მერია მოქალაქეებს ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს დაჩქარებული მომსახურების მიღებას შესთავაზებს

დედაქალაქი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

მიმდინარე წლის 1-ელი დეკემბრიდან შესაძლებელი იქნება თბილისის მერიის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს დაჩქარებული მომსახურების მიღება, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, დაჩქარებული სერვისის ღირებულება რიგ შემთხვევებში ფიქსირებული იქნება, რიგ შემთხვევებში კი საპროექტო ტერიტორიის ფართობის სიდიდიდან გამომდინარე დადგინდება.

„დაჩქარებული მომსახურება შეეხება სააგენტოს კომპეტენციას მიკუთვნებულ ზოგიერთ საკითხს და მისი ღირებულება რიგ შემთხვევებში დადგინდება საპროექტო ტერიტორიის ფართობის სიდიდიდან გამომდინარე, ხოლო ზოგ შემთხვევაში იქნება ფიქსირებული, საპროექტო მიწის ნაკვეთის ფართობის მიუხედავად. დაინტერესებულ მოქალაქეებს, რასაკვირველია, შეეძლებათ უფასო მომსახურების მიღებაც სტანდარტულ ვადებში, თუმცა იმ ადამიანებს და ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს, რომელთაც სურვილი აქვთ, რომ კონკრეტულ ვადებში მიიღონ შესაბამისი მომსახურება, ამის შეთავაზებასაც ვაკეთებთ. რა თქმა უნდა, ეს მომსახურება იქნება ფასიანი. ვფიქრობ, ძალიან კარგი გადაწყვეტილებაა, რადგან მოქალაქეს უნდა ჰქონდეს არჩევანი და თავად გადაწყვიტოს, ფასიანი მომსახურება სჭირდება თუ უფასო. არის შემთხვევები, როცა არ ეჩქარებათ და ელოდებიან დადგენილ ვადებს, თუმცა არის შემთხვევები, როცა დრო არ ითმენს და ამ ხალხს უნდა ჰქონდეს საშუალება, დაჩქარებული სერვისი მიიღოს“, - განაცხადა კახა კალაძემ.