ვინ და რატომ გაიმეტა სასიკვდილოდ დაუნის სინდრომის მქონე სტუდენტი ბიჭი

კრიმინალი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

არიან ადამიანები, რომლებზეც ამბობენ, რომ ფეთქებადი ხასიათი აქვთ და სწორედ ასეთი ხასიათის გამო, არაერთი პრობლემა ექმნებათ, ან პირიქით - სხვას უქმნიან არაფრისგან პრობლემას. ისტორიას, რომელსაც ახლა გიამბობთ, სწორედ ასეთი „გმირი“ ჰყავს, მაგრამ როცა გამოძიება დაიწყო, ვერავინ იფიქრებდა, რომ ასეთი ფინალი ექნებოდა, რადგან ძიება სულ სხვა მიმართულებით მიდიოდა და რომ არა ვიღაცების „მონდომება“, სამართალდამცავები სიმართლეს, ალბათ, ვერასდროს გაიგებდნენ.

 

ყველაფერი კი იმით დაიწყო, რომ დილით, თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე, ახალგაზრდა მამაკაცი უგონო მდგომარეობაში იმ ადამიანებმა ნახეს, რომლებიც ვარჯიშობდნენ. მათ მაშინვე სასწრაფო დახმარების მანქანა გამოიძახეს და ექიმებს სამართალდამცავებიც მოჰყვნენ. ბიჭს თავი ბლაგვი საგნით ჰქონდა გატეხილი და ბევრი სისხლი დაეკარგა. ექიმებმა ის მაშინვე საავადმყოფოში გააქანეს და წასვლამდე ძალოვნებს დაუბარეს, დანაშაული აქ არ მომხდარა, სისხლი ბევრად მეტი უნდა იყოს, ის სხვაგან გათიშეს და აქ, უბრალოდ, დააგდესო. ეს ძიებისთვის მნიშვნელოვანი ინფორმაცია იყო. სანამ წაიყვანდნენ, მისი ჯიბეების გაჩხრეკაც მოხერხდა და ჯიბეში სტუდბილეთი იპოვეს. ბიჭი ფიზიკის ფაკულტეტზე სწავლობდა, სასწავლებლიდან მისამართი გაიგეს და ბინაზე მივიდნენ.

„ღმერთო ჩემო, გული მიგრძნობდა, რომ ყველაფერი ასე დასრულდებოდა. იმ გოგომ დაღუპა ჩემი შვილი... მითხარით, რომ არ მატყუებთ, მითხარით, რომ ცოცხალია“, -მოთქვამდა სტუდენტის დედა და იმის მიუხედავად, რომ სამართალდამცავები უმტკიცებდნენ, ბიჭი ცოცხალიაო, რეალურად, თავადაც არ იცოდნენ, მიიყვანა თუ არა სასწრაფო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში დაზარალებული ცოცხალი.

„ბიჭი რომ გამიჩნდა, მამამისმა ფეხი დაჰკრა და გაიქცა, რადგან ბავშვს დაუნის სინდრომის დიაგნოზი დაუსვეს, თუმცა მსუბუქ ფორმებში. მამამისს არ სჯეროდა, რომ ბიჭი გამოჯანმრთელდებოდა, მაგრამ ყველაფერი გავაკეთე, რომ ჩემი შვილი სრულფასოვანი მოქალაქე გაზრდილიყო. დაუნის სინდრომის მატარებლებს არცთუ იშვიათად, კონკრეტული მიმართულებით ნიჭი აქვთ და ჩემსას ფიზიკის ნიჭი აღმოაჩნდა. იკითხეთ, საუკეთესო სტუდენტია, დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებენ, ძალიან დიდს. ინსტიტუტის პროფესორი შინ იბარებს ხოლმე და ყოველგვარი გადასახადის გარეშე, დამატებით ამეცადინებს, მერე მე მეუბნება, მისგანაც ბევრ რამეს ვსწავლობო. ერთადერთი, რაც შეიძლება მინუსად ჩაითვალოს, ის არის, რომ მეგობრები არ ჰყავს, ურთიერთობა არ შეუძლია არავისთან, ძალიან გულჩათხრობილი და ჩაკეტილია. მთელი დღე თავდახრილი დადის, ირგვლივ ვერავის და ვერაფერს ამჩნევს. მიკვირს კიდეც, გვერდზე რომ არ იხედება, გზას როგორ აგნებს“, - ტირილით თქვა ქალმა და ისიც გაიხსენა, რომ მისი შვილი, იმ საღამოსაც პროფესორთან უნდა მისულიყო, დამატებითი მეცადინეობისთვის. სამართალდამცავებმა პროფესორი პირდაპირ ინსტიტუტში მოინახულეს და როცა მომხდარის შესახებ უთხრეს, მან გულზე მოიკიდა ხელი, მერე ერთი ამოიხრიალა, გენიოსი, გენიოსი კვდება, ხალხო, უშველეთო და... გულის შეტევით, ადგილზე გარდაიცვალა. მისი ოჯახის წევრებმა დაადასტურეს, რომ იმ დღეს, ბიჭი მათთან სამეცადინოდ არ მისულა და ამის გამო, პროფესორს მთელი ღამე არ ეძინა, მან სტუდენტის დედასაც დაურეკა, ისიც ნერვიულობდა და პროფესორსაც მთელი ღამე არ უძინია. გამოდიოდა, რომ დაზარალებულს პროფესორის სახლისკენ მიმავალ გზაზე შეემთხვა რაღაც, მაგრამ რა?

დედის თქმით, ბოლო ორი თვე, მისი შვილი შეიცვალა, მერე გამოტყდა, კურსელი გოგო მომწონსო, ის გოგო კი დასცინოდა და ბოლოს, თურმე, დაემუქრა, თუ ჩემს დევნას თავს არ დაანებებ, მეგობრებს ვეტყვი და გცემენო. თურმე, გოგოს არ მოსწონდა, ნიჭიერი, მაგრამ უცნაური ბიჭი მდუმარედ უკან რომ დაჰყვებოდა, სახლამდე რომ აცილებდა, მაგრამ გვერდით კი არ მიჰყვებოდა, არამედ 3-4 ნაბიჯით უკან. საჭირო იყო, გოგო დაეკითხათ.

„დაქალები დამცინოდნენ უცნაური თაყვანისმცემლის გამო და ამიტომ, მათ გასაგონად დავემუქრე, თორემ სინამდვილეში, გულის სიღრმეში, მეცოდებოდა და რაც მთავარია, მისი ყურადღება მსიამოვნებდა კიდეც. მსიამოვნებდა იმიტომ, რომ როგორი უცნაურიც იყო გარეთ, ასეთივე უცნაური იყო აუდიტორიაში და ყველას აოცებდა. ის ურთულეს რაღაცებს იმახსოვრებდა, აკეთებდა, ხაზავდა, წერდა, მოკლედ, აუდიტორიაში ნამდვილი ღმერთი იყო, გარეთ კი... ხმას ვერ ამოაღებინებდი. რამდენჯერმე, როცა მარტო ვიყავი და უკან მომყვებოდა, მასთან გასაუბრება ვცადე, კინოშიც  კი დავაპატიჟებინე თავი, დამპატიჟე და წამოვალ-მეთქი, მაგრამ ხმა არ ამოუღია, უბრალოდ, თავს დახრიდა უფრო დაბლა და მისმენდა. გული მწყდება, რომ ასეთ დღეშია, მაგრამ დამიჯერეთ, მე არაფერ შუაში ვარ“, - ამბობდა გოგონა და გამომძიებლები ვარაუდობდნენ, რომ გულწრფელი იყო.

ამასობაში, ექიმების დასკვნა მოვიდა, სადაც ეწერა, რომ ბიჭს თავი რაღაც ბლაგვი საგნით გაუტეხეს, საგანი, სავარაუდოდ, რკინის უნდა ყოფილიყო და დაზიანებული ბოლო უნდა ჰქონოდა. მათივე თქმით, ბიჭის ტანისამოსზე იყო მანქანის ზეთისა და ბენზინის ლაქები, იყო საბურავისგან დატოვებული ლაქაც ანუ ის ადგილამდე საბარგულით მიიყვანეს. ვერსია იმის შესახებ, რომ შეიძლება, მას დაეჯახნენ, დაეცა და თავი რაღაცას დაარტყა, გამოირიცხა. ექსპერტები ამბობდნენ, დარტყმა ზემოდან ქვემოთ განხორციელდა, მაშინ ბიჭს სალტო უნდა გაეკეთებინა ჰაერში და პირდაპირ თავით დაცემულიყო, რაც გამორიცხულიაო. ისინი იმასაც ამტკიცებდნენ, რომ თავდამსხმელი, ყველაზე ცოტა, 185 სანტიმეტრი უნდა ყოფილიყო, რადგან 170 სანტიმეტრი სიმაღლის მქონე ბიჭისთვის, ზემოდან ქვემოთ ისე დაერტყა, რომ მახვილი კუთხე არ გაეკეთებინა ანუ დარტყმა ჰორიზონტალურად იყო განხორციელებული.

რაც შეეხება ჯანმრთელობის მდგომარეობას, ბიჭი კომაში იმყოფებოდა, მაგრამ ექიმები ირწმუნებოდნენ, თუ სასწაული არ მოხდა, აუცილებლად გამოძვრება და გადავარჩენთო. საწყალი დედა საავადმყოფოს დერეფანში ცხოვრობდა, იქ ეძინა და სახლში ვერაფრით უშვებდნენ.

ის იყო, გამოძიებას ხელი უნდა ჩაექნია, რომ ყველასთვის მოულოდნელად, განყოფილებაში 30 წლამდე ქალი მივიდა და გამოაცხადა, დამნაშავეს ნუ ეძებთ, ბიჭს დარტყმა მე მივაყენე და პასუხსაც მე ვაგებო. სამართალდამცავებისთვის ეს ძალიან მოულოდნელი იყო, ქალს ფურცელი და კალამი მისცეს და სთხოვეს, აღიარებით ჩვენებაში ყველაფერი დეტალურად აღეწერა.

„მარტოხელა ქალი ვარ და ალკოჰოლთან სერიოზული პრობლემა მაქვს. იმ დღეს დავინახე ახალგაზრდა ბიჭი, მივედი, სიგარეტი ვთხოვე, მომაწოდა და ვუთხარი, თუ ერთ ბოთლ ღვინოს მიყიდი, შენთან ერთად დავლევ-მეთქი. ღვინო იყიდა, ზღვისკენ წავედით, ღვინოს ვწრუპავდით და უკვე სანაპიროზე, ხელი მომხვია, მერე კოცნა დამიპირა, მერე მიწაზე დამაგდო და გაუპატიურება დამიწყო. გამოვექეცი, გამომეკიდა, გზად რაღაც რკინის ნაჭერი დავინახე, ავიღე და რომ მომიახლოვდა, თავში ჩავარტყი. ძალიან შემეშინდა, იქაურობას სირბილით გავეცალე და რომელიღაც სანაგვე ურნაში, ის რკინაც გადავაგდე. ახლა კი, სინდისმა შემაწუხა და მოვედი, ვაღიარებ, რაც ჩავიდინე და გთხოვთ, მკაცრად ნუ დამსჯით“, - დაახლოებით ასეთი იყო „თავდამსხმელის“ აღიარებითი ჩვენება.

სამართალდამცავებმა ერთმანეთს გადახედეს. ის, რომ 165 სანტიმეტრი სიმაღლის გოგო იტყუებოდა, ცხადი იყო. დაზარალებული არც ეწეოდა და რაც მთავარია, ასე მარტივად კონტაქტში არავისთან შევიდოდა, არც ღვინოს იყიდდა და არც სასეირნოდ წავიდოდა. მით უმეტეს, ექსპერტები ამტკიცებდნენ, რომ დაზარალებული შემთხვევის ადგილზე საბარგულით მიიყვანეს და დატოვეს, თუმცა მედალს მეორე მხარეც ჰქონდა, გოგომ აშკარად იცოდა რაღაც და ის რაღაც უნდა ეთქმევინებინათ. მას მარტივად აუხსნეს, რომ ეს მკვლელობის მცდელობა იყო, რომ აღიარებითი ჩვენება ვერ უშველიდა და ციხეში, საუკეთესო შემთხვევაში, 7 წელს გაატარებდა. რა თქმა უნდა, ეს გაბუქებული ციფრი იყო, მაგრამ გოგოს შეეშინდა.

„რა?! ციხე? მე რომ მითხრეს, პირობითს მოგცემთო? ჩემი კლასელია, იმან მთხოვა აქ მოსვლა, სანაცვლოდ დამპირდა, ნაცნობი ექიმი მყავს და ალკოჰოლზე დამოკიდებულებისგან უფასოდ გიმკურნალებსო. ამიტომ მოვედი, თორემ არც ის ბიჭი მინახავს და არც თავში ჩამირტყამს. ამ დეტალებსაც ჩემი კლასელი მომიყვა“, -ერთ ამოსუნთქვაზე თქვა გოგომ და კლასელის მისამართიც დაწერა. ერთ საათში, გამომძიებლების წინ, კლასელი იჯდა.

„მთელი ცხოვრება ასეთი შტერი იყო და ახლაც შტერია, ელემენტარული რამ ვერ თქვა და დაიმახსოვრა. ათასჯერ ვუთხარი, პირობითს მოგცემენ ყველაზე ცუდ შემთხვევაში-მეთქი და მაინც ჩამიშვა. იმ დღეს სახლში ვბრუნდებოდი, ეს ბიჭი კი გზაზე თავდახრილი მიდიოდა. რამდენჯერმე დავუსიგნალე, არ გაიწია, გავბრაზდი, მეგონა, განგებ აკეთებდა, ამიტომ მანქანიდან გადმოვედი და ყვირილით ხელი ვკარი, შემომხედა, გაიღიმა და გზა ისევ სავალ ნაწილზე განაგრძო. გავცეცხლდი, ფეთქებადი ხასიათი მაქვს, მანქანიდან „მანტიროვკა“ გადმოვიღე და მოვუქნიე. არ ვიცი, რატომ, მაგრამ სწორედ იმ დროს მოტრიალდა და ზურგის ნაცვლად, თავში ჩავარტყი. სისხლმა რომ იფეთქა, შემეშინდა, საბარგულში ჩავტენე და ზღვაზე დავტოვე. სულ მეგონა, რომ მომაკითახვდნენ, გავიგე, რომ გადარჩა და... მინდოდა, საქმე დახურულიყო, ჩემი კლასელი შემხვდა, მითხრა, დამეხმარე, ალკოჰოლზე დამოკიდებულებისგან უნდა განვიკურნოო და მეც შევთავაზე, შენც დამეხმარე-მეთქი... ჰოდა, აგერ, დამეხმარა“, - თქვა დაკავებულმა, რომელსაც სასამართლომ 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ბიჭი კი გადარჩა, მაგრამ ფიზიკაში ისეთი წარმატებისთვის, გენიოსად რომ ეღიარებინათ, აღარ მიუღწევია.

 

ავტორი:ბათო ჯაფარიძე