მილიონერი დეპუტატის ქონება - ხუთი ბინა თბილისში, საკუთრებაში არსებული 13 კომპანია და მშობლების სოლიდური ფულადი საჩუქარი

ეკონომიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ნინო წილოსანის ქონებრივი დეკლარაცია

„მამიკოს გოგო“, „ლამაზი თოჯინა“ - ეს იმ თიკუნების არასრული ჩამონათვალია, რომლებითაც ოპონენტები „ქართული ოცნების“ დეპუტატს და ახლა უკვე „ქალთა ორგანიზაციის“ თავმჯდომარეს, ნინო წილოსანს ამკობენ. ნინო წილოსანი საკმაოდ ხისტი, მკვეთრი პოზიციით გამოირჩევა და არც ოპონენტებთან პოლემიკას გაურბის, რის გამოც ოპონენტები დაუფარავად აქილიკებენ. წლების წინ, „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ ერთ-ერთი კვლევის მიხედვით, ნინო წილოსანის ქონება, დაახლოებით, 2 მილიონ აშშ დოლარად შეფასდა და მილიონერ დეპუტატთა პირველ ხუთეულში დასახელდა. „ვერსია“ გთავაზობთ ნინო წილოსანის ქონების განხილვას, მის მიერვე შევსებული დეკლარაციის მიხედვით. თუმცა, მანამდე, დეპუტატის ბიოგრაფიას გადავავლოთ თვალი.  

 

ნინო წილოსანის ბიოგრაფია

ნინო წილოსანი 1982 წლის 19 თებერვალს, თბილისში დაიბადა. 2002 წელს, დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების ფაკულტეტი; 2007 წელს, გაიარა აუდიტის სასწავლო კურსი (Association of Chartered Cerified Accountants); 2015 წელს, ოქსფორდის უნივერსიტეტში შეისწავლა პოლიტიკის საწყისები.

2003-2007 წლებში - მუშაობდა ს/ს ელექტროვაგონშემკეთებელ ქარხანაში, საფინანსო-ეკონომიკური განყოფილების უფროსად; 2008-2011 წლებში - „ვაგონმშენებელი კომპანიის„ საფინანსო-ეკონომიკური დეპარტამენტის უფროსად; 2008-2016 წლებში - შპს „ვაგონშემკეთებელი კომპანიის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარედ; 2012-2016 წლებში - ვაგონმშენებელი კომპანიის საფინანსო-ეკონომიკური სამსახურის უფროსად.

2016-2020 წლებში, ნინო წილოსანი საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის წევრია, საარჩევნო ბლოკიდან: „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“, მაჟორიტარული სიით; 2020 წლიდან კი - საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრია, საარჩევნო ბლოკიდან: „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“, პარტიული სიით.

 

რა ქონებას ფლობს დეპუტატი

სულ ბოლო ქონებრივი დეკლარაცია ნინო წილოსანმა 2024 წლის 31 იანვარს შეავსო. დეკლარაციიდან ვიგებთ, რომ ჰყავს სამი შვილი: თემურ, ნიკოლოზ და მარიამ აბულაძეები.

დეპუტატის საკუთრებაში ორი, ძივრადღირებული არასაცხოვრებელი ფართი თბილისში და ერთი მიწის ნაკვეთი დაბა ურეკში, ასევე 224.7 კვ. მეტრი ფართობის ბინა თბილისში, თამარაშვილის ქუჩაზე, რომელიც 2014 წელს, 250 000 ლარად შეუძენია.

დეკლარაციის მიხედვით ირკვევა, რომ ნინო წილოსანს აქვს დანაზოგი, როგორც დოლარში, ასევ ლარში - 183 000 აშშ დოლარი და 130 000 ლარი.

ნინო წილოსანის საკუთრებაშია 13 კომპანია. მათგან მხოლოდ ორისგან მიუღია წლიური შემოსავალი - 43 734 ლარის და 62 700 ლარის ოდენობით, დანარჩენი ქონება იჯარით ჰქონია გაცემული და შესაბამისად, შემოსავალსაც იღებს.

ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, ნინო წილოსანის, როგორც საქართველოს პარლამენტის დეპუტატის წლიური შემოსავალია 53 449 ლარი. აქვე, იმასაც ვიგებთ, რომ „საქართველოს ბანკში“ აქვს იპოთეკური სესხი 180 000 აშშ დოლარის ოდენობით და მის საკუთრებაში არსებული ყველა კომპანია გაცემული აქვს იჯარით, მათგან მხოლოდ ოთხი კომპანიის შემთხვევაში იღებს წლიურ შემოსავალს - 5 500 ლარის, 37 727 ლარის, 63 176 ლარის და 222 046 ლარის ოდენობით.

რაც შეეხება ავტომობილს, დეკლარაციის მიხედვით ირკვევა, რომ 50 000 ლარად შეძენილი „ტოიოტა“, 2023 წელს, ნინო წილოსანს 26 200 აშშ დოლარად გაუსხვისებია.

დეკლარაციაში აღნიშნულია, რომ მშობლებისგან საჩუქრის სახით, დეპუტატს 83 000 აშშ დოლარი მიუღია.

რაც შეეხება შვილების სწავლის საფასურს, დეკლარაციიდან ირკვევა, რომ უფროსი შვილი, თემურ აბულაძე დიდ ბრიტანეთში სწავლობს. შესაბამისად, მისი საცხოვრებელი ფართისა და სწავლის საფასურის სახით, ნინო წილოსანს 20 588 ბრიტანული ფუნტი გადაუხდია, მარიამ აბულაძის სწავლის საფასური - 15 968 ლარი, ხოლო ნიკოლოზ აბულაძის სწავლის საფასური - 22 241 აშშ დოლარია.

ავტორი: მაკა რუხაძე