რას ჰპირდება “ოცნება" ამომრჩეველს? - საარჩევნო პროგრამის ეკონომიკური ნაწილი

ეკონომიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

"ქართული ოცნება" 2028 წლისთვის უმუშევრობის 4%-მდე შემცირებას გეგმავს. როგორც საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ „ქართული ოცნების“ საარჩევნო პროგრამის პრეზენტაციაზე თქვა, 2028 წლამდე ქვეყანაში, დამატებით, 200 000 სამუშაო ადგილი შეიქმნება.

კობახიძის პრეზენტაციაში ყველა მონაცემი 2012 წლის მაჩვენებელს დარდებოდა და საუბარი იყო იმაზე, თუ აქამდე როგორ გაიზარდა სხვადასხვა ეკონომიკური მაჩვენებელი. რა თქმა უნდა, ასევე იყო დაპირებები, მომავალი 4-8 წლის განმავლობაში რა გაკეთდება.

"2012 წელს 26.7% იყო უმუშევრობა ქვეყანაში, დღევანდელი მდგომარეობით კი უმუშვრობა გავანახევრეთ და 13.7% არის უმუშევრობა, დღეის მონაცემებით. ამოცანა გვაქვს 4%-მდე უმუშევრობის შემცირება. 4% არის საშუალო ევროპულ მაჩვენებელზე დაბალი მაჩვენებელი. საშუალო ევროპული მაჩვენებელი, უმუშევრობის კუთხით არის 6%. ჩვენი ამბიციური ამოცანაა, რომ 6%-იან მაჩვენებლზე დაბლა განვსაზღვროთ უმუშევრობა ქვეყანაში. რაც შეეხება დასაქმებას, ამ კუთხითაც გვქონდა ანალოგიური პროგრესი - 1 217 000 ადამიანი იყო დასაქმებული 2021 წელს და მხოლოდ ბოლო 2.5 წლის განმავლობაში, 170 000-ით გაიზარდა დასაქმების მაჩვენებელი ქვეყანაში. შეიქმნა 170 000 ახალი სამუშაო ადგილი. ამ ტემპის შენარჩუნების პირობებში, რაც აუცილებლად ასე იქნება, შეგვიძლია, თამამად გავცეთ დაპირება, რომ 2028 წლისთვის 200 000 სამუშაო ადგილი, მინიმუმ, დაემატება ჩვენს ქვეყანას,“- განაცხადა პრემიერმა.

ერთ-ერთი დაპირებათაგანია სიღარიბის შემცირება, რომელიც კობახიძის თქმით, 2028 წლისთვის 4%-მდე შემცირდება. როგორც პროგრამის წარდგენისას ითქვა, 2012 წელს 30%-ს შეადგენდა უმუშევრობის მაჩვენებელი და 1 120 000 ადამიანი ცხოვრობდა სიღარიბის ზღვარს მიღმა. დღეის მდგომარეობით, 440 000 ადამიანი ცხოვრობს სიღარიბის ზღვარს მიღმა, ხოლო 2028 წლამდე ეს მაჩვენებელი 150 000 ადამიანამდე დაიწევს.

როგორც კობახიძე ამბობს, მინიმუმ 130 მილიარდ ლარამდე გაიზრდება ქვეყნის ეკონომიკა 2028 წლისთვის, რომლის მთავარი წინაპირობა მშვიდობის შენარჩუნებაა. რაც შეეხება ქვეყნის ბიუჯეტს, როგორც პრემიერმა თქვა, იგი 2028 წლისთვის 50 მლრდ ლარს გადააჭარბებს.

„ეკონომიკურ ზრდას მიჰყვება ქვეყნის ბიუჯეტის ზრდა და პირდაპირპროპორციულად, როგორც იზრდებოდა ქვეყნის ეკონომიკა, ასევე იზრდებოდა ქვეყნის ბიუჯეტიც. 8.5 მლრდ ლარი იყო ქვეყნის ბიუჯეტი 2012 წელს და შევძელით და ეკონომიკური ზრდის კვალდაკვალ გავზარდეთ ბიუჯეტი - 2024 წლისთვის უკვე თითქმის 28 მლრდ ლარამდე. აქაც, გამომდინარე ეკონომიკური ზრდის პროგნოზიდან, გვაქვს ძალიან ამბიციური ამოცანა, 50 მლრდ ლარს გადააჭარბებს 2028 წლისთვის ქვეყნის ბიუჯეტი,“- განაცხადა კობახიძემ და დასძინა, რომ წლევანდელი ეკონომიკური ზრდა საშუალებას იძლევა, რომ მომავალი წლისთვის პენსიები 350 და 450 ლარამდე გაიზარდოს. საჯარო სამსახურებში კი მომავალ წელსაც გაგრძელდება ხელფასების 10 %-იანი ზრდა, საბავშვო ბაღების, სახელოვნებო და სპორტული სკოლების პერსონალს კი, სტანდარტული ზრდის მიღმა, 1-ლი იანვრიდან ხელფასი 100 ლარით გაეზრდება.

პროგრამით ასევე გათვალისწინებულია, რომ შემდეგი 4 წლის განმავლობაში, სოფლის მეურნეობაზე ₾3 მილიარდი გამოიყოს. ხოლო 2 მლრდ ლარზე მეტი იქნება გამოყოფილი რეგიონების განვითარებისთვის.

"ვიწყებთ სპეციალურ პროგრამას გამყოფი ხაზის პირას მდებარე დასახლებებში ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის, რისთვისაც ყოველწლიურად 20 მლნ ლარი გამოიყოფა" - განაცხადა კობახიძემ.

"ოცნება" ამომრჩეველს ასევე პირდება, რომ მომდევნო 4 წლის განმავლობაში, დამატებით, 9 მლრდ დოლარის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია იქნება მოზიდული და მილიარდ ლარზე მეტია გათვალისწინებული ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის.

"შემდეგი 4 წლის განმავლობაში, დამატებით, 9 მლრდ აშშ დოლარის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია იქნება მოზიდული. უშუალოდ ამისთვის ახლაც მიმდინარეობს სამუშაოები, უახლოესი კვირების განმავლობაში არის დაგეგმილი კონკრეტული ხელშეკრულებების გაფორმება, რომლითაც მრავალმილიარდიანი ინვესტიციები შეიძლება იქნას მოზიდული", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

რაც შეეხება ანაკლიის პორტს, როგორც კობახიძემ თქვა, პირველ გემებს პორტი 2029 წლისთვის მიიღებს. ამჟამად კი სამუშაოები უკვე იწყება, ხელშეკრულება გაფორმებულია ჩინურ-სინგაპურულ კონსორციუმთან.

გზებისა და ავტობანის მშენებლობის შესახებ დაპირებაა, რომ მომავალ წელს, თბილისიდან ბათუმამდე 4-ზოლიანი ავტომაგისტრალი იქნება გახსნილი. ქობულეთის შემოვლით გზას 2-ზოლიანი მონაკვეთი დაემატება.

მთავრობის მეთაურმა ასევე ისაუბრა, სპორტული ინფრასტრუქტურის შესახებ და თქვა, რომ "ოცნება" დაიწყებს საგანგებო, 2-მილიარდიან პროგრამას სპორტული ინფრასტრუქტურის განსავითარებლად.

"ჩვენი ვალია, გავაგრძელოთ და კიდევ უფრო გავაფართოოთ სპორტის მხარდაჭერა. რა თქმა უნდა, დაფინანსება გაიზრდება და დავიწყებთ საგანგებო, 2-მილიარდიან პროგრამას სპორტული ინფრასტრუქტურის განსავითარებლად. განვითარდება მულტიფუნქციური კომპლექსები ახალი მიდგომით, უნდა მოიცავდეს ყველა მიმართულებას, ყველა სპორტული კომპლექსი, რომელიც აშენდება ქვეყანაში, სპორტული მოედნები, საფეხბურთო, სარაგბო მოედნები, სპორტული დარბაზები და ა.შ. მთელი ქვეყნის მასშტაბით სერიოზული ინვესტიცია ჩაიდება სპორტის სფეროში. ამ კუთხით გვაქვს ერთი მნიშვნელოვანი მეგაპროექტი არის ახალი, 70 000 მაყურებელზე გათვლილი სტადიონი თბილისისთვის. ჩვენ გვაქვს ამბიციური ამოცანა, რომ თბილისში 2028 წლისთვის ვუმასპინძლოთ ჩემპიონთა ლიგის ფინალს. სტადიონის მშენებლობასთან ერთად შევიტანთ შესაბამის განაცხადს. არსებული სტადიონები, ცენტრალური, დინამოს სტადიონი ვერ პასუხობს ფინალისთვის დაწესებულ მოთხოვნებს, ახალი სტადიონი მოგვცემს უკვე ამ ყველაფრის საშუალებას. გარდა ამისა, ახალი სტადიონი იქნება სრულად ადაპტირებული, როგორც ფეხბურთის, ასევე რაგბის საჭიროებებისთვის და საკონცერტო ინფრასტრუქტურა იქნება სათანადოდ განვითარებული, რის საშუალებასაც დღევანდელი ინფრასტრუქტურა არ გვაძლევს“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მომავალ წელს დაგეგმილია დამატებით 12 იუსტიციის სახლის მშენებლობაც. "2012 წლამდე ქვეყანაში ფუნქციონირებდა 12 იუსტიციის სახლი, მას შემდეგ აშენდა დამატებით 109, წელს და მომავალ წელს კი დაგეგმილია დამატებით 12 იუსტიციის სახლის მშენებლობა", - თქვა კობახიძემ.

მანვე დასძინა, რომ მომდევნო 4 წლის განმავლობაში ქვეყანას ექნება თანამედროვე სტანდარტების ადრეული გაფრთხილების სისტემები.

პრემიერმა გული არც პოლიციელებს დაწყვიტა და თქვა რომ 1000-ზე მეტი პოლიციელი მიიღებს ბინებს ახლად აშენებულ კორპუსებში, განახლდება პოლიციის, სახანძრო-სამაშველო სამსახურის ინფრასტრუქტურა და მატერიალურ-ტექნიკური ბაზა.

ირაკლი კობახიძემ ასევე თქვა, რომ ევროინტეგრაცია რჩება ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთ უმთავრეს საგარეო პოლიტიკურ პრიორიტეტად:"არ მოგვწონს ურთიერთობების ის მდგომარეობა, რომელიც დღეს გვაქვს და ჩვენი ამოცანაა აშშ-სთან და EU-სთან ურთიერთობების გადატვირთვა"- თქვა მან.