შემოდგომის ერთი დღე(სასწაული) - კარდანახის ღვინის ფესტივალს სასტუმრო „ამპელომ“ უმასპინძლა

ეკონომიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

საქართველოში, სადაც ღვინოს უდიდესი დანიშნულება აქვს, რთველის ტრადიცია ჯერ კიდევ უძველეს ხანაში იღებს სათავეს, ამიტომ  შემოდგომა, რთველის გარეშე წარმოუდგენელია.  ეს დღესასწაული კიდევ ერთხელ გვახსენებს ჩვენს მრავალსაუკუნოვან ისტორიას და მდიდარ კულტურას, რაც საქართველოში გავრცელებული ყურძნის 500-ზე მეტი ჯიშსა და ღვინის დამზადების უნიკალურ წესს ეფუძნება. აღმოსავლეთ საქართველოში, რთველი სექტემბრის პირველი რიცხვებიდან იწყება და ოქტომბრის დასაწყისში ბოლო ფაზას უახლოვდება.  რამდენიმე წელია, ქართული ტრადიციების, ღვინის პოპულარიზაციისა და კომპანიების ხელშეწყობისთვის ტარდება სხვადასხვა ფესტივალები.

8 ოქტომბერს, ქართული მეღვინეობის უმთავრეს რეგიონში კახეთში, სოფელ კარდანახში, რომელიც ტრადიციული ღვინოებისათვის საუკეთესო ადგილად მოიაზრება, ღვინის ფესტივალი გაიმართა.  ორგანიზატორი და მასპინძელი ღვინის კომპანია „კარდანახი 1888“ და  სასტუმროამპელოიყო და მასში ღვინის 16 კომპანია მონაწილეობდა. გადმოცემის მიხედვით, ამ სოფელში ყოველ კარზე ვენახი იყო და მისი სახელწოდებაც აქედან მოდის - კარიდა ვენახი” – კარდენახი”.  ეს სოფელი გამორჩეულია იმით, რომ აქ 3 ადგილწარმოშობის ღვინო იწარმოება -ახოები, წარაფი და კარადანახი.

ფესტივალში მონაწილეობდნენ ადგილობრივი ღვინის  და ხელნაკეთი აქსესუარების მწარმოებელი კომპანიები. დილის 11:00 საათიდან  სტუმრებს საშუალება ჰქონდათ გაესინჯათ და დაეგემოვნებინათ ადგილობირივი მწარმოებლების მიერ წარმოდგენილი ღვინოები. მონაწილეობა მიეღოთ  ყურძნის დაწურვაში, ჭაჭის გამოხდა-დეგუსტაციაში,  ჩურჩხლის ამოვლებაში, კახური შოთის გამოცხობაში, მწვადის შეწვაში,  სხვადასხვა მასტერკლასებსა და აქტივობებში.  ღონისძიება  ცოცხალი მუსიკის თანხლებით გაიმართა.

სასტუმრო ამპელომ ფესტივალზე ვერსიასაც უმასპინძლა და ჩვენ ფესტივალის მონაწილეებს ვესაუბრეთ.

პირველი რესპონდენტებიმუკუზანის მარანისღვინის მწარმოებლები, ახალგზრდა წყვილი იყვნენ. გიორგი მანაგაძე და ნათია დიასამიძე ორგანულ ღვინოს 2019 წლიდან ყიდიან.

„2018 წელს გურჯაანის რაიონში, სოფელ მუკუზანში, შევიძინეთ ვენახი და ძველი სახლი, სადაც მოვაწყეთ მარანი. დავიწყეთ ვენახის ორგანული წესით მოვლა, ღვინოს ვაყენებთ ძველი ტრადიციული მეთოდით ქვევრში. ჩვენი მიზანია, რაც შეიძელება მინიმალურად ჩავერიოთ როგორც ვენახის მოვლაში, ასევე ღვინის დაყენების პროცესში. ჯერჯერობით წარმოების რაოდენობაში შეზღუდულები ვართ. ტონაზე ცოტა მეტს ვკრეფ, თუმცა, ყოველგვარი დანამატების გარეშეა. ნატურალური საწამლავით შეწამლული, როგორც ძველი ხალხი აკეთებდა, კირით, გოგირდით და შაბიამანით. მიწის დამუშავებაც კი ხელით ხდება, ბალახსაც არ ვებრძვით. ჯერჯერობით ღვინოს მხოლოდ „ნატურალური ღვინის მაღაზიაში“ ვყიდით. “ - გვიყვება გიორგი მანაგაძე.

ფესტივალზე ჩვენი ყურადღება, ხელნაკეთი აქსესუარების დახლმა მიიპყრო, რომლებიც ყურძნის მტევნის და დოქის მოტივებზე იყო შესრულებული. როგორც, ფატი კახნიაშვილი გვიამბობს, პროფესიით პედაგოგი და იურისტი იყო, თუმცა, სამსახური მიატოვა და 2018 წლიდან აქსესუარების შექმნა დაიწყო.

„ბრენდის კოცეფციაა მტევანი, ვაზი და ქვევრი, რომელიც  8 ათას წლიანი ისტორიის ირგვლივ არის აგებული. „ზილფი ჰენდმეიდი“ შეიქმნა  2018 წელს, სახელწოდება ბესარიონ გაბაშვილის ლექსის ამონარიდიდან, ზილფო კავებოდან წამოვიდა, ასევე, სულხან საბას ლექსიკონში ეს სიტყვა მოხსენიებულია, როგორც თავსამკაული. მეჩვიდმეტე საუკუნის მზითვის წიგნში, კი როგორც ხვეულა სამკაული.  პროფესიით ვარ პედაგოგი და იურისტი, 19 წლიანი სტაჟი მაქვს, იუსტიციის სახლში ვმუშაობდი. იქ მომივიდა ეს იდეა და წამოვედი სამსახურიდან იმიტომ, რომ ჩემთვის შინაგანად სიყვარული და ბედნიერება მოაქვს ამ ყველაფერს.

რამაც დამაწყებინა ეს საქმიანობა არის ნოსტალგია წარსულთან, მამაჩემი იყო ძალიან დიდი მოყვარული ვაზისა და ბავშობის მოგონებებმა გააღვიძა მტევნის სიყვარული, ამიტომ ეს მიმართულება ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. სახელოსნო მაქვს ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე, ძირითადად ვიყენებ თითბერს, ვერცხლს და ა.შ. ყველა ნიმუში არის ჩემი დიზაინის ბრენდირებული ყალიბებით და მხოლოდ მე ვიყენებ, ანალოგს სხვაგან ვერ ნახავთ. ხშირად დავდივარ ფესტივალებზე, ღვინის თემა პირდაპირ ჩემ საქმიანობას ეხმიანება, ამიტომ ვარ დღეს აქ.“

კარდანახის ღინის ფესტივალის ერთ-ერთი მონაწილე იყო ღვინის მწარმოებელი  ბრენდიალაზანი“, როგორც შევიტყვეთ, მათი ვენახების დიდი ნაწილი აქვე სოფელ კარდანახში მდებარეობს.

ქარხანამ ჯერ კიდევ 1970 წელს მიიღო კავკასიის რეგიონის უმსხვილესი ღვინის საწარმოს წოდება. კომპანიას 2016 წელს ახალი სიცოცხლე შთაებერა - გადამზადდა კადრები, აღიჭურვა ახალი დანადგარებით და დაინერგა ახალი ტექნოლოგიები, რომელიც საშუალებას იძლევა ღვინო დამზადდეს როგორც ტრადიციული ქართული, ასევე თანამედროვე ევროპული ტექნოლოგიებით. კომპანიის წარმომადგენლის თქმით, „ალაზანის” საწარმოში მრავალი სახეობის ღვინო იწურება, იქნება ეს ადგილწარმოშობის სახეობებისა თუ კასრისა და ქვევრის დამზადების ტექნოლოგიების მიხედვით. ამ ეტაპზე იგი ექსპორტზე გადის 3 კონტინენტზე (ევროპა, აზია, ჩრდილოეთ ამერიკა) და უცხოელებს სთავაზობს 34 სახეობის ქართული ღვინის დაგემოვნებას და ამით, ქართველების და ქართული ისტორიის გაცნობას. 

გიგა ბეროშვილის უცნაური და ამავდროულად ძალიან საინტერესო ხელნაკეთი ნივთები ერთ-ერთი უცხო ნამუშევრები იყო „კარდანახის ღვინის ფესტივალზე“. გიგას ხისგან დამზადებული სხვადასხვა ნივთები ჰქონდა წარდგენილი:

„ძირითადად ჩემი ნამუშევრები ფესტივალებზე მაქვს წარმოდგენილი, სიმართლე გითხრათ, ძალიან ხშირად არ იყიდება იმიტომ, რომ ეს საზოგადოებისთვის რაღაც ახალია, ალბათ, დამეთანხმებით, არც თქვენ შეხვედრიხართ ხშირად ხის საფულეებს. ერთი შეხედვით ვერ ხვდებიან რა არის, ეს ახალი კულტურაა, რომელსაც ვნერგავ, რათა ბარათი არ გაგვიტყდეს, უფრო დაზღვეულები ვიყოთ. პირადი მოხმარებისთვის გავაკეთე და მივხვდი, სხვასაც უნდა ჰქონოდა, კომფორტული საფულე. ასევე, წარმოდგენილი მაქვს ხელნაკეთი ქვევრები, მოგეხსენებათ, ქვევრი ჩვენი ტრადიციის განუყრელი ნაწილია და სიმართლე გითხრათ ეს უფრო ხშირად იყიდება. ძალიან მიყვარს ზოგადად ხეზე მუშაობა და ვცდილობ საინტერესო ნივთები შევქმნა. გვაქვს მზა ნივთები, რომელიც ნებისმიერ ადამიანს შეუძლია შეიძინოს და ასევე სოცილაური ქსელების მეშვეობის, შეუძლიათ დამიკავშირდნენ და სასურველი ნივთი შემიკვეთონ.“

გიგას ხელნაკეთი ხის საფულეების გვერდით საკმაოდ ლამაზი და თვალშისაცემი ვერცხლის სამკაულები იყო განთავსებული. გიორგი წიკლაური საკუთარი ხელით  ქმნის საოცრად განსხვავებულ სხვადასხვა ვერცხლის ნივთებს:

„ჩემი ნამუშევრები ვერცხლის, ნატურალური, ბუნებრვი ქვებითაა დამზადებული. ძირითადად მეც ფესტივალებზე ვაცნობ ხალხს ჩემს მიერ შექმნილ ნივთებს, უმეტესად შეკვეთაზე ვმუშაობთ, ყველა ადამიანის შეხედულება და გემოვნება ინდივიდუალურია, ამიტომ ჩვენ ყველას ვუმზადებთ სასურველ ნივთს, რასაც ისინი შეგვიკვეთავენ და რაც მათ აქვთ ჩაფიქრებული. საკმაოდ პოპულარულია ჩვენი სამკაულები საქართველოში და იმედი მაქვს სულ ასე გაგრძელდება.  გვაქვს „ფეისბუქ“ გვერდი Mr. George Jewellery, სადაც შეუძლია ნებისმიერ ადამიანს დაგვიკავშირდეს.“

სასტუმრო „ამპელოს“ ეზოში განლაგებულ დახლებზე გამორჩეული ნამუშევრები ჰქონდა ქალბატონ თამარ დურგლიშვილსაც, რომელიც ქართული ტყავით ამზადებს ჩანთებს.

„ჩემი ნამუშევრები საკმაოდ მოთხოვნადია, იქიდან გამომდინარე, რომ ვაკეთებ ქართული ტყავით, ასევე ვქარგავ სხვადასხვა, მრავალფეროვანი ქართული ორნამენტებით. ძალიან პოპულარულია, როგორც საქართველოში, ასევე სხვადასხვა ქვეყნებში. უდიდესი ისტორია და ძველი ტრადიციები სწორედ ამ ტყავში ცოცხლდება. ბერლინში უკვე მეორედ გაგვაქვს ჩვენი ნამუშევრები და რამოდენიმე ქვეყანაშიც იგეგმება მისი გატანა. საქართველოს მასშტაბით ნებისმიერ ადამიანს შეუძლია დაგვიკავშირდეს ჩვენს „ფეისბუქ“ გვერდზე „თანი“ და შეუკვეთოს სასურველი ნივთი.“

კარდანახის ღვინის ფესტივალს უამრავი სტუმარი ჰყავდა. საუკეთესო ღვინის დეგუსტაციით ამაღლებულ განწყობას კიდევ უფრო ახალისებდა ქართული ხალხური სიმღერები. სასტუმრო „ამპელოს“ ულამაზესი აივნებიდან მზით გაჩახჩახებული კახეთის მშვენიერი პეიზაჟი კი შემოდგომის დღესასწაულის ღვთიური საჩუქარი იყო, სტუმრებსაც და მასპინძლებსაც მომავალი შეხვედრების იმედით რომ ავსებდა.

  

ავტორები: ია გრიგალაშივილი, ანი სარდლიშვილი

სპეციალურად „ვერსიისთვის“ კარდანახიდან