ტრამპი დამნაშავედ ცნეს: რა იქნება ახლა?

ანალიტიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

აშშ-ის ექსპრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ნიუ-იორკის სასამართლომ დამნაშავედ ცნო საქმიანი მონაცემების გაყალბების 34-ვე შემთხვევაში, რაც უკავშირდება 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებამდე პერიოდში პორნოგრაფიული ჟანრის ფილმების მსახიობისთვის გადახდილი თანხის დამალვას.

12-მა მსაჯულმა ვერდიქტს 30 მაისს მიაღწია, ხუთი თვით ადრე აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებამდე - რომელშიც, დიდი ალბათობით, ტრამპი იქნება რესპუბლიკური პარტიის კანდიდატი და მოქმედი პრეზიდენტის, დემოკრატი ჯო ბაიდენის მეტოქე.

ტრამპს მანჰეტენის იურიდიული ოფისი სდებდა ბრალს დოკუმენტების გაყალბების 34 შემთხვევაში, რაც მოიცავდა 11 ქვითარს - გადახდის შეთანხმებას, 12 ვაუჩერს და 11 ჩეკს. გაყალბებული დოკუმენტები ემსახურებოდა მსახიობ სტორმი დენიელსის გაჩუმებისთვის გადახდილი 130 000 დოლარის დაფარვას - მსახიობს არ უნდა ესაუბრა სექსუალურ კავშირზე, რომელიც, როგორც ის აცხადებდა, მას ტრამპთან 2006 წელს ჰქონდა. ტრამპი იმ პერიოდში უკვე იყო მელანია ტრამპზე დაქორწინებული.

დენიელსს სურდა ტრამპთან სექსუალური კავშირის შესახებ საჯაროდ ელაპარაკა 2016 წლის არჩევნების წინ, რაც, სავარაუდოდ, დააზიანებდა ტრამპის საარჩევნო კამპანიას. ტრამპის პირადმა ადვოკატმა, მაიკლ კოენმა სასამართლოს უთხრა, რომ დენიელსის ადვოკატს მან არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე გაუგზავნა 130 000 დოლარი.

ტრამპმა იმ არჩევნებში გამარჯვება მოიპოვა.

რა მოხდება ახლა?

ახლა მოსამართლემ ტრამპს სასჯელი უნდა შეუფარდოს - რაც რამდენიმე ფაქტორზე იქნება დამოკიდებული, მათ შორის ტრამპის კრიმინალურ ისტორიაზე და იმაზე, თუ გაყალბების რამდენ შემთხვევაში მიიჩნიეს ის დამნაშავედ, - ამბობს მიჩიგანის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის პროფესორი, ბრაიან კალტი.

სასჯელი შესაძლოა იყოს ჯარიმა, პირობითი სასჯელი, ან პატიმრობა მაქსიმუმ ოთხი წლის ვადით. თუმცა საქმეებში, როცა პირს პატიმრობას უსჯიან ამგვარი არაძალადობრივი დანაშაულისთვის, - რაც ნიუ-იორკის შტატისთვის თავისთავადაც უჩვეულოა, - პატიმრობის ვადა ერთი წელი, ან ნაკლებია ხოლმე.

ტრამპი, სავარაუდოდ, ნებისმიერ განაჩენს გაასაჩივრებს და პროცესი შესაძლოა წლების განმავლობაში გაგრძელდეს, - ამბობს კალტი.

ტრამპი შესაძლოა ციხეში მოხვდეს?

თეორიულად შესაძლებელია ტრამპი ციხეში მოხვდეს, თუმცა ბრაიან კალტი ამას ნაკლებად სავარაუდოდ მიჩნევს, რადგან ტრამპს აქამდე დანაშაული არ აქვს ჩადენილი. ისიც შესაძლებელია, რომ მოსამართლემ განაჩენის გამოტანა გადადოს გასაჩივრების შემდგომ პერიოდამდე, - ამბობს კალტი.

ტრამპს კვლავაც შეუძლია არჩევნებში მონაწილეობა და თანამდებობის დაკავება?

აშშ-ის კონსტიტუციით, პრეზიდენტი უნდა იყოს აშშ-ში დაბადებული მოქალაქე, სულ მცირე 35 წლის ასაკის და მინიმუმ ბოლო 14 წლის განმავლობაში აშშ-ში უნდა ცხოვრობდეს.

პატიმარს, ან პირობითი სასჯელის ქვეშ მყოფ პირს კონსტიტუცია არ უკრძალავს პრეზიდენტად კენჭისყრას, ან პრეზიდენტობას. სოციალისტური პარტიის ლიდერი, იუჯინ დებსი 1920 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობდა ციხიდან, სადაც ის ამბოხებისკენ მოწოდებების გამო მოხვდა - არჩევნებში დებსმა ერთ მილიონამდე ხმა მიიღო.

ტრამპის პრეზიდენტად ინაუგურაცია შეიძლება ციხიდან, ან მისი სახლიდან განხორციელდეს.

ბრალის დამტკიცება დააზიანებს თუ გააძლიერებს ტრამპს, როგორც პრეზიდენტობის კანდიდატს?

სასამართლო პროცესს ტრამპი იყენებდა თავისი მომხრეების მობილიზაციისთვის - აცხადებდა, რომ ესაა პოლიტიკური შეთქმულება, რომელმაც მისი პრეზიდენტობა უნდა დაბლოკოს. ტრამპის კამპანიის შემოწირულებები გაიზარდა მას მერე, რაც მას შარშან ბრალი წაუყენეს.

ბრაიან კალტი თვლის, რომ ბრალის დამტკიცება საერთო სურათზე არ იქონიებს მნიშვნელოვან გავლენას, რადგან ბევრ ამომრჩეველს ტრამპის შესახებ უკვე აქვს მყარი მოსაზრება.

ტრამპს სხვა სასამართლო პროცესებიც ექნება?

ტრამპს კიდევ სამი სასამართლო პროცესი ელის - ერთი უკავშირდება საიდუმლო დოკუმენტებთან არასათანადო მოპყრობის საქმეს, ერთი - 2021 წლის 6 იანვარს კაპიტოლიუმში შეჭრას, და კიდევ ერთი - ჯორჯიის შტატში არჩევნებში ჩარევის საქმეს.

საიდუმლო დოკუმენტების საქმე შეუზღუდავი ვადით გადაიდო, კაპიტოლიუმში შეჭრის საქმის პროცესის დაწყება დამოკიდებულია უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებაზე. კალტის თქმით, ამ ორი პროცესის 2024 წლის ნოემბრის არჩევნებამდე დაწყება ნაკლებად სავარაუდოა.

ჯორჯიის შტატის არჩევნების საქმე ყველაზე წინ არის წასული, მაგრამ, კალტის ვარაუდით, არც ის დაიწყება არჩევნების გამართვამდე.

ამ სამი საქმიდან რომელიმეში ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, ტრამპის განაჩენს დაამძიმებს 30 მაისს ნიუ-იორკის პროცესზე მისი დამნაშავედ ცნობა.

თუ პრეზიდენტი გახდება, ტრამპი შეძლებს საკუთარი თავის შეწყალებას?

ტრამპს ექნება უფლებამოსილება შეიწყალოს ფედერალური დანაშაულების ჩამდენი პირები, და არა ცალკეული შტატების - ამდენად, ის ვერ შეძლებს საკუთარი თავის შეწყალებას ნიუ-იორკის საქმეში. ამასთან, კალტის თქმით, ისიც ბუნდოვანია, პრეზიდენტს რამდენად შეუძლია საკუთარი თავის შეწყალება ფედერალური დანაშაულის შემდეგ. თუმცა, თუკი ტრამპი საპრეზიდენტო არჩევნებში გაიმარჯვებს, მის გენერალურ პროკურორს შეეძლება შეწყვიტოს მის წინააღმდეგ წარმოებული ფედერალური საქმეები.

წყარო: რადიო თავისუფლება