„ძალიან მალე დაიწყება ნანატრი, დიდი კონტრშეტევა, რომელიც აუცილებლად უკრაინის წარმატებით დამთავრდება“

პოლიტიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

უკრაინაში იმყოფება „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთი ლიდერი ლაშა დიაროვი, რომელთანაც „ვერსიამ“ ექსკლუზიური ინტერვიუ ჩაწერა:

 

- კიევში, დაახლოებით, ათის დღის წინ ჩამოვედი. ალბათ, გახსოვთ, უკრაინაში მაშინაც ვიყავი, როცა ომი დაიწყო. აქ უამრავი მეგობარი მყავს, ქართველებიც და უკრაინელებიც. მინდოდა, ჩემი თვალით მენახა ეს ხალხი და პირადად გავცნობოდი, როგორ ცხოვრობენ, რა უჭირთ და ულხინთ... ასევე, მინდოდა, ქართულ ლეგიონში მოვსულიყავი, ბიჭები მომენახულებინა და ახლა სწორედ აქ ვიმყოფები.

- ლაშა, ერთია, როცა ომის შესახებ ამბებს სხვა ქვეყნიდან ეცნობი და ალბათ, სულ სხვა განცდაა, როცა ყველაფერს მოვლენების ეპიცენტრიდან ხედავ... რა განწყობა და როგორი ვითარება დაგხვდათ უკრაინაში?

- უკრაინელი ხალხი საკმაოდ მოტივირებულია - ისევ ისე მედგრად დგანან, როგორც შარშან, როცა ომი დაიწყო. ისეთივე ბრძოლის ჟინი, თავდადება აქვთ და გვერდში უდგანან ერთმანეთს. უბრალოდ, მაშინ თუ მოსახლეობა, გარკვეულწილად, შეშინებული იყო, ახლა უფრო მშვიდად არიან. თითოეულ გასროლას უკვე მშვიდად უყურებენ - სჯერათ თავისი ჯარის და ანტისაჰაერო სისტემის.

კიევში ახლაც, სანამ თქვენ დამირეკავდით, თავდასხმა მოხდა, ისროლეს რაკეტები და დრონები, მაგრამ პანიკა აღარ შეიმჩნევა, იმდენად დიდი ნდობა აქვთ საკუთარი ანტისაჰაერო სისტემის, პრაქტიკულად, კიევი 100%-ით დაცულია. ფაქტია, უკვე დიდი ხანია, უშუალოდ კიევში აფეთქება არ მომხდარა.

... იცით, რომ ცხელი წერტილებია ბახმუტის, მარინკას, სვატოვეს, კრემენნაიას მიმართულებით, სადაც ამ წუთსაც სერიოზული, მძიმე ბრძოლები მიმდინარეობს, თუმცა მზადება მიდის დიდი კონტრშეტევისთვის, რისთვისაც შემოდის დასავლური ტექნიკა, ასევე, იქ გადამზადებული ახალი სამხედრო ჯგუფები, რომლებმაც წვრთნა გაიარეს დასავლეთში. ეს ადამიანები ბრუნდებიან, რომ ძალიან მალე დაიწყოს ნანატრი, დიდი კონტრშეტევა, რომელიც აუცილებლად წარმატებით დამთავრდება. ამის მოლოდინშია ყველა და, მათ შორის, არა მხოლოდ უკრაინა, არამედ, მთელი ცივილიზებული სამყარო, საქართველოც, რათა ამ კონტრშეტევით მოხერხდეს ჩვენი საერთო მტრის დამარცხება.

ერთადერთი პრობლემა და გულსატკენი ამბავი ისაა, რომ მშვიდობიანი მოქალაქეები ეწირებიან რუსეთის მიერ უკონტროლოდ, საცხოვრებელი სახლების მიმართულებით გაშვებულ რაკეტებს. საუბარი მაქვს დნეპრზე, სამწუხაროდ, ძირითადად, ეს ქალაქი იბომბება, თორემ სხვა მხრივ, სამხედრო მზადყოფნაში ეჭვი არ მეპარება, ბიჭებიც მზად არიან, ტექნიკაც შემოსულია და დარწმუნებული ვარ, ყველაფერი წარმატებით დამთავრდება.

- საქართველო ახსენეთ და, ვიცით, რომ უკრაინაში დაინიცირდა საკანონმდებლო ინიციატივა, „გრუზია“ ჩანაცვლდეს ტერმინით - „საქართველო“... როგორი განწყობა აქვთ ჩვენს უკრაინელ მეგობრებს ქართველების მიმართ?

- მიუხედავად იმისა, რომ პირდაპირ და ღიად ვთქვათ, პრორუსი ხელისუფლება გვყავს და ეს აქ ყველამ იცის, ველოდი, რომ უკრაინელები ამის გამო ნაწყენები იქნებოდნენ, მაგრამ იმდენად უყვართ უკრაინელებს ჩვენი, ქართველი მებრძოლები... ქართველი ლეგიონერები, რაოდენობის მხრივ, უცხოელ მებრძოლებს შორის, ყველაზე მეტნი არიან და სამწუხაროდ, დანაკარგიც ყველაზე დიდი ჩვენ გვაქვს. იმდენად პატივს სცემენ და უყვართ ქართველი ხალხი... ყველაფერს ხედავენ, როგორ გულშემატკივრობს მათ ქართველი ხალხი, რამხელა აქციებს მართავს... აქ რომ იტყვი, ქართველი ხარ, ყველა პატივისცემით და მოწიწებით გეპყრობა. მაგალითად, მე ხილი მაჩუქეს, ჩემი ეროვნება რომ გაიგეს, ჩვენი დროშა რომ დაინახეს ფორმაზე. ძალიან კარგი დამოკიდებულება აქვთ ქართველების მიმართ და ეს მახარებს.

- ლაშა, ესე იგი, ბაზარი და მსგავსი ობიექტები ჩვეულებრივად ფუნქციონირებენ?

- კი, ხომ გეუბნებით, მიუხედავად იმისა, რომ დნეპრი ყოველდღე იბომბება, იქ ხალხი ჩვეულებრივად ცხოვრობს. მეტსაც გეტყვით, დაუჯერებელია, მაგრამ ქვეყანაში, სადაც ომია, ყველა პროდუქტი უფრო იაფია, ვიდრე საქართველოში. ყველა დაწესებულება ჩვეულებრივად ფუნქციონირებს... ისწავლეს ომის პირობებში ცხოვრება.

ასე რომ, ქართველების მიმართ აქვთ განსაკუთრებულად თბილი დამოკიდებულება და ვისაც ქართველებთან შეხება ჰქონია, ტერმინ „გრუზიას“ აღარ იყენებს. ბევრი მინახავს, ვისაც უთქვამს, შენ ხარ ქართველი და შენი ქვეყანა საქართველოაო. სიტყვებს - „გრუზინი“ და „გრუზია“ აღარ იყენებენ.

- ამ ამბის არსი ისაა, რომ რუსული სიტყვა - „გრუზია“ აღარ გამოიყენონ, რაც დასაფასებელია.

- დიახ, მეც მიხარია, რომ ასე ხდება...

- რამდენ ხანს აპირებთ უკრაინაში დარჩენას და რას ეტყოდით ომის ეპიცენტრიდან ჩვენს მკითხველს?

- წინასწარ განსაზღვრული არ მაქვს, როდის დავბრუნდები. ახლა ჩვენს ბიჭებთან ვარ, ქართულ ლეგიონში... ასეთი პატრიოტი, ნეტა, ბევრი გვყავდეს საქართველოში, ჩვენს ბედს ძაღლი არ დაჰყეფდა... ამათი იმედი მაქვს და დარწმუნებული ვარ, რომ ეს ხალხი გადაარჩენს საქართველოს.

თქვენს მკითხველს ერთადერთი ის შემიძლია, ვუთხრა, რომ არ დანებდნენ, არ შეეგუონ რუსულ ხელისუფლებას, იბრძოლონ ბოლომდე საქართველოსა და თავისუფლების დასაცავად.

გამოსავალი ერთიანობა და ბრძოლაა.

- ლაშა, წარმატებას გისურვებთ თქვენ და გამარჯვებას - უკრაინას!

- გამარჯვება - უკრაინას და გაერთიანება - საქართველოს!

 

ავტორი: თათია გოჩაძე