СNN-მა გამოაქვეყნა ყირიმის ხიდზე თავდასხმის ვიდეოჩანაწერი

ანალიტიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

აშშ-ის ტელეარხმა, CNN-მა, გამოაქვეყნა ვიდეოჩანაწერი, რომელიც უკრაინის უშიშროების სამსახურისგან მიიღო და რომელზეც აღბეჭდილია 17 ივლისს ყირიმის ხიდის საყრდენზე მომხდარი თავდასხმა.


ამდენად, კიევმა პირველად, ოფიციალურად აღიარა თავისი უშიშროების ძალების მონაწილეობა ამ თავდასხმაში. უკრაინის უშიშროების სამსახურმა ტელეკომპანიას გადასცა საზღვაო დრონის ვიდეოჩანაწერი, რომელზეც აღბეჭდილია ბოლო წამები ხიდის რკინაბეტონის საყრდენ სვეტზე 850 კილოგრამი ასაფეთქებელი მასალით დატვირთული დრონის შეტაკებამდე.
უკრაინის უშიშროების სამსახურის წყაროებმა CNN-ს მიაწოდეს ასევე ვიდეომეთვალყურეობის კამერების ჩანაწერები, რომლებზეც ჩანს დრონების აფეთქების მომენტი (მეორე უპილოტო კატერი აფეთქდა ყირიმის ხიდის სარკინიგზო სეგმენტთან).


უკრაინის უშიშროების სამსახურის ხელმძღვანელმა ვასილი მალიუკმა CNN-ს უთხრა, რომ თავდასხმისას გამოიყენეს საზღვაო დრონი Sea Baby (ზღვის ჩვილი). მალიუკის თქმით, ამ დრონების საშუალებით მოხდა თავდასხმა ყირიმის ხიდზე, ასევე იერიში - რუსეთის სადესანტო ხომალდ Оленегорский горняк-სა და ტანკერ Сиг-ზე.
17 ივლისის თავდასხმის შედეგად მწყობრიდან გამოვიდა საავტომობილო ნაწილი ყირიმის ხიდისა, რომელიც რუსეთის ტერიტორიას მოსკოვის მიერ ანექსირებულ ყირიმის ნახევარკუნძულთან აკავშირებს. ამ თავდასხმის შედეგად ორი პირი დაიღუპა.


2022 წლის 8 ოქტომბერს ხიდზე სატვირთო ავტომობილი აფეთქდა. შედეგად ჩამოინგრა კონსტრუქციის რამდენიმე სეგმენტი. რუსეთმა თავდასხმას ტერორისტული აქტი უწოდა. კიევმა არაერთხელ განაცხადა, რომ ხიდს ომში მიიჩნევს კანონიერ სამიზნედ, რადგან იგი უკრაინაში რუსეთის ჯარის მოსამარაგებლად გამოიყენება.