25 თებერვალს ცეცხლით და მახვილით შემოჭრილმა წითელმა არმიამ საქართველო დაიპყრო - საბჭოთა ოკუპაციიდან 101 წელი გავიდა

პოლიტიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

საქართველოს ეროვნული საბჭოს მიერ დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან (1918 წლის 26 მაისი) სამ წელში, 1921 წელს საბჭოთა რუსეთის ხელმძღვანელობამ ძალის გამოყენებით საქართველოს დაპყრობის გადაწყვეტილება მიიღო. საქართველო რუსული საბჭოთა იმპერიის ნაწილად იქცა. დამოუკიდებლობის დაკარგვას მოჰყვა სასტიკი რეპრესიები, პოლიტიკური პარტიების აკრძალვა, ათასობით ადამიანის დახვრეტა, ხანგრძლივი პატიმრობა და გადასახლება. ხუთკვირიანი ბრძოლისა და გმირული თავგანწირვის მიუხედავად, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მოქალაქეებმა, ვერ შეძლეს დამოუკიდებლობის დაცვა.

1921 წლის 25 თებერვალს საბჭოთა რუსეთის მე-11 წითელი არმია თბილისში უბრძოლველად შეიჭრა. მოკავშირეების გარეშე, ბედის ანაბარად მიტოვებულმა ქვეყანამ ვერ გაუწია სათანადო წინააღმდეგობა რუსეთის არმიას, რომელმაც დაიკავა საქართველოს დედაქალი და აქ საბჭოთა ხელისუფლება გამოაცხადა. ქვეყანამ სუვერენიტეტი დაკარგა. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობა ბათუმში გადავიდა, ხოლო იმავე წლის მარტში დატოვა საქართველო და ემიგრაციაში წავიდა. თუმცა, მებრძოლ იუნკერებს სამშობლო არ დაუტოვებიათ და ბოლო წუთამდე იცავდნენ დედაქალაქს. მათთან ერთად დიდი გმირობა გამოიჩინა 20 წლის გოგონამ, მარო მაყაშვილმა, რომელიც თბილისის უნივერსიტეტის სტუდენტი იყო. ომის დაწყებისთანავე, მარო, მეგობრების მხარდამხარ, წითელ ჯვარში მოწყალების დად ჩაეწერა და სანიტარულ რაზმთან ერთად თბილისის თავდაცვის მარჯვენა სექტორისკენ, კოჯორ-ტაბახმელას მიმართულებით გაემართა. 1921 წლის 19 თებერვლას, მას რუსული არტილერიის მიერ ნასროლი ყუმბარის ნამსხვრევი კეფაში მოხვდა და დაიღუპა. სამშობლოს დამოუკიდებლობისათვის ბრძოლის პირველი მსხვერპლი ქალის დაღუპვა მძიმედ განიცადა ქართველმა საზოგადოებრიობამ, რაც აისახა იმდროინდელ პრესაში, მას ქართველი ჟანა დ’არკი უწოდეს.

სამაგალითო გმირობა გამოიჩინეს სამხედრო სკოლის ოფიცრებმა და იუნკრებმა, რომლებიც თბილისის თავდაცვის მარჯვენა სექტორში, კოჯორ-ტაბახმელის მიდამოებში იბრძოდნენ. მტერთან ბრძოლაში დაიღუპა 9 და დაიჭრა 43 იუნკერი. ქართველი ჯარისკაცებისა და ოფიცრების გმირობის შედეგია 1600-მდე წითელარმიელის დატყვევება. მარო მაყაშვილი თბილისისთვის ბრძოლაში დაღუპულ იუნკრებთან, ჯარისკაცებთან და მოხალისეებთან ერთად, თბილისში, 23 თებერვალს, სამხედრო ტაძრის ეზოში დაკრძალეს, სადაც დღეს, რუსთაველის გამზირზე, საქართველოს პარლამენტის შენობაა განლაგებული. 25 თებერვალს დაწყებულმა საბჭოთა ოკუპაციამ მთელი სამოცდაათი წელი გასტანა.

2010 წელს საქართველოს პარლამენტმა ერთხმად მიიღო დადგენილება, რომელიც ავალებს მთავრობას ყოველ 25 თებერვალს, ასეულ ათასობით ოკუპაციის მსხვერპლთა პატივსაცემად, რომლებიც “კომუნისტურმა საოკუპაციო რეჟიმმა პოლიტიკური ნიშნით სიცოცხლეს გამოასალმა”, დაუშვას სახელმწიფო დროშები და გამოცხადდეს წუთიერი დუმილი. 25 თებერვალს საზეიმო ღონისძიებები შეზღუდულია. მართლმადიდებლურ ტაძრებში კი გმირების სულების მოსახსენიებელი პანაშვიდები სრულდება.

 ავტორი: ია გრიგალაშვილი