გვარდიოლამ კიდევ ერთხელ გაგვაოცა

ფეხბურთი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

 

ჩემპიონთა ლიგის ¼-ფინალში, სადაც ერთმანეთს „მანჩესტერ სიტი“ და „ატლეტიკო“ ხვდებოდნენ, გულშემატკივარი თვალსასეირო მატჩის მოლოდინში იყო და შეხვედრამდე ჟურნალისტები ყველა დეტალს აქტიურად აშუქებდნენ. ჰოდა, ზედ მატჩის წინა დღეს, ერთ-ერთმა ბრიტანულმა გამოცემამ უცნაური რამ დაწერა - „სიტის“ თავკაცი ხოსეპ გვარდიოლა იმ ბავშვებს შეხვდა, რომლებიც მატჩის დროს ბურთების მომწოდებლები იქნებიან და ერთსაათიანი თათბირიც ჩაუტარაო. ამას ყურადღება არავინ მიაქცია, იყო მცდელობა, რომ ჟურნალისტებს 12-13 წლის ბავშვებისგან რამე გაეგოთ, რა უთხრა მათ ლეგენდარულმა მწვრთნელმა, მაგრამ მათ დუმილი ამჯობინეს. ამასთან დაკავშრებით, შეხვედრის შემდგომ (რომელიც მანჩესტერელებმა მოიგეს) გამართულ პრესკონფერენციაზე, გვარდიოლას, ამ მართლაც ნოვატორ მწვრთნელს, კითხვა სწორედ ბავშვებზე დაუსვეს.

„ჩემი ვიზავი, დიეგო სიმეონე გამოცდილი სპეციალისტია. მან იცის, რომ თუ „მანჩესტერ სიტისთან“ ტემპს დააგდებს, ეს ჩვენზე კარგად არ იმოქმედებს, მთელი ჩემი ტაქტიკა სისწრაფეზეა აწყობილი. ამიტომ, ბავშვებს ვუთხარი, რომ ფეხბურთელებისთვის ბურთი შორიდან კი არ მიეწოდებინათ, რადგან ასეთ დროს, მოთამაშეები ვითომ შემთხვევით ვერ იჭერენ, უვარდებათ, არამედ პირდაპირ, ხელიდან ხელში და რაც შეიძლება სწრაფად მიეცათ. ამას არავინ ელოდა, მეტოქეს დრო ვერ გაჰყავდა და სასურველი შედეგიც მივიღეთ. მოედანზე ყველა დეტალს მნიშვნელობა აქვს“, - განაცხადა გვარდიოლამ და მხოლოდ ამის შემდეგ დააკვირდნენ ჟურნალისტები ბავშვების მოქმედებას და ნახეს, რომ მათ... მწვრთნელის მითითება ზედმიწევნით შეასრულეს.

 

ავტორი: ბათო ჯაფარიძე