წუხელის ბიჭი დაბადებულა...

სპორტი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ნეაპოლში კვარამანია გრძელდება. იტალიურმა წყვილმა - არმანდომ და კლარამ ახალშობილს დანიელე-ხვიჩა დაარქვეს. რა თქმა უნდა, ეს ქართველი ფეხბურთელის პატივსაცემად და ბავშვის მამამ ყველაფერი მარტივად ახსნა:

„მე 1986 წელს დავიბადე და დიდი დიეგო არმანდო მარადონას გამო, არმანდო მქვია. მამაჩემი ახლა ზეცაშია და დარწმუნებული ვარ, გადაწყვეტილებას მომიწონებდა. ბავშვის გარდა, კიდევ ორი ოცნება მაქვს - „ნაპოლიმ“ იტალიის ჩემპიონატი მოიგოს და ამ ზეიმს მამამ ზეციდან ადევნოს თვალი“.

აბა, როგორ არ გავიხსენოთ ის, რომ იაპონიაში, დღესაც არაერთ შოთას შეხვდებით. ამომავალი მზის ქვეყანაში, შვილს შოთას ერთადერთი მიზეზით, ლეგენდარული ქართველი ძიუდოისტის, შოთა ჩოჩიშვილის პატივსაცემად არქმევენ.

ახლა, რაც შეეხება საფეხბურთო მხარეს. „ნაპოლი“ ჩემპიონთა ლიგისთვის ემზადება და 12 აპრილს, „სან სიროზე“ „მილანს“ სტუმრობს. 18 აპრილს, საპასუხო მატჩი გაიმართება, თუმცა თქმა არ უნდა, ისტორიაში პირველად, ლიგის მეოხედფინალში გასული ნეაპოლელები, პირველივე შეხვედრაში შეეცდებიან, რომ საშინაო მატჩისთვის იმედი არ გადაიწურონ. ამის მიუხედავად, ლუჩანო სპალეტიმ ძირითადი ბირთვი არ დაასვენა და  7 აპრილს, სერია A-ში, „ლეჩესთან“ გუნდმა უძლიერესი შემადგენლობით ითამაშა. განაცხადში, ტრავმის გამო არ იყო ვიქტორ ოსიმენი და მატჩის დროს დაშავდა მეორე ფორვარდი, ჯოვანი სიმეონეც. შესაბამისად, თუ 12 აპრილისთვის, რომელიმე თავდამსხმელი გამოჯანმრთელებას ვერ მოასწრებს, სპალეტის დიდი თავსატეხი გაუჩნდება.

რაც შეეხება უშუალოდ მატჩს, „ნაპოლიმ“ მძიმედ, მაგრამ მაინც მოიგო. ხვიჩა კვარაცხელია შეხვედრის დასრულებამდე ერთი წუთით ადრე შეცვალეს და ახლა, იტალიის ჩემპიონატის დარჩენილ ცხრა ტურში, „ნაპოლიმ“ ოთხი მატჩი რომ მოიგოს, ჩემპიონობას უპრობლემოდ გაინაღდებს. თუმცა, გულშემატკივარს, სერია A-ს ოქროს მედლებთან ერთად, ახლა უკვე ჩემპიონთა ლიგის მოგებაც უნდა... ჩვენც გვინდა...

ავტორი: ბათო ჯაფარიძე