კვარაცხელია ახალ სეზონს „ნაპოლიში“ დაიწყებს

ფეხბურთი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

როგორც იქნა, ხვიჩა კვარაცხელიამ ყაზანის „რუბინს“ თავი დააღწია და ახლა ბათუმის „დინამოში“ თამაშობს. სიმართლე გითხრათ, როცა აღნიშნული გარიგება შედგა, ბევრი გაოცდა, რადგან ხვიჩას ტოპ-კლუბები იწვევდნენ, მისი სატრანსფერო ფასი 12-15 მილიონ ევრომდე თამაშობდა და ამ დროს აჭარულ კლუბში მისი გადასვლა, ცოტა არ იყოს, უცნაურად ჩანდა. იმის მიუხედავად, რომ ბათუმური კლუბი საქართველოს ჩემპიონია, უშუალოდ ჩემპიონატის დონე არ გვაქვს ისეთი, როგორიც კვარაცხელიას შეეფერება, თუმცა...

რამდენიმე იტალიური გამოცემა ერთ ხმაში ამტკიცებს, რომ კვარაცხელია მიმდინარე სეზონს „დინამოში“ ჩაამთავრებს, შემდეგ კი ნეაპოლში გადაბარგდება და „ნაპოლის“ მაისურს მოირგებს, კლუბის, რომელშიც ლეგენდარული დიეგო მარადონა აგორებდა ბურთს და კლუბში, რომელსაც არა მარტო საჩემპიონო ამბიციები აქვს.

„კვარაცხელიას და „ნაპოლის“ წარმომადგენლებს შორის იტალიაში შეხვედრა შედგა, რომელიც კარგი შედეგით დასრულდა. შეგვიძლია ვთქვათ, რომ შეთანხმება შედგა, რომლის მიხედვითაც, ქართველი „ნაპოლისთან“ ხუთწლიან კონტრაქტს გააფორმებს, სეზონში კი 1 მილიონ ევროზე ოდნავ მეტს მიიღებს. რაც შეეხება ფეხბურთელის სატრანსფერო ფასს, ბათუმის „დინამოს“ მოთამაშის სანაცვლოდ, 10 მილიონ ევროს გადაუხდიან“, - წერს იტალიური napolicalciomercato.it.

შეგახსენებთ, რომ კვარაცხელიას „რუბინთან“ კონტრაქტი 2024 წლამდე აკავშირებს, მაგრამ მიმდინარე მოვლენების გამო, უეფამ რუსეთში მოთამაშე ლეგიონერებს უფლება მისცა, ზაფხულამდე სხვა კლუბებში ითამაშონ, ზაფხულის შემდეგ კი გადაწყდება, დაბრუნდებიან თუ არა ისინი კლუბებში. ჰოდა, კულუარულად ამტკიცებენ, რუსეთიდან წასული ლეგიონერების დაბრუნება გამორიცხულია და ყველა მათგანი ახალი გუნდის მოძებნითაა დაკავებულიო.

 

ავტორი: ბათო ჯაფარიძე