ნაკრები ბოლო მატჩებისთვის მზადებას იწყებს

სპორტი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

საქართველოს ეროვნული ნაკრები 16 და 19 ნოემბერს, ევროპის 2024 წლის საკვალიფიკაციო ეტაპის ბოლო ორი შეხვედრისთვის მზადებას იწყებს. ვილი სანიოლმა გუნდში 25 ფეხბურთელს უხმო და ცოტა არ იყოს, გაგვაკვირვა (და არა მარტო ჩვენ), როცა შემადგენლობაში საბა ლობჟანიძის გვარი ვერ ამოვიკითხეთ. ვინ უნდა ითამაშოს მარჯვენა ფრთაზე, ვერ გეტყვით, მაგრამ სავარაუდოდ, სანიოლს რაღაც გეგმა ექნება.

16 ნოემბერს, 21 საათზე, ბორის პაიჭაძის სახელობის „დინამო არენაზე“, შოტლანდიას ვმასპინძლობთ, 19-ში კი, ვალიადოლიდში ესპანეთს ვსტუმრობთ. ესპანური შეხვედრა თბილისის დროით 23.45 საათზე დაიწყება და ორივე შეხვედრის პირდაპირ რეპორტაჟს საზოგადოებრივი მაუწყებელი შემოგვთავაზებს. სატურნირო მდგომარეობის თვალსაზრისით, ამ შეხვედრებს ჩვენთვის დიდი მნიშვნელობა არ აქვს - 5-გუნდიან ჯგუფში მეოთხეზე ვართ და არც მესამეზე ასვლის შანსი გვაქვს და არც ბოლოზე დავქვეითდებით. არა, თუ შოტლანდიასაც და ესპანეთსაც მოვუგებთ და თავის მხრივ, ნორვეგია დარჩენილი ორი შეხვედრიდან, ერთს მაინც წააგებს, მესამეზე კი გავალთ, მაგრამ ეს ძალიან თამამი განაცხადია. რაც შეეხება ნაკრებს, ჩვენი გუნდის შემადგენლობა ასე გამოიყურება:

მეკარეები: გიორგი მამარდაშვილი („ვალენსია“, ესპანეთი), გიორგი ლორია („დინამო“, თბილისი), ლუკა გუგეშაშვილი („ყარაბახი“, აზერბაიჯანი);

მცველები: გურამ კაშია („სლოვანი“, სლოვაკეთი), საბა კვირკველია („ალ ახდუდი“, საუდის არაბეთი), ოთარ კაკაბაძე („კრაკოვია“, პოლონეთი), ლუკა ლოჩოშვილი („კრემონეზე“, იტალია), გიორგი გოჩოლეიშვილი, ირაკლი აზაროვი (ორივე „შახტარი“, უკრაინა), ივა გელაშვილი („სპეცია“, იტალია), ალექსანდრე კალანდაძე („დინამო“, თბილისი);

ნახევარმცველები/თავდამსხმელები: ნიკა კვევკესკირი („ლეხი“, პოლონეთი), გაბრიელ სიგუა („ბაზელი“, შვეიცარია), გიორგი ქოჩორაშვილი („ლევანტე“, ესპანეთი), გიორგი აბურჯანია („ჰატაიასპორი“, თურქეთი), ვლადიმერ მამუჩაშვილი („დინამო“, ბათუმი), ანზორ მექვაბიშვილი („დინამო“, თბილისი), სანდრო ალთუნაშვილი („ვოლფსბერგერი“, ავსტრია), ლევან შენგელია („პანეთოლიკოსი“, საბერძნეთი), გიორგი ჩაკვეტაძე („უოტფორდი“, ინგლისი), ზურიკო დავითაშვილი („ბორდო“, საფრანგეთი), გიორგი მიქაუტაძე („აიაქსი“, ნიდერლანდები), დავით ვოლკოვი („საბაჰი“, ბაქო), ხვიჩა კვარაცხელია („ნაპოლი“, იტალია), ბუდუ ზივზივაძე („კარლსრუე“, გერმანია).

ავტორი: ბათო ჯაფარიძე