გორისა და დუშეთის მუნიციპალიტეტების აუდიტები - გენერალურ პროკურატურაში!

ეკონომიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

 

„ვერსია“ აგრძელებს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის იმ ანგარიშების შეხსენებას, რომლებიც უწყებამ გენერალურ პროკურატურაში გადააგზავნა. ამჯერად, გორისა და დუშეთის მუნიციპალიტეტების 2020-2021 წლების საქმიანობის შესაბამისობის აუდიტებს გთავაზობთ. სახელმწიფო მაკონტროლებლებმა ორივე მუნიციპალიტეტში გამოვლენილი დარღვევები, შემდგომი რეაგირების მიზნით, გენერალურ პროკურატურაში გადააგზავნეს.

 

დარღვევები გორის მუნიციპალიტეტში

აუდიტის შედეგად გაირკვა, რომ გორის მუნიციპალიტეტმა ვერ უზრუნველჰყო საბიუჯეტო გადასახდელების, მათ შორის, არაფინანსური აქტივების ზრდის პარამეტრების სათანადოდ დაგეგმვა და განხორციელება. შესაბამისი საბიუჯეტო მუხლის შესრულებას 2020-2021 წლებში, შესაბამისად, 18% და 24% დააკლდა. ამასთან, მუნიციპალიტეტმა დააგროვა არსებითი მოცულობის თავისუფალი ნაშთი.

„2020 წლის აპრილიდან 2022 წლის აპრილამდე პერიოდში, გორის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან არაავთენტური დოკუმენტაციის საფუძველზე, თანხები სისტემატურად ირიცხებოდა კონკრეტული ფიზიკური პირის ანგარიშებზე. შედეგად, ადგილობრივი ბიუჯეტიდან 375 000 ლარი არამართლზომიერად დაიხარჯა. მუნიციპალიტეტის ფინანსური მართვისა და კონტროლის სისტემამ ვერ უზრუნველჰყო ფაქტის გამოვლენა და თავიდან აცილება, რაც მის არასათანადო ფუნქციონირებასა და ფორმალურ ხასიათზე მიანიშნებს“, - ვკითხულობთ აუდიტის დასკვნაში.

გორის მუნიციპალიტეტში არსებობს ინფრასტრუქტურული პროექტების მართვის ხარვეზები. კერძოდ, 546 800 ლარის ღირებულების პროექტების განხორციელებისას, არ არის მიღწეული სამუშაოების დადგენილი ხარისხი, რითაც ობიექტების მდგომარეობა მოკლე პერიოდში გაუარესებულია.

გარდა ამისა, მუნიციპალიტეტმა არასათანადოდ წარმართა ინფრასტრუქტურული პროექტების დაგეგმვისა და მართვის პროცესები. შედეგად, 407 000 ლარის ღირებულების პროექტების განხორციელებისას, ვერ უზრუნველჰყო დასახული მიზნის მიღწევა.

„სამუშაოების სასწავლო წლის დაწყებამდე დასრულების მიზნით, გორის მერიამ განახორციელა გამარტივებული შესყიდვები, თუმცა ვერ მოახერხა პროცესის სწორად წარმართვა და მიმწოდებლების იმგვარი შერჩევა, რაც უზრუნველჰყოფდა სამუშაოების დროულად დასრულებას. 19-დან 15 სკოლის სარეაბილიტაციო სამუშაოები სასწავლო წლის დაწყებამდე არ დასრულდა. მათ შორის, დაგვიანდა 13 სკოლის სარეაბილიტაციო სამუშაოები, ხოლო ორი სკოლის შემთხვევაში, მიმწოდებლის მხრიდან სამუშაოების არაჯეროვანი შესრულების გამო, ხელშეკრულება შეწყდა“.

გორის მუნიციპალიტეტის მიერ დანერგილი კონტროლის მექანიზმები ზოგიერთ შემთხვევაში ვერ უზრუნველჰყოფდა სათანადო რწმუნების მიღებას შეძენილი საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მოქმედ სტანდარტებთან და ნორმებთან შესაბამისობაზე. მნიშვნელოვანი ხარვეზებით ჩაბარებული პროდუქტი გავლენას ახდენდა მიწოდების ვადებსა და სახელშეკრულებო ღირებულებაზე და აუარესებდა შემსყიდველის პირობებს.

„ინფრასტრუქტურული პროექტების საზედამხედველო მომსახურების შესყიდვისას, გორის მერიამ ვერ უზრუნველჰყო საბიუჯეტო სახსრების რაციონალური ხარჯვა. სატენდერო კომისიამ სათანადოდ ვერ დაასაბუთა პრეტენდენტის დისკვალიფიკაციის შესახებ გადაწყვეტილება, შეწყვიტა სატენდერო პროცედურები და გადაუდებელი აუცილებლობის მოტივით, გამარტივებული წესით, გაუარესებული პირობით (მაღალ ფასად) გააფორმა ხელშეკრულება, რის შედეგადაც 144 200 ლარი დაიხარჯა არაეკონომიურად“.

გორის მერიის მიერ სახელშეკრულებო პირობების განსაზღვრისა და მათ შესრულებაზე დანერგილი კონტროლის მექანიზმები ვერ უზრუნველჰყოფს მუნიციპალიტეტის ინტერესების დაცვას. ხელშეკრულების პირობების დარღვევისათვის დაკისრებული საჯარიმო თანხები შემცირებულია დაუსაბუთებლად. შედეგად, მუნიციპალიტეტის ბიუჯეტმა ვერ მიიღო 58 500 ლარის შემოსავალი.

„გორის მუნიციპალიტეტი ვერ უზრუნველჰყოფს სარგებლობის უფლებით გაცემული ქონების საფასურის სათანადო ადმინისტრირებას. რიგ შემთხვევებში მის მიერ გატარებული ღონისძიებები არასაკმარისია, რის გამოც 2021 წლის ბოლოს, მოსარგებლეების მიერ გადაუხდელი დავალიანება, ჯამურად - 228 700 ლარს შეადგენს. წინა პერიოდში გაფორმებული და მოქმედი ხელშეკრულებებით განსაზღვრული სარგებლობის საფასური არ შეესაბამება მიმდინარე საბაზრო ფასებს. ხელშეკრულებების ნაწილი არ ითვალისწინებს ქირის გადაუხდელობის/დაგვიანებით გადახდის შემთხვევაში პირგასამტეხლოს დაკისრებას, რაც უარყოფითად აისახება საფასურის ადმინისტრირებაზე. შედეგად, ადგილობრივი ბიუჯეტი კარგავს დამატებითი შემოსავლების მიღების შესაძლებლობას“.

სახელმწიფო აუდიტორებმა ისიც გაარკვიეს, რომ გორის მუნიციპალიტეტში არ ჩატარებულა ძირითადი საშუალებებისა და მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაცია. შედეგად არსებობს რისკი, რომ მუნიციპალიტეტის კუთვნილი ქონების დაკარგვის ან დაზიანების შემთხვევები დარჩეს შეუმჩნეველი, შესაბამისი რეაგირების გარეშე.

სამწუხაროდ, გორის მუნიციპალიტეტში არსებობს მოსახლეობის წყალმომარაგების პრობლემები: სასმელი წყლის მიწოდებას ახორციელებს არალიცენზირებული პირი, მოსახლეობის ნაწილს სასმელი წყალი არ მიეწოდება ან მიეწოდება შეფერხებით; მიწოდებული წყალი სრულად არ იწმინდება. გამრიცხველიანების მიუხედავად, წყლის გადასახადი არ იკრიფება, რაც იწვევს სასმელი წყლის უკონტროლო ხარჯვასა და დეფიციტს. შედეგად, საბიუჯეტო სახსრები წყალმომარაგებისათვის არაეკონომიურად და არაპროდუქტიულად იხარჯება.

 

დარღვევები დუშეთის მუნიციპალიტეტში

სახელმწიფო აუდიტის შედეგად გაირკვა, რომ დუშეთის მუნიციპალიტეტმა ვერ უზრუნველჰყო ბიუჯეტის გადასახდელების, მათ შორის, „არაფინანსური აქტივების ზრდის“ პარამეტრების სათანადოდ დაგეგმვა და შესრულება. აღნიშნული საბიუჯეტო მუხლის შესრულებას 2020-2021 წლებში, შესაბამისად, 31% დააკლდა. ამასთან, მუნიციპალიტეტმა დააგროვა არსებითი მოცულობის თავისუფალი ნაშთი.

„დუშეთის მუნიციპალიტეტში არსებობს ინფრასტრუქტურული პროექტების მართვის ხარვეზები. კერძოდ, 3 711 100 ლარის ღირებულების პროექტების განხორციელებისას, სამუშაოების ნაწილზე არ არის მიღწეული დადგენილი ხარისხი, რის გამოც ობიექტების მდგომარეობა მოკლე პერიოდში გაუარესებულია.

52 შესყიდვის შემთხვევაში, დუშეთის მერიამ ვერ უზრუნველჰყო შესყიდვების პროცესის სწორად წარმართვა, სავარაუდო ღირებულების განსაზღვრა და მიმწოდებლების შერჩევა სათანადო ბაზრის კვლევის საფუძველზე, მათ შორის, ხუთ შემთხვევაში ხელშეკრულებები გაუფორმდათ ისეთ მიმწოდებლებს, რომელთა გამოცდილების შესახებ მერია ინფორმაციას არ ფლობდა. აღნიშნულმა კომპანიებმა ვერ შეძლეს სამუშაოების დასრულება და მუნიციპალიტეტმა დროულად ვერ მიიღო დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტები“.

დუშეთის მუნიციპალიტეტში არსებული კონტროლის სუსტი მექანიზმების შედეგად, მერიამ ვერ უზრუნველყო სატენდერო დოკუმენტაციით დაწესებული მოთხოვნების დაცვა; მერიამ მიმწოდებლები შეარჩია და ხელშეკრულებები გააფორმა ისეთ კომპანიებთან, რომელთაც არ ჰქონდათ სათანადო გამოცდილება. შედეგად, 1 868 300 ლარის სამუშაოები ვერ შესრულდა, ხელშეკრულებები შეწყდა და მუნიციპალიტეტმა დროულად ვერ მიიღო დაგეგმილი სარგებელი.

„დუშეთის მუნიციპალიტეტმა სახელმწიფო შესყიდვების პროცესი წარმართა ხარვეზებით და დაარღვია მონაწილეთა შორის ჯანსაღი კონკურენციის პრინციპი. სატენდერო პირობები მოიცავდა შემზღუდავ და ბუნდოვან მოთხოვნებს, რომლებმაც შესაძლოა, გამოიწვია პოტენციურ მიმწოდებელთა ბაზრის შეზღუდვა და სახელმწიფო შესყიდვების მორგება კონკრეტული მეწარმე სუბიექტის ინტერესებზე.

მუნიციპალიტეტის სატენდერო კომისიამ შესყიდვების განხორციელების პროცესში ვერ უზრუნველყო საბიუჯეტო სახსრების რაციონალური ხარჯვა. პრეტენდენტის არასაკმარისად დასაბუთებული დისკვალიფიკაციის შედეგად მუნიციპალიტეტმა დაკარგა 36 700 ლარის ეკონომიის მიღების შესაძლებლობა“.

სახელმწიფო აუდიტორებმა გაარკვიეს, რომ დუშეთის მუნიციპალიტეტმა ინფრასტრუქტურული პროექტების დაგეგმვისას შეისყიდა 114 800 ლარის ღირებულების ისეთი საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია, რომელიც არ გამოუყენებია. პროექტების შეძენაზე გაწეული ხარჯი შეიძლება ჩაითვალოს არაეფექტიან ხარჯად. ამასთან, არსებობს რისკი, რომ დროთა განმავლობაში საქონლის საბაზრო ღირებულებისა და სხვადასხვა გარემოების (მათ შორის, ობიექტის მდგომარეობა) ცვლილების გამო, საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია გახდეს შეუსაბამო და კორექტირებისათვის საბიუჯეტო თანხები დამატებით დაიხარჯოს.

„დუშეთის მუნიციპალიტეტში არ არის დანერგილი სათანადო კონტროლის სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს უხარისხოდ შესრულებული საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის გამოვლენასა და მათზე სათანადო რეაგირებას. საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციაში არსებული ხარვეზები მნიშვნელოვნად ზრდიდა მიწოდების ვადებს და აზიანებდა შემსყიდველი ორგანიზაციის ინტერესებს.

მუნიციპალიტეტის საქმიანობა დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტების დასრულების, ასევე შეძენილი აქტივების განკარგვის მხრივ, მიმდინარეობს ხარვეზებით. დუშეთის მერიამ ვერ უზრუნველყო პროექტების ოპტიმალური დაგეგმვა, არაეფექტიანად დახარჯა 466 000 ლარი და პროექტების განხორციელებით დასახულ მიზანს ვერ მიაღწია.

ხელშეკრულების ვალდებულებების დარღვევისათვის დაკისრებული საჯარიმო თანხების ადმინისტრირების პროცესში, დუშეთის მუნიციპალიტეტმა სათანადოდ ვერ დაიცვა საკუთარი ინტერესები. მერიამ მიმწოდებლებს არ დაარიცხა საჯარიმო თანხა - 28 400 ლარი, ასევე ვერ უზრუნველჰყო 330 300 ლარის დარიცხული პირგასამტეხლოს მიღება“.

სახელმწიფო აუდიტორებმა გაარკვიეს, რომ დუშეთის მუნიციპალიტეტმა გამარტივებული შესყიდვის ხელშეკრულებები გააფორმა საზოგადოებრივი ღონისძიებების შეზღუდულ ვადებში განხორციელების საფუძვლით, თუმცა ვერ უზრუნველყო საპროექტო დოკუმენტაციისა და სამუშაოების დროული შესრულება. შესაბამისად, მოსახლეობას ინფრასტრუქტურული სერვისი მიეწოდა დაგვიანებით. 2020 წელს, „სოფლის მხარდაჭერის პროგრამა“ შესრულდა 66%-ით, ხოლო 2021 წელს - 69%-ით.

დაგეგმვასა და კონტროლში არსებული მართვის სისუსტეების გამო, დუშეთის მუნიციპალიტეტი დაფუძნებულ იურიდიულ პირებს მართავდა ხარვეზებით, კერძოდ, არ იყო დაცული ფულადი სახსრებისა და რესურსების ეკონომიურად გამოყენების ვალდებულება; რიგ შემთხვევაში, თანამშრომლების ფუნქცია-მოვალეობები ორგანიზაციის რეალურ საჭიროებებს არ შეესაბამებოდა.

„სამწუხაროდ, დუშეთის მუნიციპალიტეტის მიერ, მოსახლეობის წყალმომარაგების კუთხით გატარებული ღონისძიებები არასაკმარისია. სასმელი წყლის მიწოდებას ახორციელებს არალიცენზირებული პირი; მოსახლეობისთვის მიწოდებული სასმელი წყალი არ იწმინდება და მისი ხარისხი არ მოწმდება; დაწესებული არ არის წყლის გადასახადი, რის გამოც საბიუჯეტო სახსრები არაპროდუქტიულად იხარჯება.

ქონების განკარგვის პროცესი დუშეთის მუნიციპალიტეტში მიმდინარეობს ნაკლოვანებებით: ქონების ნაწილს, შესაბამისი ხელშეკრულების გარეშე, იყენებენ არაუფლებამოსილი პირები და ქირას მუნიციპალიტეტს არ უხდიან. მუნიციპალური შპს-ები მათზე უსასყიდლო უზუფრუქტით გადაცემულ ქონებას სასყიდლიანი სარგებლობით გასცემენ მუნიციპალიტეტთან შეთანხმების და ქონების გაქირავების რეალური საბაზრო ფასის დადგენის გარეშე“.

აუდიტორებმა გაარკვიეს, რომ დუშეთის მუნიციპალიტეტში, კანონმდებლობის მოთხოვნების შესაბამისად არ ჩატარებულა ძირითადი საშუალებების, მატერიალური ფასეულობებისა და ვალდებულებების ინვენტარიზაცია. შედეგად, არსებობს რისკი, რომ მუნიციპალიტეტის კუთვნილი ქონების დაკარგვის ან დაზიანების შემთხვევები დარჩეს შეუმჩნეველი, შესაბამისი რეაგირების გარეშე.

„დუშეთის მუნიციპალიტეტის მიერ, სამსახურებრივი უფლებამოსილების განსახორციელებლად გამოყენებული სატრანსპორტო საშუალებების რაოდენობა მნიშვნელოვნად აღემატება მუნიციპალიტეტის დადგენილებით განსაზღვრულ ოდენობას. მუნიციპალიტეტში დანერგილი კონტროლის მექანიზმები სრულად ვერ უზრუნველყოფს საწვავის მიზნობრივად ხარჯვას, რაც წარმოშობს საწვავის არასამსახურებრივი დანიშნულებით გამოყენების რისკებს.

2020-2021 წლებში, მუნიციპალიტეტმა საკრებულოს არათანამდებობის პირებზე უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ასანაზღაურებლად 111 800 ლარი გასცა შესაბამისი დოკუმენტური დადასტურების გარეშე, საბიუჯეტო პროცესის მარეგულირებელი საკანონმდებლო ნორმების შეუსაბამოდ“.

მუნიციპალიტეტმა ვერ დაასაბუთა, რა აუცილებელი საჭიროებით იყო განპირობებული მემორანდუმის ფორმით 20 000 ლარის საფინანსო-საკონსულტაციო მომსახურების შესყიდვა. მერია ვალდებული იყო პირველ რიგში გამოეყენებინა საკუთარი შრომითი რესურსი, ხოლო მოხელეების პროფესიული განვითარების საჭიროებისას, მომსახურება შეესყიდა მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

სახელმწიფო მაკონტროლებლების დასკვნით, დუშეთის მერიაში არსებული კონტროლის სუსტი მექანიზმების შედეგად, მუნიციპალიტეტში საბიუჯეტო პროცესი წარიმართა სხვადასხვა ხასიათის ხარვეზით. დაინტერესებულ პირებს არ მიეწოდათ ინფორმაცია პროგრამების შეუსრულებლობის მიზეზების შესახებ, არ შესრულდა საკანონმდებლო მოთხოვნა მუნიციპალიტეტის მოხელეთა პროფესიული განვითარების უზრუნველყოფისთვის.

კონტროლის სუსტი მექანიზმების გამო, დუშეთის მერიამ ვერ უზრუნველყო უნებართვო მშენებლობის ფაქტების დადგენა და სათანადო რეაგირება. შედეგად, უნებართვო მშენებლობის ფაქტები მერიამ − დაგვიანებით, ხოლო ზოგიერთ შემთხვევაში, საერთოდ ვერ გამოავლინა და მშენებლობის შეჩერების მიზნით არ განახორციელა სათანადო რეაგირება.

 

 

 

ავტორი-მაკა რუხაძე