ქალთა უფლებები 2022 წელს: როგორ არღვევდნენ მათ და როგორ იბრძოდნენ მათთვის

ანალიტიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

2022 წელს ქალთა უფლებები და მათთვის ბრძოლა არაერთხელ მოქცეულა მედიისა და საზოგადოების ყურადღების ცენტში: დაწყებული აშშ-იდან, სადაც უზენაესმა სასამართლომ გააუქმა გადაწყვეტილება, რომელიც კონსტიტუციის დონეზე იძლეოდა აბორტის უფლების გარანტიას და დამთავრებული ირანით, სადაც მასობრივი საპროტესტო გამოსვლებმა იფეთქა სტუდენტი ქალის, მაჰსა ამინის სიკვდილის გამო. რადიო თავისუფლებისა და „ამერიკის ხმის“ ერთობლივი ტელეპროექტი „ნასტოიაშჩეე ვრემია“ მიმოიხილავს, 2022 წელს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში რა მოვლენებმა იქონია განსაკუთრებული გავლენა ქალების სიცოცხლესა და უფლებებზე.

 

რეპროდუქციული უფლებები

შარშანდელი ზაფხულის ერთ-ერთი უმთავრესი მოვლენა იყო აშშ-ის უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება. 2022 წლის ივნისში მან დაადგინა, რომ აბორტი აღარ არის მოქალაქის კონსტიტუციური უფლება. სასამართლომ გააუქმა ამ საკითხზე 1973 წელს მიღებული გადაწყვეტილება (ე.წ. Roe v. Wade-თან დაკავშირებით), რომლის თანახმად, ყოველ ქალს შეეძლო შეეწყვიტა ორსულობა პირველ ტრიმესტრში, განურჩევლად საცხოვრებელი ადგილისა. 2022 წლის ივნისის შემდეგ ცალკეულმა შტატებმა უნდა გადაწყვიტონ, მისცენ თუ არა თავიანთ ტერიტორიაზე ქალებს აბორტის გაკეთების უფლებას. 13 მათგანში ეს პროცედურა უკვე გამოცხადებულია სისხლის სამართლის დანაშაულად.

 

გარეგნობის უფლება

ზოგიერთ ქვეყანაში ხელისუფლება ცდილობს, არა მხოლოდ ქალების სხეული გააკონტროლოს მათი რეპროდუქციული უფლებების კონტექსტში, არამედ გავლენა იქონიოს იმაზეც, თუ როგორ უნდა გამოიყურებოდნენ ისინი. ამასთან, საქმე ეხება არა მხოლოდ მათ ჩაცმულობას, არამედ მთლიანად გარეგნობას.

ამ პრობლემასთან დაკავშირებული მთავარი მოვლენები გათამაშდა ირანში, სადაც ქვეყანა საპროტესტო გამოსვლებმა მოიცვა. დემონსტრაციები 22 წლის მაჰსა ამინის გარდაცვალებას მოჰყვა. 2022 წლის სექტემბერში ის „ზნეობის პოლიციამ“ დააკავა ჰიჯაბის ტარების წესის დარღვევისთვის. დაკავებიდან სამი დღის შემდეგ ამინი გარდაიცვალა. მისი ოჯახი და ახლობლები მიიჩნევენ, რომ სიკვდილის მიზეზი გახდა პოლიციის მხრიდან ცემა. ხელისუფლებამ კი განაცხადა, რომ ქალიშვილი გულის შეტევით გარდაიცვალა. ამის შემდეგ აზვირთებული საპროტესტო ტალღა არ შეწყვეტილა. დეკემბრის დასაწყისში ირანის გენერალურმა პროკურორმა მოჰამედ ჯაფარ მონტაზერიმ გამოაცხადა, რომ უქმდება რელიგიური პოლიცია, რომელიც ჩაცმის ისლამური წესის დაცვას აკონტროლებს. მაგრამ მან აღნიშნა, რომ ეს არ აუქმებს ირანში ჰიჯაბის ტარების შესახებ კანონებს. საპროტესტო გამოსვლებს სასტიკად ახშობდნენ. ადამიანის უფლებების დამცველთა თქმით, დაიღუპა 500-ზე მეტი ადამიანი, მათ შორის 40-ზე მეტი დემონსტრანტი და ძალოვანი სტრუქტურების რამდენიმე ათეული წარმომადგენელი. 18 ათასამდე ადამიანი დააკავეს. მას შემდეგ მინიმუმ 11 სასიკვდილო განაჩენი გამოიტანეს.

კიდევ ერთი ქვეყანა, რომელშიც ქალები შევიწროებას განიცდიდნენ, არის თურქმენეთი, სადაც 2022 წელს აქტიურად ხორციელდებოდა „სილამაზის აკრძალვა“. ახალი პრეზიდენტის, სერდარ ბერდიმუხამედოვის მთავრობა კატეგორიულად წინააღმდეგია იმისა, რომ ქალებმა გაიკეთონ ბოტოქსის ინიექციები, მამოპლასტიკა ან ტუჩების კორექცია. ამის გამო 2022 წელს ათობით სტიუარდესამ და გამცილებელმა დაკარგა სამსახური. ამასთან, ხელისუფლებას ოფიციალური აკრძალვა არ დაუწესებია, მაგრამ პარტიის პოლიტიკას ადგილებზე ატარებენ სახელმწიფო სტრუქტურებში, ასევე უბრალოდ ქუჩებში: ქალებს აჩერებენ, აკავებენ და აჯარიმებენ გადიდებული ტუჩების ან დაგრძელებული წამწამებისთვის.

მთლიანობაში თურქმენი ქალების გარეგნობა ერთობ აღელვებდა ქვეყნის ხელისუფლებას უკანასკნელი 20 წლის განმავლობაში: ჯერ შემოიღეს ეროვნული დრესკოდი სტუდენტებისა და სახელმწიფო მოხელეებისთვის. ამასთან, პარალელურად მიმართავდნენ ზომებს, რომლებსაც ხელისუფლების მხრიდან არავითარი ახსნა-განმარტება არ ახლდა. მაგალითად, 2018 წელს თურქმენეთში აიკრძალა ქალის საცურაო კოსტიუმებისა და შორტების იმპორტი. შემდეგ - თმების გამაუფერულებელი საშუალებები, თმის ღია ფერის საღებავები და წამწამებისა და ფრჩხილების დასაგრძელებელი მასალა. 2017 წლიდან ქალებს ავტომანქანების მართვა აეკრძალათ.

2022 წელს, უკვე ახალი პრეზიდენტის მმართველობის პირობებში, ქალთა უფლებების დარღვევა გაგრძელდა. ახლა ეროვნული სამოსით სამსახურში სიარულს ითხოვდნენ სახელმწიფო კორპორაციების თანამშრომლებისგანაც, სილამაზის სალონებს კი აეკრძალათ თმების ღია ფერად შეღებვა, სვირინგი, დაგრძელების ყოველგვარი პროცედურა და კოსმეტოლოგიური ინიექციები. თმის მოკლედ შეკრეჭაც კი აკრძალულია. სახელმწიფო დაწესებულებებში ქალებს არ ემსახურებიან, თუკი მათ შარვალი აცვიათ. სკოლის მასწავლებლები მოსწავლე გოგონებს უმოწმებენ ფრჩხილების სიგრძეს. გოგონებს ეკრძალებათ კოსმეტიკის გამოყენება.

 

განათლების უფლება

იმათ შორის, ვისი სიცოცხლეც 2022 წელს კვლავაც უარესდებოდა პოლიტიკური რეჟიმის გამო, აღმოჩნდნენ ავღანელი ქალები: შარშან ქალებს ქვეყნის მასშტაბით საერთოდ აეკრძალათ განათლების მიღება. ხელისუფლებაში მოსულმა თალიბანმა ჯერ 2022 წლის მარტში სკოლაში სიარული აუკრძალა საშუალო და მაღალი კლასების ასაკის გოგონებს. ხოლო 21 დეკემბერს მთავრობამ გამოაცხადა, რომ ქალები ვეღარ მიიღებენ განათლებას უნივერსიტეტებში. 22 დეკემბერს კი გოგონებს დაწყებით კლასებში სწავლაც აუკრძალეს. თალიბანი აცხადებს, რომ ასეთი გადაწყვეტილებებით ის ისწრაფვის ავღანეთში „შესაბამისი ისლამური გარემოს“ შექმნისკენ.

ამავე მიზანს ემსახურება სხვა აკრძალვაც: ნათესავი მამაკაცის თანხლების გარეშე ქალს ეკრძალება შინიდან 72 კილომეტრზე უფრო შორს წასვლა. პარკებში ქალები და კაცები ამიერიდან მხოლოდ ცალ-ცალკე შეძლებენ სეირნობას. ქალები ვეღარც სპორტულ დარბაზებში ივლიან. თალიბანმა არასამთავრობო ორგანიზაციებს აუკრძალა სამუშაოდ ადგილობრივი ქალების დაქირავება. ამის შემდეგ სამმა წამყვანმა არასამთავრობო ორგანიზაციამ გამოაცხადა, რომ წყვეტს ავღანეთში საქმიანობას, დასავლეთის ქვეყნებმა კი მწვავედ გააკრიტიკეს ქაბულის პოლიტიკა.

დაბოლოს, თალიბანის პოლიტიკამ გამოიწვია ქვეყანაში ცხოვრების დონის მკვეთრი გაუარესება, რაც პირველ რიგში ქალების უფლებებს ზღუდავს ჯერ კიდევ ადრეულ ასაკში. მაგალითად, ოჯახები, რომლებსაც არ შეუძლიათ თავიანთი გოგონების გამოკვება, ნაადრევად ათხოვებენ მათ, რათა ისლამური ტრადიციით გათვალისწინებული საჩუქარი მიიღონ სასიძოს ოჯახისგან. როგორც UNICEF-ი იტყობინება, ავღანეთში ამჟამად მშობლები სასიძოს ოჯახს ქალიშვილის დაბადებისთანავე ურიგდებიან.

 

სიცოცხლის უფლება

2022 წელს სიცოცხლისთვის სახიფათო ვითარებაში აღმოჩნდნენ ქალები საბრძოლო მოქმედებების ზონებში. პირველ რიგში ეს უკრაინის მაცხოვრებლებს ეხებათ. გაეროს უკანასკნელი მონაცემებით, ევროპაში ამჟამად 7,8 მილიონი ლტოლვილი იმყოფება. ჯერ კიდევ მაისში მსოფლიოს მასშტაბით ლტოლვილთა რაოდენობამ 100 მილიონს მიაღწია. განვლილი და მიმდინარე სამხედრო კონფლიქტების გამოცდილებაზე დაყრდნობით, უფლებადამცველები უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდანვე ლაპარაკობენ სექსუალური ხასიათის ძალადობის საფრთხის გაზრდაზე, რაც ემუქრებათ ლტოლვილ ქალებს. იმის ოფიციალური სტატისტიკა, თუ რამდენი ქალი გახდა უკრაინაში ასეთი ძალადობის მსხვერპლი, ჯერჯერობით არ მოიპოვება. მაგრამ არსებობს მრავალი მსხვერპლის მონაყოლი.

როგორც უფლებადამცველები ამბობენ, უკრაინელი ქალების მიმართ სექსუალური ხასიათის ძალადობის შემთხვევების გამოძიება უფრო ეფექტიანად იქნება შესაძლებელი მას მერე, რაც უკრაინამ, ომის მიუხედავად, 2022 წელს მოახდინა „სტამბოლის კონვენციის“ რატიფიკაცია. ამ დოკუმენტში სრულად არის ჩამოთვლილი ქალთა უფლებების დაცვის სტანდარტები არა მხოლოდ ომის დროს, არამედ მშვიდობიან პერიოდშიც. სხვათა შორის, ეს დოკუმენტი რუსეთში დღემდე არ არის ხელმოწერილი.

ადამიანის უფლებების დამცველთა თქმით, შარშან ქალთა უფლებების დაცვის ზოგადი სურათი არათანაბარი იყო. ზოგიერთ ქვეყანაში შეინიშნებოდა ქალთა მდგომარეობის გაუმჯობესება. მაგალითად, ეგვიპტესა და გაბონში ძალაში შევიდა კანონმდებლობა, რომელიც ქალებს იცავს ოჯახური ძალადობისგან და ზოგადად იცავს მათს უფლებებს. მაგრამ მაშინ, როცა გაბონში ქალებს უფლება მისცეს, ქმრების თანხმობის გარეშე მოეწყონ სამსახურში, სხვა ქვეყნებში დიდი ნაბიჯი გადადგეს უკან. მაგალითად, სუდანში კვლავ შემოიღეს ქმრის ღალატისთვის ქალის სიკვდილით დასჯა ჩაქოლვით.

 

წყარო:რადიო თავისუფლება