ერთადერთი მიზანი მამოძრავებს, დიდი მიზანი, რამაც მე პოლიტიკაში მომიყვანა - მამუკა ხაზარაძე

პოლიტიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ერთადერთი მიზანი მამოძრავებს, დიდი მიზანი, რამაც მე პოლიტიკაში მომიყვანა და დარწმუნებული ვარ, თქვენთან ერთად ვიქნები ამ მიზნის აღსრულების თანამონაწილე, ეს არის ქვეყნის გაერთიანება.
გასაგებია, შეიძლება 30 წლიანი ასეთი პრობლემების შემდეგ ვიღაცისთვის ეს ცოტა მიუწვდომელ ამოცანად ჩანდეს, მაგრამ მე მგონია მაქვს პირადად ის გეგმა, რომლითაც ჩვენ ქვეყანას გავაერთიანებთ, ეს არის ეკონომიკური გეგმა თუ სხვა უამრავი რამ, რაც აფხაზებს დაგვაახლოვებს.
რა თქმა უნდა, ამას სჭირდება გეოპოლიტიკური თანხვედრები, რომელიც ჩემი აზრით, ახლა მიმდინარეობს ჩვენს გარშემო. ამიტომაც, დარწმუნებული ვარ ეს დრო არ არის შორს, როცა ჩვენ ამ ძალიან დიდი ისტორიული მომენტის თანამონაწილეები ვიქნებით და მე ყველაფერს გავაკეთებ იმისათვის, რომ ძალიან დიდი წვლილი შევიტანო ამ პროცესში.


ძალა არის იმ ადამიანებში, რომლებიც ამბობენ, რომ მე პოლიტიკა არ მაინტერესებს და მაინც არაფერი გამოვა. ეს არის ძალიან მცდარი შეხედულება. შეიძლება ითქვას, დანაშაულებრივი პოზიციაც კი არის იმ მდგომარეობაში ჩავარდნილი ქვეყნისთვის, რაშიც ჩვენ ვართ. ამიტომ, გადამწყვეტი სიტყვა უნდა თქვას საქართველოს მოსახლეობამ და მოქალაქეებმა არჩევნებზე. რომელი არჩევნებიც მოგვიწევს - რიგგარეშე იქნება თუ დაგეგმილი, რომ პროტესტი დააფიქსიროს. მთავარია გამოხვიდე და მხარი დაუჭირო ცვლილებას. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ის ადამიანი, ვინც ეგუება და ამბობს, რომ მიჭირს, მაგრამ ეს სითბო მირჩევნია, ვიდრე გამოვიდე ამ ჭაობიდან და ხმა მივცე ისეთ რაღაცას,  რაც ამ ჭაობს ააფორიაქებს და ახალი წყაროები შემოვა და გაასუფთავებს ამ გარემოს, შეცდომას უშვებს. ამიტომ მე ყველას მივმართავ, რომ გამოსავალი არსებობს. ამის შეცვლა არის აბსოლუტურად რეალური, სხვა შანსიც არ გაგვაჩნია, სხვა გამოსავალი არ გაგვაჩნია გარდა იმისა, რომ ეს შევცვალოთ და შეცვლა არის მუდმივ პროგრესში, მუდმივ მოძრაობაში.

მოქალაქე უნდა იყოს აქტიური და მან ხმა უნდა მისცეს ცვლილებას.

აუცილებლად უნდა იყოს ელექტრონული ხმის მიცემის მექანიზმი შემოტანილი, რომ არცერთი ხმა არ დავკარგოთ.

თქვენ იცით, რომ ძალიან დიდი რაოდენობა არის გასული ჩვენი ქვეყნიდან. ის ხალხია გასული, ვინც საქართველოს ეკონომიკას ასულდგმულებს. ჩვენი ემიგრაცია დღეს ასულდგმულებს საქართველოს ეკონომიკას და ამ ადამიანებს არა აქვთ საშუალება, საკუთარი არჩევანი გააკეთონ. ეს რა თქმა უნდა, არ აინტერესებს არსებულ ხელისუფლებას. იმიტომ, რომ ის ადამიანები, ვინც ევროპაში არიან, არიან პროგრესულად მოაზროვნე ადამიანები. მათ ახალი ცხოვრება ნახეს, გაჭივრება გაიარეს, ენები ისწავლეს, პროფესიას დაეუფლნენ, ქვეყანაში ფულს რიცხავენ და ამ დროს ვერ იღებენ მონაწილეობას ქვეყნის, თავიანთი სამშობლოს ხვალინდელ დღეში.

მე ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ჩვენი ქვეყნის მმართველობის სისტემა უნდა იყოს კოალიციური - რატომ? იმიტომ, რომ ჩვენ არ ვიცით ალტერნატიული აზრის მოსმენა, კამათი, არ ვიცით ამ კამათიდან იმ გადაწყვეტილების მიღება, რაც ქვეყანას სჭრიდება.

ჩვენ მიჩვეული ვართ მესიებს. სულ ელოდება ეს ქვეყანა მესიას და მერე ვბარდებით - მთავარია ვიღაცა მოვიყვანოთ, გმირად ვაქციოთ და მერე უბრალოდ გვავიწყდება, რომ ეს ადამიანები ძალაუფლების ტყვეობაში ვარდებიან და გვახვევენ თავს იმ წესებს,  როგორ უნდა ვიცხოვროთ.

ჩვენ უნდა მივეჩვიოთ მრავალპარტიულ ცხოვრებას, ეს არის ამის წამალი. დემოკრატიულ სისტემას უკეთესი არ მოუგონია - ეს არის კოალიციური მმართველობა.

ადამიანები ჩემგან ელოდებიან ბრძანებას, რომ თავმჯდომარე ხარ პარტიის და შენ ასე უნდა გააკეთო და ან ჩემზე ილაპარაკო... მსგავს რაღაცას არ ვაკეთებ.

არასდროს არ წავალ ემიგრაციაში მიუხედავად იმისა, რომ უცხოეთში ცხოვრების და იქ ბიზნესის თავისუფლად კეთების საშუალება ბოლო 20 წელია მქონდა და მაქვს.
ამას არ გავაკეთებ, ეს არის ჩემი ქვეყანა, ჩვენი სამშობლო. მინდა, რომ თქვენი შვილები და ჩვენი შვილები აქ ცხოვრობდნენ და მეც.

დაახლოებით 5 წელიწადში, ჩვენ რომ ხელისუფლებაში ვიყოთ, საქართველოს გავხდიდი არამარტო რეგიონის, არამედ ამ ნახევარსფეროს ამომავალ ვარსკვლავად, ამას ვამბობ მთელი პასუხისმგებლობით. დარწმუნებული ვარ, ეს იქნება ადგილი, სადაც ჩვენს ემიგრანტებს, გაუჩნდებათ სურვილი სასწრაფოდ დაბრუნების საქართველოში და ამ პროცესში მონაწილეობის მიღების. იმიტომ, რომ მე დიდ ენერგიას და დიდ პოტენციალს სწორედ ამ ადამიანებში ვხედავ.

ეს იქნება ადგილი, სადაც ინოვაცია, ტექნოლოგიები იქნება თავმოყრილი და ყველა ნიჭიერი ადამიანი, ჩვენი მოქალაქეები და უცხოელები,  აქ ჩამოვლენ მსგავსი პროექტების განსახორციელებად - ეს IT-ის ეხება და სხვადასხვა ინოვაციურ ტექნოლოგიურ მიმართულებებს.

საქართველო გახდება ნამდვილი კვანძი მისიით იმიტომ, რომ, პირველ რიგში, მისია უნდა დავიბრუნოთ და ეს მისია და ეს ფუნქცია უნდა იყოს ქვეყნის გარეშე, ანუ საქართველო მაქვს მხედველობაში - არაფერი მნიშვნელოვანი სამეზობლოში და რეგიონში არ უნდა ხდებოდეს.