პრეზიდენტის დაწყევლილი სავარძელი

ანალიტიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ახლა, შეიძლება, ხმამაღალი ნათქვამია, მაგრამ საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე დაწყევლილი და უიღბლო თანამდებობა პრეზიდენტობაა. არადა, წესით, ქვეყნის მთავარსარდლობა, მინიმუმ, უზრუნველი სიბერის გარანტია უნდა იყოს, თუმცა ხომ იცით, ჩვენ, ქართველები, ყველაფერში განსაკუთრებულები ვართ. ჰოდა, ამ მხრივაც პირველობას არავის ვანებებთ და სახელმწიფო მეთაურებს პოსტებიდან სულ კინწისკვრით ვაგდებთ. უფრო მეტიც, არც იმის გვერიდება, რომ ადამიანებს, რომლებიც სხვადასხვა დროს ქვეყნის საჭეთმპყრობლები იყვნენ, ბრალი ისეთ უმძიმეს დანაშაულში დავდოთ, როგორიც, მაგალითად, სამშობლოს ღალატია. რა, დეფინიციამ - „სამშობლოს ღალატი“ - ყური მოგჭრათ? დიახ, ყველაფერი ეს არათუ აღსაქმელად, არამედ, წასაკითხ-მოსასმენადაც ძნელია, მაგრამ ქალბატონებო და ბატონებო, მოდით, გულუბრყვილოები ნუ ვიქნებით, რეალობას თვალი გავუსწოროთ და ვაღიაროთ, რომ პირველების ჩაწიხვლა გვიყვარს, თან იმ პირველებისა, რომლებიც „მაღალ ტახტრევანდზე“ ჩვენვე ავიყვანეთ. 

არ გჯერათ, რომ ასეა? - ნება თქვენია, მაგრამ ნათქვამის საილუსტრაციოდ, შეგვიძლია, თვალი საქართველოს უახლეს ისტორიას გადავავლოთ: ქვეყნის პირველი პრეზიდენტი მოვკალით, მეორეს რევოლუცია მოვუწყვეთ, მესამე დავიჭირეთ, მეოთხე ლამის მტრად გამოვაცხადეთ, მეხუთეს კი იმპიჩმენტით ვემუქრებით, თუმცა ყველაზე მეტად ერთმანეთს ზვიად გამსახურდიასა და მიხეილ სააკაშვილის კარიერა ჰგავს.

საერთოდ, გამსახურდიასა და სააკაშვილს შორის პირდაპირი მსგავსება, შესაძლოა, არ არსებობს, მაგრამ პარალელების გავლება მაინც შესაძლებელია: ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, სააკაშვილიც, გამსახურდიას მსგავსად, პრეზიდენტად ქვეყნის მოსახლეობის აბსოლუტურმა უმრავლესობამ აირჩია, მაგრამ ეს ნდობა გაცამტვერდა და საზოგადოების ნაწილი პრეზიდენტებს კრიჭაში ჩაუდგა. სააკაშვილისგან განსხვავებით, გამსახურდიას პრეზიდენტობა ტრაგიკულად დასრულდა - იარაღით დაუპირისპირდნენ და იძლებული გახდა, ქვეყანა დაეტოვებინა. ქვეყნის დატოვება სააკაშვილსაც მოუხდა, თუმცა ამ შემთხვევაში, სისხლი არ დაღვრილა. სამაგიეროდ, როგორც გამსახურდიაზე, სააკაშვილზეც ახალმა ხელისუფლებამ სისხლის სამართლებრივი დევნა გამოაცხადა. ეგაა, ოღონდ: ეროვნული მოძრაობის ლიდერსა და საქართველოს პირველ პრეზიდენტზე სამხედრო საბჭომ სისხლის სამართლის საქმე სამშობლოს ღალატისა და ეროვნული შუღლის გაღვივების მუხლებით აღძრა. სააკაშვილს კი „ოცნება“ ძალაუფლების ბოროტად გამოყენებასა და ბიუჯეტის ფულით პიჯაკებისა თუ პალტოების ყიდვას ედავება და სასჯელსაც ამისთვის იხდის.     

 

***

1991 წლის 22 დეკემბერი, საქართველოს უახლეს ისტორიაში, ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული დღეა - ქართველმა ქართველს პირველად, სწორედ ამ დღეს ესროლა! ისე, ვიღაცები დღემდე ცდილობენ, გაარკვიონ, სასხლეტს პირველად თითი ოპოზიციამ გამოჰკრა, თუ პრეზიდენტის გარემოცვამ, მაგრამ ქართული „ვიკიპედიის“ თანახმად, სამოქალაქო ომი იმდროინდელი ოპოზიციის კისერზეა.

„1991 წლის დეკემბერს, ოპოზიციამ რამდენიმე შენობაზე, მათ შორის, საქართველოს პარლამენტზე, სადაც გამსახურდია იმყოფებოდა, იერიში მიიტანა. მოგვიანებით, ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის სარდლის ყოფილი მოადგილე, გენერალი სუფიან ბეპაევი მიუთითებდა, რომ 1991 წლის 24 და 28 დეკემბერს, როდესაც შეიარაღებული ოპოზიცია კრიტიკულ მდგომარეობაში აღმოჩნდა, აღნიშნული სამხედრო ოლქი ცოცხალი ძალითა და ტექნიკით დაეხმარა სამხედრო გადატრიალების ორგანიზატორებს.

მძიმე ბრძოლები თბილისში 1992 წლის 6 იანვრამდე გრძელდებოდა, რის გამოც სულ მცირე 113 ადამიანი დაიღუპა.

6 იანვარს, ზვიად გამსახურდიამ და მისი მთავრობის წევრებმა ალყაშემორტყმული შენობიდან გააღწიეს და აზერბაიჯანში გაიქცნენ, თუმცა იქ მათ თავშესაფარი ვერ მიიღეს. სომხეთმა გამსახურდია მცირე ხნით მიიღო და საქართველოში მის ექსტრადიციაზე უარი განაცხადა. საქართველოსთან დაძაბული ურთიერთობის გაუარესების თავიდან აცილების მიზნით, სომხეთის მთავრობამ გამსახურდიას საშუალება მისცა, ჩეჩნეთში გაქცეულიყო, სადაც მას ჯოხარ დუდაევის მთავრობამ თავშესაფარი მისცა“, - ნათქვამია ქართულ „ვიკიპედიაში“.

მოგვიანებით, გაჩნდა მტკიცებულებები, რომ ზვიად გამსახურდიას წინააღმდეგ მოწყობილ ამბოხებას ხელს საბჭოთა ჯარები უწყობდნენ. 1992 წლის 15 დეკემბერს, რუსული გაზეთი „მოსკოვსკიე ნოვოსტი“ აქვეყნებს წერილს, რომლის თანახმადაც, ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის ყოფილ ვიცე-ხელმძღვანელს, გენერალ-პოლოვნიკ სუფიან ბეპაევს, სამხედრო ოპოზიციის დასახმარებლად, თბილისში ქვედანაყოფი ჰყავდა გაგზავნილი. გაზეთის მტკიცებით, ამ დანაყოფის ჩაურევლად, გამსახურდიას მომხრეებს გამარჯვება გარანტირებული ჰქნდათ.

ამავე წერილის თანახმად, 1991 წლის 28 დეკემბერს, ოპოზიციამ სატელევიზიო ანძაც, სწორედ რუსი სამხედროების ხელშეწყობით აიღო.

ამის შემდეგ, ერთ დროს მზიან და ია-ვარდების საქართველოში მოვლენები „არამზიანად“ ვითარდება, რაც იმას ნიშნავს, რომ ძალაუფლებას ხელში სამხედრო საბჭო იღებს, რომელიც ზვიად გამსახურდიას პრეზიდენტის წოდებას ართმევს.  მოგვიანებით, სამხედო საბჭო თავს „სახელმწიფო საბჭოდ“ აცხადებს და სახელმწიფოს მეთაურობას საქართველოს ცეკა-ს ყოფილ მდივანსა და საბჭოთა კავშირის ყოფილ საგარეო საქმეთა მინისტრს სთავაზობს. თვითმფრინავი, რომელსაც ედუარდ შევარდნაძე ჩრდილოეთიდან სამშობლოში ჩამოჰყავს, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, 1992 წლის 7 მარტს ეშვება.

„ძალაუფლების შეცვლა განხორციელდა, როგორც Fait Accompli ანუ ფორმალური რეფერენდუმისა და არჩევნების გარეშე. შესაბამისად, 1992 წლის შემოდგომამდე, ედუარდ შევარდნაძე ქვეყნის არაფორმალური მმართველი იყო. შემოდგომაზე კი, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარედ აირჩიეს“, - აღნიშნულია „ვიკიპედიაში“.

სხვათა შორის, ზუსტად იმ დროს, როცა თბილისში ტყვიები ზუზუნებდა ანუ 1991 წლის 25 დეკემბრიდან 1992 წლის 6 იანვრამდე, საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა დე-იურედ 20-მა სახელმწიფომ, მათ შორის, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა სცნო.

„სამხედრო გადატრიალების დღეებსა და მის შემდეგაც, როგორც თბილისში, ასევე, საქართველოს სხვა ქალაქებში, სისტემატურად მიმდინარეობდა პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას მომხრეთა საპროტესტო, მშვიდობიანი მიტინგები და დემონსტრაციები. არსებობს გადაუმოწმებელი მტკიცებულებები მომიტინგეთა წამებასა და დახვრეტაზე.

სამხედრო გადატრიალების შემდეგ, „მხედრიონმა“ და გვარდიამ წამოიწყეს გამსახურდიას მომხრე რეგიონების დარბევა, რამაც განსაკუთრებით მწვავე სახე სამეგრელოსა და აფხაზეთში მიიღო. ამის გამო, დასავლეთ საქართველოში წინააღმდეგობის მოძრაობა გაძლიერდა და თანდათან შეიარაღებულ წინააღმდეგობად გადაიქცა“, - იუწყება იმდროინდელი პრესა, რომელიც სახელმწიფო საბჭოს არ სწყალობდა.

ცნობისთვის: საქართველოდან განდევნის მიუხედავად, ზვიად გამსახურდია პრეზიდენტის მოვალეობას ასრულებდა. ყოველ შემთხვევაში, ცნობილია, რომ 1992 წლის ნოემბერ-დეკემბერში, ფინეთის პარლამენტის საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფმა და ადამიანთა უფლებების საერთაშორისო საზოგადოებამ ავსტრიასა და ფინეთში მიიწვიეს. ორივე ქვეყანაში გამსახურდიამ არათუ პრესკონფერენციები გამართა, არამედ, პარლამენტარებსა და სხვა ოფიციალურ პირებსაც შეხვდა.

პარალელურად, საქართველოს სხვადასხვა რეგიონსა თუ რაიონში, გამსახურდიასა და სახელმწიფო საბჭოს მომხრეებს შორის, შეიარაღებული დაპირისპირება გრძელდებოდა. ერთ-ერთი ყველაზე სერიოზული ინციდენტი 1992 წლის 24 ივნისს, თბილისში მოხდა - ამ დღეს, გამსახურდიას შეიარაღებულმა მხარდამჭერებმა სახელმწიფო ტელევიზიის ცენტრი აიღეს და რადიო-გზავნილიც გააგზავნეს:

ლეგიტიმური მთავრობა აღდგენილია. წითელი ხუნტას აღსასრული ახლოვდება!“

ამ გზავნილიდან არცთუ დიდი ხნის შემდეგ, ეროვნულმა გვარდიამ გამსახურდიას მომხრეები ტელევიზიიდან გამოდევნა.

ქვეყანაში „ზვიადიზმის“ ჩასახშობად მასობრივი ეგზეკუცია დაიწყო, რასაც საერთაშორისო ორგანიზაციები მკაცრად აკრიტიკებდნენ და მიანიშნებდნენ, საქართველოში ადამიანის უფლებები ირღვევაო, თუმცა მიუხედავად ამისა, ქვეყანამ მსოფლიოს პოლიტიკურ რუკაზე ფორმალური აღიარება მაინც მოიპოვა.

1993 წლის 24 სექტემბერი. სენაკში თვითმფნრინავი ეშვება, რომელსაც დევნილი პრეზიდენტი საქართველოში ჩამოჰყავს. სენაკიდან ზვიად გამსახურდია ზუგდიდში მიდის, სადაც ე.წ. დევნილ მთავრობას აყალიბებს და აცხადებს, რომ  სამხედრო ხუნტის წინააღმდეგ მშვიდობიან წინააღმდეგობას არალეგალურად გააგრძელებს. პარალელურად, ზვიად გამსახურდია ცდილობს, ანტიშევარდნაძისტული კოალიცია შექმნას, რომელიც ძირითადად, სამეგრელოსა და აფხაზეთის მოსახლეობას ეყრდნობა.

საქართველოში დაბრუნებული ზვიად გამსახურდიას უმთავრესი მოთხოვნა ხელახალი არჩევნების ჩატარებაა, თუმცა მას შემდეგ, რაც ანტიშევარდნაძისტული კოალიციის მებრძოლები ხელთ ე.წ. სამთავრობო შენაერთების მიერ დატოვებულ დიდი რაოდენობით სამხედრო ამუნიციას იგდებენ, ხელახალი არჩევნების მოთხოვნა დღის წესრიგიდან იხსნება... გამსახურდიას მომხრეები უკვე რამდენიმე მნიშვნელოვან ქალაქსა და სატრანსპორტო კვანძს, მათ შორის, ფოთსაც აკონტროლებენ.

„ფოთის ხელში ჩაგდებამ რუსეთის, სომხეთისა (რომელიც სრულად საქართველოს პორტებზე იყო დამოკიდებული) და აზერბაიჯანის ინტერესები საფრთხეში ჩააგდო. ამ სიტუაციაში, სამივე ქვეყანამ ერთგვარი „ქუიდ პრო ქუო“ სვლა გააკეთა და მხარი შევარდნაძის მთავრობას დაუჭირა, რომელიც თავის მხრივ, დათანხმდა დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობაში გაწევრიანებას. მხარდაჭერა სომხეთისა და აზერბაიჯანისგან მხოლოდ პოლიტიკური იყო. რუსეთმა კი სწრაფად მოახდინა ჯარების მობილიზება საქართველოს ცენტრალური მთავრობის დასახმარებლად. 20 ოქტომბერს, დაახლოებით, 2 000 რუსი ჯარისკაცი, რკინიგზის დაცვის საბაბით, საქართველოს საზღრებს კვეთს და ე.წ. სამთავრობო საჯარს იარაღით ეხმარება. 1993 წლის 6 ნოემბერს, „ზვიადისტები“ ზუგდიდს კარგავენ“, - აღნიშნულია ისტორიულ წყაროებში.

1993 წლის ოქტომბრის დამლევს, პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია და მისი რამდენიმე მხარდამჭერი იძულებულნი ხდებიან, თავი სამეგრელოს მთიან ნაწილს შეაფარონ.

1993 წლის 31 დეკემბერს, საქართველოს პირველი პრეზიდენტი ხობის რაიონის სოფელ ხიბულაში იღუპება. „გამსახურდიას ტყვია თავში აქვს მოხვედრილი“, - იუწყებოდა ბრიტანული მედია.

1994 წლის თებერვალში, პრეზიდენტის ცხედარს გროზნოში გადაასვენებენ. პრეზიდენტის გარდაცვალების მიუხედავად, მის მიმართ სისხლის სამართლის დევნა კიდევ ათი წელი გაგრძელდება და საქმე მხოლოდ „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ, კერძოდ, 2004 წლის იანვარში შეწყდება.

2009 წელს, პრეზიდენტის პირველი ვაჟის, კონსტანტინე გამსახურდიას ხელმძღვანელობით, პარლამენტში საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას გარდაცვალებასთან დაკავშირებული საკითხების შემსწავლელი დროებითი კომისია შეიქმნება. ხანგრძლივი მუშაობის შემდეგ, კომისია ზვიად გამსახურდიას გარდაცვალებაში ახალ ფაქტებსა და გარემოებებს გამოავლენს.

„კომისიის მიერ მოპოვებული მასალები და მათზე დაყრდნობით გაკეთებული დასკვნები აბათილებს თვითმკვლელობის ვერსიას, რომელიც ერთადერთ მსჯელობის საგნად იქცა 1994-2004 წლებში, პროკურატურის მიერ წარმოებულ სისხლის სამართლის საქმეში“, - იტყვის 2011 წელს, პარლამენტში გამოსვლისას, კონსტანტინე გამსახურდია.

2013 წლის 26 სექტემბერს, ზვიად გამსახურდიას საქართველოს ეროვნული გმირის წოდება მიენიჭება.

2015 წელს, ცნობილი გახდება, რომ ზვიად გამსახურდიას გარდაცვალების საქმეზე გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით განახლდა. მიმდინარე წლის 31 მარტს, პირველი პრეზიდენტის ვაჟები მამის მკვლელობის გამოძიების დასრულების მოთხოვნით აქციას გამართავენ და იტყვიან, რომ მთავარი პროკურატურა პირველი პრეზიდენტის მკვლელობის გამოძიებას განზრახ აჭიანურებს.

რატომ? - ეს კითხვა, ჯერჯერობით, რიტორიკულია, თუმცა, ალბათ, მოვა დრო და ძველი ხიბულას საიდუმლოს ფარდა აუცილებლად აეხდება.

რაც შეეხება საქართველოს მესამე პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს, მის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნა 2014 წლის 13 აგვისტოს დაიწყო.

„დღეს, საქართველოს მთავარი პროკურატურის მიერ, დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის ფაქტზე, გამოტანილი იქნა დადგენილებები საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილი უფროსის, თეიმურაზ ჯანაშიას ბრალდებულის სახით სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემის შესახებ. საქმე ეხება სახელმწიფოს კუთვნილი 8 837 461 ლარის გაფლანგვის ფაქტს.

გამოძიებით დადგენილია შემდეგი: 

2009 წლის თებერვალში, მიხეილ სააკაშვილის მიერ, საქართველოში მოწვეულ იქნა მასაჟისტი დოროთი შტეინი, ე.წ. „დოქტორ დოტი“, რომელმაც მიხეილ სააკაშვილს გაუწია შესაბამისი მომსახურება. ამის შემდეგ, დოქტორ დოტის მიერ საქართველოში სტუმრობის ამსახველი ვიდეო-მასალა განთავსებულ იქნა ინტერნეტ სივრცეში, რის შემდეგაც, მისი საქართველოში ვიზიტისა და პრეზიდენტისთვის გაწეული მომსახურების შესახებ ცნობილი გახდა საზოგადოებისთვის. აღსანიშნავია, რომ მასაჟისტი დოროთი შტეინის საქართველოში შემოყვანისას და ქვეყნის დატოვებისას მისი მხრიდან საქართველოს საზღვრის კვეთის ფაქტი არ დაფიქსირებულა.

სამომავლოდ პრეზიდენტის ხარჯების შესახებ მსგავსი ინფორმაციის საზოგადოებაში გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, 2009 წლის აპრილში, მიხეილ სააკაშვილმა მიიღო გადაწყვეტილება, მისი პირადი მიზნებისათვის საჭირო თანხების გასაიდუმლოებული ფორმით ხარჯვის თაობაზე. მაშინ როდესაც მანამდე პრეზიდენტის ხარჯები იყო საჯარო და იგი ფინანსდებოდა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციისა და სსიპ ,,სახელმწიფო უზრუნველყოფის სააგენტოს“ სახსრებით. აღნიშნულიდან გამომდინარე მიხეილ სააკაშვილი ბიუჯეტიდან საჭირო თანხების მობილიზებას მოახდენდა მის უშუალო დაქვემდებარებაში მყოფ სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში, საიდანაც საიდუმლო რეჟიმში განხორციელდებოდა მიხეილ სააკაშვილის პირადი მიზნებისათვის განკუთვნილი ხარჯების დაფინანსება. 

დანაშაულებრივი გეგმის განხორციელება დაევალა სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ხელმძღვანელს თეიმურაზ ჯანაშიას.

თეიმურაზ ჯანაშიას მეშვეობით, „სახელმწიფო  საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა დარღვევით, მიხეილ სააკაშვილის მიერ პირადი მიზნებისათვის ბიუჯეტის კუთვნილი თანხების ხარჯვა შეინიღბა, როგორც ფარული ხარჯები. ამ მიზნით, საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის „საიდუმლო“ განკარგულებებით, პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურისათვის გამოყოფილ იქნა ჯამში - 5 952 500 ლარი. ასევე, მიხეილ სააკაშვილის გრიფით „საიდუმლო“ განკარგულებებით სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურს უკანონოდ დაევალა საქართველოს პრეზიდენტისა და მისი ოჯახის წევრების, ასევ,ე მათი სტუმრების, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ მგზავრობისა და ცხოვრების, კოსმეტიკური პროცედურების, კვების, სწავლის, საჩუქრებისა და სუვენირების შეძენის, საყოფაცხოვრებო და სხვა ხარჯების  დაფინანსება.

2009-2013 წლებში, მიხეილ სააკაშვილის დავალებით, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მიერ, საიდუმლო ფორმით ხდებოდა პრეზიდენტის ისეთი სახის ხარჯების ანაზღაურება, რომელთა დაფინანსებაც კანონიერად ვერ მოხერხდებოდა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციისა და სსიპ სახელმწიფო უზრუნველყოფის სააგენტოს მიერ. თანხების ჩამოწერას გრიფით „საიდუმლო“ პატაკებით ახორციელებდა სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ეკონომიკური დეპარტამენტი. ხსენებულ პატაკებს  გრიფი ,,საიდუმლო“ ენიჭებოდა „სახელმწიფო საიდუმლოებას მიკუთვნებულ ცნობათა ნუსხის“ მოთხოვნათა დარღვევით, ვინაიდან არცერთი ზემოაღნიშნული პატაკი და მასზე თანდართული ხარჯების დამადასტურებელი დოკუმენტაცია არ შეიცავდა სახელმწიფო საიდუმლოებას მიკუთვნებულ ინფორმაციას.

მიხეილ სააკაშვილსა და თეიმურაზ ჯანაშიას  შორის უკვე არსებული შეთანხმებისა და პრეზიდენტის მიერ გაცემული დავალების შესაბამისად, 2009 წლის სექტემბრიდან 2013 წლის თებერვლის ჩათვლით პერიოდში, საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მიერ, მისთვის და სხვადასხვა ფიზიკური პირებისათვის საქართველოში და მის ფარგლებს  გარეთ გაწეული მომსახურებისთვის, საიდუმლო ფორმით, გაიფლანგა სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი 8 837 461 ლარი. კერძოდ: სასტუმროს მომსახურებისათვის გახარჯულია  სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი 2 074 611 ლარი, სამგზავრო ბილეთების შესაძენად - 916 017 ლარი,  საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ მიხეილ სააკაშვილის, მისი ოჯახის წევრებისა და სხვა პირების კვებით მომსახურებაზე - 1 403 966 ლარი, საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ ტრანსპორტით მომსახურეობაზე - 2 280 196 ლარი, კოსმეტიკური პროცედურებისთვის - 673 260 ლარი, საცხოვრებელი ფართის დაქირავებისათვის - 273 971 ლარი, ტანსაცმლის შესაძენად - 115 171.14 ლარი, საჩუქრებისა და სუვენირების შესაძენად - 237 354 ლარი, სხვადასხვა ხარჯების ასანაზღაურებლად - 576 508 ლარი.

თვალსაჩინოებისათვის გვსურს წარმოგიდგინოთ მიხეილ სააკაშვილის მიერ გაწეული ხარჯების ნაწილი უფრო დეტალურად:

მიხეილ სააკაშვილისათვის დაქირავებული ესპანელი მზარეულის სერხიო ქალდერონ ლატასას შრომის ანაზღაურებისათვის, საცხოვრებელი ფართის დაქირავებისათვის, მზარეულის თარჯიმნის შრომის ანაზღაურებისათვის და მზარეულის ესპანეთში მგზავრობისათვის  გახარჯულია - 191 643 ლარი; მიხეილ სააკაშვილის სტილისტის  ალი კამალის სასტუმროს მომსახურებასა და სამგზავრო ბილეთებში გადახდილია 75 181 ლარი; გიორგი უგულავას სასტუმროს მომსახურებასა და სამკურნალო-გასახდომი პროცედურებისათვის ავსტრიის ქალაქ ინსბრუკის გამაჯანსაღებელ ცენტრში გადახდილია 26 388 ლარი, კობა ნაყოფიას, გოგა ხაჩიძის, ნუგზარ წიკლაურის, გიორგი გაბაშვილის, სერგო რატიანის, პეტრე ცისკარიშვილის, ლევან ვარშალომიძის, გიორგი არველაძის საზღვარგარეთ სასტუმროების მომსახურებაში  გადახდილია 88 919 ლარი; მარიამ საჯაიას არაბეთის გაერთიანებულ საემიროებსა და ქ. ბათუმში სასტუმრო მომსახურებაში გადახდილია 6 342 ლარი; ალანა გაგლოევას არაბეთის გაერთიანებულ საემიროებში სასტუმრო მომსახურებაში  გადახდილია 6 401 ლარი; კრისტინა და ნატალია უსოვების სასტუმრო მომსახურებასა და სამგზავრო ბილეთებში  გადახდილია 15 873 ლარი;  ვერა ქობალიას მშობლების, ასევე მისი დის ნინა ქობალიას სამგზავრო ბილეთების შესაძენად - 38 247 ლარი;  მიხეილ სააკაშვილისთვის ავიალაინერის დაქირავებისათვის გადახდილია 503 383 ლარი; მიხეილ სააკაშვილისა და გიორგი უგულავასათვის ავსტრიაში, „პორშეს“, „მერსედესისა“ და „აუდის“ მარკების ავტომანქანების დასაქირავებლად გადაიხადეს 58 876 ლარი; იტალიაში, ქ. ვერონაში, მიხეილ სააკაშვილის ვიზიტისას, „ლიმუზინისა“ და „მინივენის“ დასაქირავებლად გადახდილია 45 214 ლარი; პერუში, ვერტმფრენის დასაქირავებლად გადახდილია 33 204 ლარი; საზღვარგარეთის ქვეყნებში, მიხეილ სააკაშვილისთვის ველოსიპედების დასაქირავებლად გადახდილია 35 350 ლარი; იტალიაში, ქალაქ პიზაში, იახტის დაქირავებაში გადახდილია 25 237 ლარი; მიხეილ სააკაშვილისთვის დიდ ბრიტანეთში, 7 პიჯაკისა და ერთი ქაშმირის სპორტული პალტოს შესაძენად გადახდილია 49 499 ლარი და ხელით ნაკეთი 2 კოსტიუმის შესაძენად - 7 994.84 ლარი; აშშ-ში, ინგლისსა და საქართველოში ათი ერთეული მაჯის საათის შესაძენად გადახდილია ჯამში - 53 283 ლარი; ქ. ლონდონში, მკერდითმხატვრის, მერედიტ ოსტრომის მიერ შესრულებული ნახატის შესაძენად გადახდილია 15 989 ლარი; ასევე, ტაილანდის კურორტ ფხუკეთში, მიხეილ სააკაშვილის, დავით ბაქარაძის, ლევან ვარშალომიძის სასტუმროს, ავტომობილის მომსახურების, კვებისა და ავიაბილეთების ხარჯებმა ორ დღეში შეადგინა 127 858 ლარი და სხვა.

ასევე, ხაზი გვინდა გავუსვათ, რომ აღნიშნული საიდუმლო ხარჯების ხარჯვის პარალელურად, პრეზიდენტის ადმინისტრაციისა და  სსიპ „საქართველოს სახელმწიფო უზრუნველყოფის სააგენტოს“ ბიუჯეტებიდან პრეზიდენტის წარმომადგენლობითი ხარჯებისათვის, 2009 წელს, დაიხარჯა 6 213 015 ლარი, 2010 წელს - 3 340 728 ლარი, 2011 წელს - 4 654 100 ლარი და 2012 წელს - 5 809 808 ლარი, სულ 20 007 651 ლარი, რომელთა ხარჯვის კანონიერების საკითხსაც გამოძიება დამატებით შეისწავლის.

ამრიგად, მიხეილ სააკაშვილის მიერ სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით გაფლანგულ იქნა სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი 8 837 461 ლარი.

მიხეილ სააკაშვილის და თეიმურაზ ჯანაშიას მიმართ გამოძიება გრძელდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-3 ნაწილით, რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 7-დან 11 წლამდე ვადით“, - ნათქვამი იყო მთავარი პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მოგვიანებით, ანუ 2015 წლის ივნისში, მთავარ პროკურატურაში მიხეილ სააკაშვილის საქმეზე კიდევ ერთი განცხადება გაკეთდება: „თბილისის საქალაქო სასამართლომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ბრალდების საქმეზე დასაშვებად სცნო პროკურატურის მიერ წარდგენილი ყველა მტკიცებულება. საქმის წინასასამართლო განხილვის დროს, არ დაკმაყოფილდა დაცვის მხარის შუამდგომლობა მიხეილ სააკაშვილის მიმართ სისხლისამართლებრივი დევნის შეწყვეტის შესახებ, ხოლო დაცვის მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულების მხოლოდ ნაწილი დაუშვა და საქმე წარმართა არსებითად განსახილველად. საქმის არსებითი განხილვა თბილისის საქალაქო სასამართლოში 2015 წლის 6 ივლისს იყო ჩანიშნული.შეგახსენებთ, რომ ალექსანდრე გირგვლიანის საქმეზე ახალი გარემოებების გამორკვევა და მიხეილ სააკაშვილისათვის ბრალდების გამოტანა მოხდა სტარსბურგის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე, საქართველოს პროკურატურის მიერ ჩატარებული განახლებული გამოძიების ფარგლებში, რომელსაც სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების პროცესში ზედამხედველობას უწევს ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტი. აღნიშნულ საქმეზე მიხეილ სააკაშვილს ბრალი წარდგენილი აქვს სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების მუხლით, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის მეორე ნაწილით, რომელიც თავისუფლების აღკვეთას 3-დან 5 წლამდე ვადით ითვალისწინებს“.

საერთოდ, მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ არასასიამოვნო ხმა ჯერ კიდევ მაშინ ვრცელდებოდა, როცა ქვეყნის მთავარსარდალი იყო. იმდროინდელ ოპოზიციას იმის მოლოდინიც ჰქონდა, რომ ადრე თუ გვიან დადგებოდა დრო, როცა საქართველოს მესამე პრეზიდენტი განსასჯელის სკამზე აღმოჩნდებოდა, მაგრამ მაშინ ყველაზე ანტიმიშისტებიც კი დარწმუნებულნი იყვნენ, რომ სააკაშვილისთვის წაყენებული ბრალდებები ისეთი მყარი იქნებოდა, რომ „ქვას გახეთქავდა“.

პრეზიდენტის სავარძელი რომ დაწყევლილია, ამას ბოლოდროინდელი მოვლენებიც მოწმობს - სალომე ზურაბიშვილს, რომელსაც თავის დროზე მმართველი გუნდი „ყველაზე ღირსეულ არჩევანს“ უწოდებდა, იმპიჩმენტი ემუქრება. როგორ გახდა „ღირსეული არჩევანი“ უღირსი და კონსტიტუციის დამრღვევი, ეს ცალკე საუბრის თემაა, თუმცა ზურაბიშვილის მაგალითიც კი ნათელჰყოფს, რომ ქვეყნის მეექვსე პრეზიდენტმა, რომელსაც ხმოსნები აირჩევენ, ვიდრე საქმიანობას შეუდგება, სავარძელს უნდა გამოულოცოს, თორემ ლუციფერს არ სძინავს და შესაძლოა, მანაც წინამორბედების ბედი გაიზიაროს...  

 

ავტორი: ვანო პავლიაშვილი