გაერომ აფხაზეთიდან და ცხინვალიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა შესახებ რეზოლუცია მიიღო

პოლიტიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

გაერომ აფხაზეთიდან და ცხინვალიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა შესახებ რეზოლუცია მიიღო. საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, რეზოლუცია გმობს რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს რეგიონებში ძალისმიერი გზით განხორციელებულ დემოგრაფიულ ცვლილებებს, ადასტურებს დევნილთა უფლებას, ეთნიკური კუთვნილების მიუხედავად, დაბრუნდნენ საკუთარ სახლებში ღირსეულად და უსაფრთხოდ და ხაზს უსვამს მათი საკუთრების უფლების პატივისცემისა და დაცვის აუცილებლობას.

რეზოლუცია საქართველოსა და 63 სხვა ქვეყნის მიერ იყო ინიციირებული. მას მხარი 100-მა სახელმწიფომ დაუჭირა.

როგორც უწყებაში აცხადებენ, ჰუმანიტარული კონტექსტის გარდა, რეზოლუციას აქვს პრაქტიკული დატვირთვაც, ვინაიდან ის გაერო-ს გენერალურ მდივანს საქართველოში მცხოვრები დევნილი მოსახლეობის მდგომარეობისა და რეზოლუციის შესრულების თაობაზე ყოველწლიური ანგარიშის მომზადებას ავალებს.

საგარეო საქმეთა სამინისტროს განმარტებით, აღნიშნული განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა კუთხით არსებული მძიმე ვითარებისა და საერთაშორისო მონიტორინგის მექანიზმების არარსებობის ფონზე, რაც კიდევ ერთ დაბრკოლებას წარმოადგენს იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნების გზაზე.

“რეზოლუცია ასევე მოუწოდებს ჟენევის მოლაპარაკებების მონაწილეებს, გაააქტიურონ ძალისხმევა რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს რეგიონებში უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებების კუთხით არსებული მდგომარეობის გასაუმჯობესებლად, რაც, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა საკუთარ სახლებში დაბრუნების პროცესს”. – ვკითხულობთ განცხადებაში.

რეზოლუციის თანაავტორთა რაოდენობა გასულ წელთან შედარებით გაზრდილია. უწყების ცნობით, ქართული მხარის მიერ ინიციირებული IDP რეზოლუციის განხილვისას მხარდამჭერი განცხადებები გააკეთეს ავსტრალიის (CANS – კანადის, ავსტრალიის, ახალი ზელანდიის სახელით), ლიეტუვის (NORDIC/BALTIC სახელით), ევროკავშირის, აშშ-ის, გაერთიანებული სამეფოს, იაპონიის და უკრაინის დელეგაციებმა და გაეროს წევრ ქვეყნებს საქართველოს IDP რეზოლუციის მხარდაჭერისკენ მოუწოდეს.

“ქართული დიპლომატიის დიდ წარმატებად უნდა ჩაითვალოს ის ფაქტი, რომ საქართველომ წელსაც შეძლო და შეინარჩუნა ყოველწლიური დინამიკა, რაც გამოიხატა, როგორც დევნილების შესახებ გაერო-ს გენერალური ასამბლეის რეზოლუციის, ასევე, რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს რეგიონებში არსებული მდგომარეობის შესახებ გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოს რეზოლუციის მიღებაში.” – ვკითხულობთ საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

რეზოლუციის თანაავტორთა/თანასპონსორთა შორის არიან:

ალბანეთი, ანდორა, ანტიგუა და ბარბუდა, ავსტრალია, ავსტრია, ბელგია, ბულგარეთი, კანადა, კოსტა-რიკა, ხორვატია, ჩეხეთი, დანია, ჯიბუტი, ესტონეთი, ფიჯი, ფინეთი, საფრანგეთი, საქართველო, გერმანია, საბერძნეთი, გვატემალა, უნგრეთი,ისლანდია, ირლადია, იტალია, იაპონია, კირიბატი, ლატვია, ლიბერია, ლიხტენშტეინი, ლიეტუვა, ლიუქსემბურგი, მალტა, მარშალის კუნძულები, მიკრონეზია, მონაკო, მონტენეგრო, ნიდერლანდები, ჩრდილოეთ მაკედონია, ნორვეგია, პაპუა ახალი გვინეა, პოლონეთი, პორტუგალია, მოლდოვა, რუმინეთი, სან-მარინო, სლოვაკეთი, სლოვენია, ესპანეთი, შვედეთი, ტონგა, თურქეთი, ტუვალუ, უკრაინა, გაერთიანებული სამეფო, აშშ, კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა, მალავი, მექსიკა, ახალი ზელანდია,პალაუ, სამოა, ტრინიდადი და ტობაგო, ვანუატუ.