„ბოზური აგურის დადება გადაწყვიტეს... მე და „სიხო“ ჩამოვალთ და მუხლებს დაგიხვრიტავთ“...

პატიმრის დღიური
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

 

ვინ არის „სიხო“, რომელსაც ვაკო ყაზაიშვილის ცოლის ძმა ჩანაწერში ახსენებს

 

ბათო ჯაფარიძე

 

- ბიჭო, შენ არ იცი, რომ გადასახდელი გაქვს? 100 ათას დოლარს მოიტან, გაიგე?

- არა, ვერ გავიგე, არაფერს მოვიტან...

ეროვნული ნაკრების კაბინეტში გაწევ-გამოწევა ატყდა და ფეხბურთელებმა სიტუაცია იმ მომენტისთვის განმუხტეს. ეს საუბარი საქართველოს საფეხბურთო ნაკრების გასახდელში, ერთ-ერთი მატჩის შემდეგ, კრიმინალებსა და მაშინ, „მილანში“ ახლად გადასულ კახა კალაძეს შორის გაიმართა. შემდეგ იყო ქართული ისტორიის ერთ-ერთი დიდი ლაქა, ლევან კალაძის გატაცება და მკვლელობა. დღეს, ყველაფერი ეს, თითქოს, წარსულს ჩაბარდა, ნაკრებში სათამაშოდ ჩამოსულ ფეხბურთელებს აღარ ელოდებიან გასასვლელთან, არ სთხოვენ 100 და 200 დოლარს „კაი ბიჭები“, მაგრამ ისე ჩანს, ყველაფერი ბოლომდე დასრულებული მაინც არ არის.

 

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ორი ოფიციალური შეხვედრა გამართა, ორივე მოიგო და ფეხბურთის გულშემატკივრები კმაყოფილი არიან, თუმცა... შემდეგ გავრცელდა ნაკრების წევრის, ვაკო ყაზაიშვილის ცოლის ძმის, ნოდარ ნიშნიანიძის ჩანაწერი, სადაც ის ნაკრების ფეხბურთელებსა და ფედერაციის მაღალჩინოსებს  მუხლების დახვრეტითა და მოკვლით ემუქრება. მიზეზად კი იმას ასახელებს, რომ მისი დის ქმარი ათამაშეს და ეს სპეციალურად გააკეთეს.

„როგორც ხდება ხოლმე, ვიღაცებმა მალანიას და სოსოს პონტში, თითო ბოზური აგურის დადება გადაწყვიტეს და ვაკოს არ ათამაშებენ. შეგათხელებთ, როგორც კი ნაკრები ევროპაში ჩამოვა, მე და „სიხო“ ჩამოვალთ და შეგათხელებთ, მუხლებს დაგიხვრიტავთ და მერე შეეხვეწებით ვაკოს ითამაშეო“, - ისმის ჩანაწერში, რომელიც ნიშნიანიძემ ნაკრების მენეჯერს, ვლადიმერ დვალიშვილს გაუგზავნა.

იმავე ჩანაწერში ნიშნიანიძე ამბობს, რომ დვალიშვილამდე, ნაკრების კაპიტანს, გურამ კაშიას ესაუბრა და მოუწოდებს, ეს ჩანაწერი ყველას მოასმენინოს. ჩანაწერი ერთ-ერთმა ტელევიზიამ გაავრცელა და საზოგადოებამაც სიმართლე ამის შემდეგ გაიგო, თუმცა...

მოდით, ჯერ თავად ყაზაიშვილის, ფეხბურთის ფედერაციისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებებს გავეცნოთ:

ვაკო ყაზაიშვილი: „პირველ რიგში, ქართული ფეხბურთის ქომაგებს, საქართველოს ყველა მოქალაქეს  ბოდიშს ვუხდი ფაქტისთვის, რომელიც ჩემთვის ყველაზე მეტად მიუღებელია. 

ფეხბურთის თამაში 7 წლის ასაკში დავიწყე. ყველამ, ვინც დღეს, ჩვენს დიდ საფეხბურთო ოჯახს წარმოადგენს, იცის, რამდენი შრომა ჩავდე ჩემი კარიერის შენებაში. პირველად ნაკრებში 9 წლის წინ გამომიძახეს და ეს იყო ყველაზე მნიშვნელოვანი დღე ჩემს კარიერაში.

ეროვნული ნაკრების გარეშე, ფეხბურთელის კარიერული ცხოვრება სრულფასოვანი არასოდესაა. ყველა ფეხბურთელისთვის, ყველაზე მნიშვნელოვანი და ფასეული, სწორედ ნაკრებია და მეც არ ვარ გამონაკლისი. ცხოვრებაში არავინ დამჭირვებია მინდორზე მოსახვედრად. ყველამ, ვისაც ფეხბურთი უყვარს, იცის, რომ ჩემს მიერ გატანილი გოლებისა და დაშვებული შეცდომების უკან, მხოლოდ მე ვდგავარ - არავინ და არაფერი, ჩემი შრომისა და ფეხბურთის სიყვარულის გარდა.

ყველამ, ვინც წარმოადგენს ნაკრებს და ფედერაციას, იცის, რომ ეს ჩანაწერი ყველაზე ბოლოს მოვისმინე. თქვენთვის ამ ჩანაწერში ნაკრების წევრებზე საუბრობენ და ჩემთვის - მეგობრებზე, ამიტომ განსაკუთრებით მძიმე და მიუღებელია საუბრის შინაარსი ჩემთვის.

ნაკრებს აქვს ისტორიული შანსი და ამ შანსის გამოსაყენებლად ყველაფერს გავიღებ. ყველანაირ პირადულ წინააღმდეგობას გადავლახავ. ჩემთვის მთავარია, არ დაზარალდეს ჩვენი დიდი საფეხბურთო ოჯახი და ამიტომ, მზად ვარ, მივიღო ფედერაციის ნებისმიერი გადაწყვეტილება“.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია: „გვსურს, გამოვეხმაუროთ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას. უპირველესად, გვინდა, მკაფიოდ გამოვხატოთ ჩვენი პოზიცია და აღვნიშნოთ, რომ ადამიანის ჯანმრთელობა და უსაფრთხოება უპირველესია, ვგმობთ და ვემიჯნებით ყველა სახის ძალადობას, რაც არაერთხელ დაგვიფიქსირებია. მსგავს სიტუაციაში, თითოეული ადამიანის მოვალეობა და პასუხისმგებლობაა, დაუყონებლივ იმოქმედოს კანონის შესაბამისად.

ჩვენთვის თითოეული მოთამაშის უსაფრთხოებაზე ზრუნვა უმთავრეს პრიორიტეტს წარმოადგენს. აქედან გამომდინარე, მას შემდეგ, რაც ჩვენთვის ცნობილი გახდა ამ ფაქტის შესახებ, დაუყოვნებლივ ვაცნობეთ შესაბამის ორგანოს რეაგირებისთვის. ფეხბურთის ფედერაცია, თავის მხრივ, საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში, ითანამშრომლებს გამოძიებასთან.

ჩვენი მიზანია, მაქსიმალურად უზრუნველვჰყოთ ჩვენი გუნდის უსაფრთხოება, შევქმნათ მათთვის შესაბამისი გარემო და ხელი შევუწყოთ ეროვნული ნაკრების წარმატებას. ჩვენი კომპეტენციის ფარგლებში, ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ გარეშე ფაქტორებმა ზეგავლენა არ მოახდინოს გუნდის ერთიანობასა და წარმატებაზე“.

შინაგან საქმეთა სამინისტრო: „შინაგან საქმეთა სამინისტრომ ერთ-ერთი მედიასაშუალების საინფორმაციო გადაცემაში გასული ინფორმაციის საფუძველზე, სადაც საუბარი საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრებისა და ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენლების მიმართ მუქარის შემცველი შინაარსის გზავნილებს ეხებოდა, გამოძიება დაიწყო. წარსულში ნასამართლევი პირის - ნ.ნ.-ის მიერ განხორციელებული, სავარაუდოდ, მუქარის შემცველი განცხადებების ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლით მიმდინარეობს“.

დავიწყოთ იმით, რომ რეალურად, ფედერაცია იტყუება, რადგან შს სამინისტრო გასაგებად წერს, რომ გამოძიება „ერთ-ერთი მედიასაშუალების საინფორმაციო გადაცემაში გასული ინფორმაციის საფუძველზე“ დაიწყო და არა ფედერაციიდან მიმართვის შემდეგ. ნაკრების კაპიტან კაშიასაც და მენეჯერ დვალიშვილსაც სასწრაფო წესით უნდა მიემართათ შს სამინისტროსთვის, მაგრამ ეს არ გააკეთეს და მხოლოდ სიუჟეტის ტელევიზიაში გასვლის შემდეგ ატყდა ამბავი. ეს არასწორია, ასე არ შეიძლება, 21-ე საუკუნეში, ასე არ უნდა ხდებოდეს და სამართალდამცავ ორგანოებთან თანამშრომლობა, მით უმეტეს, ასეთ თემაზე, არ ტეხავს. უნდა შეიგნოს ყველამ, რომ ნაკრები არც ფედერაციისაა, არც - კაპიტნის, არც - ცალკეული ფეხბურეთელების, ის ხალხისაა, საქართველოსია და წერტილი.

რაც შეეხება ნიშნიანიძის მიერ ნახსენებ „სიხოს“. აღნიშნული პირი, ასევე, კრიმინალური ავტორიტეტი, ლაშა სიხარულიძე გახლავთ. ნიშნიანიძეცა და სიხარულიძეც ინტერპოლით ძებნილები არიან. მათ ბრალად კიევში, კრიმინალური ავტორიტეტის, ირაკლი მალანიას მკვლელობა ედებათ, რომელიც სასამართლოს შენობასთან, გასული წლის 16 ნოემბერს ჩაცხრილეს. მაშინ საქმის ორი ფიგურანტი გაიქცა, მესამე, გიორგი არუთინოვი უკრაინელმა სამართალდამცავებმა დააკავეს, თუმცა ორიოდე დღის შემდეგ, არუთინოვი საკუთარ საკანში გარდაცვლილი ნახეს. როგორც ამბობენ, მალანიას მკვლელობა 2016 წელს, ვაკეში, სოსო ჯოხაძის მკვვლელობის გაგრძელებაა. ჯოხაძე და მალანია უახლოესი მეგობრები იყვნენ, ნიშნიანიძე და სიხარულიძე კი - მათთან დაპირისპირებულები. ვარაუდობენ, რომ უკრაინაში მყოფი მალანია, ნიშნიანიძესა და სიხარულიძეს მოკვლით ემუქრებოდა და მათ უბრალოდ დაასწრეს.

სხვათა შორის, რამდენიმე წლის წინ, ნოდარ ნიშნიანიძემ თავის სიძესთან, ვაკო ყაზაიშვილთან ერთად, ვიდეო ჩაწერა, სადაც ამბობდა, რომ მის დაკავებასა და იარაღის ჩადებას აპირებდნენ. მაშინ ნიშნიანიძე ამტკიცებდა, უტყუარი ინფორმაცია მაქვსო და ვაკოც ადასტურებდა, მეც ვიცი, რომ იარაღის ჩადებას უპირებენ ჩემს ცოლის ძმასო. ამ ვიდეოს გავრცელებიდან რამდენიმე დღეში, შსს-მ ნიშნიანიძე საკუთარ სახლში დააკავა და მას... იარაღი უნახა. შემდეგ იყო სასამართლო, სასჯელი, გათავისუფლება და მივედით იქამდე, სადამდეც მივედით.

რა თქმა უნდა, შს სამინისტროს საქმიანობასა და ვინმეს პირად გადაწყვეტილებებში არ ვერევით, მაგრამ ყოველგვარი სპეკულაციების თავიდან ასაცილებლად, ყაზაიშვილი თავად თუ იტყოდა ნაკრებში თამაშზე უარს, სხვებისთვის მაგალითი იქნებოდა თუნდაც იმისა, რომ არავინ არ უნდა ჩაერიოს იქ, სადაც ეროვნული გუნდისა და საქართველოს ინტერესია. ახლა, როცა ნაკრებს შანსი აქვს, ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე გავიდეს (მხოლოდ ორი შეხვედრაა მოსაგები), არეულობა არავის აწყობს, თანაც მედალს მეორე მხარეც აქვს - ნაკრების ნებისმიერ შეხვედრაში, მოედანზე შესული ვაკო ყაზაიშვილის დანახვის შემდეგ, რამდენს გაუჩნდება იმის შეგრძნება, რომ ეს ნიშნიანიძის შიშით მოხდა? მით უმეტეს, რომ შესაძლოა, ამხელა ფსიქოლოგიური წნეხის გამო, ყაზაიშვილს თამაში, უბრალოდ, ვერ გამოუვიდეს და ვაკოს კი არა, მესისა და რონალდუს არ მისდით ყველა შეხვედრა ისე, როგორც მათ სურთ. შსს ვალდებულია, ეს საქმე გახსნას და... ერთხელ და სამუდამოდ, იქნებ, ყველა შეეშვას იმ ადამიანებს, რომლებიც ფულს საკუთარი ოფლის ფასად შოულობენ. იგივე, ყაზაიშვილსა და სხვებს, საკუთარ წონაზე ათჯერ მეტი ოფლი აქვთ დაღვრილი იმისთვის, რომ იყვნენ იქ, სადაც დღეს არიან. ფედერაცია კი, ტელევიზიასა და ჟურნალისტებს კი არ უნდა დაელოდოს, ყოველი ასეთი ფაქტის შემდეგ, უნდა გამოვიდეს და განგაშის ზარები შემოჰკრას. „ჯიგრულ-ქართულ პონტში“ საქმეების კეთებით, წინ ვერ წავალთ, ვერ!