„გაიწვიეთ კანონი, ჩაატარეთ თავისუფალი არჩევნები“ - აშშ-ის კონგრესში საქართველოზე მოსმენა გაიმართა

პოლიტიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ვაშინგტონიდან გზავნილი მკაფიოა - აშშ-ის დედაქალაქში ფიქრობენ, რომ სტრატეგიული პარტნიორის, საქართველოს ხელისუფლების ბოლოდროინდელი ქმედებები არ შეესაბამება ქვეყნის გაცხადებულ მიზანს, გახდეს ევროატლანტიკური სივრცის სრულფასოვანი წევრი.

23 ივლისს აშშ-ის წარმომადგენელთა პალატაში გაიმართა მოსმენა საქართველოსა და მოლდოვის შესახებ. კონგრესმენებმა მოუსმინეს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტისა და ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მაღალჩინოსნებს.

კონგრესში ხაზი გაუსვეს, რომ იმ ფონზე, როცა მოლდოვის ხელისუფლება ევროკავშირსა და დასავლეთთან დაახლოებას ლამობს, საქართველოს მთავრობა საპირისპიროდ იქცევა.

"ნათლად ვუთხარით ხელისუფლებას"
საქართველოსთან დაკავშირებით ამერიკელმა კონგრესმენებმა და მაღალჩინოსნებმა ორ საკითხზე გაამახვილეს ყურადღება - ე.წ. აგენტების კანონის უკან გაწვევის აუცილებლობასა და ოქტომბერში გასამართი საპარლამენტო არჩევნების თავისუფალ და სამართლიან გარემოში ჩატარებაზე.

„ბოლო თვეების განმავლობაში, საქართველოს მთავრობამ მკვეთრად გადაუხვია წარსულში არსებული დემოკრატიული გზიდან, რითაც ქვეყნის ევროატლანტიკური მისწრაფებები და ჩვენი [საქართველო-ამერიკის] ორმხრივი ურთიერთობები რისკის ქვეშ დააყენა“, - თქვა მოსმენაზე ჯოშუა ჰაკიმ, სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილემ ევროპისა და ევრაზიის საკითხთა ბიუროდან.

ჯოშუა ჰაკიმ ჩამოთვალა საქართველოს მთავრობის ის ნაბიჯებიც, რომლებიც აშშ-ს განსაკუთრებით აშფოთებს. მისი თქმით, მათ შორისაა: „აგენტების კანონის“ მიღება, სამოქალაქო საზოგადოების დემონიზება, სამოქალაქო საზოგადოებისა და ოპოზიციის მიმართ ძალადობის ესკალაცია და დაშინება, ასევე ამერიკელი და ევროპელი პარტნიორების შესახებ დეზინფორმაციის გავრცელება.

შესაძლებელია თუ არა ამ ქმედებებით მიყენებული ზიანის გამოსწორება და რა უნდა გაკეთდეს საამისოდ? ჯოშუა ჰაკი ყურადღებას ამახვილებს „აგენტების კანონის“ უკან გაწვევასა და მომავალ საპარლამენტო არჩევნებზე:

„ჩვენ ძალიან ნათლად ვუთხარით [საქართველოს] ხელისუფლებას, რომ საუკეთესო გზა დემოკრატიული პრინციპების ერთგულების გამოსახატად არის “უცხოეთის გავლენის კანონის” უკან გაწვევა, არადემოკრატიული კანონების შეწყვეტა და იმის გარანტირება, რომ წინასაარჩევნო პროცესი და ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები თავისუფლად და სამართლიანად ჩატარდება“, - თქვა კონგრესში სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსანმა.

წარმომადგენელთა პალატაში გამართულ მოსმენას ესწრებოდნენ კონგრესმენები როგორც დემოკრატიული, ისე რესპუბლიკური პარტიიდან.

„[საქართველოს ხელისუფლებამ] უნდა იცოდეს, რომ ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით [პროცესებს], - თქვა რესპუბლიკელმა კონგრესმენმა, ბილ ჰაიზინგამ, რომელიც მიჩიგანს წარმოადგენს კონგრესში, - ეს უნდა იყოს გზავნილი ნებისმიერი ქვეყნისთვის, რომ ჩვენ ყურადღებით ვართ, და ვაკვირდებით, როგორ მუშაობს ეკონომიკა, ბიზნესი, როგორ ტარდება არჩევნები და უზრუნველყოფილია თუ არა, რომ ხალხის ხმა ისმოდეს“.

სწორედ მისი თანაპარტიელია კონგრესმენი ჯო უილსონი, რომელმაც შეიმუშავა „MEGOBARI აქტი“. 11 ივლისს წარმომადგენელთა პალატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა „MEGOBARI აქტს“ კენჭი უყარა და მხარი დაუჭირა პალატის სრულ კენჭისყრაზე გატანას.

„საქართველოს მთავრობას: თქვენს ქმედებებს არ ჩაუვლია და არ ჩაივლის უპასუხოდ“, - ეს უკვე დემოკრატიული პარტიის წამომადგენლის, კონგრესმენ ბილ კიტინგის მიმართვაა. მან ასევე აღნიშნა, რომ საჭიროების შემთხვევაში, აშშ გააგრძელებს ქართველი მაღალჩინოსნების სანქცირებას:

„იქამდე, ვიდრე საქართველოს მთავრობა გააგრძელებს დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის შელახვას, მე ეჭვიც არ მეპარება, რომ ეს ადმინისტრაცია გააგრძელებს სავიზო შეზღუდვებისა და ფინანსური სანქციების დაწესებას, საჭიროების მიხედვით“, - თქვა ბილ კიტინგმა.

კონგრესმენმა მიმართა ქართველ ხალხსაც და ხაზი გაუსვა, რომ საქართველოს მთავრობის ქმედებების მიუხედავად, ამერიკის შეერთებული შტატები არ წყვეტს საქართველოს მოსახლეობის მხარდაჭერას, რომელიც ქვეყნის პროდასავლური კურსის ერთგული რჩება.

„თქვენი ამბიცია ევროკავშირსა და ნატოში თქვენი მომავლის შესახებ, ამ კონგრესსა და ადმინისტრაციაში ძალიან კარგად იციან და ჩვენ გავაგრძელებთ თქვენს მხარდაჭერას ამ მიზნების მისაღწევად, როგორც ამას ბოლო 30 წლის განმავლობაში ვაკეთებდით.

„ქართველი ხალხის აქტი“, რომელიც მე გასულ თვეში წარვადგინე და „მეგობარი აქტი“, რომელიც ჩემმა მეგობარმა ჯო უილსონმა წარადგინა, აჩვენებს ჩვენს მხარდაჭერას თქვენი დემოკრატიული მომავლისადმი მაშინაც კი, როდესაც თქვენი მთავრობა არღვევს კონსტიტუციით გარანტირებულ ვალდებულებას, რომ გზა გაიკვალონ ევროკავშირისა და ნატოსკენ“, - განაცხადა მან კონგრესში.

„ჩვენ არ დავშორდებით ქართველი ხალხის ნებას. მაგრამ ჩვენ დავაწესებთ სანქციებს და მივიღებთ სხვა ზომებს იმ ადამიანების წინააღმდეგ, ვისაც ქართველი ხალხი სხვა მიმართულებით, რუსეთის მიმართულებით მიჰყავს, ასეთ კრიტიკულ დროს, როდესაც უკრაინაში მისი უკანონო ომი ასეთ განადგურებას იწვევს“, - ეს კი ბილ კიტინგმა მოგვიანებით ამერიკის ხმას უთხრა.

"სასწორზე დემოკრატია დევს"
ქართველ ხალხსა და საქართველოს მთავრობას შორის არსებულ განსხვავებებს მოსმენაზე კიდევ ერთმა კონგრესმენმა გაუსვა ხაზი:

„საქართველო ამერიკის კარგი პარტნიორია, მაგრამ რთულ სამეზობლოში, - განაცხადა დინა ტაიტუსმა, დემოკრატმა კონგრესმენმა ნევადიდან, - უნდა მოვიცადოთ და ვნახოთ, როგორ ჩატარდება არჩევნები ამ შემოდგომაზე. როგორც ჩანს, ხალხი ნამდვილად ერთ რამეს ამბობს, "ქართული ოცნება" კი - რაღაც სხვას. ვნახოთ, როგორ შეძლებენ ისინი საერთო ენის გამონახვას“.

„სასწორზე დემოკრატია დევს“, - ეს სიტყვები კი მადელინ დინს ეკუთვნის, დემოკრატ კონგრესმენს პენსილვანიიდან.

მადელინ დინი „ძალიან საშიშს“ უწოდებს საქართველოს მთავრობის მიერ „აგენტების კანონის“ მიღებას და დასძენს, რომ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საფრთხე საქართველოს არჩევნებში რუსეთის შესაძლო ჩარევაა:

„მთავარი საფრთხე აქ საქართველოს არჩევნებში რუსეთის მავნე გავლენაა. ამაზე ჩვენ ჩვენს საკუთარ არჩევნებთან დაკავშირებითაც ვღელავთ“, - თქვა პენსილვანიელმა კონგრესმენმა.

მაისში მმართველმა პარტიამ „ქართულმა ოცნებამ“ - 84 ხმით მიიღო „აგენტების კანონი“. ამ კანონპროექტის მიღებას ქუჩაში ათასობით ადამიანი აპროტესტებდა, საქართველოს ხელისუფლებას კი პარტნიორი ქვეყნები მოუწოდებდნენ, უარი ეთქვა კანონის მიღებაზე, რადგან ის ქვეყნის ევროინტეგრაციას შეუშლიდა ხელს.

იმის მიუხედავად, რომ პარტნიორებისგან საქართველოს ხელისუფლებამ მკაფიო გაფრთხილებები მოისმინა, აშშ-მა კი „საქართველოში დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრაში“ პასუხისმგებელ პირებს სანქციები დაუწესა, მმართველ პარტიაში ამბობენ, რომ „აგენტების კანონი“ ქვეყანას ევროკავშირთან აახლოებს.

დამატებით, 5 ივლისს ცნობილი გახდა, რომ საქართველოსთან ურთიერთობის პოლიტიკის გადახედვის ფარგლებში, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა განუსაზღვრელი დროით გადადო საქართველოსთან ერთად დაგეგმილი სამხედრო წვრთნები, „ღირსეული პარტნიორი“ (Noble Partner), რომელსაც საქართველო 2016 წლიდან მასპინძლობდა.

შეერთებული შტატების თავდაცვის დეპარტამენტის ოფიციალური განცხადების თანახმად, გადაწყვეტილება განპირობებულია საქართველოს „მთავრობის ცრუ ბრალდებებით შეერთებული შტატებისა და სხვა დასავლური სუბიექტების მიმართ“.

პენტაგონის თანახმადვე, შეერთებულმა შტატებმა საქართველოსთან ორმხრივი თანამშრომლობის გადახედვა 2024 წლის 30 მაისს დაიწყო.

 

წყარო:რადიო თავისუფლება