თბილისის „დინამომ“ სეზონი 53-მილიონიანი ზარალით დაასრულა

სპორტი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ადრეც დავწერეთ, რომ საქართველოს ყველაზე ტიტულოვან კლუბს, თბილისის „დინამოს“ კარგი დროება ნამდვილად არ უდგას. ახლა კი კლუბმა ოფიციალური მონაცემები გამოაქვეყნა და აღიარა, რომ სეზონი 53-მილიონიანი ზარალით დაასრულა.

შპს „საფეხბურთო კლუბი დინამო თბილისის“ შემოსავლებმა 9 მილიონი შეადგინა. აქედან, 4.4 მილიონი ფეხბურთელების ლიცენზიების გაყიდვიდან მიიღო, 2.5 მილიონი - სტადიონის იჯარიდან შევიდა. საოპერაციო ხარჯებმა 21 მილიონი შეადგინა, საიდანაც 13 მილიონი ხელფასებზე მოდის ანუ შემოსავლები, თუნდაც, ხელფასების გასასტუმრებლად არასაკმარისია. იმის გამო, რომ წლების განმავლობაში შპს ზარალზე ოპერირებს, დაგროვილმა ვალმა 53 მილიონი ლარი შეადგინა, შესაბამისად, კლუბს სჭირდება მნიშვნელოვანი დაფინანსება, რომელსაც საბანკო სესხის სახით იღებს, თუმცა მის გასტუმრებასაც ვერ ახერხებს და სწორედ ამის გამო, 2020 წელს, ვი თიბი ბანკს საკუთრებაში „დინამოს“ 8.3 მილიონიანი ქონება გადაეცა (მიწის ნაკვეთები, შენობა-ნაგებობები).

ბანკებისგან აღებული სესხი 17 მილიონი ლარია, რაც კლუბის აქტივების 43%-ზე მეტია და მოდით, ვაღიაროთ, რომ საქართველოში ფეხბურთი მომგებიანი ბიზნესი, უბრალოდ, არ არის. ორი ვარიანტია - ან სახელმწიფომ უნდა მოიფიქროს რამე, ან უცხოური ინვესტიციები უნდა შემოვიდეს და ჩაიდოს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ერთ წრეზე ვივლით და არაფერი გვეშველება. ხომ გამოჩნდა, რომ ფეხბურთის განვითარებისთვის სახელმწიფოს მიერ გამოყიფილი 250 მილიონი ლარიც არაფერია და რეალურად, ეს ჰაერში გასროლილი თანხაა, რადგან კლუბებმა მიღებული ფული, ძირითადად, ხელფასების გასტუმრებას მოახმარეს და არა, თუნდაც, ინფრასტრუქტურის ინვესტირებას.

საიდან იღებენ ფულს უცხოური კლუბები? პირველ რიგში, ტელეტრანსლირების უფლების გაყიდვიდან, შემდეგ მოდის ბილეთები, კლუბის მაღაზიები... საქართველოში კი არც ტრანსლირებას ყიდულობს ვინმე, არც ბილეთს და არც საკლუბო მაღაზიაში შედის. შეგახსენებთ, რომ „დინამოს“ პრეზიდენტი ბიზნესმენი რომან ფიფია გახლავთ, აქციების 50%-ის მფლობელი სოფიკო ფიფიაა, 50%-ს კი ბექა ფიფია ფლობს.

ავტორი: ბათო ჯაფარიძე