რატომ შეიწყალა პრეზიდენტმა აქტივისტი და როგორ ექცევიან ციხეში ცნობილ პატიმრებს

კრიმინალი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

 

ლაზარეს საქმე 

გასულ კვირას, სასჯელაღსრულების დაწესებულება ლაზარე გრიგორიადისმა დატოვა. ვიღაცისთვის ის გმირი და პოლიტპატიმარია, ვიღაცისთვის - ჩვეულებრივზე ჩვეულებრივი კრიმინალი და როგორც ბევრ სხვა რამეში, აქაც მოსახლეობის აზრი ორად არის გაყოფილი... შევეცდებით, აგიხსნათ, რას ფიქრობენ ამ დროს ციხეში მყოფი პატიმრები და როგორი დამოკიდებულება აქვთ თავისუფლებაზე მყოფ კრიმინალებს ასეთ დროს, რას ფიქრობენ და რა მოტივაცია უჩნდებათ სამომავლოდ.

 

ცოტა შორიდან დავიწყოთ ანუ 2012 წლის ოქტომბრიდან. ჰო, სწორედ იმ დროდიან, როცა ხელისუფლებაში „ქართული ოცნება“ მოვიდა, მაგრამ მაშინ „ოცნებამ“ „მხოლოდ“ საპარლამენტო უმრავლესობა მოიპოვა, პრეზიდენტად კი კვლავ მიხეილ სააკაშვილი იყო და ეს წელიწადზე მეტხანს გაგრძელდა - მიშა თანამდებობაზე 2013 წლის 17 ნოემბრამდე იყო ანუ წელიწადზე მეტი, სააკაშვილს ჰქონდა შესაძლებლობა, „ოცნების“ მმართველობის პირობებში, ციხიდან გაეთავისუფლებინა ნებისმიერი, ვის გათავისუფლებასაც კი მოისურვებდა. ამ ერთ წელიწადში, სააკაშვილმა ათასზე მეტი პატიმარი შეიწყალა, თუმცა არჩევნებიდან სამ თვეში, ერთ დღეში, ციხიდან 519 პატიმარი შეიწყალა და აქედან 38 გასამართლებული იყო განზრახ მკვლელობის მუხლით, 11 პატიმარი - განზრახ მკვლელობისთვის დამამძიმებელ გარემოებებში, 364 პატიმარი - ქურდობისთვის, 94 პატიმარი - ყაჩაღობისთვის, 2 პატიმარი - ქურდული სამყაროს წევრობისა და კანონიერი ქურდობისთვის.

შეწყალებულთა შორის მოხვდა პირი, რომელიც ჯარისკაცების წამების გამო, 16-წლიან სასჯელს იხდიდა. მაშინ ბევრი ამბობდა, რომ სააკაშვილის უახლოესი გარემცოვა უზარმაზარ ფულს აკეთებდა და მიშასთან ყოველდღიურად მიჰქონდათ სიები, ვითომ სამომავლოდ, ეს ხალხი არჩევნებში დამარცხებულ პარტიას წაადგებოდა და სააკაშვილიც ხელს აწერდა, ვიღაცები კი მდიდრდებოდნენ. ნუ ვივარაუდებთ, რომ პირებისგან, რომლებისგანაც 200 და 300 ათასი დოლარი აიღეს, პრეზიდენტს ინფორმაცია არ ჰქონოდა და თან ისეთი გულუბრყვილო ყოფილიყო, ხელის ყოველ მოწერაზე არ ეფიქრა, რომ მისი გარემოცვა ფულს აკეთებდა. თანაც, სააკაშვილი ყველაზე კარგად მიხვდებოდა, რომ თუ ეს ხალხი პარტიას სჭირდებოდა, მათ საპარლამენტო არჩევნებამდე გამოაშვებინებდნენ მისი გარემოცვის წევრები და არა - არჩევნების წაგების შემდეგ. სხვათა შორის, ამის გამო, სააკაშვილისთვის პასუხი არავის მოუთხოვია და არც მომავალში მოსთხოვს, ზუსტად ისე, როგორც მის წინამორბედ ედუარდ შევარდნაძეს და მის მემკვიდრე გიორგი მარგველაშვილს. ჰო, გიორგი მარგველაშვილს, რომელმაც პრეზიდენტის პოსტზე მოღვაწეობის დროს, 4 181 პატიმარი შეიწყალა და მათ შორის, ცოლის ძმაც. ზეწოლისა თუ მოწოდებების მიუხედავად, მარგველაშვილმა არ შეიწყალა დეკანოზი გიორგი მამალაძე და ის არც სალომე ზურაბიშვილმა შეიწყალა, თუმცა...

ვერც სააკაშვილის და ვერც მარგველაშვილის კარიერაში ვერ ვიხსენებთ პრეცენდენტს, როცა პრეზიდენტს განაჩენის გამოცხადებიდან ათ წუთში, თუ ნახევარ საათში, დაეანონსებინოს, მსჯავრდებულ პატიმარს შევიწყალებო. თანაც, ეს განცხადება გააკეთა მაშინ, როცა გრიგორიადისის განაჩენზე საზოგადოებაში არაერთგვაროვანი რეაქცია იყო და ქალბატონმა სალომემ, ადამიანებს სასამართლოს გადაწყვეტილების გააზრებაც კი არ აცადა. ანონსის მიუხედავად, სასამართლომ ბოლომდე გამოიყენა განაჩენის გამოქვეყნებისთვის განკუთვნილი ვადა და ზურაბიშვილმაც მხოლოდ მაშინ მოახერხა შეწყალებისთვის ხელის მოწერა, როცა განაჩენის გამოქვეყნებისთვის ვადა გავიდა და ლაზარეს სასჯელმა ფურცელზე დღის სინათლე იხილა.

არაფრის მტკიცებას არ ვაპირებ, მაგრამ დავუშვათ, სულ ერთი წუთით დავუშვათ, რომ ლაზარე გრიგორიადისმა მართლაც ისროლა „მოლოტოვის კოქტეილი“ სამართალდამცავებისკენ და მათი ცოცხლად დაწვა სცადა. გამოდის, რომ პრეზიდენტმა შეიწყალა ადამიანი, ვისაც მკვლელობის წარუმატებელი მცდლობა ჰქონდა. ამ ეპიზოდთან დაკავშირებით კითხვები თუ არსებობს, კითხვის ნიშნების გარეშეა, გრიგორიადისის მიერ მამის დაჭრის ფაქტი, რომელიც მანაც აღიარა, მამამაც და რაც მთავარია, მამამ თქვა, დავიმსახურე და იმიტომ დამჭრაო. ვერ გეტყვით, როგორ უნდა დაიმსახუროს მამამ შვილისგან დანის დარტყმა, მაგრამ ფაქტია, ასე მოხდა ანუ თუ დავუშვებთ იმას, რომ ლაზარემ ცეცხლმოკიდებული ბოთლი ისროლა, მანამდე კი მამა დაჭრა, გამოდის, პრეზიდენტმა თავისუფლებაზე გამოუშვა პირი, რომელსაც შეუძლია, თვალის დახამხამების გარეშე, სასიკვდილოდ გაიმეტოს მამა და სამართალდამცავები. ნიშნავს ეს იმას თუ არა, რომ შეწყალებით გათამამებული გრიგორიადისი, მომავალში დანაშაულს კიდევ ჩაიდენს და ჩაიდენს იმის იმედად, რომ ის ევროპამ და ქართულმა ოპოზიციამ პოლიტპატიმრად და გმირად მონათლა? რა თქმა უნდა, გადაჭრით ამის მტკიცება ძნელია, მაგრამ... შანსი არის და ასე რომ მოხდეს, მერე რას იტყვის პრეზიდენტი?

ზოგადად, როცა სასჯელს იხდის ისეთი პატიმარი, რომელზეც მთელმა ქვეყანამ იცის, რომ დანაშაული არ ჩაუდენია, მათ მიმართ კოლეგების დამოკიდებულება განსხვავებულია. ისინი ცდილობენ, უდანაშაულო პატიმარს ყოფა შეუმსუბუქონ, გულშემატკივრობენ, რჩევებს აძლევენ, მაგრამ თუ იციან, რომ პატიმარი დამნაშავეა და მხოლოდ თავისუფლებისთვის ცდილობს ყველასა და ყველაფრის მოტყუებას, პატივისცემაც იკარგება და მეტიც, ცდილბოენ, გააღიზიანონ, მუდმივად ახსენებენ, რომ არასწორი თამაშის წესებით მოქმედება არ არის კაცური, თუმცა... ეს ყველაფერი ზონაზე ხდება და არა - ციხეზე, გრიგორიადისი კი ზონაზე არ იყო, მთელი სასჯელი ციხეზე გაატარა, დახურული ტიპის დაწესებულებაში და ამიტომ, მას ნაკლებად ექნებოდა ურთიერთობა სხვა პატიმრებთან, მხოლოდ თანასაკნელებთან ექნებოდა კონტაქტი.

საინტერესოა ის განცხადებაც, რომელიც მან ციხიდან გამოსვლის შემდეგ გააკეთა და აღნიშნა, რომ პენიტენციურ დაწესებულებაში ბევრი პრობლემაა და მოგვიანებით ვისაუბრებო. მოგვიანებით კი თქვა, რომ მთავარი პრობლემა, თურმე, ის გახლდათ, მისთვის სასურველ მუსიკას რომ ვერ უსმენდა. ვინც არ იცის, ვეტყვით, იმ დაწესებულებაში, სადაც გრიგორიადისი იხდიდა სასჯელს, 2012 წლამდე, მუსიკას საერთოდ არ უსმენდნენ და საკმარისი იყო, ჩვეულებრივად ესაუბრათ და არა ჩურჩულით, რომ საკანში ციხის რეჟიმის წარმომადგენლეები შესულიყვნენ, რეჟიმის უფროსის, ოლეგ ფაცაციას ხელმძღვანელობით და პატიმრები უმოწყალოდ ეცემათ. 2012 წლამდე, გამორიცხული იყო, გრიგორიადისი ციხიდან ისეთი ვარცხნილობით გამოსულიყო, როგორითაც გამოვიდა, რადგან რეჟიმი კატეგორიულად ითხოვდა, თმა ნულზე ყოფილიყო გადაპარსული, ზუსტად ისე, როგორც წვერი და თუ წვერს ყოველ მეორე დღეს არ გაიპარსავდი, თანასაკნელებთან ერთად, უმოწყალოდ იცემებოდი. არავინ ამბობს, რომ რეჟიმი ის იყო, როდესაც გაცინებისთვის გცემდნენ, ხმამაღლა საუბრისთვის გცემდნენ, ღამით ლოცვისთის გცემდნენ, სანთლის ანთებისთვის გცემდნენ, ხატებს ძირს ყრიდნენ და წიხლით დგებოდნენ, ოჯახის წევრების ფოტოებს თავზე ახევდნენ... და გრიგორიადისს საყვარელი მუსიკის მოსმენის შესაძლებლობა არ ჰქონია... ისე, ზონაზე რომ წასულიყო, ამის შესაძლებლობა ექნებოდა, რადგან იქ ტელევიზორების შეტანის უფლება აქვთ, რომელსაც მეხსიერების ბარათი უერთდება და მეხსიერების ბარათზე კიდევ, რასაც ეტყვით ახლობლებს, იმას ჩაწერენ და მოგაწვდიან. ჰო, ეს არის ცივილური ფორმა, რომელიც 2012 წლამდე არ იყო და... 2012 წლამდე, ციხეში ტელევიზორიც არ იყო და მისი ნახვა მხოლოდ ღია, ან ნახევრად ღია ტიპის დაწესებულებაში შეიძლებოდა.

სხვათა შორის, პოლიციელთა აბსოლუტური უმრავლესობა დარწმუნებულია, რომ პრეზიდენტი არასწორად მოიქცა. მეტიც, ისინი ამბობენ, გრიგორიადისის დედის რეაქცია რომ აჩვენეს ზურაბიშვილის განცხადებაზე შეწყალებასთან დაკავშირებით, იმ ბიჭების დედების რეაქცია რატომ არ ანახეს, რომელთა დაწვასაც ლაზარე ცდილობდაო? ძალოივნებს არ სჯერათ, რომ გრიგორიადისი დამნაშავე არ არის და არანაირად არ ამართლებენ პრეზიდენტს.

თან, ეს ისეთი შემთხვევაა, შეიძლება, გარკვეული დროის შემდეგ გავიგოთ, შეცდა თუ არა პრეზიდენტი, ან ვერასდროს გავიგოთ, მაგრამ ყველაზე მეტად, იცით, რა არ მესმის? საკმარისია, ვიღაც ერთხელ, ორჯერ, ან სამჯეერ გამოჩნდეს ტელევიზიით, რომ მაშინვე პოლიტიკაში მივდივარო, განცხადებას აკეთებს და რომელიმე პარტიაში ერთიანდება. არადა, პოლიტიკა მარტივი საქმე არ არის და ასე, შემთხვევით მოხვედრილი ხალხი რომ არის უმრავლესობა, სავარაუდოდ, იმიტომაც ვართ იქ, სადაც ვართ და იმიტომაც ვტრიალებთ ერთ წრეზე, 30 წელზე მეტია. ლაზარეს ასაკში, პოლიტიკური განცხადებების კეთება და ამბიცია, რომ მე პოლიტიკაში მივდივარ და ქვეყნის ბედი უნდა გადავწყვიტო, უბრალოდ, აბსურდულია. კი ვაგინებთ დღემდე კომუნისტებს, მაგრამ სერიოზულ თანამდებობებზე ანუ იქ, სადაც მართლა პოლიტიკა კეთდებოდა, 60 წელს მიღწეულ ადამიანებს ნიშნავდნენ, გამოცდილებით, სტაჟით, ათასჯერ გადამოწმებულს და გამოწრთობილს. 20-22 წლის გოგო-ბიჭებს მაშინ პილიტიკოსობა კი არა, საზოგადოებრივი საპირფარეშოს დირექტორის მოადგილეობას არავინ აღირსებდა.

ავტორი: ბათო ჯაფარიძე