კალიარი-ფროზინონე გარიგებული იყო?

სპორტი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

იტალიის ჩემპიონატის მორიგ ტურში, ერთი შეხედვით, არაფრით გამორჩეული მატჩი ჩატარდა. გადარჩენისთვის მებრძოლი „კალიარი“ ასევე გადარჩენისთვის მებრძოლ „ფროზინონეს“ მასპინძლობდა. ერთადერთი მიზეზი იმისა, რის გამოც ქართველებმა ამ შეხვედრას უყურეს, ის გახლავთ, რომ სტუმართა გუნდში გიორგი კვერნაძე ასპარეზობს, მაგრამ მწვრთნელმა ქართველი მთელი მატჩის განმავლობაში თადარიგში დატოვა, თუმცა შეხვედრაში მოხდა ისეთი რამ, რაც საყოველთაო ყურადღების ცენტრში მოექცა და მატჩს ახლა არამარტო იტალიის სადისციპლინო კომიტეტი, არამედ უეფაც სწავლობს.

სტუმრებმა შეხვედრა აქტიურად დაიწყეს და პირველ ნახევარში ორი გოლი გაიტანეს, მეორე ტაიმში მესამეც მიაყოლეს და როცა 72-ე წუთია და 3:0-ს იგებ, მატჩი გაკეთებულია და მშვიდად, ბურთის გორაობით უნდა მიიყვანო საფინალო სასტვენამდე. ამის მიუხედავად, 3:0-ის შემდეგ, „ფროზინონე“ დადგა და მშვიდად უყურებდა, როგორ გაუტანა მეტოქემ 4 გოლი. ამ ოთხი გოლიდა, ორი ბურთი მასპინძლებმა 95-ე და 97-ე წუთებზე, ანუ მსაჯის მიერ დამატებულ დროში შეაგდეს. ყველაზე საინტერესო, „კალიარის“ მიერ გატანილი მეორე გოლი იყო, როცა სტუმრებმა მეტოქის ფეხბურთელს ბურთი საკუთარ საჯარიმოსთან ჩააბარეს და მერე მშვიდად აკვირდებოდნენ, როგორ შევიდა ის საჯარიმოშ და როგორ გაიტანა.

თუ დადასტურდა, რომ აღნიშნულ შეხვედრას გარიგების სუნი უდის, ორივე კლუბს უმკაცრესი სასჯელი არ ასცდება. ახლა საფეხბურთო ორგანოები იმას იკვლევენ, მსოფლიოს მასშტაბით, რომელიმე საბუკმეიკერო კანტორას, კონკრეტულად ამ შეხვედრაზე ვინმემ, სრულიად „შემთხვევით“, დიდი ფული ხომ არ მოუგო.