რა სპორტული მოვლენებით დაგვამახსოვრდება 2023 წელი

სპორტი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

2023 წელი ქართული სპორტისთვის გამორჩეული იყო. გამორჩეული თუნდაც იმიტომ, რომ სეზონის ბოლოს, ჟურნალისტთა შორის, აზრთა სხვადასხვაობა წარმოიშვა იმასთან დაკავშირებით, თუ ვის უნდა რგებოდა წლის საუკეთესო სპორტსმენის ტიტული. თავად განსაჯეთ - აქეთ ყველაფრის მომგები და ამწევი ლაშა ტალახაძე, იქეთ - საფეხბურთო სამყაროში გრიგალივით შევარდნილი და იტალიის ჩემპიონატის მომგები ხვიჩა კვარაცხელია, ტატამზე - ყველაფრის მომგები ტატო გრიგალაშვილი, მსოფლიო რუკაზე, სანდრო ბაზაძის წყალობით გამოჩენილი ქართული ფარიკაობა და წლის საუკეთესო მოფარიკავედ დასახელებული ბაზაძე... ეს მხოლოდ კაცებში და ქალებშიც არ იყო ნაკლები საფიქრალი - ფიგურულ სრიალში, ლამის, ყველა ტურნირიდან მედლით დაბრუნებული ანასტასია გუბანოვა, ევროპული თამაშების მომგები ძიუდოისტი ეთერ ლიპარტელიანი, ოლიმპიური ლიცენზიის მომგები, ლეგენდარული ნინო სალუქვაძე...

 

საბოლოო ჯამში, ოლიმპიურმა კომიტეტმა, წლის საუკეთესო სპორტსმენ მამაკაცად ლაშა ტალახაძე დაასახელა, საუკეთესო ქალ სპორტსმენად - ანასტასია გუბანოვა.

საუკეთესო ფეხბურთელის პრიზი ფეხბურთის ფედერაციამ  ხვიჩა კვარაცხელიას რომ გადასცა, გასაკვირი არ უნდა იყოს. ისე, ხვიჩაზე ცოტა ვრცლად ვთქვათ, რადგან მან ქართველი ქომაგები, ლამის, უქმეებიდან უქმეებამდე აცხოვრა - ყველა ელოდა, რას იზამდა კონკრეტულ შეხვედრაში ქართველი შემტევი და ისიც იმედებს არ აცრუებდა. წლევანდელ სეზონში კვარაცხელია, შესაძლოა, ისე ვერ ბრწყინავს, როგორც შარშან, მაგრამ ამას თავის მიზეზი აქვს. ევროპელი ექსპერტები ამბობენ, რომ მთავარი მიზეზი კვარას ქვეცნობიერია, რომელიც მისდაუნებურად მუშაობს. თავად განსაჯეთ - სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი, საუკეთესო გოლის ავტორი, ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელი, „ოქროს ბურთის“ ნომინანტი... ამ დროს, მისი ჯამაგირი თვეში 100 ათასი ევროა და ეს მაშინ, როცა მისი თანაგუნდელები გაცილებით მეტს იღებენ. იგივე ვიქტორ ოსიმენმა, ორიოდე დღის წინ, ახალი კონტრაქტი გააფორმა და წლიურად 10 მილიონ ევროს მიიღებს. კლუბის პრეზიდენტის სიძუნწე ბევრს არ მოსწონს და სწორედ ამიტომ წავიდა გასული სეზონის ბოლოს კიმ მინ ჯე, ამიტომ მიდის პიოტრ ზელენსკი მიმდინარე სეზონის ბოლოს და ამიტომ, 1 იანვარს, გუნდს ტოვებს ელიფ ელმასი. ისე, ამბობენ, ელმასი რომ წავა, მის 7-ნომრიან მაისურს კვარაცხელია მოირგებსო და ვნახოთ.

 

ცალკე ვთქვათ ლაშა ტალახაძეზეც. წელს მან მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატები კარიერაში მეშვიდედ მოიგო, 2024-ში აუცილებლად დაამატებს მესამე ოლიმპიურ ოქროს მედალს და ყველა დროში, ყველაზე ტიტულოვანი ქართველი სპორტსმენიც გახდება. ამ გადმოსახედიდან, ლაშას კონკურენტი კი არა, ტოლ-სწორი არ ჰყავს და მუდმივად მეორე ადგილზე გასულ გორ მინასიანზე ალალად ამბობენ - იმდენი ვერცხლი იუდას არ აუღია, რაც ტალახაძემ მინასიანს აააღებინაო. რომ არა ლაშა, მსოფლიო ლეგენდა სწორედ მინასიანი იქნებოდა, მაგრამ ნურას უკაცრავად...

სანდრო ბაზაძე, რომელმაც ქართული ფარიკაობა ახალ ნიშნულზე აიყვანა. ვინ იფიქრებდა, რომ ქართველი მოფარიკავე მსოფლიო რეიტინგში ნომერი პირველი გახდებოდა და ეს სანდრომ შეძლო.

ძიუდოს ნაკრები წლის საუკეთესო გუნდად დასახელდა, მათი მწვრთნელი ლაშა გუჯეჯიანი - საუკეთესო მწვრთნელად და ეს დიდწილად... ტატო გრიგალაშვილის დამსახურებაა. თამამად შეიძლება ითქვას, რომ ტატო ერთგვარ ბეჭდაუდებელ ფალავნად იქცა და რომ არა მოდუნება, ან მსაჯების მიკერძოება, ყველგან ყველაფერს მოიგებდა. 2024 წლის ოლიმპიადაზეც, თუ ვინმე იქნება მედლისთვის ბრძოლაში ფავორიტი, უპირველესად, სწორედ გრიგალაშვილი, რომელიც ზედიზედ მეორედ გახდა მსოფლიოს ჩემპიონი და გზა ოქროს მედლამდე მართლა გრიგალივით გაიარა.

სათამაშო სახეობებში, წლის საუკეთესო სპორტსმენ მამაკაცად, ოლიმპიურმა კომიტეტმა... თორნიკე შენგელია დაასახელა. შესაძლოა, ბევრი ელოდა, რომ ამ პრიზს ხვიჩა კვარაცხელია მიიღებდა, მაგრამ ვაღიაროთ - საკალათბურთო ნაკრებმა წელს ისტორიული შედეგი დააფიქსირა, მსოფლიოს ჩემპიონატზე პირველად ითამაშა და დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში, ეს პირველი შემთხვევა იყო, როცა ოლიმპიური სახეობის გუნდირ შეჯიბრში, მსოფლიო პირველობაზე გავედით. თანაც, უბრალოდ მონაწილეობა კი არ მივიღეთ, ჯგუფიდანაც გავაღწიეთ და ოლიმპიადის საკვალიფიკაციო ეტაპის საგზურიც მოვიპოვეთ. ჰოდა, დიდი შანსია, კალათბურთელებმა ოლიმპიური საგზურიც მოიპოვონ და მერე ნახეთ, ოლიმპიური ზეიმი. ჰოდა, ნაკრების წარმატება მისი კაპიტნის, თორნიკე შენგელიას თამაშზე დიდწილად იყო დამოკიდებული და ამიტომ, თოკოსთვის ეს ჯილდო ალალია.

ისე, მომავალი წლის ქართული მოვლენა თებერვალში გვაქვს - ილია თოფურია პირველი ქართველი მებრძოლია, რომელიც UFC-ში ჩემპიონის ქამრისთვის იბრძოლებს და ურთულეს შეხვედრაში, ალექსანდრ ვოლკანოვსკის დაუპირისპირდება. თუ ილია გაიმარჯვებს... ეს მთელი საქართველოს უდიდესი გამარჯვება იქნება და ისიც ვთქვათ, რომ ვარჯიშებზე გასამხნევებლად, ილიასთან რიგ-რიგობით მიდიან სპორტის სხვადასხვა სახეობის ვარსკვლავები. მაგალითისთვის ხერარდ პიკესა და სერხიო რამოსის დასახელებაც კმარა, რომლებმაც ამ შეხვედრის ბილეთები უკვე იყიდეს და ილიას წინა რიგებიდან გაამხნევებენ. მერე იქნება ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატი, რომელზე გასვლის შანსი ძალიან, ძალიან დიდი გვაქვს და თუ ეს მოხდება, გვერწმუნეთ, ეროვნული დღესასწაული გველოდება. მერე კი... მერე მოდის სპორტის ყველა სახეობის გვირგვინი - პარიზის ოლიმპიური თამაშები. რა თქმა უნდა, პარიზში, ძირითადად, ძიუდოისტებისა და მოჭიდავეების იმედად ვიქნებით, მაგრამ ოქროს მედლის შანსი აუცილებლად ექნება სანდრო ბაზაძეს. არ არის გამორიცხული, ისევ მედლისთვის გაისროლოს ნინო სალუქცაძემ და რაღა თქმა უნდა, არც კი განიხილება ის, რომ ლაშა ტალახაძე ოქროს გარდა, სხვა სინჯის მედალს აიღებს. მოკლედ, 2024 წელი მედლებით დახუნძლული უნდა იყოს და თუ ფეხბურთელები ივარგებენ, ისტორიულიც!

ქართული სპორტის შემდეგ, მსოფლიოში მომხდარ ამბებზეც ვთქვათ. ყველაზე საინტერესო ალბათ ლიონელ მესის ევროპული ფეხბურთიდან წასვლა იყო. ამერიკულ „ინტერ მაიამიში“ გადასულმა ლეომ ახლა იქაური გულშემატკივრების გულები დაიპყრო და იმედები არ გააცრუა. არადა, ლეოს ასტრონომიული შეთავაზება ჰქონდა არაბეთიდან, სადაც ორწლიანი ბურთაობის სანაცვლოდ, ნახევარდ მილიარდ დოლარს სთავაზობდნენ, მაგრამ მან ამერიკა არჩია, დევიდ ბექჰემის კუთვნილ კლუბში გადავიდა და კარიერის დასრულების შემდეგ, ამ კლუბის თანამფლობელი გახდება. ზოგადად, ბექჰემის დარად, ლეო კარიერის დასრულების შემდეგ, სწორედ შტატებში აპირებს ცხოვრებას და როგორც ჩანს, ბიზნესს საფუძველი აქედანვე ჩაუყარა.

რადგან გასულ წელზე ვსაუბრობთ, არ შეიძლება იაპონელი შოჰეი ოტანი არ ვახსენოთ. 29 წლის იაპონელმა ბეისბოლის გუნდ „დოჯერსთან“ 10-წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი ანუ 39 წლამდე ითამაშებს და ამ ათი წლის განმავლობაში, 743 მილიონ დოლარს მიიღებს. ალბათ, გასაკვირი არ არის, რომ ოტანამდე სარეკორდო კონტრაქტი, მის თანაგუნდელს, მაიკ ტრაუტს ეკუთვნოდა, რომელმაც 10 წელიწადში 426 მილიონი დოლარი ჩაიჯიბა. ისე, ბეისბოლი ამერიკელებისთვის  სპორტის ეროვნულ სახეობად ითვლება და სარეკორდო კონტრაქტი იაპონელს რომ აქვს, იმას ნიშნავს, რომ ეს ბიჭი ამერიკელებს ათი თავით სჯობს.

და ერთიც - 2023 წლის მიწურულს, მოხდა ისეთი რამ, რამაც შესაძლოა ყველაზე პოპულარული სპორტის სახეობა ფეხბურთი უბრალოდ მოკლას. მადრიდის „რეალის“ პრეზიდენტა, უეფას სასამართლო დავა მოუგო და სუპერლიგის ჩამოყალიბების უფლება მიიღო. სუპერლიგა დამოუკიდებლად იარსებებს, ჩემპიონთა ლიგისა და ევროპა ლიგისგან ცალკე, არ დაემორჩილება უეფას და ბიუჯეტი მილიარდობით დოლარი იქნება. ჯერჯერობით, სუპერლიგაში ასპარეზობის სურვილი „რეალმა“, „ბარსელონამ“ და „ნაპოლიმ“ გამოთქვეს, უეფა და ფიფა კი იმუქრებიან, რომ თუ პერესი სუპერლიგას მართლაც ჩამოაყალიბებს და „სახელმწიფოს სახელმწიფოში“ გააკეთებს, უმკაცრეს ზომებს მიღებს და სამივე კლუბს უმკაცრესად დასჯის. საუბარია იმაზე, რომ ასეთ შემთხვევაში, სამივე კლუბის არცერთ ფეხბურთელს უფლება არ ექნება, ეროვნულ გუნდში ითამაშოს, სამივე კლუბი მოიკვეთება შიდა ჩემპიონატიდან და დაეკისრებათ ჯარიმა - 30 მილიონი ევროს ოდენობით. ამასთან ერთად, ფიფას და უეფას ისიც უმაგრებს ზურგს, რომ ისეთმა კლუბებმა, როგორებიც „ბაიერნი“, „მანჩესტერი“, „პსჟ“, „მილანი“, „იუვენტუსი“ და სხვა გრანდები არიან, სუპერლიგაში ჩაბმაზე კატეგორიული უარი განაცხადეს, მაგრამ თუ საქმე მილარდებზე იქნება, კლუბების ბოსებმა გადაწყვეტიულებას შესაძლოა გადახედონ.

დასასრულ - თითქოს, საქართველოში სპორტის ყველა სახეობას ეშველა, აგერ, ყინულის ჰოკეის მოედანსაც კი აშენებენ და საფეხბურთო ჩემპიონატს ვერ თუ არ დაადგა საშველი. ქართული კლუბები მერამდენე წელია, ევროთასებზე უბრალოდ ნადგურდებიან და მნიშვნელობა არ აქვს, მეტოქედ საშუალო დონის კლუბი ეყოლებათ, თუ არასაფეხბურთო ქვეყნის, არაპროფესიონალებით დაკომპლექტებული ბანდა, რომლებთანაც ასევე მარცხდებიან. ევროთასების ჯგუფური ეტაპი, ჩვენთვის ასე სანატრელი და სასურველი რომ არის, ფარერულმა კლუბმაც კი დააგემოვნა, მოლდოვურმაც, ლატვიურმაც, ლიტვურმაც და ბელორუსულმაც... უკრაინულზე, რუსულსა და აზერბაიჯანულზე არაფერს ვამბოთ... სომხებიც კი გავიდნენ ჯგუფში და ჩვენ არაფერი გვეშველა.

ავტორი: ბათო ჯაფარიძე