„ბაიერნი“ კანს ემშვიდობება

სპორტი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

მიუნხენის „ბაიერნის“ ლეგენდარული მეკარე ოლივერ კანი, კარიერის დასრულების შემდეგ, კლუბის მენეჯმენტში მუშაობს და გენერალური დირექტორის თანამდებობას იკავებს, თუმცა უდიდესი შანსია, ძველი დამსახურებების მიუხედავად, კანი სახლში გაუშვან. საქმე ის გახლავთ, რომ ბოლო პერიოდში ბავარიული გრანდი ვერ ბრწყინავს. გარდა იმისა, რომ გუნდი ქვეყნის თასიდან გავარდა, ჩემპიონთა ლიგასაც ნაადრევად დაემშვიდობა და „მანჩესტერ სიტისთან“ მეოთხედფინალური დაპირისპირება ულაპარაკოდ დათმო. ამას გარდა, „ბაიერნი“ ვერც ბუნდესლიგაში ვარგობს, ბოლო ოთხი მატჩიდან, მხოლოდ ორი მოიგო და მართალია, ჯერჯერობით, პირველ ადგილზეა, მაგრამ მდევარ „დორტმუნდს“ უკვე მხოლოდ ორი ქულით უსწრებს. ყველაფერში დამნაშავედ კი... ოლივერ კანი მიაჩნიათ, რადგან მან სწორად ვერ დაგეგმა და განახორციელა გუნდის საკადრო პოლიტიკა, ვერ მიიყვანა ისეთი ფეხბურთელები, რომლებიც ბავარიელებს წარმატებას მოუტანდნენ.

„ოლის გუნდთან კონტრაქტი კიდევ ორი წლით აკავშირებს, მაგრამ „ბაიერნის“ მფლობელები, ალბათ, სეზონის დასრულებასაც არ დაელოდებიან და მას თანამდებობიდან დაითხოვენ“, - წერს გერმანული მედია.

ავტორი: ბათო ჯაფარიძე