როგორ მოიგო ერდოღანმა საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური - მამუკა არეშიძის შეფასებები

პოლიტიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

თურქეთის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში რეჯეფ ტაიფ ერდოღანმა გაიმარჯვა. მისმა მეტოქემ, ქემალ ქილიჩდაროღლუმ ხმების 47.86% მოაგროვა. თურქეთის არჩევნები მსოფლიო  ყურადღების ცენტრში მოექცა, რადგან მედია იუწყებოდა, რომ ერდოღანის მეტოქე, ექვსი ოპოზიციური პარტიის მიერ წარდგენილი კანდიდატი, ქილიჩდაროღლუ მკვეთრად გამოკვეთილი პროდასავლური იდეოლოგიის მქონე პოლიტიკური ფიგურაა და მისი გამარჯვება დიდ ცვლილებებს გამოიწვევდა, როგორც შიდა, ასევე, გლობალურ პოლიტიკურ ვითარებაში. პრესა წერდა, რომ რუსეთს პროდასავლური ორიენტაციის მქონე ქილიჩდაროღლუს გამარჯვება არ აწყობდა, რადგან ერდოღანთან უფრო კომფორტულად ურთიერთობს...

შეიცვლება თუ არა რამე საქართველოსთან ურთიერთობის, ან მსოფლიო პოლიტიკის კონტექსტში, რეჯეფ ტაიფ ერდოღანის ხელისუფლებაში დარჩენით? - „ვერსია“ კავკასიის საკითხების ექსპერტ მამუკა არეშიძეს ესაუბრა:

                                                                                                                                       

- რომ ვთქვა, სავარაუდო იყო ერდოღანის გამარჯვება-მეთქი, მართალი არ ვიქნები, რადგან თავის დროზე, საქმის სწორად ორგანიზება რომ მოეხერხებინა, ოპოზიციას გამარჯვების რეალური შანსი ჰქონდა, მაგრამ დროზე ვერ მოილაპარა იმ ექვსმა პოლიტიკურმა ძალამ და ვერ წარადგინა კანდიდატი. გარდა ამისა, ხელშემშლელი ფაქტორი ისიც იყო, რომ სტამბოლის მერს, რომელიც საუკეთესო საპრეზოდენტო კანდიდატი იქნებოდა ოპოზიციიდან, უფლება შეუზღუდეს, მონაწილეობა მიეღო არჩევნებში. მოკლედ, არჩევნების წინ, ოპიზიციის მდგომარეობის გაუარესება ბევრმა ფაქტორმა განაპირობა.

რასაკვირველია, ერდოღანმა სწორი ნაბიჯები გადადგა, გამოიყენა ადმინისტრაციული რესურსი. როგორც დამკვირვებლები ამბობენ, გამოიყენა ის, რომ არასწორად ორგანიზებული იყო ოპოზიციის დამკვირვებელთა ჯგუფები და საბოლოო ჯამში, იმას მიაღწია, რაც უნდოდა.

- ბატონო მამუკა, როგორც პრესა წერს, ერდოღანის მოწინააღმდეგე, ქემალ ქირიჩდაროღლუ მკვეთრად გამოკვეთილი პროდასავლური ორიენტაციის პოლიტიკოსია, რომლის გამარჯვებაც რუსეთს არ აწყობდა... ვინ არის ოპოზიციონერი, რომლის გამოც არჩევნების მეორე ტური დაინიშნა?

- ქემალ ქილიჩდაროღლუ ასაკოვანი პოლიტიკური მოღვაწეა, ის ახალგაზრდობიდან არის გაერთიანებული სახალხო რესპუბლიკურ პარტიაში, რომელიც მყარად დგას ათათურქის იდეოლოგიაზე. მისი ორიენტაცია, რასაკვირველია, დასავლურია, მაგრამ ათათურქის მიერ არის გადადგმული ეს ნაბიჯი - დასავლეთისკენ ორიენტაცია, თუმცა თურქული ინტერესების პრიორიტეტით. აქედან გამომდინარე, რბილად რომ ვთქვათ, ქილიჩდაროღლუს პარტია რომ მოსულიყო ხელისუფლებაში, უფრო მეტად მოუსმენდა დასავლეთს. შეიძლება, რაღაც შეცვლილიყო შიდა პოლიტიკაში, რაც ჩვენ არ გვეხება - დემოკრატიზაციის მაღალ პლატფორმაზე შემდგარიყო... მაგრამ საგარეო პოლიტიკის თვალსაზრისით, იოტისოდენადაც კი არ შეიცვლებოდა არაფერი, განსაკუთრებით, რეგიონული პოლიტიკის თვალსაზირით.

- რუსეთთან მიმართებაში?

- რუსეთთან მიმართებაში იქნებოდა ეს, თუ კავკასიასთან... რაც შეეხება რუსეთთან თურქეთის დამოკიდებულებას, რუსული მედია საკუთარი პოლიტიკური ლიდერების ნათქვამს ახმოვანებს და ტრაბახობს, რომ განსაკუთრებული ურთიერთობა აქვთ თურქეთთან. სავაჭრო ბრუნვა, მართლაც, ფანტასტიკურად გაიზარდა და არიქა, რა კარგი ურთიერთობა გვაქვს თურქეთთანო, ამბობენ... სინამდვილეში, თურქეთმა ყველაფერი გააკეთა პოსტსაბჭოთა სივრცეში რუსული ინტერესების შესაზღუდად. ყველაფერი გააკეთა, რომ სამხრეთ კავკასიაში რუსეთთან, სულ მცირე, გაენაწილებინა გავლენები...

- აზერბაიჯან-თურქეთის ურთიერთობას გულისხმობთ, არა?

- დიახ და ზოგადად, რუსული პოლიტიკის მარცხი იმაში მდგომარეიბს, რომ ასწლიანი პაუზის შემდეგ, თურქეთი რეგიონში დაბრუნდა სამხედრო პოლიტიკური თვალსაზრისით. 1921 წელს რომ გააგდეს, 2021 წელს დაბრუნდა და ეს რუსეთის პოლიტიკის უზარმაზარი მარცხია, არანაკლები იმაზე, რაც უკრაინაში ხდება.

გარდა ამისა, თურქეთი რუსეთის გავლენას მაქსიმალურად ზღუდავს ცენტრალურ აზიაში. ორი კვირის წინ, თურქულენოვანი ქვეყნების სამიტი გაიმართა, „დიდი ტურანის“ იდეოლოგიის ქვეყნების და იქ ლაპარაკი არა მხოლოდ ეკონომიკურ თანამშრომლობაზე იყო, არამედ, მომავალში სამხედრო პოლიტიკური ბლოკის, ნატოს ანალოგის შექმნაზეც. ასე რომ, თურქეთ-რუსეთის ურთიერთობა, ძირითადად, ეკონომიკურ და ტურისტულ სფეროშია, ასევე, რასაკვირველია, ენერგეტიკაშიც. სადაც თურქეთის ინტერესები დომინანტურია, იქ ცდილობს რუსეთის ინტერესების შეზღუდვას - სირია იქნება ეს, სამხრეთ კავკასია, თუ ცენტრალური აზია... ასე რომ, არავითარი მეგობრული და განსაკუთრებული ურთიერთობა დღეს თურქეთსა და რუსეთს არ აქვთ, უბრალოდ, ინტერესების თანხვედრაა გარკვეულ საკითხებში...

- როდესაც სრულიად დასავლეთი რუსეთს ემიჯნება და სანქციებს უწესებს, გადამწყვეტად მნიშვნელოვანია ისეთ სახელმწიფოსთან ჰქონდეს სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობა, როგორიც თურქეთია და რადგანაც თქვენც ამბობთ, რომ ქილიჩდაროღლუ „მეტად მოუსმენდა დასავლეთს“, ამიტომ რუსეთს ისევ ერდოღანის გამარჯვება ერჩივნა... არ მეთანხმებით?

- რუსეთს, შეიძლება, ერჩივნა, მაგრამ რუსეთის გამო არ მომხდარა ერდოღანის გამარჯვება. ერდოღანის მოქნილობისა და ბევრი ფაქტორის გამო მოხდა ეს გამარჯვება...

- რაც შეეხება საქართველოსთან თურქეთის დამოკიდებულებას, ცოტა ხნის წინ, ერთ-ერთი ექსპერტის მოსაზრებას ვკითხულობდი, რომ ოფიციალური ანკარა საქართველოს სუვერენიტეტს აღიარებს და ასე რომ, ერდოღანის ხელისუფლებაში დარჩენით, ჩვენს ქვეყანასთან დამოკიდებულებაში არაფერი შეიცვლება... ეთანხმებით?

- თუ ეს დიდი პოლიტიკის სიმაღლიდანაა ნათქვამი, კი, შეიძლება ასეც ითქვას, რადგან ჩვენ სტრატეგიული ურთიერთობის დეკლარაცია გვაქვს, მაგრამ ვფიქრობ, ექსპერტული შეფასება ბევრად ღრმა უნდა იყოს...

თურქეთს აქვს თავის ინტერესები, ეს არ ნიშნავს, ცუდია თუ კარგი... თავისი ინტერესებიდან გამოდის და მისი ინტერესია სამხრეთ კავკასიაში ისტორიული გავლენის აღდგენა. დღევანდელი თურქეთის იდეოლოგიაა, დავუთოღლუს მიერ დატოვებული, რომელიც ადრე პრემიერი იყო ერდოღანის მთავრობაში, ეს არის ოსმანისტური იდეოლოგია - ოსმალეთის იმპერიის გავლენების აღდგენა. ამ იმპერიის გავლენის აღდგენა მაინცდამაინც სამხედრო ძალით არ ხდება, არამედ, „რბილი ძალის“ გამოყენებით. საქართველოში სერიოზულადაა წარმოდგენილი თურქული „რბილი ძალა“ სხვადასხვა რეგიონსა და ცენტრშიც. იგივე ხდება რუსეთის ტერიტორიაზეც და როცა ვლაპარაკობთ პოლიტიკურ ისლამთან დაკავშირებით, რატომღაც, ეს ჩვენთან ასოცირდება ან ჩრდილოკავკასიელებთან, ან არაბებთან, მაგრამ ასე არ არის.    

პოლიტიკური ისლამი მრავალსახოვანია და ერთ-ერთი წამყვანი ძალა, დაჯგუფების თვალსაზრისით, „ძმები მუსულმანებია“, რომელსაც ახლა განსაკუთრებული გავლენა აქვს თურქეთში. ის ისლამისტური ორგანიზაციები, რომლებიც დღეს ერდოღანს მხარს უჭერენ, ზუსტად ამ „ძმები მუსულმანების“ იდეოლოგიაზეა დაფუძნებული.

თუ მიაქციეთ ყურადღება, საქართველოში ტერორიზმის ბრალდებით რომ დააკავეს ადამიანები, ყველა იყო თურქული წარმოშობის, ან აზერბაიჯანელი, ან თურქი. პირველი შემთხვევაა, რომ საქართველოს ტერიტორიაზე ასეთი რამ მოხდა და ჩრდილოკავკასიელები არ იყვნენ ამაში გარეულნი, ან ადგილობრივი მუსულმანები.

მოკლედ, იმის თქმა მინდა, რომ საკმაოდ სერიოზული ფაქტორები მუშაობს „რბილი ძალის“ თურქული სამხრეთ კავკასიის ტერიტორიაზე, მათ შორის, საქართველოში... ასე რომ, ხიფათი არა, მაგრამ გამოწვევები არსებობს ანუ იმაზე არ არის ლაპარაკი, რომ თურქეთი შემოიჭრება სროლით და ტანკებით, მაგრამ ვიცით, მისთვის რამხელა მნიშვნელობა აქვს აჭარას. ის თვლის, რომ აჭარა მისი სხეულის განუყოფელი ნაწილი იყო, რომელიც ჩამოაჭრეს და ამას არ ურიგდება. ეს იდეოლოგია მუშაობს, მიუხედავად იმისა, რომ ერდოღანის მთავრობა ამის პედალირებას არ ახდენს, თუმცა შიგადაშიგ გაკვრით ამბობს ხოლმე... ნუ დაგვავიწყდება, რომ როგორც თვითონ ამბობს, მას აქვს ქართული სისხლიც და ეს მომენტი მუშაობს... ასე რომ, გამოწვევები არსებობს და მთიან აჭარაში ვინც აკვირდება ვითარებას, ხვდება, როგორ ცდილობენ თურქები საკუთარი გავლენის განმტკიცებას და უნდა ითქვას, რომ ქვემო ქართლში თურქული, არაბული, აზერბაიჯანული და ირანული გავლენის ჯგუფები ერთმანეთს გააფთრებული ებრძვიან ზუსტად იმიტომ, რომ რაც შეიძლება, უკეთ გაიდგან ფესვები.

- ხელისუფლების პრეროგატივა სწორედ ისაა, რომ მსგავს გამოწვევებს ღირსეულად გაუმკლავდეს... როგორ აფასებთ მმართველი ძალის მოქმედებას ამ მხრივ?

- ეფექტიანია სპეცსამსახურების მუშაობა ამ თვალსაზრისით, რაც შეეხება ხელისუფლებას, ვერ ვხედავ პოლიტიკას. სპეცსამსახურების საქმე არ არის პოლიტიკის შექმნა, მათი საქმე პრევენციაა. ჩემი მთავარი სასაყვედურო ნებისმიერი ხელისუფლების მიმართ ყიველთვის ის იყო, რომ ამ მიმართულებით უნდა გადაიდგას სერიოზული ნაბიჯები - მაგალითად, ისლამური განათლების დაწესებულებები, რომლებიც აქ არსებობს, უნდა დაექვემდებაროს აუცილებლად საქართველოს განათლების სამინისტროს. სხვანაირად არ შეიძლება, აბა, გადავხედოთ ეს როგორ ხდება თვითონ მუსულმანურ სამყაროში... გამორიცხულია, რომ იქ სასწავლო ცენტრები დაქვემდებარებული არ იყოს რომელიმე უწყებას...

საქართველოს დიდი გამოცდილება აქვს რელიგიური მოზაიკისა საუკუნეების განმავლობაში და არსებობს განსაკუთრებული ტიპის ისლამი - სუფიზმის განსაკუთრებული მიმართულება და ეს არის დატვირთული კავკასიური ურთიერთობის წესით, ტრადიციით, ადათით... ამის შენარჩუნება და განვითარებაა საჭირო. ადგილობრივ მუსულმანებს უნდა მოვეხმაროთ იმ ბრძოლაში, რომელსაც ისინი აწარმოებენ სალაფიტური ისლამის წინააღმდეგ. ჩვენ კი მიტოვებული გვყავს ღვთის ანაბარა... ამიტომ ვამბობ, პოლიტიკას ვერ ვხედავ-მეთქი...

- ბატონო მამუკა, და მაინც, რა ფაქტორის გამო შეინარჩუნა მმართველობა ერდოღანმა? რომ აღარაფერი ვთქვათ დემოკრატიული ინსტიტუტების სისუსტესა და ეკონომიკურ ფაქტორებზე, როგორ ფიქრობთ, რატომ ვერ გახდა გარდამტეხი, თუნდაც, მიწისძვრით გამოწვეული ზარალი ოპოზიციის გამარჯვებისთვის?

- იმიტომ, რომ ერდოღანი პოლიტიკურად ძლიერი ფიგურაა. საქართველოს სამეზობლოში, რუსეთის ჩათვლით, არ მეგულება ასეთი ძლიერი პოლიტიკური ფიგურა. ავანტიურისტული ბუნების ადამიანია, მაგრამ ძალიან მოქნილი და იცის, ვისთან, როგორ ილაპარაკოს. არაერთხელ მითქვამს, ერდოღანს შეუძლია, დილით ისლამისტებს ელაპარაკოს მათ ენაზე, საღამოს -  ნაციონალისტებს და პრობლემა არ შეიქმნება. მან მოახერხა ის, რაც ვერავინ მოახერხა უახლეს წარსულში - ისლამისტები და ნაციონალისტები ერთი ქოლგის ქვეშ გააერთიანა, სათავისოდ.

ეს ვერ მოახერხა ოპოზიციამ. ოპოზიციამ ვერ გამოიყენა მიწისძვრის ფაქტორი. თავის დროზე, ერდოღანი ზუსტად იმ ფონზე მოვიდა ხელისუფლებაში, როცა 1999 წელს, იგივე ტიპის მიწისძვრა მოხდა თურქეთში და იმის შედეგებზე მთავრობის რეაგირების კრიტიკას მოჰყვა ერდოღანის პირველი გამარჯვება. ახლა კი იგივე სიტუაცია ვერ გამოიყენა ოპოზიციამ, რადგან გადაყვნენ შიდასიტუაციურ დალაგებას...

- საქართველოს სიტუაციას ჰგავს, როგორც ჩანს, თურქეთში ოპოზიციის მდგომარეობა...

- კი, ტიპიურად... ვერ გამოიყენეს მიწისძვრაზე მთავრობის რეაგირების დაბალი დონე... მოკლედ, ბევრი ფაქტორი იყო...

 

ავტორი: თათია გოჩაძე