FIBA შეუვალია - რუსეთი და ბელორუსი 2025 წლისთვისაც მოკვეთეს

სპორტი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

მოგეხსენებათ, უკრაინაში შეჭრის გამო, პრაქტიკულად, სპორტის ყველა სახეობაში, რუს და ბელარუს სპორტსმენებს ასპარეზობა ეკრძალებათ. საქმე მარტივადაა, როცა ერთეულთა თანრიგში ხდება შეზღუდვები, რადგან სპორტსმენები სხვა ქვეყნის მოქალაქეობას იღებენ, მაგრამ როცა საქმე გუნდურ თამაშს ეხება, ყველაფერი რთულდება. მთელი გუნდი სხვა ქვეყნის სახელით ვერანაირად გამოვა.

გასულ კვირას, რუსეთისა და ბელარუსის საკალათბურთო ფედერეციებმა, FIBA-ში ერთობლივი წერილი აფრინეს, ევროპის 2025 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე დაგვიშვით, მსოფლიო პირველობას და 2024 წლის ოლიმპიადას ხომ ვტოვებთო. მსოფლიო საკლათბურთო ფედერაციამ იმსჯელა და ვერდიქტიც მალე გამოიტანა.

„იმის გათვალისწინებით, რომ უკრაინაში რუსეთის აგრესია კვლავ გრძელდება და მას ბოლო არ უჩანს, გადაწყვეტილებას არ შევცვლით და რუსეთის ნაკრები ბელარუსის ნაკრებთან ერთად, ვერც 2025 წლის ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე ითამაშებს“, - ნათქვამია FIBA-ს განცხადებაში, რაც იმას ნიშნავს, რომ მომდევნო ორი წლის განმავლობაში, რუსეთსა და ბელარუსში, კალათბურთი მხოლოდ ქვეყნის შიგნით იარსებებს და არანაირი საერთაშორისო პერსპექტივა არ ექნება.

ავტორი: ბათო ჯაფარიძე