საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვების შემდეგ უნდა დასრულდეს რადიკალების მონაწილეობა ქართულ პოლიტიკაში - ბიძინა ივანიშვილი

პოლიტიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

„ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის სიტყვით გამოსვლა, „ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიის რეგიონულ ღონისძიებაზე ოზურგეთში.

„მოგესალმებით გურულებო!

მივესალმები ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთ ულამაზეს კუთხეში მცხოვრებ, ნათელი გონების, ენამოსწრებულ, სტუმართმოყვარე, ღირსეულ და თავისუფალ ხალხს!

ჩვენი ქვეყნის პოლიტიკურ ისტორიაში გურულებს რომ განსაკუთრებული როლი გაქვთ შესრულებული, ეს არავის ესწავლება. თქვენი და თქვენი წინაპრების პოლიტიკური განსწავლულობა და ალღო მრავალჯერ დამტკიცებულა.

თამამად ვიტყვი, რომ სწორედ ამ კუთხის შვილები ხართ ჩვენი სამშობლოს ერთ-ერთი მთავარი პოლიტიკური დასაყრდენი.
ასე იყო წარსულშიც, როდესაც თავისუფლებისმოყვარე გურულებმა, გაბედეს და ანექსიის მიუხედავად, გურიის რესპუბლიკა გამოაცხადეს. ამ მამაცმა ხალხმა თავად აიღო ხელში საკუთარი ბედისა და მომავლის მართვა და გამოავლინა თქვენთვის ასე დამახასიათებელი ორგანიზაციული ნიჭი.

ასე იყო 1918 წლის 26 მაისს, როდესაც საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა შეიქმნა - საქართველოს დამოუკიდებლობის დამფუძნებელი კრების წარმომადგენელთა უმეტესობა ხომ გურულები იყვნენ და საქართველოს დამოუკიდებლობის აქტზე ხელმომწერთა შორისაც ხომ გურულები ჭარბობდნენ?!

ვიცი, რომ ჩვენი ქვეყნის სიყვარული და მის მომავალზე ფიქრი მუდამ თქვენს საზრუნავს შეადგენდა და შეადგენს.

ეს დაამტკიცეთ საქართველოს უახლესი ისტორიის ურთულეს პერიოდშიც, როდესაც ჩვენი ხალხის ყოფნა-არ ყოფნის საკითხი წყდებოდა, როდესაც საქართველოს ხვალინდელი დღის აღარავის სწამდა, როცა ჩვენი ქვეყნის თითოეულ კუთხეში საყოველთაო ნიჰილიზმი სუფევდა, რადგან იმდროინდელი ხელისუფლების - „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმი ტერორში ამყოფებდა საკუთარ ხალხს.

12 წლის წინ, 2012 წლის 1 ოქტომბრის არჩევნებამდე გარწმუნებდით, რომ თქვენი ნდობის და მხარდაჭერის შემთხვევაში, ერთად დავასრულებდით მოძალადე რეჟიმს და იმ სიღატაკეს, რაც წინა ხელისუფლების მტაცებლური ბუნების გამო, მთელ საქართველოში, განსაკუთრებით კი გურიაში სუფევდა.

გემახსოვრებათ ისიც, რომ წლები გადიოდა, მაგრამ თქვენს დალოცვილ მხარეში არაფერი კეთდებოდა, უტიფრად იმეორებდნენ - გურია ლამაზი, თუმცა ღარიბი კუთხეაო, მაგრამ ამ მოცემულობის შესაცვლელად თითს-თითზე არ აკარებდნენ. მეტიც, იმდენი მოახერხეს, რომ სტუმარ-მასპინძლობით განთქმული გურულები სიდუხჭირეში აცხოვრეს, გულღია, სიცოცხლით სავსე ხალხს მომავლის იმედი და რწმენა დაუკარგეს.

როგორც პოლიტიკური ფიგურა, პირველად 12 წლის წინ შეგხვდით და შეგპირდით, რომ ჩემს პოლიტიკურ გუნდთან ერთად, ბოლომდე ვიბრძოლებდი იმისთვის, რომ ადამიანების ცხოვრება უკეთესობისკენ შეცვლილიყო, რომ გლეხის ნაშრომი დაფასებულიყო, ქართულ პროდუქტს ფასი დასდებოდა და ადგილობრივ ბაზარზე კვლავ გამოჩენილიყო ჩვენს მიწაზე, ჩვენი ხალხის მიერ მოყვანილი მოსავალი.

ამას გარდა, ბუნების მიერ უხვად დაჯილდოებული ამ კუთხის პოტენციალი ჩემთვის იმთავითვე ცხადი იყო - გურიას არაფერი აკლდა საიმისოდ, რომ აქ არაერთი მნიშვნელოვანი ინვესტიცია განხორციელებულიყო, რაც მთლიანად რეგიონის განვითარებაზე აისახებოდა.

დღეს გურია ბევრად უფრო განვითარებულია, ვიდრე 12 წლის წინ. ადამიანის შრომა მეტად ფასდება, გურიის კურორტები არა მხოლოდ ადგილობრივი, არამედ უცხოელი ვიზიტორების საყვარელი ადგილებია, ბევრად უკეთაა განვითარებული ინფრასტრუქტურა, რაშიც, პირადად, ჩემი მოკრძალებული წვლილიც შევიტანე, რადგან ყოველთვის მწამდა და მწამს გურიის და გურული ხალხის უნიკალურობის!

„ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ მიღწეული მთელი რიგი წარმატებების მიუხედავად, რა თქმა უნდა, შეჩერებას არ ვაპირებთ და მომავალშიც, ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყნის განვითარება და კეთილდღეობა ყველა თქვენგანმა, საქართველოს თითოეულმა მოქალაქემ საკუთარ თავზე იგრძნოს.

თუმცა, მოგეხსენებათ, განვითარება მხოლოდ და მხოლოდ მშვიდობის პირობებშია შესაძლებელი!

გურულებს მშვიდობის ფასი არ გესწავლებათ.

თქვენ ის ხალხი ხართ, ვინც ღვინის სამშობლოში, ქართულ სუფრაზე, საკრალური ქართული ღვინით, პირველად სწორედ მშვიდობის სადღეგრძელოს წარმოთქვამთ.

მშვიდობას რა ფასი აქვს, ჩვენი ქვეყნის ისტორიამ კარგად გვასწავლა. საუკუნეების განმავლობაში ქართველები არნახულ მსხვერპლზე მივდიოდით და სიცოცხლის ფასად, იარაღით ხელში ვიცავდით ჩვენი ოჯახების, ჩვენი ხალხის, ჩვენი ქვეყნის მშვიდობას.

მშვიდობის მნიშვნელობა მკაფიოდ დაგვანახა საქართველოს უახლესმა წარსულმაც, იმ ტრაგიკულმა მოვლენებმა, რაც ჩვენს სამშობლოში 90-იან წლებში დატრიალდა და 2008 წლის ომმა, დანაშაულმა, რომელზეც „ნაციონალური მოძრაობაა“ პასუხისმგებელი!
ამის საპირისპიროდ, „ქართული ოცნება“ ერთადერთი პოლიტიკური ძალაა საქართველოში, რომელმაც, ურთულეს ვითარებაში, ქვეყანას 12 წლიანი უწყვეტი მშვიდობა მოუტანა!

ყველა, ვისაც გვიყვარს ჩვენი ქვეყანა, ერთხმად ვთანხმდებით, რომ დღეს, იმ გამოწვევების გათვალისწინებით, რომელთა წინაშეც საქართველო რეგიონში მიმდინარე სამხედრო კონფლიქტების ფონზე დგას, მშვიდობის შენარჩუნება ჩვენი ქვეყნისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

თუმცა, ფაქტია, საქართველოში დღეს ჯერ კიდევ თავისუფლად საქმიანობენ რადიკალური ძალები, უფრო კონკრეტულად კი კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობა“, რომელსაც არათუ მშვიდობა არ სურს ჩვენს ქვეყანაში, არამედ ყველაფერს აკეთებდა და აკეთებს, რომ საქართველო, როგორმე, სამხედრო კონფლიქტში ჩაითრიოს.

კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობა“ ამ ქვეყნის არაკეთილმოსურნეთა სამსახურში დგას და ეს უკვე არაერთხელ დამტკიცდა.

ხაზგასმით ვაცხადებ, რომ ეს ძალა და მისთვის დავალების მიმცემები საქართველოს სახელმწიფოებრიობისთვის რეალურ საფრთხეს წარმოადგენენ!

დარწმუნებული ვარ, კრიტიკული აზროვნებით გამორჩეული გურულები ამას თავადაც კარგად ხედავთ.

დამეთანხმებით, რომ მუდმივად რევოლუციების მოწყობისა და ქვეყნის არევის მცდელობის რეჟიმში ცხოვრება ქვეყნის განვითარებასა და წინსვლას აფერხებს.

ამიტომაც, 2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში „ქართული ოცნების“ დამაჯერებელი გამარჯვების შემდეგ, ერთხელ და სამუდამოდ უნდა დასრულდეს რადიკალების მონაწილეობა ქართულ პოლიტიკაში. და არათუ უნდა დასრულდეს, დღის წესრიგში უნდა დადგეს რეჟიმის გასამართლების საკითხი ყველაზე მძიმე დანაშაულისთვის, რაც მათ 2008 წლის აგვისტოში ჩაიდინეს და რამაც ჩვენი თანამოქალაქეების სიცოცხლე შეიწირა და საქართველოს ორი ისტორიული რეგიონი დაგვაკარგვინა. პირობას გაძლევთ, რომ არჩევნების შემდეგ ჩვენ აუცილებლად გავასამართლებთ კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“ მოღალატეობრივი ქმედებების გამო!

სხვაგვარად შეუძლებელია!

უფლისა და სამშობლოს წინაშე ვალდებულნი ვართ, რომ ჩვენს შვილებს, ჩვენს მომავალ თაობას ჯანსაღი, დემოკრატიული პოლიტიკური სივრცე დავუტოვოთ, რათა საზოგადოებას არ უწევდეს არჩევანი ომსა და მშვიდობას, უცხო ქვეყნის აგენტებსა და ქართველი ხალხის ინტერესების გამტარებელ პოლიტიკურ გუნდს შორის და არჩევანს კარგსა და უკეთესს შორის აკეთებდეს.
ამიტომაც, 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს, ისევე, როგორც 2012 წლის 1 ოქტომბერს, ფუნდამენტური მნიშვნელობა აქვს!

პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ ქართველი ხალხის უპრეცედენტო მხარდაჭერით, „ქართულ ოცნებას“ ხელთ ჰქონდეს ყველა ბერკეტი საქართველოში გრძელვადიანი მშვიდობის დამყარებისა და გამართული დემოკრატიული საზოგადოებრივი წეს-წყობილების ჩამოყალიბებისათვის.

და თქვენს მხარდაჭერაში დარწმუნებული, პირადად გაძლევთ პირობას, მხოლოდ მშვიდობით, ღირსებით, კეთილდღეობით ევროპისკენ - იქცევა რეალობად ქვეყნისა, ასე ძალიან რომ გვიყვარს, ქვეყნისა, რომელიც არის და იქნება დამოუკიდებელი, თავად განსაზღვრავს საკუთარი ხალხის ბედს და მისი აღმატებულება ქართველი ხალხის გარდა, არავის მისცემს უფლებას, უკარნახოს, რა არის საქართველოსთვის კარგი, რისი უნდა გვწამდეს და რა ღირებულებებით უნდა ვიცხოვროთ!

ერთხელ და სამუდამოდ უნდა გადავჭრათ პრობლემა, რომელიც, ფსევდოლიბერალური იდეოლოგიის სახით, უდიდეს საფრთხეს უქმნის ჩვენი ქვეყნის, ჩვენი რწმენისა და შვილების მომავალს. საქართველოში ვერავინ უნდა დააყენოს ეჭვქვეშ ქართველი დედის დედობა და ქართველი მამის მამობა. ვეღარავინ უნდა ბედავდეს ცხოვრების გაუკუღმართებული წესის პროპაგანდას, რაც დღეს უკონტროლოდ მოედინება რადიკალური ჯგუფების მიერ მართული მედიიდან. გასულმა წლებმა დაადასტურა, რომ მე და ჩემი გუნდი ვართ გარანტი სიტყვის და გამოხატვის თავისუფლების, მაგრამ არ დავუშვებთ, რომ აგრესიულმა უმცირესობამ თუნდაც ვერბალურად იძალადოს ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობაზე.

ისტორიულად, ჩვენი ქვეყნის ერთიანობა მთავარი საზრუნავი იყო გურულებისათვის. თქვენ დიდი ღვაწლი გაქვთ სხვადასხვა ეპოქაში საქართველოს გაერთიანებაში. ამ მხრივ, ახლაც განსაკუთრებული მომენტი გვიდგას - ჩვენ ნებისმიერ დროს მზად უნდა ვიყოთ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მშვიდობიანი გზით აღსადგენად. მმართველ გუნდს ამისათვის მაქსიმალური ლეგიტიმაცია სჭირდება. გახსოვდეთ, რომ თქვენ მიერ მონიჭებული თითოეული მანდატი არის საქართველოს გაერთიანებისთვის მიცემული ერთი ხმა.

სწორედ ამიტომ, „ქართულ ოცნებას“ სჭირდება საკონსტიტუციო უმრავლესობა, რადგან ჩემ მიერ ჩამოთვლილი საკითხები - დამნაშავე პოლიტიკური აგენტურის გასამართლება და პოლიტიკური სისტემის გაჯანსაღება, ფსევდოლიბერალური ღირებულებებისგან ჩვენი ქვეყნისა და საზოგადოების დაცვა და მზადება საქართველოს გასაერთიანებლად სწორედ რომ საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვების შემთხვევაშია შესაძლებელი.

გასულ დღეებში, ჩვენ გაგაცანით საკონსტიტუციო ცვლილებები, რომელთა განხორციელებასაც საკონსტიტუციო უმრავლესობის მიღების შემდეგ ვგეგმავთ და იქვე აღვნიშნეთ, რომ იყო კიდევ ერთი საკითხი, რომლის შესათანხმებლად კონსულტაციები გვესაჭიროებოდა. მართლმადიდებელ ეკლესიასთან კონსულტაციები წარმატებით დასრულდა და გვინდა წარმოგიდგინოთ კიდევ ერთი საკონსტიტუციო ცვლილება, რომელსაც ჩვენი პოლიტიკური გუნდი არჩევნების შემდეგ განახორციელებს.

როგორც მოგეხსენებათ, საქართველო ისტორიულად ამაყობს, ერთი მხრივ, რელიგიური ტოლერანტობის მრავალსაუკუნოვანი ტრადიციით და მეორე მხრივ, მართლმადიდებლობით, რომელიც, მამულთან და ენასთან ერთად, ჩვენი იდენტობის ერთ-ერთი უმთავრესი საფუძველია. ისიც კარგად მოგეხსენებათ, რომ არ წყდება თავდასხმები მართლმადიდებელ ეკლესიაზე, რისი მიზანიც სწორედ საქართველოს იდენტობის შერყევაა. აქვე ისიც უნდა აღინიშნოს, რომ 1995 წლიდან მოქმედი კონსტიტუციური ჩანაწერი რელიგიისა და ეკლესიის შესახებ სათანადოდ არ ასახავს იმ როლს, რომელსაც მართლმადიდებელი ეკლესია ქვეყნის ცხოვრებაში ასრულებს.

იმისათვის, რომ მართლმადიდებლობისა და მართლმადიდებელი ეკლესიის კონსტიტუციური სტატუსი კიდევ უფრო გამყარდეს და კონსტიტუციურმა ჩანაწერმა არსებული სინამდვილე უფრო ზუსტად ასახოს, საქართველოს კონსტიტუციაში მართლმადიდებლობის, როგორც ქართული სახელმწიფოს თვითმყოფადობის საყრდენის მისია მკაფიოდ აისახება. აგრეთვე ხაზი გაესმება მართლმადიდებელი ეკლესიის განსაკუთრებულ როლს როგორც საქართველოს ისტორიაში, ისე ჩვენი ქვეყნის თანამედროვეობაში.

რა თქმა უნდა, საქართველოს კონსტიტუცია სრულად განამტკიცებს მართლმადიდებელი ეკლესიის დამოუკიდებლობისა და რწმენის თავისუფლების პრინციპებს.

მადლობა გვინდა გადავუხადოთ ეკლესიას, უწმინდესსა და უნეტარესს, მღვდელმთავრებს ჩვენი ინიციატივის მხარდაჭერისთვის, ისევე, როგორც, საზოგადოდ, იმ წვლილისთვის, რომელიც მათ საქართველოს თვითმყოფადობის დაცვასა და შენარჩუნებაში შეაქვთ.

ძვირფასო გურულებო!

თქვენი შემხედვარე მტკიცედ მჯერა, რომ დამაჯერებლად გავიმარჯვებთ და ერთად შევქმნით ჩვენი ქვეყნის უკეთეს მომავალს!

ჩემო გურულებო, მოგიწოდებთ, თქვენი, ჩვენი და ჩვენი ქვეყნის თითოეული მოქალაქის საკეთილდღეოდ, ის მრავალი ხმა, ის პოლიფონია, თქვენს გასაოცარ კრიმანჭულში რომ ისმის, გავაერთიანოთ და 26 ოქტომბერს, ქართველი ხალხის, საქართველოს და ქართული ოცნების გამარჯვების სიმღერად ვაქციოთ!“, - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.