SOS! - TikTok-ზე სასიკდვილო თამაში ვრცელდება!

საზოგადოება
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

მშობლებო, ეს წერილი აუცილებლად წაიკითხეთ და შვილები დაღუპვას გადაარჩინეთ!

ავტორი: ემილი ფეიქრიშვილი

სოციალური ქსელ TikTok-ზე ხშირად შეხვდებით გამოწვევებს, რომლებიც ადამიანის სიცოცხლისთვის საშიშია, მაგრამ მიუხედავად ამისა, ეს გამოწვევები მთელ მსოფლიოში ვირუსულად ვრცელდება და მასში უამრავი მომხმარებელი ერთვება. ერთ-ერთი მათგანის დროს, „ჩელენჯის“ მონაწილეების ტვინს არ მიეწოდება საკმარისი რაოდენობით ჟანგბადი და საბოლოოდ, ყველაფერი ფატალურად მთავრდება. აშშ-ის დაავადებათა კონტროლის ცენტრის (CDC) ინფორმაციით, სახიფათო თამაშს 80 ადამიანზე მეტის სიცოცხლე ემსხვერპლა. გასულ წელს, ამ დავალების შესრულებისას, 12 წლამდე ასაკის ოთხი ბავშვი გარდაიცვალა.  კვლევა აჩვენებს, რომ ბევრ მშობელს სასიკვდილო თამაშის შესახებ არაფერი გაუგია, ამიტომ მათ, სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებსა და მასწავლებლებს მნიშვნელოვან ინფირმაციას ვაწვდით, რათა სასიკვდილო თამაშის ე.წ. გამაფრთხილებელი ნიშნები ამოიცნონ. რას ფიქრობენ მოზარდები „ტიკ-ტოკზე“ არსებულ სახიფათო თამაშებზე, რამდენად აქვთ გაანალიზებული მოსალოდნელი საფრთხე და როგორ ცდილობენ მის თავიდან აცილებას? ამ თემებზე, ერთ-ერთი „ტიკტოკერი“ მოზარდი თავად გვესაუბრა:

„ხშირად შემხვედრია არაერთი სახიფათო გამოწვევა „ტიკ-ტოკზე“, როდესაც საჭიროა საკუთარი ჯანმრთელობის გარისკვა, მაგრამ თამაშის დროს, ამაზე არ ვფიქრობთ და მოტივირებულები ვართ, „ჩელენჯი“ შევასრულოთ, რადგან მას საზოგადოების გამოხმაურების მოსაპოვებლად ვაკეთებთ. გამოწვევის შესრულების დროს, პროცესიც სასიამოვნოა იქამდე, სანამ გარკვეული ზიანი არ მოგვადგება. მაგალითად, ეს იქნება დაცემით გამოწვეული სახიფათო ილეთის გაკეთების დროს, თუ სუნთქვის შეკავებისას მოყენებული ზიანი. გარკვეული გამოწვევების შესრულება, რა თქმა უნდა, ძალიან რთულია. მაგალითად, 3 წუთის განმავლობაში, ჰაერის გარეშე ანუ სუნთქვის შეკავების დროს, ვიდეოს გადაღება. პირადად მე, უკვე ინფორმირებული ვარ, რომ ჯანმრთელობისთვის სახიფათოა მსგავს გამოწვევაში ჩართვა და ვცდილობ, „ტიკ-ტოკი“ ჩემთვის გასართობი პლატფორმა იყოს, რომლის გამოც, გარისკვა არ მომიწევს. ისიც ვიცი, რომ ჩემი რამდენიმე მეგობარი, ვინც ასევე, „ტიკტოკერია“, რისკავს ჯანმრთელობით, მაგრამ მათ არ აქვთ ინფორმაცია, რამდენად მავნებელი შეიძლება აღმოჩნდეს ეს ყველაფერი“. თუ ჟანგბადი 3 წუთის განმავლობაში არ მიეწოდება, ტვინი ზიანდება და შედეგად, შესაძლოა, სიკვდილი დადგეს, ამ დროს ტვინს იგივე ემართება, რაც დახრჩობის, ან გულის შეტევის დროს ხდება. ნიშნების ჩამონათვალში, რაც, შესაძლოა, ჰქონდეს მოზარდს, რომელმაც „ტიკ-ტოკ“ გამოწვევაში ჩართვა სცადა, ჩასისხლიანებული თვალებიცაა, ასევე, უცნაური კვალი კისერზე, თავის ძლიერი ტკივილი... როგორ უნდა მოიქცეს მშობელი, თუ მოზარდი ინტერნეტ-დამოკიდებულია, აქტიურად იყენებს სოციალურ ქსელებს და ამ დროს, მშობელს არ აქვს ინფორმაცია შვილის საქმიანობაზე? - „ვერსია“ ბავშვთა ფსიქოლოგ მარიამ გოგიაშვილს ესაუბრა: „ინტერნეტ-დამოკიდებულება დაავადებაა, რომელსაც თავისი მიმდინარეობა, ხანგრძლივობა და გამწვავებები აქვს. ინტერნეტ-დამოკიდებულებას იწვევს თავად ვირტუალური სამყარო, მიუხედავად იმისა, რა საქმიანობას ანხორციელებს ადამიანი ამ სივრცეში. ეს არის ინტერნეტის გადაჭარბებული მოხმარება და მის რაციონალურ გამოყენებაზე კონტროლის დაკარგვა. დღევანდელი ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, მოზარდებს უწევთ დიდი დრო გატარონ ონლაინში, მაგალითად, დისტანციური სწავლებისას, ამიტომ მნიშვნელოვანია, ბავშვები თავისუფალ დროს, ეკრანთან არ იყვნენ. გარდა ამისა, სოციალური ქსელები საფრთხის შემცველია. სქესობრივი მომწიფების პერიოდში მყოფ ადამიანს, რომელიც ჯერ არ არის სათანადოდ ჩამოყალიბებული, შესაძლოა, არასწორი დამოკიდებულებები და მოლოდინები შეექმნას რიგ საკითხებზე. დღევანდელი ჩვენი თემაც სწორედ ამის გამოძახილია. მოზარდობის ასაკის ბავშვებში პოპულარული ადამიანი ავტორიტეტს წარმოადგენს, ვიდრე, მაგალითად, ოჯახის წევრი. ამიტომ წახალისებული „პოპულარული ქცევა“, თამაში, რაც უნდა სახიფათო იყოს მოზარდისთვის, მისი ინტერესის სფეროა და უჭირს რისკების შეფასება, რაც შესაძლოა, სავალალო შედეგით დასრულდეს. მნიშვნელოვანია, მშობელმა გააკონტროლოს მოზარდი, რას ნახულობს, რა ტიპის აქტივობითაა დაკავებული და ეს რამდენად უსაფრთხოა. ასევე, უნდა შეეცადოს, რომ მოზარდმა ინტერნეტი ზომიერად გამოიყენოს. წართმევა, კონფლიქტი გამოსავალი არაა და სჯობს, მშობელმა ჩანაცვლების მეთოდით იხელმძღვანელოს, მათ შორის, მოზარდის ინტერესების გათვალისწინებით, იქნება ეს სამაგიდო თამაში, სუფთა ჰაერზე სეირნობა, თუ სამზარეულოში საქმიანობა და ა.შ. სწორედ, მოზარდისთვის საინტერესო სხვა საქმეებით უნდა ჩაანაცვლოს გაჯეტი. ეს საშუალებას მისცემს მშობელს, რომ შვილს დაუმეგობრდეს“, - ამბობს მარიამ გოგიაშვილი.