგვიტანია. თუმცა უნდა გვახსოვდეს, ისიც რომ დიარეა ბავშვებში  მარტივი გადასატანი არ არის და ბავშვთა სიკვდილიანობის მიზეზთა ხუთეულში მუდამ შედიოდა. ახლა მინდა გესაუბროთ დაავადებაზე, რომელიც არც თუ ისე იშვიათია, მაგრამ ძალიან ცოტა ადამიანი თუ საუბრობს მასზე.

რა არის „ჰუსი“?

ბოლო წლებში საქართველოში ხშირად აღირიცხება ნაწლავთა ინფექციის საკმაოდ საშიში გართულება – ჰემოლიზურ-ურემიული სინდრომი (ჰუსი), რომელიც თირკმლის უკმარისობას და სხვა ორგანოთა დაზიანებას იწვევს. „ჰუსი“ იწვევს სისხლის წითელი ბურთულების- ერითროციტების დაშლას, თირკმლის მიკროცირკულაციის მოშლას- უბრალო ენით რომ ვთქვათ, თირკმლის უმცირესი სისხლძარღვების გაბიდნვას, გაჭედვას და თირკმელების სრულ გამოთიშვას! დაავადება იწყება საკმაოდ უწყინრად- ჩვეულებრივი ნაწლავური ინფექციით და არის კიდეც ჩვეულებრივი ნაწლავური ინფექცია. ჰუს-ს ძალიან მაღალი ალბათობით, ნაწლავის ჩხირი იწვევს.  იშვიათად- სხვა ბაქტერიებმაც შეიძლება გამოიწვიოს და შეიძლება არც თუ მძიმედ მიმავალი დაავადების ფონზე უცებ მოხდეს შარდის ნაწილობრივი, ან სრული შეკავება.

საგანგაშო ნიშნები

– პირველი საგანგაშო ნიშანი სისხლიანი განავლით მიმდინარე ნაწლავთა გაშირებული მოქმედებაა, განსაკუთრებით საყურადღებოა ნორმალური  ტემპერატურით ან ტემპერატურის უმნიშვნელო მატებით მიმდინარე დიარეა.

-მეორე საგანგაშო ნიშანი შარდის რაოდენობის შემცირებაა, რასაც ადრეულ  ეტაპზე სახის, უმთავრესად კი ქუთუთოების შეშუპება მოჰყვება. მოგვიანებით შარდის გამოყოფა წყდება და სითხე  მთელ ორგანიზმში გროვდება. ამის გამო ორგანიზმიდან ვეღარც ის მავნე ნივთიერებები გამოდის, რომლებიც ნივთიერებათა ცვლის პროცესში გროვდება და, ჩვეულებრივ, შარდთან ერთად გამოიყოფა. მათი დაგროვების  შედეგად იწამლება სისხლი, რომელიც, თავის მხრივ, მთელ ორგანიზმს წამლავს. მედიცინაში ამას ურემია ეწოდება.

როგორ ვრცელდება

– ნაწლავურ ინფექციებს ჭუჭყიანი ხელების დაავადებებსაც უწოდებენ და მათ პროფილაქტიკაში დიდი როლი ეკისრება ჰიგიენას. ამ მხრივ არც სისხლიანი დიარეით მიმდინარე ნაწლავური ინფექციებია გამონაკლისი.

ინფექციის წყარო შეიძლება იყოს თერმულად ცუდად დამუშავებული ხორცი, კვერცხი, ბოსტნეული, რძე  და რძის ნაწარმი. მაგალითად, ცნობილია, რომ ღორებს და ზოგიერთ სხვა ძუძუმწოვარს შიგელას და  ენტეროჰემორაგიული ეშერიხია კოლის მიმღები რეცეპტორები არ გააჩნიათ, ამიტომ  ამ მიკრობებით დასნებოვნების შემთხვევაში ავად არ ხდებიან, თუმცა მათი ხორცი მაინც წარმოადგენს ადამიანისთვის ინფიცირების წყაროს. 

პრევენცია

ჰუსის  გამომწვევი ნაწლავური ინფექციის  პრევენციაა საკვებისა და ხელების ჰიგიენა, საკვების სწორად შენახვა, თერმული დამუშავება საკმარისად მაღალ ტემპერატურაზე  და საკმარისად დიდხანს.

ინფიცირების მაღალ რისკს ქმნის უმი ხორცი, ჭურჭელი და  მზა საკვები, რომელიც ასეთ ხორცს ეხება, უმი (აუდუღარი ან არაპასტერიზებული) რძე, მიკროტალღურ ღუმელში  და სწრაფი კვების ობიექტებში მომზადებული ხორცპროდუქტები, განავლოვანი მასებით დაბინძურებული წყლის სასმელად გამოყენება ან ასეთ წყალში ბანაობა.

დაავადება ინტენსიურ მეთვალყურეობას ითხოვს, ამიტომ არათუ სახლში, ჩვეულებრივ პალატაშიც კი არ მიდის მკურნალობა. სახლის პირობებში ბანალური ნაწლავური ინფექციის მკურნალობისას ყურადღება მიაქციეთ შარდის გამოყოფას. თუ მნიშვნელოვნად შემცირებულია- განგაშია ასატეხი! მთავარი კი პროფილაქტიკაა: ყველანაირად უნდა აიცილოთ ნაწლავის ჩხირის მოხვედრა ორგანიზმში წყალთან და საკვებთან ერთად, პირის ღრუდან!  გარეცხეთ სხვა დროსაც და განსაკუთრებით ზაფხულში ყველა ბოსტნეული, ხილი, მწვანილი. არ მიირთვათ ცუდად მოხარშული და შემწვარი ხორცი. არაფრით არ ჭამოთ საეჭვო ჰიგიენის მქონე ობიექტების დამზადებული საკვები- ძალიან სახიფათოა და ძალიან გახშირდა ეს უმძიმესი დაავადება-  ჰუს-ი.