აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვთა აბილიტაციის პროგრამის ბიუჯეტი იზრდება

საზოგადოება
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

თბილისის მერია აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვთა აბილიტაციის პროგრამის მოსარგებლეთა და სერვისის მიმწოდებელი დაწესებულების რაოდენობას ზრდის, პროგრამის ბიუჯეტი კი ექვს მილიონ ლარს გადააჭარბებს. ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

„თბილისის მერია აუტიზმის შესახებ ცნობიერების ამაღლების მსოფლიო დღეს – 2 აპრილს, სიახლით ხვდება. ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახური აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვთა აბილიტაციის პროგრამის მოსარგებლეთა და სერვისის მიმწოდებელი დაწესებულების რაოდენობას ზრდის, პროგრამის ბიუჯეტი კი ექვს მილიონ ლარს გადააჭარბებს. პირველი აპრილიდან, ამ პროგრამით მოსარგებლე ბავშვთა და მოზარდთა რიცხვი 170–ით გაიზრდება და 1 545 ბავშვი და მოზარდი დაფინანსდება, სერვისის მიმწოდებელ დაწესებულებებს კი, ერთი ცენტრი დაემატება და სულ, პროგრამას რვა დაწესებულება მოემსახურება“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, აღნიშნული პროგრამის განხორციელება 2015 წელს დაიწყო და მაშინ მისი ბიუჯეტი 500 000 ლარი იყო.

„მას შემდეგ, პროგრამის ბიუჯეტი ყოველწლიურად იზრდებოდა და შესაბამისად, მეტი ბავშვის დაფინანსება ხდებოდა შესაძლებელი. გარდა ამისა, თავიდან თუ თერაპიული სეანსები 2-დან 14 წლის ასაკის ბავშვებს უფინანსდებოდათ, დარგის სპეციალისტებთან და შესაბამისი ასოციაციების წარმომადგენლებთან კონსულტაციების შედეგად, მერიამ 2018 წლიდან, პროგრამაში ჩართული მოზარდების ასაკი 18 წლამდე გაზარდა. თბილისის მერიას ერთი ბენეფიციარის დასაფინანსებლად, წელიწადში 4 800 ლარი აქვს გათვალისწინებული და მულტიდისციპლინური გუნდის მიერ განსაზღვრული კომპლექსური თერაპიის 20 სეანსს აფინანსებს“, – განაცხადა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერმა ასევე აღნიშნა, რომ ამ პროგრამის დაწყებით თბილისმა ბევრ სხვა მუნიციპალიტეტს მისცა მაგალითი. გარდა ამისა, მისივე თქმით, მსგავსი პრობლემის მქონე პირების მხარდაჭერა მერიისთვის ერთ-ერთი პრიორიტეტია.

„ასევე, მნიშვნელოვანია ამ ოჯახების და ახალგაზრდების მხარდაჭერა. მე ბევრჯერ მითქვამს და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ყოველთვის გვერდით დავუდგებით ამ ოჯახებს და ჩვენი მხრიდან მაქსიმალური თანადგომა და მხარდაჭერა ექნებათ. გასაზრდელი იქნება დაფინანსება? რა თქმა უნდა, ყველაფერს გავაკეთებთ და გავზრდით; დასამატებელი იქნება ისეთი ორგანიზაციები, სადაც შესაძლებელია ამ პროგრამის განხორციელება? დავამატებთ“, – აღნიშნა კახა კალაძემ.