რას ფიქრობს ხალხი კანდიდატის სტატუსის მიღებაზე - ქუჩის გამოკითხვა

პოლიტიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტისა (NDI ) და CRRC საქართველოს მიერ დღეს გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, საქართველოს მოქალაქეები ერთსულოვნად უჭერენ მხარს ქვეყნის ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციას.

NDI-ის ინფორმაციის თანახმად, ახალი კვლევა, რომელიც ევროკომისიის 8 ნოემბერს გამოქვეყნებულ გადაწყვეტილებამდე ჩატარდა, ადასტურებს, რომ ევროინტეგრაცია საქართველოს მოსახლეობის ურყევი ნებაა – 79 პროცენტი მხარს უჭერს ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებას.

გახდება თუ არა, საქართველო კანდიდატის სტატუსის მფლობელი ქვეყანა? 8 ნოემბერს ევროკომისიის პრეზიდენტმა ურზულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ ევროკომისია გამოდის რეკომენდაციით, საქართველოს მიენიჭოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი - იმ დათქმით, რომ ქვეყანა გარკვეულ რეფორმებს განახორციელებს.

ევროკომისიის მიერ რეკომენდაციის გაცემის შემდეგ საბოლოო გადაწყვეტილებას ევროპული საბჭო მიიღებს. ამ რეკომენდაციას ევროკავშირის წევრმა 27-ვე ქვეყანამ უნდა დაუჭიროს მხარი. 14-15 დეკემბერს საბოლოო გადაწყვეტილება სახელმწიფოთა ლიდერებმა ევროპულ საბჭოში უნდა დაადასტურონ.

საინტერესოა რა განწყობითაა საზოგადოება, რას განსაზღვრავს მათთვის დადებითი ან  უარყოფითი პასუხი კანდიდატის სტატუსზე და უნდა ველოდოთ თუ არა, საპროტესტო აქციებს უარის შემთხვევაში. „ვერსიამ“  ამ თემაზე ქუჩის გამოკითხვა ჩაატარა, საიდანაც ირკვევა, რომ მოსახლეობა მეტნაკლებად პოზიტიურადაა განწყობილი, თუმცა, უმეტესობა აღნიშნავს, რომ თუ კანდიდატის სტატუსი არ მოგვანიჭეს, მზად არიან პოლიტიკურ აქციებშიც მიიღონ მონაწილეობა.

რუსა, 27 წლის

_ჩემი აზრით, საქართველო 15 დეკემბერს აუცილებლად მიიღებს კანდიდატის სტატუსს, რადგან ხალხმა ეს დაიმსახურა. უარის შემთხვევაში კი დიდი აქციები და პროტესტიც იქნება, რადგან ესაა თემა, რომელზეც ხალხი თანხმდება. ფაქტია, რომ მოსახლეობის 70-80% სურს ევროკავშირში და ნატოში, ეს მათთვის ყველაზე მნიშვნელოვანი თემაა.

ხვიჩა, 41 წლის

_მგონია, დადებითი პასუხი იქნება, მთავარია რას მოგვიტანს ეს ყველაფერი.

ნაირა, 62 წლის

_არ ვიცი,  ვერ გეტყვით რა გადაწყდება, დღესდღეობით მსოფლიოში ისეთი არეულობაა და იმდენი რამე ხდება, აღარაფერი გამაკვირვებს. ამბობენ, ევროკავშირში თუ შევალთ პენსია ძალიან გაიზრდებაო და თუ ასე იქნება მაგას რა აჯობებს. ძველი დრო კი კარგი იყო, მაგრამ ახლა ევროპისკენ მივდივართ. აქციებს ალბათ ნებისმიერი პასუხის შემთხვევაში გამართავენ.

მარიამი, 24 წლის

_ვფიქრობ, რამდენიმე ევროპულ ქვეყანასთან შედარებით, რომელსაც უკვე აქვს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი, საქართველოს აქვს უპირატესობები, რომელიც მაფიქრებინებს, რომ პასუხი დადებითი იქნება. ნეგატიური პასუხის შემთხვევაში, რა თქმა უნდა, მოსალოდნელია აქციები, საქართველო იურიდიული დასტურის გარეშეც საუკუნეებია იზიარებს ევროპულ იდეებს და ამის დოკუმენტალიზებული მტკიცებულება იქნება სტატუსის მიღება.

ნანა, 37 წლის

_ცოტა ეჭვი მეპარება, მაგრამ იმედია დადებითი პასუხი იქნება. აქციებს რაც შეეხება, თუ ზედმეტად პოლიტიზირებული არ იქნება, შევუერთდები.

მაკა, 31 წლის

_ვფიქრობ, 50-50-ზეა, მხოლოდ ჩვენზე არაა დამოკიდებული რა გადაწყდება, უამარავი ფაქტორია. აქციებს არ ვიცი შევუერთდები თუ არა, ალბათ, არა. რუსეთი ნამდვილად არ გვინდა, მაგრამ არც ევროპაზე ჩამოკიდებული არ უნდა ვიყოთ ყველანაირად. ყველაფერს აქვს თავისი დადებითი და უარყოფითი მხარე.

დავითი, 55 წლის

_უნდა მოგვცენ სტატუსი აუცილებლად, სხვა გზა არაა, დავიღალეთ. წლებია ჩემმა თაობამ ვერ გაიხარა, ახლა მაინც მოგვეცეს განვითარების საშუალება. თუ საჭირო იქნება აქციებსაც შევუერთდები.

მარიამი, 21 წლის

_ჩემი აზრით, საქართველო მიიღებს კანდიდატის სტატუსს, რაც უდიდესი წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება ევროინტეგრაციის გზაზე, გაიზრდება საქართველოს დემოკრატიულ განვითარებაში ევროკავშირის მონაწილეობა. თუ კანდიდატის სტატუსი ვერ მივიღეთ, რა თქმა უნდა, ამას ხალხის პროტესტი და აქციები მოყვება. ვფიქრობ, რომ შეიძლება აქციებმა ძალიან მასშტაბური სახე მიიღოს.

გიორგი, 68 წლის

_არ ვიცი შვილო, განა კარგია ეს ევროპა? ვერაფერი გავიგე ვინ ჯობს და ვინ არა, არავინ გვჭირდება, ჩვენთვის ვიყოთ. აქციებზე სიარულის თავი მე არ მაქვს.

არჩილი, 48 წლის

_შესაძლოა მოგვცენ სტატუსი, მაგრამ მე მაინც ნეგატიურად ვარ განწყობილი, მიმდინარე პოლიტიკური მოვლენების გათვალისწინებით, კარგ დღეში არ ვართ. თუ დაიგეგმა აქციას შევუერთდები.

მაია, 30 წლის

_50-50-ზეა, კაცმა არ იცის რა დევს ევროპელების თავში. ეს უკვე აღარც იმაზეა დამოკიდებული მთავრობა რას იზამს, რადგან იქ წყდება ყველაფერი მაინც. თუ მოგვცეს სასიკეთო იქნება, მაგრამ თავისი უარყოფითი მხარეებიც ექნება. ტყუილად არსად შეგვიშვებენ თუ ჩვენც არ დავთმეთ რაღაცები. ფინანსური კუთხით მშვენიერია, თუმცა, მთლად ასე გაგიჟებულებიც არ უნდა ვიყოთ სტატუსზე. მგონია თუ უარყოფითი პასუხი იქნება, აქციები გაიმართება, მაგრამ მალე გადაივლის.

ნინო, 43 წლის

_იმედია კარგი პასუხი იქნება, ოპტიმისტურად ვარ განწყობილი. აქციების შემთხვევაში არ ვიცი რას ვიზამ, ვნახოთ რა ტიპის იქნება, თუ დაიგეგმა საერთოდ.