ბავშვთა სახლში აღმოჩენილი ძალა - პარამკლავჭიდელი ჩემპიონი მარინე ფუტკარაძე

საზოგადოება
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

32 წლის პარამკლავჭიდელი, მარინე ფუტკარაძე, მსოფლიო ჩემპიონია. ეს ტიტული მან ცოტა ხნის წინ, მოლდოვაში გამართულ ჩემპიონატზე მოიპოვა. მკლავჭიდში მსოფლიო ჩემპიონატი წარმატებული გამოდგა ქართველი სპორტსმენებისთვის და განსაკუთრებით პარამკლავჭიდელებისთვის.

მათ ოცდათექვსმეტი ოქროს, ოცდათორმეტი ვერცხლისა და ოცდარვა ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს და გუნდურ ჩათვლაში პირველი ადგილი დაიკავეს.

მარინე ფუტკარაძე აჭარაში, ბავშვთა სახლში გაიზარდა. ბავშვთა სახლში გაიზარდნენ მისი დებიც, თუმცა მისგან მოშორებით, ქუთაისში. მარინემ დები ბავშვთა სახლის დატოვების შემდეგ იპოვა.

სმენის პრობლემების მქონე მარინეს შესაძლებლობები ბათუმის ბავშვთა სახლში, მკლავჭიდის ფედერაციის მაშინდელმა პრეზიდენტმა გოჩა შავაძემ აღმოაჩინა:

„ბავშვთა სახლში იყვნენ მოსულები, მასთან ერთად იყვნენ ამერიკელები, მაგიდა გაშალეს. ბავშვი ვიყავი, 15-16 წლის, მეც მივედი, მეც გადავწევ-მეთქი და ყველას მოვუგე. მკლავჭიდის ფედერაციის პრეზიდენტი მოვიდა, ხელი მომკიდა და წამიყვანა მწვრთნელთან, თემურ ლიპარტიშვილთან, ჩააბარა ჩემი თავი. ვივარჯიშე, მოვემზადე. ერთი გოგო ვიყავი, ბიჭები ბევრნი იყვნენ და შემრცხვა. მაშინ საქართველოს ჩემპიონატზე მეორე ადგილი ავიღე. იმის მერე [18 წლამდე] აღარ მიმიღია მონაწილეობა ჩემპიონატებში, რადგან სანამ არასრულწლოვანი ვიყავი, არ ჰქონდათ ბავშვთა სახლიდან გაშვების უფლება. მხოლოდ ვვარჯიშობდი“, - უყვება მარინე რადიო თავისუფლებას.

დღეს მარინე 18 გზის მსოფლიო და 17 გზის ევროპის ჩემპიონია. ორივე ხელით ერთნაირი წარმატებით ასპარეზობს:

„ძალიან ძნელია მკლავჭიდი, ბევრი უნდა ივარჯიშო და ისწავლო, მაგრამ მე ძალიან ჭკვიანურად ვწევ. აქ მხოლოდ ძალა არ გშველის. თითებშია ძალა. თითებით აწვები მტევანს და თიშავ“.

მარინემ ბავშვთა სახლი 21 წლისამ დატოვა:

„18 წლის რომ გავხდი, დირექტორმა ჩემი მშობელი, მამა იპოვა და მოიყვანა. არ მინდოდა მასთან წასვლა, მაგრამ მაინც წამიყვანეს. თუმცა მალე უკან, ისევ ბავშვთა სახლში დავბრუნდი. სამი წელი იქ დავრჩი. თან ვვარჯიშობდი, ჩემპიონატებში ვიღებდი მონაწილეობას. სამი წლის შემდეგ ვუთხარი დირექტორს, რომ უკვე შემეძლო ბავშვთა სახლის დატოვება“.

მარინემ წლების შემდეგ მოახერხა და ბათუმში ბინა შეიძინა, სადაც სავარჯიშო დარბაზი მოაწყო, აიღო მწვრთნელის დიპლომი და ახალგაზრდებს ჩემპიონატებისთვის მზადებაში ეხმარება:

„ჩემი მწვრთნელი, თემურ ლიპარტიშვილი დამეხმარა ბინის მოძებნაში. ექვსი წელი ვაგროვებდი ფულს, ცხოვრებაში არაფერი დამიხარჯავს, სოციალური დახმარება მქონდა, პრემიებს ვაგროვებდი. ხელფასი მქონდა 100 ლარი. ნელ-ნელა შევაგროვე და ექვს წელში ვიყიდე შავი კარკასი, გავაკეთე რემონტი. სახლში მაქვს დარბაზი. ყველაზე მეტი გოგო მე მყავს. მე ავიყვანე და ყველამ მოიგო მსოფლიო ჩემპიონატი. ჩემი ხელის ძალით.

ერთი კარგი მოსწავლე მყავს, საუკეთესო, მარი ნოდია. ევროპაზეც მოიგო პირველი ადგილი, პატარებსა და დიდებში და ახლა, მსოფლიო ჩემპიონატზე იმდენი იბრძოლა, რომ პირველ ადგილზე გავიდა.

მარი აბაშიძემ მესამე ადგილი აიღო. ძალიან კარგია, მე მომწონს. ორივე ხელში მესამე ადგილი აიღო. მარი ნოდია ცხრა წელია ემზადება ჩემთან ერთად, მარი აბაშიძეს ორი წელია ვამზადებ. ამ ახალგაზრდა ქალებს დახმარება, გვერდში დგომა სჭირდებათ, რადგან ძალიან პერსპექტიული სპორტსმენები არიან“.

მარინე ფუტკარაძეს სამომავლო გეგმებიც აქვს:

„ვფიქრობ, რომ მომავალ წელს, შესაძლოა, ბავშვთა სახლიდან ავიყვანო მოზარდები. არ აქვს მნიშვნელობა, მსუქანი, სუსტი, ბიჭი, გოგო, ავიყვან მათ, მოვკიდებ ხელს, შევამოწმებ, გადავხედავ და უფასოდ ვავარჯიშებ. ყველაფერს გავაკეთებ, რაც შემიძლია. როგორც ეს ბავშვები ავიყვანე, ისე ავიყვან მათაც“, - ამბობს მარინე ფუტკარაძე.

მოლდოვაში მკლავჭიდის მსოფლიო ჩემპიონატზე ქართველი სპორტსმენების წარმატებული გამოსვლის შემდეგ, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, საქართველოს ნაკრების წევრი მკლავჭიდელები და პარამკლავჭიდელები პრემიებს მიიღებენ. პრემიები გათვალისწინებულია მწვრთნელებისა და სამედიცინო პერსონალისთვისაც.

ავტორი-ნინო თარხნიშვილი

წყარო:რადიო თავისუფლება