რას აპირებს საარჩევნოდ და რა პრეტენზიები აქვს ნიკა მელიასთან თაკო ჩარკვიანს

პოლიტიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

„ვერსია“ აგრძელებს პოლიტიკური პარტიების საარჩევნო გეგმების გარკვევას. ამჯერად, პარტია კანონი და სამართლის ლიდერ თაკო ჩარკვიანს ვესაუბრეთ:

- ქალბატონო თაკო, რა გეგმები გაქვთ საარჩევნოდ? აპირებთ, ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან ერთად მონაწილეობას საპარლამენტო არჩევნებში?

- ჯერჯერობით, მაინც თავს შევიკავებ. რაც შეეხება პარტნიორობას, დიდი ხანია, 2018 წლიდან ვპარტნიორობ ნაციონალურ მოძრაობასთან, მაგრამ მისი სიით არ გავედი. შემოთავაზება იყო წინა საპარლამენტო არჩევნებში, მაგრამ მაშინ ვამჯობინე, ცალკე გავსულიყავი. პარიტეტზე ბლოკი შევქმენით და გავედი პარტია კანონი და სამართლის მანდატით. ვნახოთ, რა და როგორ იქნება, ჯერჯერობით, ამაზე საუბარი არ შეიძლება, რადგან წინ არის რეფორმებზე საუბარი და ვნახოთ, რას მოიტანს პროცესი, იმის მიხედვით შემეძლება, ვთქვა...

- ქალბატონო თაკო, NDI-ს ახალი კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 62% მიიჩნევს, რომ არც ერთი პარტია მის ინტერესებს არ გამოხატავს. ასევე დაბალ ნიშნულზეა ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერთა მონაცემი - 4%. როგორ შეაფასებთ ყველაფერ ამას?

- დაახლოებით ვიცი, რა პერიოდში ჩატარებული კვლევაა...

- ოქტომბერ-ნოემბერში...

- კი, ბატონო. ეს, გარკვეულწილად, გამოიწვია იმ ალიაქოთმა... მე საერთოდ ლეგიტიმურობის მიხედვით ვსაუბრობ ყოველთვის და ვერასდროს, ვერაფერს დააბრალებ არჩეულ და ლეგიტიმურ თავმჯდომარეს. ვიღაცას მოსწონს თუ არა, ის,  ენმ-ის ამომრჩეველმა აირჩია  და მე პატივს ვცემ მათ არჩევანს...

ყველაფერი ეს გამოიწვია ამ ჩანერგილი... მე დიდი ხანია, ამაზე ვსაუბრობ - ეს გახლავთ ნიკანორ მელია. ნაციონალურ მოძრაობას ასეთი პერიოდი ჰქონია, მაგალითად, 2016 წელს. მე პირადად ძალიან დასუსტებულ ენმ-ს დავუდექი გვერდით 2018 წელს, საპრეზიდენტო არჩევნებში. ძალა ერთობით, გაერთიანებით ხალხი გვენდო და ისე წამოსწია წელი ნაციონალურმა მოძრაობამ (მაშინ ნიკა მელია არ იყო თავმჯდომარე), დავდეთ მეორე ტური, პრაქტიკული გამარჯვება იყო...

როცა გაერთიანებაზე  ვსაუბრობდი, ხაზარაძე და გახარია აყოლებდნენ ხოლმე - „გავერთიანდეთ, ოღონდ“... ამ „ოღონდ“-ს რომ აყოლებ, ეს გაერთიანება აღარაა. მე ვამბობ, რომ რადგან რუსეთთან ომში ვართ, გავასწოროთ კომპასის ისრები. ესენი საკუთარ რაღაცებზე ფიქრობენ და ამას ხალხი რომ ხედავს, ნდობა არის აი, ასეთი. ამიტომ, ხალხზე დაბრალება არის უდიდესი შეცდომა, ე.ი. შენ ვერ აკეთებ რაღაცას კარგად, ხალხი კი არა... ოპოზიცია ასეთ კინკლაობას რომ აჩვენებს...

ვიღაცის არასწორ საქციელს ყოველთვის ვპასუხობ. მაგალითად, მიმაჩნია, შენ ნიკა მელია რომ ხარ და რომ გადაგირჩიეს, უნდა გაჩერდე და პარტიის ლანძღვა არ უნდა გააგრძელო. არ უნდა ამას ბევრი ლაპარაკი. რა უბედურება ქნა ამ ბიჭმა, რა სამარცხვინოდ წავიდა?! არ მოგწონს, არ ეთანხმები, გავიგეთ, მაგრამ გადაგირჩიეს და როგორ შეიძლება, ასე რაღაცას გამოეკიდო?.. სააკაშვილი მიემხრო ლეგიტიმურ თავმჯდომარეს ანუ პოზიცია იმ კაცმა გამოხატა, პარტიის ლიდერმა და ვინ ხარ, ბოლოს და ბოლოს, შენ? რა უფლება გაქვს, რომ ასე არყევ ყველაფერს?!

გასწორდება ყველაფერი, ნაციონალური მოძრაობა ისევ მოიკიდებს ფეხს...

საინტერესო რაღაცას გეტყვით, რაც პრესით არ გამიჟღერებია... რომ განაცხადა მელიამ, ვტოვებ წარსულს და მივდივარ მომავალშიო, მე ვიხუმრე - მოავლო ხელი 2009-2012 წლებში იმ ავადსახსენებელი ციხის კადრების დროს მთავარ პროკურორ მურთაზ ზოდელავას და პოლიციის აკადემიის ყოფილ უფროსს და „წევიდნენ მომავალში“-მეთქი. რა მაინტერესებს, იცით? - ამ წარსულს ვის უტოვებენ - მე, ყოფილ ოპოზიციონერს? აბა, ვის მოვთხოვო პასუხი - ირაკლი ფავლენიშვილს, ლევან ხაბეიშვილს, ლაშა ფარულავას, ვასო ურუშაძეს, იგორ ნარმანიას, თუ ვის?!  იქ არის ახალი გუნდი და ახლებიდან ვის მოვთხოვო წარსულზე პასუხი? გამოვიდა ვანო მერაბიშვილი და თქვა, პრემიერობა მინდაო? აბა, 7 წელი რომ მოიხადა სასჯელი და გამოვიდა, თავის პარტიას უგულშემატკივრებს, ჩემსას ხომ არა?..

ხალხი მელიას ამ ტყუილებს უყურებს და არავინაც არ აჰყვა, მაგრამ მთლიანად პროცესი დააზიანა, ყველა პარტიას მიაყენა ზიანი.

- ანუ, სრულიად ოპოზიციის მიმართ გაუჩნდა ხალხს უნდობლობა?

- დიახ, ხალხი ამბობს, რომ აღარ შეიძლება ასე... ამიტომ, სრულიად ოპოზიცია გათხვარა ამ ბიჭმა. ამას მთელი ობიექტურობით ვამბობ... თუ საქმე წარსულზე მიდგა, ფრთხილად ილაპარაკონ, განსაკუთრებით მაშინ, როცა მე ვესაუბრები და ჩემნაირები. ფრთხილად ისაუბროს ხაზარაძემაც, რომელიც შეზრდილი იყო იმ ხელისუფლების დროს სისტემას და მით უმეტეს, ნიკანორ მელია, რომელიც აღსრულების ბიუროს ხელმძღვანელი იყო, ადეიშვილის დროს.

- მიიჩნევთ, რომ მელიას პოლიტიკური პერსპექტივა არ აქვს? აქვე შეგახსენებთ, რომ მელიას მხარდამჭერები ტოვებენ პარტიას დედაქალაქშიც და რეგიონებშიც...

- უთუოდ არ აქვს... პოლიტიკა იცით, როგორაა? – „იგი წავა და სხვა მოვა, ტურფასა საბაღნაროსა“. იდეა და პარტიის დამფუძნებელი თავის ადგილზეა. იმ იდეის მიმდევრები არიან და მიხარია, რომ პარტიაში განახლებული გუნდი მივიდა, ასაკითაც კი განახლებულია... იგივე, გიორგი ვაშაძე ვიღაცას მოსწონს თუ არა, სისხლთან და რაიმე მაგვართან კავშირს ხომ ვერ დააბრალებ? გარდა რეფორმებისა და იუსტიციის სახლის მშენებლობისა, ამ ბიჭს რა აქვს გაკეთებული, კარგის მეტი?... იგივე, ლევან ხაბეიშვილი - ვინმე ხომ ვერ იტყვის, რომ ამ ბიჭს რაიმე კავშირი ჰქონია, ოდესმე, დანაშაულებრივ ქმედებებთან? მსგავსი არაფერი... აბა, რა ხდება, ვერ გავიგე! არც ზოდელავას ვერჩი, ობიექტურად აღვნიშნავ, იმდენი იძახეს წარსული, წარსულიო, იძულებული გამხადეს, მეთქვა, ცოტა ფრთხილად ახსენეთ ეს სიტყვა-მეთქი. რა ეგონა ნიკას, რომ ეს ტყუილი... მე გეტყვით - მას ჰქონდა სერიოზული დავალება, რომელიც ბოლომდე ვერ შეასრულა. გარკვეული ადამიანები გავედეთ ფეხებში.

- ვისგან ჰქონდა და რა დავალებაზე საუბრობთ?

- ანი წითლიძემ ტყუილი ხომ არ თქვა ღია ეთერში, ფერფლად ვაქცევ პარტიასო, ამას რომ პარტიის თავმჯდომარე იტყვის, მიკვირს, აქამდე როგორ გააჩერეს ეს ბიჭი და რატომ აჩერებდნენ საერთოდ. დიდი ხანი ვამბობდი, რომ ეს ტიპი უნდა გავუშვათ. 60 000 კაცი რომ დაშალა და სახლში გაუშვა, რა სიტყვებით ლანძღავდა სააკაშვილს, მისი პარტიის თავმჯდომარე იყო. ვინმე ფიქრობს, რომ გლდანში ნიკა მელიას მისცეს ხმა?!

- ქალბატონო თაკო, გარდა შიდაპარტიული დაპირისპირებისა, საინტერესოა, რა გეგმა აქვს ოპოზიციას... რაზე საუბრობთ პარტიები, სტრატეგიის რა მონახაზი აქვს ოპოზიციას?

- ერთი წლის წინ წარვადგინე ამნისტიის კანონი, რადგანაც დასავლეთი გვთხოვს, ახალი ფურცლიდან დავიწყებთ-მეთქი. ბიუროზე, მეორე მოსმენის დროს ჩავარდა ეს ინიციატივა. ეს საქართველოს წაადგება, რადგან ძალიან დავამძიმეთ ქვეყანა უკვე ყველამ და ამიტომ შემოვიტანე ეს ინიციატივა...

რაც შეეხება გეგმას - დავდივართ რაიონებში. ძირითადად, როცა დიპლომატიურ კორპუსს ვხვდები, ყოველთვის ვსაუბრობ რეფორმებზე. თუ არ გავაკეთეთ საარჩევნო და სამართლებრივი სისტემის რეფორმა, არც ერთმა ოპოზიციურმა ძალამ არ მოგატყუოთ, ვინც იტყვის, რომ მოვალთ და რეფორმას გავაკეთებთო, იცოდეთ, რომ ის ძალა ტყუის. ჯერ უნდა ვიბრძოლოთ იმაზე, რომ სამართლებრივი რეფორმა გავაკეთოთ. სასამართლო არ გვაქვს, საარჩევნო სისტემა არარეფორმირებულია და აბა, არჩევნებში მონაწილეობით, იგივე, 30-წლიან წრეზე უნდა წავიდეთ? ამას ჰქვია ღლიცინი და მაიმუნობა. მე ხალხის მხარეს ვარ. როცა მათ რაღაც არ მოსწონთ, ძალიან მართლები არიან. რატომ უნდა ენდოს ხალხო ვინმეს? -  არავის და არაფერს უნდა ენდოს ხალხი, გარდა რეფორმირებული სისტემისა, რომელიც აიძულებს ნებისმიერ ჩინოვნიკს, რომ იყოს კანონმორჩილი. ამიტომ ვსაუბრობ მუდამ რეფორმებზე, სხვა გამისავალს ვერ ვხედავ.

ავტორი: თათია გოჩაძე