ვინ არის გოგო, რომელსაც სოფლის ტყეში ყელი გამოჭრეს

პატიმრის დღიური
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

 როგორ მიითვისა საშიშმა დამნაშავემ ქართველი ობოლი ბიჭის სახელი და გვარი

 

ბათო ჯაფარიძე

 

მანიაკი, სერიული მკვლელი - ეს ტერმინები  საბჭოთა კავშირის მოქალაქეებისთვის უცხო იყო, სანამ არა მარტო საბჭოეთმა, არამედ, მთელმა მსოფლიომ ანდრეი ჩიკატილოს სახელი და გვარი არ გაიგო. სერიული მკვლელი, რომელიც დახვრიტეს, დღემდე მსოფლიოს ერთ-ერთ უსასტიკეს დამნაშავედ ითვლება. საბჭოთა პროპაგანდა მაქსიმალურად ცდილობდა ამ ფაქტის დამალვას, ცდილობდა, არავის გაეგო, რომ საბჭოთა კავშირში ვიღაც ბავშვებს კლავდა და აუპატიურებდა, მაგრამ გარდაცვლილთა რიცხვი იმდენად დიდი იყო, დამალვა ვერ მოხერხდა.

 

ხომ წარმოგიდგენიათ, რა მოხდებოდა, როცა აღმოსავლეთ საქართველოს ერთ-ერთი სოფლის მცხოვრებლებმა თქვეს, რომ მათ სოფელში მანიაკი გამოჩნდა, რომელიც ახალგაზრდა გოგოებს ერჩოდა. რაც მთავარია, მოქალაქეები ამ მოსაზრებას ფაქტებით ამყარებდნენ - სამ გოგოს ვიღაც თავს დაესხა და გაუპატიურება დაუპირა, მეოთხე კი მოკლა, თუმცა არ უძალადია. სოფელი არ იყო სრულად ქართველებით დასახლებული, ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლები ჭარბობდნენ. სამი უშედეგო თავდასხმა ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებზე განხორციელდა, მოკლული კი ქართველი გოგონა იყო, თუმცა არა იმ სოფლის მცხოვრებელი.

„აღნიშნულ სოფელზე ერთ-ერთი რეგიონის გაზეთში სტატია უნდა დაბეჭდილიყო, სადაც აღწერილი იქნებოდა, როგორ ძმურად ცხოვრობდნენ იქ სხვადასხვა ერის წარმომადგენლები, მაგრამ ეს სოფელში არავის უნდა სცოდნოდა. ამიტომ, გოგონა ადგილობრივ ფერმაში მწველავად გააფორმეს, ბინად კი იქაურ ქვრივ ქალს შეუსახლეს. ორკვირიანი მივლინება მისთვის სავალალოდ დასრულდა - ტყის პირას გარდაცვლილი იპოვეს, ყელი ჰქონდა გამოჭრილი და სოფლელებმაც ხმაური ატეხეს, ხომ ვამბობთ, ჩვენს სოფელში მანიაკიაო. თბილისიდან ოთხი კაცი მიგვავლინეს, ჩვენც იმ ქვრივის სახლში დაგვაბინავეს და კატეგორიულად მოგვთხოვეს - ერთ კვირაში გახსნილი საქმე მინისტრის მაგიდაზე უნდა იდოსო“, - გვიყვება მორიგ ისტორიას პოლიციის გადამდგარი პოლკოვნიკი, ბატონი თენგიზი.

სამართალდამცავებმა სოფლის შესწავლა და საეჭვო პირების გამოვლენა დაიწყეს. პირველ რიგში, ეჭვი ერთ-ერთ მამაკაცზე მიიტანეს, რომელსაც ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა, აღრიცხვაზეც იყო და მარტო ცხოვრობდა. პარალელურად, მოუთმენლად ელოდნენ ექსპერტიზის შედეგებს დედაქალაქიდან, რათა ხელჩასაჭიდი რამე მაინც ჰქონოდათ. ფსიქიკურად დაავადებული პირი მტრედებს უვლიდა და მთელ დღეებს შინ ატარებდა. მასთან მეზობლის ქალი დადიოდა დასალაგებლად და საჭმლის გასაკეთებლად, რის გამოც, სოფლის საბჭო ქალს თვეში 70 მანეთს უხდიდა. მისი დაკითხვა ძალიან რთული გამოდგა, ძუნწად და არეულად პასუხობდა, მაგრამ ხელებზე აღებულმა ანალიზმა სისხლის კვალი ვერ აღმოაჩინა. არადა, ექსპერტები ამტკიცებდნენ, გამორიცხულია, გარდაცვლილისთვის ყელი ისე გამოეჭრა მკვლელს, თავად არ დასვრილიყოო. ამის მიუხედავად, დაკითხვის გაგრძელების შემდეგ, ეჭვმიტანილს ფსიქიკური შეტევა დაეწყო და გამომძიებლებზე გაიწია. პრინციპში, რაღა გაიწია, მუშტი-კრივი გაუმართა და რომ არა მისი მომვლელი ქალი, ეგებ, ეცემა კიდეც, თუმცა ქალმა დაავადებულს დაუყვავა, მიიხუტა და დააწყნარა, შემდეგ გამომძიებლებს ანიშნა, გამომყევითო.

„იმედი მაქვს, ამ ამბავს არ გაახმაურებთ. ეს კაცი მიყვარს, ჰო, მიყვარს, ბავშვობიდან მიყვარდა, მასაც ვუყვარდი. მერე მომიტაცეს და ფსიქიკური პრობლემებიც ამის გამო დაეწყო. ჩემი ქმარი გალოთდა, ამის მოვლა კი მე ვიკისრე და მასთან ჩვეულებრივი, ცოლ-ქმრული ურთიერთობა მაქვს. იმ ღამეს, როცა გოგო მოკლეს, მასთან ვიყავი, გვერდით მეწვა და არსად გასულა“, - თქვა ქალმა და ეჭვმიტანილის ალიბიც უზრუნველყო, მაგრამ სამართალდამცავებმა მისი სიიდან ამოღება არ იჩქარეს და ძიება განაგრძეს.

ფსიქიკურად დაავადებულის გარდა, სოფელში კიდევ ერთი მარტოხელა კაცი ცხოვრობდა, 42 წლის იყო და საინტერესო ისტორიაც ჰქონდა. ის 7 წლის გახლდათ, როცა მშობლები დაეღუპა და ბავშვთა სახლში გაამწესეს. მისი ასავალ-დასავალი არავინ იცოდა, თუმცა დაახლოებით, რვა წლის წინ, სოფელში დაბრუნდა და მამა-პაპისეულ სახლში დასახლდა. მას შემდეგ, სოფლის ნამდვილ მარგალიტად იქცა, ყველას ხელს უმართავდა, ყველაფერი ეხერხებოდა, თავდაუზოგავად მუშაობდა და სასურველ სასიძოდაც ითვლებოდა, თუმცა ცოლის მოყვანას არ ჩქარობდა. როცა დაკითხეს, ძალიან მშვიდად თქვა, თუ მე ეჭვმიტანილი ვარ, ვერაფერს ვიზამ, სახლში ვიყავი, მარტო, მეძინა და ალიბი რომ უზრუნველყოს, ისეთი მოწმე არ მყავსო. მართალიც იყო, მარტოხელა კაცს ღამით მოწმე რომ არ ეყოლებოდა, ცხადი იყო.

ამასობაში, თბილისიდან ორი ამბავი მოვიდა, პირველი - გოგონა სურათებს იღებდა და ფოტოაპარატით გადაღებული ყველა სურათი გაამჟღავნეს, დაბეჭდეს და გამომძიებლებს გამოუგზვნეს და მეორე - ექსპერტების ვარაუდით, მას უკნიდან მიეპარნენ, ყელი ისე გამოჭრეს და გოგონას ლაბადაზე კატის შავი ბეწვი იყო შერჩენილი ანუ მას, ვინც გოგონა მოკლა, შავი კატა ჰყავდა. ეს ინფორმაცია ძალოვნებისთვის აშკარად ღირებული იყო. სურათების დათვალიერებამ ბევრი ვერაფერი მოიტანა, როგორც ჩანს, ის ძველ სახლებს იღებდა, ძირითადად, სწორედ სახლები იყო გადაღებული და კადრში შემთხვევით მოხვედრილი სოფლელები, ქალები, ბავშვები, კაცები, პირუტყვი... სურათებზე იყო სოფლის დაახლოებით 340-მდე მოქალაქე, ზოგი ორ-სამჯერაც კი. რაც შეეხება სახლების ფოტოებს, ყველაზე მეტჯერ გოგონას ის სახლი ჰქონდა გადაღებული, სადაც დაობლებული და შემდეგ სოფელში დაბრუნებული კაცი მარტო ცხოვრობდა. ეს გასაგებიც იყო, სახლი სოფლად ყველაზე ძველი გახლდათ და მარტო ფანჯრების ჩარჩოები ისე იყო მოჩუქურთმებული, აშკარა ინტერესს იწვევდა. შესაბამისად, სახლის პატრონიც კადრში რამდენჯერმე მოხვდა.

რაც შეეხება შავ კატს, ის სოფელში სულ ოთხ ოჯახს ჰყავდა, მაგრამ ოთხივე ისეთი იყო, ეჭვის მიტანა წარმოუდგენელი ჩანდა. თმა ოთხივე კატას შეაჭრეს და ექსპეტიზისთვის თბილისში გაუშვეს. პასუხმა არ დააყოვნა, თქვეს კონკრეტულად რომელც ცხოველს ეკუთვნოდა ბეწვი, მაგრამ ოჯახში ორი მოხუცი ცხოვრობდა, კაცს მარჯვენა ხელი დაზიანებული ჰქონდა, ვერანაირად ვერ მოკლავდა გოგოს და შესაბამისად, ბრალსაც ვერ წაუყენებდნენ, თუმცა მოხუცებმა ის თქვეს, ჩვენი კატა ძალიან მეგობრულია და არაერთ მეზობელთან დადის, აჭმევენ და ეფერებიანო.

„ძიება ჩიხში შევიდა. იმის გარკვევა, ვისთან დადიოდა კატა, პრაქტიკულად, წარმოუდგენელი იყო, რადგან ბევრმა თქვა, ჩემთანაც მოსულა, მაგრამ ეგ იყო თუ სხვა შავი კატა, არ ვიციო. მოვიწყინეთ და ეს დიასახლისმაც შეგვატყო. ღიმილით გვითხრა, მოდით, ძველ ფოტოებს დაგათვალიერებინებთ, ახალგაზრდობაში დაწყებითი კლასების მასწავლებელი ვიყავი, ნახეთ, როგორ შეიცვალნენ ბავშვები, თუ გამოიცნობთ, ვინ ვინ არისო. სურათების დათვალიერების ხასიათზე ნამდვილად არ ვიყავით, მაგრამ ხათრი ვერ გავუტეხეთ მართლაც გულისხმიერ მასპინძელს და შავ-თეთრ ფოტოებს ჩავხედეთ. ის კი გვიხსნიდა და გვეუბნებოდა, ეს ის ბიჭია, ამ სახლში რომ ცხოვრობს, ეს მეორე სახლშიო და თან იცინოდა. ერთ-ერთ ფოტოს დაადო ხელი, კადრი ახლოდან იყო გადაღებული, სავარაუდოდ, იმიტომ, რომ ბავშვი საშლელს ღეჭავდა და ქალმა სიცილით თქვა, ეს კიდევ ჩვენი ობოლია, ამ სურათის გადაღებიდან მალევე, მშობლები დაეღუპა და ბავშვთა სახლში წაიყვანესო“, - იხსენებს ბატონი თენგიზი.

როგორც კი გამომძიებელმა სურათს დახედა, გაშეშდა. ბავშვს სურათზე ძალიან მკაფიოდ უჩანდა ყურის ნიჟარა, რომელსაც სპეციფიური ფორმა ჰქონდა, ლეღვის ფოთოლივით იყო გაშლილი და მასწავლებელმაც დაადასტურა, სასაცილო ყურები ჰქონდაო. ადამიანის სხეული ისეა მოწყობილი, ქირურგიული ჩარევის გარეშე, ყურის ნიჟარა ფორმას არ იცვლის, იმ პირს კი, ვინც ახლა თავს სწორედ ამ ბავშვად ასაღებდა, პატარა, ლამის, კეფაზე მიკრული ყურები ჰქონდა. სამართალდამცავებმა უხმოდ დატოვეს მასპინძლის სახლი, სურათიც წაიღეს, ასევე, უხმაუროდ დააკავეს მარტოხელა კაცი და თბილისისკენ წამოვიდნენ. დაკავებულს ზედ ეწერა იმედგაცრუება და როცა თბილისში თითის ანაბეჭდები აუღეს, ჩუმად იკითხა - „რა შემეშალა?“

დაკავებული საკავშირო მასშტაბით ძებნილი აღმოჩნდა, პირი, რომელსაც ორი ადამიანის მკვლელობისთვის ეძებდნენ და რომელმაც რვა წლის წინ, ციხიდან გაქცევა მოახერხა. როცა მისი ვინაობა გაირკვა და კარტოთეკიდან ამოღებული სურათი დაუდეს, დაკავებულმა უხეიროდ გაიღიმა, დამალვას რაღა აზრი აქვსო და დაიწყო:

„ეს ბიჭი, ვისი სახელი და გვარიც მოვირგე, ჩემთან ერთად იჯდა. მოჰყვა თავის ისტორიას, იმასაც ამბობდა, რომ გამოვალ, სოფელში უნდა დავბრუნდე, მამა-პაპისეულ სახლს მივხედოო. მერე ზონაზე ჩხუბი მოხდა და ის უბედური შემთხვევით დანას წამოაგეს, მოკვდა. მერე მე გავიქეცი და არ ვიცოდი, სად წავსულიყავი. გამახსენდა ეს ისტორია, ვიფიქრე, საქართველოში ჩავალ, ერთი წელი იმ სახლში ვიცხოვრებ, ვინ მიცნობდა? ჩამოვედი, აქაურობა მომეწონა და შემოვრჩი. ახალი საბუთები რუსეთში გავაკეთე, არაა ეგ პრობლემა. მერე ეს გოგო გამოჩნდა, მწველავი და სავარაუდოდ, მიცნო. ასე ვიფიქრე, რომ მიცნო, რადგან მუდმივად სურათებს მიღებდა, გადაიღებდა, წავიდოდა, მეორე დღეს ისევ მოდიოდა. მარტო მე კი არა, სახლსაც უღებდა, ფანჯრიდან ვხედავდი ხოლმე. ამიტომ გადავწყვიტე მისი მოშორება და მოვიშორე კიდეც. კატას რაც შეეხება, მეზობლის კატა ხშირად მოდიოდა და კალთაში მეჯდა ხოლმე“...

როცა დაკავებულმა გაიგო, რისთვის იღებდა გოგონა სურათებს, გაოცებისგან ყბა ჩამოუვარდა და ხელი ჩაიქნია, შიშს დიდი თვალები აქვს, ყველა და ყველაფერი საეჭვოდ მეჩვენებოდაო...