ვინ არის და რა ქონებას ფლობს მომავალი გენერალური აუდიტორი - უცნობი და ნაცნობი ფაქტები ცოტნე ყავლაშვილზე

ეკონომიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ავტორი: მაკა რუხაძე

 

20 სექტემბერს, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალურ აუდიტორს, ირაკლი მექვაბიშვილს უფლებამოსილების ხუთწლიანი ვადა ამოეწურა. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა, საკანონმდებლო ორგანოს  ფინანსთა მინისტრის მოადგილის, ცოტნე ყავლაშვილის კანდიდატურა წარუდგინა. მიმდინარე კვირაში, საქართველოს პარლამენტი ახალ გენერალურ აუდიტორს აირჩევს.

გენერალური აუდიტორის წარდგენა

როგორც ვთქვით, პარლამენტის თავმჯდომარემ კოლეგებს გენერალური აუდიტორის პოსტზე, ქვეყნის ფინანსთა მინისტრის მოადგილის, ცოტნე ყავლაშვილის კანდიდატურა წარუდგინა. შალვა პაპუაშვილს იმედი აქვს, რომ საჯარო უწყებების მთავარი  მაკონტროლებლის თანამდებობაზე, მის მიერ წარდგენილ კანდიდატურას ოპოზიციაც მხარს დაუჭერს.

„მიმდინარე წლის 20 სექტემბერს, უფლებამოსილების ვადა ამოეწურა სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მოქმედ გენერალურ აუდიტორს. მინდა, მადლობა გადავუხადო ბატონ ირაკლი მექვაბიშვილს, გაწეული საქმიანობისთვის. გენერალური აუდიტორის თანამდებობაზე მისი საქმიანობის პერიოდში, სახელმწიფო აუდიტის სამსახური განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა. შესაბამისად, დღეს, ყველა ობიექტური კვლევით, სახელმწიფო აუდიტის სამსახური უმაღლეს შეფასებებს იმსახურებს. კერძოდ, ევროკავშირის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის მიერ, 2022 წელს განხორციელებული ერთობლივი შეფასებით, სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა მაქსიმალური 4 ქულიდან - 3.4 ქულა მიიღო. მსოფლიო ბანკის დამოუკიდებლობის ინდექსის მიხედვით, საქართველოს სახელმწიფო აუდიტის სამსახური მაქსიმალური 10 ქულიდან - 9.5 ქულით შეფასდა. მინდა, ამ შედეგებისთვის ბატონ ირაკლი მექვაბიშვილსა და სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ყველა თანამშრომელს განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

საქართველოს კონსტიტუციისა და პარლამენტის რეგლამენტის თანახმად, გენერალური აუდიტორის კანდიდატურის დასახელება პარლამენტის თავმჯდომარის ექსკლუზიური უფლებამოსილებაა. სწორედ ამ უფლებამოსილების ფარგლებში, გენერალური აუდიტორის თანამდებობაზე ასარჩევად, შალვა პაპუაშვილმა ცოტნე ყავლაშვილის კანდიდატურა წარადგინა.

„წლების განმავლობაში, ბატონი ცოტნე ფინანსთა სამინისტროში მუშაობდა. ის არის მაგალითი პროფესიონალი და კეთილსინდისიერი საჯარო მოხელისა, რომელმაც 15 წლის განმავლობაში, რიგითი სპეციალისტიდან მინისტრის მოადგილეობამდე, საჯარო სამსახურის ყველა საფეხური გაიარა. მინისტრის მოადგილის რანგში, მისი ზედამხედველობის ქვეშ იყო აუდიტორული საქმიანობები და ის სიღრმისეულად იცნობს ამ სფეროს. 2013 წლიდან, ცოტნე ყავლაშვილი სახელმწიფო ხაზინის უფროსი გახლავთ. ამასთან, ბატონ ცოტნეს საერთაშორისო და დონორ ორგანიზაციებთან, ასევე, საფინანსო სტრუქტურებთან ურთიერთობისა და თანამშრომლობის დიდი გამოცდილება აქვს“.

შალვა პაპუაშვილის განცხადებით, სახელმწიფო აუდიტის სამსახური ერთ-ერთი მთავარი ინსტრუმენტია, რომელიც პარლამენტის თითოეულ წევრს, სახელმწიფო სახსრების ხარჯვის მართლზომიერებასა და ეფექტიანობაზე ზედამხედველობის განხორციელებაში ეხმარება. აქედან გამომდინარე, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ის ნაყოფიერი თანამშრომლობა, რომელიც პარლამენტსა და სახელმწიფო აუდიტის სამსახურს შორის ჩამოყალიბდა, იგივენაირად გაგრძელდეს.

„აბსოლუტურად გაცნობიერებული მაქვს ის უდიდესი პასუხისმგებლობა, რაც დამტკიცების შემთხვევაში დამეკისრება. ძალისხმევას არ დავიშურებ, რომ ეს უმნიშვნელოვანესი და წარმატებული ინსტიტუტი, კიდევ უფრო ეფექტიანი და წარმატებული იყოს“, - განაცხადა ცოტნე ყავლაშვილმა პარლამენტში, სპეციალურ ბრიფინგზე.

მომავალმა გენერალურმა აუდიტორმა მადლობა გადაუხადა პარლამენტის თავმჯდომარეს ნდობისთვის და ფინანსთა სამინისტროს გუნდს, სადაც 16 წლის განმავლობაში მუშაობდა.

„16 წელი გავატარე ამ სამინისტროში, სხვადასხვა თანამდებობაზე და საკმაოდ ემოციურია ჩემთვის ამ გუნდის დატოვების პერსპექტივა. ცალკე გამოვყოფ ხაზინას, რომლის უფროსიც, თითქმის 10 წელი გახლდით და მადლობას გადავუხდი ხაზინის თითოეულ თანამშრომელს. ჩვენ ძალიან ბევრი გავაკეთეთ ქვეყნის ფისკალური მდგრადობისთვის, ასევე, საბიუჯეტო სექტორში აღრიცხვიანობის მოწესრიგებისა და ბიუჯეტის გამჭვირვალობისთვის“, - აღნიშნა ყავლაშვილმა.

მოქმედი რეგლამენტის მიხედვით, ხუთწლიანი ვადით, გენერალურ აუდიტორს პარლამენტი სრული შემადგენლობის უმრავლესობით, 76-ხმიანი კვორუმით ირჩევს.

 

ვინ არის და რა ქონებას ფლობს ცოტნე ყავლაშვილი

საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე, სახაზინო სამსახურის უფროსი, ცოტნე ყავლაშვილი დაიბადა 1983 წლის 19 იანვარს, თბილისში. 2015 წლიდან დღემდე, საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილეა. 2000-2004 წლებში, ცოტნე ყავლაშვილი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ეკონომიკის ფაკულტეტზე სწავლობდა, 2004-2006 წლებში - თსუ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის მაგისტრის აკადემიური ხარისხი მოიპოვა,  ფლობს ინგლისურ და რუსულ ენებს.

რაც შეეხება პროფესიულ გამოცდილებას, 2013 წლიდან დღემდე, ცოტნე ყავლაშვილი სახაზინო სამსახურის უფროსი გახლდათ; მანამდე, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბიუჯეტო დეპარტამენტის უფროსის მოადგილე და ფისკალური პროგნოზირების დეპარტამენტის უფროსი იყო; 2008-2012 წლებში - ფინანსთა სამინისტროს საბიუჯეტო დეპარტამენტის უფროსის მოადგილე; 2007-2008 წლებში - ფინანსთა სამინისტროს საბიუჯეტო დეპარტამენტის საბიუჯეტო პოლიტიკისა და ნაერთი ბიუჯეტის ფორმირების სამმართველოს მთავარი სპეციალისტი; 2007 წელს - ფინანსთა სამინისტროს საბიუჯეტო დეპარტამენტის საბიუჯეტო პოლიტიკისა და ნაერთი ბიუჯეტის ფორმირების სამმართველოს უფროსი სპეციალისტი; 2006-2007 წლებში - ფინანსთა სამინისტროს საბიუჯეტო დეპარტამენტის საბიუჯეტო პოლიტიკისა და ნაერთი ბიუჯეტის ფორმირების სამმართველოს სპეციალისტი; 2006 წელს - ფინანსთა სამინისტროს საბიუჯეტო დეპარტამენტის ტერიტორიული ერთეულების ბიუჯეტების სამმართველოს სპეციალისტი; 2005-2006 წლებში - საქართველოს რკინიგზის რესტრუქტურიზაციის დამხმარე პროექტის (განმახორციელებელი Booz Allen Hamilton, USAID-ის დაფინანსებით) ექსპერტის თანაშემწე გახლდათ.

ცოტნე ყავლაშვილს ჰყავს მეუღლე და სამი შვილი. ქონებრივი დეკლარაცია, რომელსაც ახლა შემოგთავაზებთ, ახლადშევსებულია - სახელმწიფო ქონებრივი დეკლარაციების საიტზე მიმდინარე წლის 31 აგვისტოსაა ატვირთული. დეკლარაციიდან ირკვევა, რომ მეუღლის, სალომე მედოიძის წლიური შემოსავალი, რომელიც ს/ს სადაზღვევო კომპანია „ალდაგის“ დებიტორებთან ურთიერთობის მართვის სამსახურის უფროსია, 45 310 ლარია, ხოლო მისი წლიური შემოსავალი, როგორც ფინანსთა მინისტრის მოადგილის და სახაზინო სამსახურის უფროსისა - 69 948 ლარი გახლავთ.

ზუსტად ერთი წლის წინ - 2021 წლის 31 აგვისტოს შევსებული დეკლარაციიდან ირკვევა, რომ სალომე მედოიძე 100%-იანი წილის მფლობელია 57.4 კვ.მ. ფართის ბინისა, რომელიც დიდ დიღომში. მეფე მირიან მეფის ქუჩაზე მდებარეობს. ეს ბინა 2008 წელს, 34 200 აშშ დოლარად შეუძენია. ამავე მისამართზე, რამდენიმე თანამესაკუთრესთან ერთად, სალომე მედოიძე ავტოფარეხსაც ფლობს, რომელიც 2010 წელს, 6 300 აშშ დოლარად შეიძინა. ცოტნე ყავლაშვილის მეუღლე კიდევ ერთ მიწის ნაკვეთს ფლობს თბილისში, ლილოს დასახლებაში, რომელიც 2016 წელს, 60 000 ლარად შეუძენია. თავად ცოტნე ყავლაშვილი თბილისში, სოფელ დიღომში, 1 100 კვ.მ. მიწის ნაკვეთის 100%-იანი წილის მფლობელია, რომელიც 2014 წელს, 47 300 აშშ დოლარად შეუძენია.