რაზე ისაუბრა პრემიერმა ჟურნალისტებთან, ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტის დაწყებამდე

პოლიტიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ჩვენ არ ვართ სამწუხაროდ არც ევროკავშირის და არც ნატოს წევრი ქვეყანა და ჩვენ რა თქმა უნდა, არ გვაქვს უსაფრთხოების ქოლგა და გარანტიები, აქედან გამომდინარე, ჩვენთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია, რომ ჩვენმა ხელისუფლებამ გადადგას სწორი ნაბიჯები, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს მოლდოვაში განუცხადა, სადაც ევროპული პოლიტიკური გაერთიანების რიგით მეორე ფორუმს ესწრება.

მთავრობის მეთაურის თქმით, ხელისუფლების პოლიტიკა არის მშვიდობიანი.

„არაერთხელ მითქვამს, რომ სამწუხაროდ, დღეს ჩვენი ქვეყანა არის ნაწილობრივ, დროებით ოკუპირებული. ჩვენი ტერიტორიების ოკუპაცია არის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა. ჩვენ არ ვართ სამწუხაროდ არც ევროკავშირის და არც ნატოს წევრი ქვეყანა და ჩვენ რა თქმა უნდა, არ გვაქვს უსაფრთხოების ქოლგა და გარანტიები. აქედან გამომდინარე, ჩვენთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია, რომ ჩვენმა ხელისუფლებამ გადადგას სწორი ნაბიჯები, რომ პირველ რიგში, ამ მეტად არაპროგნოზირებად გარემოში ჯერ ჩვენი ქვეყანა დავიცვათ, ჩვენი ქვეყანა გადავარჩინოთ და რა თქმა უნდა, უნდა ვიზრუნოთ ჩვენი მოსახლეობის, ჩვენი ხალხის უსაფრთხოებაზე. ჩვენი პოლიტიკა რაც არის, ეს არის მშვიდობიანი პოლიტიკა, ჩვენ შევინარჩუნეთ მშვიდობა, განვამტკიცეთ და ჩვენ მიგვყავს ჩვენი ქვეყანა გაერთიანებისკენ“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა. 

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ყველას სურვილია, რომ ომი უკრაინაში მალე დასრულდეს, აღდგეს ტერიტორიული მთლიანობა და მშვიდობამ დაისადგუროს უკრაინასა და მთელ მსოფლიოში.

პრემიერ-მინისტრის თქმით, საქართველოს მთავრობის მიზანია ქვეყნის მშვიდობიანი დეოკუპაცია და ამისთვის ყველაფერს აკეთებენ.

“პირველ რიგში, მინდა მოგესალმოთ ყველას, მადლობა გადაგიხადოთ ჩამობრძანებისთვის. მოგეხსენებათ, ეს არის რიგით მეორე სამიტი, რომელიც იმართება მოლდოვაში. მე ვფიქრობ, იქნება ძალიან მნიშვნელოვანი დისკუსიები, რომელშიც ჩვენ მივიღებთ მონაწილეობას, მოგეხსენებათ, მთავარი თემა, რა თქმა უნდა იქნება უკრაინის ომი და უსაფრთხოების საკითხები ევროპის კონტინენტზე და ზოგადად, მთელს მსოფლიოში. რა თქმა უნდა, მე ასევე მექნება საუბარი ჩვენს გამოწვევებზე, ჩვენი ქვეყნის გამოწვევებზე, ჩვენს უსაფრთხოებაზე და ასევე, ბუნებრივია, ჩვენ გვექნება ჩვენი ქვეყნის ევროპულ პერსპექტივაზე საუბარი და მე დავაფიქსირებ ჩვენს პოზიციას, რომ საქართველო არის მზად, რომ მიიღოს კანდიდატის სტატუსი. რა თქმა უნდა, ჩვენი ქვეყანა იმსახურებს სტატუსს, ეს არის უალტერნატივო, ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება, რომელიც უნდა მიიღონ ჩვენმა ევროპელმა პარტნიორებმა. ეს იქნება ძირითადი საკითხები, რა თქმა უნდა, კიდევ ერთხელ მინდა ვისარგებლო შემთხვევით და ჩვენი პოზიცია დავაფიქსირო, ჩვენ რა თქმა უნდა, სოლიდარობას ვუცხადებთ ჩვენს მეგობარ უკრაინას, უკრაინელ ხალხს. ჩვენი ყველას სურვილია, რომ ეს ომი მალე დასრულდეს, აღდგეს ტერიტორიული მთლიანობა და მშვიდობამ დაისადგუროს უკრაინაში და მთელ მსოფლიოში და რა თქმა უნდა, ჩვენი დიდი სურვილი და ოცნება არის, რომ ჩვენს ქვეყანაში მოხდეს დეოკუპაცია მშვიდობიანად, ჩვენი ქვეყანა გაერთიანდეს. ამ მიმართულებით ჩვენი ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს, რომ რაც შეიძლება მალე მოხდეს ამ დიდი მიზნის მიღწევა“,- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა. 

პრემიერ-მინისტრის თქმით, საქართველო მხარს უჭერს სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო დიალოგსა და მოლაპარაკებებს.

„მე ვფიქრობ, რომ საქართველოს პოზიცია და როლი ძალიან ნეიტრალური და მიუკერძოებელია ჩვენს რეგიონში სტაბილურობისა და მშვიდობის განმტკიცების კონტექსტში. ძალიან კარგი ურთიერთობები გვაქვს ორივე ქვეყანასთან - აზერბაიჯანთან და სომხეთთან. პრინციპში, საქართველომ ძალიან მნიშვნელოვანი და თავისი არსით პირველი წარმატებული მედიაცია განახორციელა აზერბაიჯან- სომხეთის შეიარაღებული დაპირისპირების შემდეგ, 2021 წელს. ჩვენ მხარს ვუჭერთ სამშვიდობო დიალოგს და მოლაპარაკებებს, რომლებიც აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მიმდინარეობს. მიმაჩნია, რომ ეს ჩვენი - საქართველოს, აზერბაიჯანისა და სომხეთის - მთელი რეგიონის ინტრესებშია”,- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.