"თუ შევადარებთ ყველა წინა არჩევნებს, ეს საარჩევნო პროცესი არის ყველაზე მშვიდი" - ირაკლი კობახიძე

პოლიტიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

სამწუხაროდ, პოლიტიკური პროცესების რადიკალიზაცია კვლავაც რჩება ოპოზიციის დღის წესრიგში, თუმცა, ამის მიუხედავად, მთლიანობაში,საარჩევნო პროცესები წარიმართება ჯანსაღ გარემოში, რაც არის ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემა “თავისუფალ სივრცეში” განაცხადა.

 

მთავრობის მეთაურის თქმით, ყველა წინა არჩევნებთან შედარებით, ეს საარჩევნო პროცესი არის ყველაზე მშვიდი.

 

„საარჩევნო გარემო არის საკმაოდ ჯანსაღი. გვაქვს უპრეცედენტოდ მშვიდი საარჩევნო გარემო, თუ შევადარებთ ყველა წინა არჩევნებს, ეს საარჩევნო პროცესი არის მაინც ყველაზე მშვიდი. ძალაში რჩება მთავარი პრობლემა, რასაც ეწოდება პოლარიზაცია, რასაც ჩვენ ვუწოდებთ რადიკალიზმს. სამწუხაროდ, პოლიტიკური პროცესების რადიკალიზაცია კვლავაც რჩება ოპოზიციის დღის წესრიგში, თუმცა, ამის მიუხედავად, მთლიანობაში,საარჩევნო პროცესები წარიმართება ჯანსაღ გარემოში, რაც არის ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი. ორი კვირაა დარჩენილი არჩევნებამდე და იმედი მაქვს, რომ ამ ორი კვირის განმავლობაშიც ანალოგიურად, მშვიდობიან გარემოში გაგრძელდება საარჩევნო პროცესები “, - განაცხადა პრემიერმა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ოპოზიციური პარტიები ქართველ ხალხს არ ესაუბრებიან იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ ხედავენ ქვეყნის განვითარებას შემდეგი ოთხი წლის განმავლობაში და ამის სანაცვლოდ, საარჩევნო კამპანია წარიმართება გარედან.

 

„ეს არჩევნები წარიმართება უპრეცედენტო გარე ჩარევის ფონზე, რაც ეწინააღმდეგება ზოგადად, საარჩევნო პრინციპებს, თუმცა ეს გარე ჩარევა რეალურად ვერ მოახდენს რაიმე არსებით გავლენას საბოლოო ჯამში, ამომრჩეველთა ნებაზე. ეს არის ჩვენთვის მთავარი და გადამწყვეტი. ეს ევროპარლამენტის რეზოლუციაც იყო ამის კიდევ ერთი გამოხატულება. ოპოზიცია საერთოდ არ ატარებს სრულფასოვან საარჩევნო კამპანიას. აქვთ გარკვეული შეხვედრები, ზოგიერთ შემთხვევაში პარტიის ლიდერები ჩადიან მუნიციპალურ ცენტრებში, მაგრამ ამის იქით რეალურად კამპანია არ წარიმართება. ქართველ ხალხს ოპოზიციური პარტიები არ ესაუბრებიან იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ ხედავენ ქვეყნის განვითარებას შემდეგი ოთხი წლის განმავლობაში. ამის სანაცვლოდ, საარჩევნო კამპანია წარიმართება გარედან. ოპოზიციის საარჩევნო კამპანია თავიდან ბოლომდე წარიმართება გარედან, რაც არის ანომალიური მოვლენა. თუმცა, ეს ობიექტურ საფუძველზეა დამყარებული, გამომდინარე იქიდან, რომ ოპოზიციას სინამდვილეში არაფერი აქვს სათქმელი ხალხისთვის. არც იმასთან დაკავშირებით, თუ რას აკეთებდნენ ხელისუფლებაში ყოფნის დროს, 9 წლის განმავლობაში, ვერც იმაზე იტყვიან ვერაფერ კარგს, თუ რას აკეთებდნენ ოპოზიციაში ყოფნის პერიოდში და არ აქვთ არავითარი ხედვა შემდეგი 4 წლისათვის. აქედან გამომდინარე, აბსოლუტურად ლოგიკურია, რომ მათი მფარველები ქვეყნის გარედან მათ მაგივრად აწარმოებენ საარჩევნო კამპანიას. ასეთ პირობებში კიდევ უფრო სუსტია ოპოზიციის შანსები, რომ რაიმე წარმატებას მიაღწიონ“, - განაცხადა პრემიერმა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ოპოზიციურ პარტიებს აქვთ შიდა დაპირისპირებები პარტიების შიგნით.

 

„დღევანდელი მდგომარეობით, არის ორი ოპოზიციური პარტია, რომელსაც აქვს რეალურად ბარიერის გადალახვის შანსი. ის ცალკე ტრაგედიაა, რომ ეს ორი პარტია ერთობლიობაში ამ ეტაპზე აგროვებს 20%-ზე მეტს. იმედი გვაქვს, რომ მათი მაჩვენებელი კიდევ უფრო მეტად დაიკლებს. ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, რის გამოც ჩვენი პოზიციები არის ასეთი ძლიერი, ჩვენ დღეს გვაქვს დაახლოებით 60%-იანი რეიტინგი, არის ის, რომ ოპოზიცია არის უბრალოდ უსუსტესი ჩვენს ქვეყანაში. გარდა ამისა, აქვთ შიდა დაპირისპირებები პარტიების შიგნით. მაგალითად რომ ავიღოთ „ნაცმოძრაობა“, განსაკუთრებით სიის ფორმირებამ გამოიწვია სერიოზული შიდა პრობლემები, ვერ იტანენ ერთმანეთს კონკრეტული პარტიის წარმომადგენლები, ლიდერები და კიდევ უფრო მძიმეა ეს დაპირისპირება „ახალის“, გვარამიას პარტიის ლიდერებს შორის. სულ ოთხი ლიდერი ჰყავთ გვარამიას პარტიაში და ოთხივეს ერთმანეთის მიმართ აქვს ეს უარყოფითი დამოკიდებულება. მაგალითად, ხოშტარიას განაწყენება გამოიწვია იმან, რომ ჯაფარიძე ჩაჯდა სიის ათეულში, მაშინ, როდესაც შეთანხმება ჰქონდათ, რომ 14-ე, 15-ე, 16-ე, 17-ე ნომრად უნდა ყოფილიყვნენ ლიდერები. გვარამია საერთოდ ამოვარდა სიიდან, ეს ცალკე ნონსენსია. არის კოალიციის გამოცხადებული ლიდერი და ის არ შედის პარლამენტში. ანუ, პარლამენტში შესვლასაც კი არ პირდებიან საკუთარ ამომრჩეველს, იქ რა წარმატებას უნდა მიაღწიო. გამომდინარე იქიდან, რომ ჯაფარიძემ მაინც მოინდომა სიის სათავეში ჩახტომა, დღემდე მას ხოშტარია უწოდებს ხამს და სხვა სიტყვებს არ გავიმეორებ, რასაც იყენებს ამ ადამიანის მიმართ. ანუ, შიგნით არიან ერთმანეთში მოშლილები, სათქმელი არ აქვთ არაფერი საზოგადოებისთვის, ასეთ პირობებში, მე ვფიქრობ, ის 20%-იც ზედმეტია, რაც რადიკალური ოპოზიციის ძირითად ნაწილს აქვს დაგროვილი “, - განაცხადა პრემიერმა.