რა ქონებას ფლობს მილიონერი დეპუტატი

ეკონომიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

 

„მინდა, სრულიად საქართველოს ევროპის ჩემპიონატზე პირველი თამაში მივულოცო. ჩვენი ქვეყნის დროშა აღიმართა და საქართველოს ჰიმნი აჟღერდა. ეს იყო დამოუკიდებლობის შემდეგ ჩვენი ოცნება, ამიტომ ეს დღე საკმაოდ ემოციური გამოვიდა. ძალიან სასიამოვნო იყო ის ყველაფერი, რაც დორტმუნდში ხდებოდა. ამისთვის ნამდვილად ღირდა ცხოვრება. ამაყი ვარ, რომ ასეთი არაჩვეულებრივი გუნდი გვყავს, რომელმაც მოედანზე ყველაფერი გააკეთა. თუმცა, უცნაური გრძნობაა, ერთი მხრივ, ის სიამაყე, რასაც ჩვენი გუნდის თამაშით ვგრძნობდით და, მეორე მხრივ, წაგებით გულდაწყვეტილები ვიყავით“, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის წევრმა და ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ლევან კობიაშვილმა.

საქართველოს მოქალაქეებისა და ჩვენი ემოგრანტების ყურადღება ახლა გერმანიისკენაა მიმართული, რომელიც ფეხბურთში ევროპის ჩემპიონატს მასპინძლობს. საქართველოს ფეხბურთის ეროვნული ნაკრები კი ამ ჩემპიონტის დებიუტანტია და ცხადია, ჩვენს ბიჭებს - ჩვენს ლომებსა და არწივებს მთელი მსოფლიო გამადიდებელი შუშით აკვირდება. რა კარგად ასპარეზობენ და როგორ გვასახელეს, ეს „ვერსიის“ სპორტის გვერდში წაიკითხეთ, მანამდე კი „ქართული ოცნების“ დეპუტატისა და ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის, ლევან კობიაშვილის ქონებრივი დეკლარაცია განვიხილოთ, ოღონდ ჯერ მისი შთამბეჭდავი ბიოგრაფია გავიხსენოთ.

 

დეპუტატის ბიოგრაფია

პოლიტიკოსი და სპორტსმენი ლევან კობიაშვილი 1977 წლის 10 ივლისს, თბილისში დაიბადა. 1993-1994 წლებში, საფეხბურთო კლუბში „გორდა“ თამაშობდა; 1994 წელს - საქართველოს 19-წლამდე ასაკის ეროვნულ ნაკრებში; 1995-1998 წწ. - საფეხბურთო კლუბ „დინამო თბილისში“; 1995 წელს - საქართველოს 21-წლამდე ეროვნულ ნაკრებში; 1997 წელს - საფეხბურთო კლუბ „ალანიაში“; 1996-2011 წწ. - საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში რეკორდული, 100 მატჩი ჩაატარა; 1998-2003 წწ. - საფეხბურთო კლუბ „ფრაიბურგშია“; 2003-2010  წწ. - საფეხბურთო კლუბში „შალკე“; 2010-2014 წწ. - ბერლინის საფეხბურთო კლუბში „ჰერტა“; 2014 წელს - გერმანიის სპორტის მენეჯმენტის აკადემიაში გაიარა მენეჯმენტის სრული სასწავლო კურსი; იმავე წელს იყო ბერლინის საფეხბურთო კლუბის „ჰერტა“ აკადემიის მენეჯერი; 2015 წელს იყო ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის „თბილისი 2015“ ოლიმპიური სოფლის მერი; 2015 წლიდან - „2017 - გერმანია-საქართველოს მეგობრობის წელი“ სამუშაო ჯგუფის წევრია; 2015 წლიდან - საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტია; 2016-2020 წწ. - საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის წევრია, საარჩევნო ბლოკიდან „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“;  2020 წ. - საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრია, საარჩევნო ბლოკიდან „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“.

 

კობიაშვილის ქონება

მონიტორინგის ცენტრის - „მედიატორი“ კვლევის თანახმად, ლევან კობიაშვილის უძრავ-მოძრავი ქონება 9 829 530 ლარად არის შეფასებული. თუმცა, საქართველოს პარლამენტის წევრისა და ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის მიერ, 2023 წლის 31 დეკემბერს შევსებული ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, მილიონერი კობიაშვილის საკუთრებაშია თბილისში, 2005 წელს შეძენილი 24 კვ.მ. ფართობის ავტოფარეხი, ასევე მიწის ნაკვეთები - წყნეთსა და ბაკურიანში, შესაბამისად - 1 900 და 2 950 კვ.მ. გარდა ამისა, კობიაშვილის საკუთრებაშია წყნეთში აშენებული 450 კვ.მ. ფართობის საცხოვრებელი სახლი.

წყნეთის გარდა, ლევან კობიაშვილი ბერლინში, 550 კვ.მ. ფართობის საცხოვრებელ სახლსა და 770 კვ.მ. მიწის ნაკვეთის ნახევარს ფლობს. ამავე მიწის ნაკვეთის მეორე ნახევარს კობიაშვილის მეუღლე ფლობს.

ლევან კობიაშვილმა 2023 წლის მონაცემებით, გერმანიაში მუშაობიდან და საცხოვრებელი სახლის გაყიდვიდან 40 000 ევრო მიიღო. ასევე, გაყიდული ბინიდან პარლამენტის წევრმა 52 000 აშშ დოლარი და 35 000 ლარი მიიღო.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის, როგორც პარლამენტის დეპუტატის წლიური ხელფასი 2022 წელს, 41 266 ლარი ყოფილა.

მასვე, ბაზის ბანკის მიმდინარე ანგარიშზე 778.49 ლარი და 822 ევრო, ხოლო თიბისი ბანკის ანგარიშზე - 539.54 ლარი ჰქონია.

ლევან კობიაშვილის მეუღლემ, 2020 წელს, გერმანიაში, ქალაქ ბერლინში, 110 კვ.მ. ბინა 945 000 ევროდ შეიძინა. 2020 წელსვე, 19 000 ევროდ შეუძენია 2013-წლიანი „მერსედეს ბენცის“ მარკის მსუბუქი ავტომანქანა.

 

 

ავტორი-მაკა რუხაძე