რა კატეგორია ყიდულობს თურქულ მედიკამენტებს და რა განსხვავებაა ფასში -"ვერსია"-მ ფარმაცევტები და საზოგადოება გამოკითხა

საზოგადოება
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ავტორი: გვანცა პეტრიაშვილი

საქართველოს მოსახლეობა მრავალი წელია, მედიკამენტების ფასებზე ჩივის, რომლებიც მეზობელ თურქეთში სამ–ოთხჯერ უფრო იაფია. ბევრი ადამიანი წამლებისთვის თურქეთში მიდის, სადაც მგზავრობის ხარჯების გათვალისწინებითაც კი, მედიკამენტების შეძენა უფრო იაფი უჯდება.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, თურქული ფარმაცევტული ბაზრის გახსნის შედეგად, თურქეთიდან ამ ეტაპზე 30-ზე მეტი დასახელების მედიკამენტია იმპორტირებული, მათი ფასი კი საშუალოდ 60%-დან 80%-მდეა შემცირებული. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია „ფეისბუქში“ ავრცელებს.
საქართველოს ფარმაცევტული ბაზარი თურქეთისთვის იანვრის შუა რიცხვებში, მთავრობის შესაბამის დადგენილებაზე ხელმოწერის შემდეგ გაიხსნა. ხელისუფლება ვარაუდობს, რომ ბაზარზე კონკურენციის გაზრდა დადებითად აისახება ფასებზე.
თურქული წარმოების, იაფი მედიკამენტები ამ დროისთვის, ქვეყნის მასშტაბით, თითქმის ყველა დიდ სააფთიაქო ქსელშია წარმოდგენილი. აქედან, ყველაზე მეტი, 32 დასახელების მედიკამენტი „ფარმადეპოს“ ქსელში იყიდება. 8 დასახელების მედიკამენტი აქვს „ავერსს“, ხოლო ჯერჯერობით ერთი დასახელების მედიკამენტი - „პსპ“-ს და „ფარმადეპოს“. მედიკამენტების გაყიდვაში გაშვებას უახლოეს დღეებში გეგმავს „იმპექსიც“.


“HotNews” დაინტერესდა, რამდენად გაიზარდა მოთხოვნა თურქულ მედიკამენტებზე და რა კატეგორია ყიდულობს ყველაზე ხშირად, რის გასარკვევადაც „პსპ“-ს, „ფარმადეპოს“ და „ავერსი“-ს აფთიაქებში ფარმაცევტებს ვესაუბრეთ:


„ფარმადეპო“-ს ფარმაცევტი: ჩვენს ქსელში 32 დასახელების თურქული წარმოების მედიკამენტი იყიდება. ესენია ყველაზე მოთხოვნადი და ქრონიკულად მისაღები მედიკამენტები. 32 დასახელებაში შედის გულ-სისხლძარღვთა დაავადებების სამკურნალო მედიკამენტები, დიაბეტური მედიკამენტების ჯგუფები, ასევე არის ნევროლოგია და ძვალსახსროვანი მედიკამენტების ჯგუფი. რაც შეეხება მოთხოვნას, ხანშიშესული ადამიანებისგან უფრო მაღალია.

„პსპ“-ს ფარმაცევტი: ჯერჯერობით ჩვენთან მხოლოდ ერთი მედიკამენტი შემოდის. თურქეთიდან შემოსულ მედიკამენტებზე განსხვავება ნამდვილად არის, დაბალი ფასი აქვს, ამიტომ მომხმარებელი ჰყავს. რაც შეეხება კატეგორიას, უფრო ხანშიშესული ადამიანებისგან არის მეტი მოთხოვნა.

„ავერსი“-ს ფარმაცევტი: ჩვენთან 8 დასახელების მედიკამენტი შემოდის. ფასი ნამდვილად დაბალია, შესაბამისად, მოთხოვნაც გაზრდილია. ხანშიშესული ადამიანებისგან უფრო მეტია მოთხოვნა, მაგრამ ჯერ-ჯერობით ძალიან დიდი მოთხოვნაც არ არის.

“HotNews”-ი ასევე დაინტერესდა, რამდენად ხშირად ყიდულობენ ადამიანები თურქეთიდან შემოსულ მედიკამენტებს და განსხვავდება თუ არა ფასი სხვა მედიკამენტებისგან:

მაია 45 წლის: არ ვაკვირდები თურქულია თუ არა, შესაბამისად, ვერ გეტყვით ფასში განსხვავებას. რასაც ვყიდულობ, ზოგადად ფასის ნაკლებობა არ შემინიშნავს, პირიქით უფრო მაღალ ფასში ვყიდულობ, ანუ ჩემთვის ამ მხრივ შეღავათი არ არის

ნინო 45 წლის: ჯერჯერობით არ ვყიდულობთ, რუსეთისას ვანიჭებდით აქამდე უპირატესობას, მაგრამ მოგვიწევს ამის შეძენა, თან დაბალი ფასით გამოირჩევა

მარინა 65 წლის: დაბალი ფასებია, ამიტომ ვყიდულობ თურქეთიდან შემოსულ მედიკამენტებს. ფასი მნიშვნელოვანია ჩვენთვის, შედარებით ხელმისაწვდომია და ეს კარგია.

ნანა 50 წლის: ჯერ არ მომიხმარია, მაგრამ თუ დამჭირდა, მას მივანიჭებ უპირატესობას ფასის გამო, როგორც ვიცი, დაბალი ფასები აქვს.

ანა 25 წლის: ამ ეტაპზე არ დამჭირვებია და არ მიყიდია, თუმცა თუ დამჭირდება, რაც უფრო დაბალი ფასი ექნება, მას მივანიჭებ უპირატესობას.

თეა 47 წლის: ჯერჯერობით არ მიყიდია, როგორც გავიგე, დაბალი ფასები აქვს და ეს ძალიან კარგია, ისედაც გაძვირებულია ყველაფერი.

გოჩა 70 წლის: ვიყიდე უკვე, დაბალი ფასები აქვს და ხელმისაწვდომია ჩემთვის, იმედია, არ გააძვირებენ.

ნათია 30 წლის: ჯერჯერობით არ დამჭირვებია, როგორც ვიცი, დაბალი ფასები აქვს და თუ დამჭირდა, ალბათ, მას ვიყიდი.