როგორ აშანტაჟებდა ბიოლოგიური დედა შვილის გამზრდელს

კრიმინალი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

90-იანმა წლებმა საქართველოს ბევრი მოუშუშებელი იარა დაუტოვა. ომი სამაჩაბლოსა და აფხაზეთში, ძმათამკვლელი ომი თბილისში, ბანდების, შეიარაღებული ფორმირებებისა თუ საძმოების თარეში... ამას გარდა, არცთუ იშვიათი იყო გაუპატიურების შემთხვევები. ღამით, ქუჩაში მარტო გასვლა სახიფათო გახლდათ. შეიარაღებული ან ნარკოტიკული თრობის ქვეშ მყოფი პირები გოგონებს პირდაპირ ქუჩიდან იტაცებდნენ, აუპატიურებდნენ და მერე, ლამის გაქანებული მანქანებიდან ყრიდნენ. ეს არ იყო ერთეული შემთხვევა და არაერთი მათგანი დაორსულდა კიდეც. ვიღაცამ აბორტი გაიკეთა, ვიღაცამ შვილი გააჩინა, ვიღაცამ...

 

რუსთავის ერთ-ერთ კორპუსში, ქალმა მეზობლის ღია კარი შენიშნა, შევიდა და მეზობელი სამზარეულოს იატაკზე თაგახეთქილი ნახა. მაშინვე სასწრაფო გამოიძახა, მერე პოლიციაშიც დარეკა და შეეცადა, პირველადი დახმარება თავად აღმოეჩინა, თუმცა მხოლოდ ის მოახერხა, რომ ჭრილობაზე მარლა დაადო, მეტი ვერ გაბედა, ეგებ, განძრევა არ შეიძლებაო. ექიმები მალე მივიდნენ, პოლიციასაც კი დაასწრეს და ქალი საავადმყოფოში გადაიყვანეს. მეზობელმა ძალოვნებს ბევრი ვერაფერი უთხრა, არც ხმაური გამიგონია, არც სხვა რამ, უბრალოდ, დილით კარზე ზარის ხმა იყო, საჭვრეტში გავიხედე და დავინახე, ვიღაც ქალი იდგა კართან, აღარ დავინტერესებულვარ, რადგან ჩემი მეზობელი მარტოხელაა, კაცი რომ ყოფილიყო, ეგებ, კარგად შემეთვალიერებინა, მაგრამ ქალმა ინტერესი დამიკარგაო. მერე... მერე, გარეთ ნაგვის გადასაყრელად გავიდა, კარი შეღებული დახვდა, მეზობელს დაუძახა, რომ არ გააგონა, შევიდა და ეს სურათი დახვდა. ერთადერთი მოწმე ამბობდა, გამიჭირდება, მაგრამ ძალიან დიდია იმის შანსი, რომ სტუმარი ქალი ვიცნოო.

ამასობაში, სამართალდამცავებს საავადმყოფოს ექიმი დაუკავშირდა და მათთან საუბარი ისურვა.

„ეს ქალი კარგად მახსოვს. ასე, 14-15 წლის წინ, აქ სამშობიაროდ შემოიყვანეს, მე ქირურგი ვარ და იმის გამო, რომ შუქი არ იყო და საკეისრო კვეთა უნდა ჩატარებულიყო, მე დამიძახეს. ქალს ჭიპთან სპეციფიური ლაქა ჰქონდა, დიდი ხალივით, ტყლიპს რომ ვეძახით. ბავშვი ჯანმრთელი დაიბადა, ისეთი საყვარელი ბიჭი იყო, რომ... მაგრამ, როცა ქალმა სიარული შეძლო, ბიჭი დატოვა და წავიდა. მაშინ, მისი არც საბუთები გვქონდა, არც არაფერი, კი გახსოვთ, რა დრო იყო და ბიჭი უპატრონო ბავშვთა სახლში ჩავაბარეთ. ახლა კი, როცა ეს ქალი გააშიშვლეს იმის სანახავად, ჭრილობები სხვაგანაც ხომ არ ჰქონდა, მაშინვე ვიცანი იმ სპეციფიური ლაქით და ჩემ მიერ ჩატარებული საკეისრო კვეთის იარით. მოკლედ, ეს ქალია, ბავშვი რომ დატოვა და ეგებ, ძიებაში წაგადგეთ“, - განაცხადა ექიმმა.

ყველაზე ცუდი ის იყო, რომ ექიმი კონკრეტულ წელს კი იხსენებდა, როცა ქალმა იმშობიარა, მაგრამ თვე არ ახსოვდა და რაც მთავარია, იმდროინდელი არქივების მოძიებაც სერიოზული პრობლემა გახლდათ. არადა, იმ პერიოდში, ბავშვი ბევრმა დატოვა და სახელის და გვარის, ან თვის გარეშე ძიება წარმოუდგენელი იყო. ქალი აზრზე მეორე დღეს მოვიდა და აშკარად არ ესიამოვნა, როცა ოთახში სამართალდამცავები დაინახა. მეტიც, თავიდან ჩვენებაზე უარის თქმა დააპირა, ცუდად ვარო, მაგრამ ექიმმა უთხრა, საუბარი შეგიძლია და ჩვენების მიცემაც პრობლემა არ არისო. ქალი მიხვდა, რომ სხვა გამოსავალი არ ჰქონდა და საუბარი დაიწყო, მაგრამ აშკარად ჩანდა, რომ ყველაფერს მალავდა.

„სავარაუდოდ, სახლის კარი დამრჩა ღია, სამზარეულოში ვიყავი, როცა ნაბიჯების ხმა გავიგე, მოტრიალება ვერ მოვასწარი, თავში რაღაც მომხვდა და მერე აზრზე აქ მოვედი. ალბათ, ბინის გასაქურდად იყვნენ მოსულები და იმის ნაცვლად, რომ მათ ეძებდეთ, მე მომიწყვეთ დაკითხვა“, - განაცხადა ქალმა.

როცა სამართალდამცავებმა უთხრეს, რომ ეჭვი ქალზე ჰქონდათ, მან მხრები აიჩეჩა, აბა, მე რა ვიცი, ქალი იყო თუ კაცი, დანახვა ვერ მოვასწარი და ალბათ, მთელი სახლი გადატრიალებულია, ერთადერთი ოქროს საყურე მქონდა და იმასაც მომპარავდნენო. როცა ძალოვნებმა აუხსნეს, სახლიდან არაფერი წაუღიათო, თითქოს გაოცდა და გაუკვირდა, მაგრამ ყველაფერი ეს აშკარად ყალბი იყო ანუ მან ზუსტად იცოდა, ვინ იყო თავდამსხმელი, მაგრამ რაღაც მიზეზის გამო, არ ამბობდა. გამომძიებლებმა სამშობიაროში დატოვებული ბავშვის შესახებ ჰკითხეს და მან ხელი აიქნია, ისეთი დრო იყო, ბავშვი კი არა, თავის მოკვლა ვცადე რამდენჯერმე და არ გამომივიდაო.

სამართალდამცავები მიხვდნენ, მისგან ბევრს ვერაფერს გაიგებდნენ და ისევ ბავშვის ძიება დაიწყეს.

იმ პერიოდში, ბავშვთა სახლში აღნიშნული სამშობიაროდან ექვსი ჩვილი შევიდა, აქედან ოთხი გოგონა იყო, ორი ბიჭი, რაც მოკვლევას უფრო ამარტივებდა. დაზარალებულის მიერ დატოვებული ბავშვი ბიჭი იყო და ორში ერთი უნდა ეძებნათ. ორივეს მალე მიაგნეს, ორივე რუსთავში იყო გაშვილებული. ერთს დედ-მამა ჰყავდა, მეორეს - მხოლოდ დედა, მამა მაშინ გარდაეცვალა, როცა შვიდი წლის იყო. 15 წლის ბიჭები უზრუნველად იზრდებოდნენ, მართალია, დედა-შვილს ცოტა უჭირდა, მაგრამ მეზობლები ამბობდნენ, ერთმანეთზე მზე და მთვარე ამოსდით, საოცარი სიყვარული აქვთ და ეს ბიჭი, სწორედ დედის წყალობით, კარგი ვაჟკაცი დადგებაო. დაიწყო ორივე ბავშვის მშობლების შესწავლა და ძიება მარტოხელა დედაზე მალე გადაერთო. მან მომხდარიდან ორი კვირით ადრე, ბანკში 3-ათას ლარიანი სესხი აიღო, თუმცა მეზობლები ამბობდნენ, ღირებული არაფერი შეუძენია, ბიჭიც საჯარო სკოლაში დადის და ფული რისთვის დასჭირდა, ვერ გეტყვითო. ქალის სურათი მეზობელს აჩვენეს და იმან მხები აიჩეჩა, პროფილში დავინახე, აი, პროფილის სურათს თუ მომიტანთ, ვიცნობო და როცა მიუტანეს, დაბეჯითებით თქვა, დიახ, სწორედ ეს ქალი იყო იმ დღეს, ჩემს მეზობელთან სტუმრადო. მისი დაკითხვის დრო კი დადგა, მაგრამ თავის დაზღვევის მიზნით, ქალის სურათი დაზარალებულსაც ანახეს, აინტერესებდათ, რა რეაქცია ექნებოდა. ქალმა სურათს როგორც კი დახედა, სახე შეეცვალა, მაგრამ შემდეგ თავი მოთოკა და მშვიდად თქვა - პირველად ვხედავო. გამომძიებლები მიხვდნენ, რომ სწორ კვალზე იდგნენ და ეჭვმიტანილს დასაკითხად შინ მაშინ ეწვივნენ, როცა შვილი სახლში არ იყო. სამართალდამცავების დანახვამ ქალი აშკარად დააფრთხო, თუმცა მერე ოთახში შეუძღვა, თავი ხელებში ჩარგო და ატირდა.

„არ მინდოდა, მართლა არ მინდოდა... ეს ქალი ერთი თვის წინ გამომეცხადა და მითხრა, ჩემს შვილს ზრდიო. საიდან გაიგო, რომ ჩვენ ვიშვილეთ, ვერ გეტყვით, მაგრამ ზუსტად იცოდა. მეტიც, მითხრა, მუცელზე სპეციფიური ლაქა მაქვს და მაგასაც უნდა ჰქონდესო და ხომ ვიცოდი, რომ ჰქონდა, უარყოფას რა აზრი ჰქონდა. მერე მომიყვა, ახალგაზრდობაში მამამისი „პრისტუპნიკობდა“, იარაღით დარბოდა, გამაუპატიურა და გავაჩინეო. ახლა ის კაცი ბიზნესმენია,უზარმაზარი ფული აქვს და ეს მაშანტაჟებდა, თავისი შვილები არ ჰყავს, ორ გერს ზრდის და თუ გაიგებს, რომ ბიჭი ჰყავს, წაგართმევს, უშვილოდ დარჩებიო. 5 ათასი ლარი მომთხოვა სიჩუმის სანაცვლოდ. 3 ათასი ლარის სესხი ავიღე, მეტი არ მომცეს, ათასი ლარის ოქრო გავყიდე, დანარჩენი თანამშრომლებში ვისესხე. მერე ისევ მომადგა, ფული კიდევ მჭირდება, კიდევ 5 ათასი მომიტანე და თუ არ გაქვს, ბინა გაყიდეო. მივხვდი, ეს არასდროს დასრულდებოდა და შინ მივადექი. ვემუდარე, როგორც დედა დედას, იმან კიდევ, შენი შვილი სულ ფეხებზე მკიდია, ფული მჭირდებაო. გესმით? საკუთარ შვილზე თქვა, ფეხებზე მკიდიაო და მაშინ ვერ მოვითმინე, მაგიდაზე რაღაც შუშის ჭურჭელს ხელი წამოვავლე და თავში ჩავარტყი. მეგონა, მოკვდა, კარი ღია შეგნებულად დავტოვე, ვინმეს რომ შეემჩნია და შესულიყო. ის კაცი მართლა ძალიან მდიდარია, გავიკითხე, არ ვიცოდი, უდიდესი გავლენა აქვს, მაგრამ ახლა სიმსივნეს ებრძვის, დღე-დღეზე შეიძლება მოკვდეს და არ მინდა, მომაკვდავმა შვილი წამართვას“, - მოთქვამდა ქალი.

ისტორიას ინდური ფილმივით გაგრძელება ჰქონდა. სამართალდამცავებმა ეჭვმიტანილს სასამართლოზე ერთწლიანი პირობითი შეუფარდეს, თუმცა ამბავი გახმაურდა და „მდიდარი მამიკო“ შვილით დაინტერესდა, დნმ-ის ანალიზი საზღვარგარეთ ჩაატარებინა და როცა დადებითი პასუხი მიიღო, შვილს შემდეგ გამოეცხადა და აუხსნა, რომ მისი არსებობის შესახებ მართლა არაფერი იცოდა. სიკვდილამდე ერთი თვით ადრე, კაცმა ნამდვილ შვილს, ქონების ნახევარი ოფიციალურად გადაუფორმა, მეორე ნახევარი კი გერებს დაუტოვა.  

 

 

 

 

ავტორი-ბათო ჯაფარიძე