რამდენად ხშირად მიმართავენ საქართველოში ქალები აბორტს და როგორ დავიცვათ თავი არასასურველი ორსულობისგან

საზოგადოება
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

არასასურველი ორსულობის მიზეზები, ძირითადად, ადეკვატური სექსუალური განათლების არარსებობა და კონტრაცეპტული მეთოდების შესახებ ინფორმაციის ნაკლებობა ხდება. არასასურველი ორსულობის თავიდან ასაცილებლად უნდა იყოს ცნობილი და გამოყენებული კონტრაცეფციის ეფექტური და უსაფრთხო მეთოდები. ასევე, ხშირია აბორტის შემთხვევებიც, ამიტომ დავინტერსდით, საქართველოში ქალების რამდენი პროცენტი მიმართავს აბორტს და როგორ უნდა ავიცილოთ თავიდან არასასურველი ორსულობა - რის გასარკვევადაც გინეკოლოგ ეკა ნინუას ვესაუბრეთ:

-ქალბატონო ეკა, რას ეტყოდით მკითხველს არასასურველ ორსულობასთან დაკავშირებით?..
-სხვათაშორის დღევანდელი ახალგაზრდობა უფრო გაცნობიერებულია ამ თემასთან დაკავშირებით და უკვე ნაკლები პროცენტია, ვიდრე ადრე იყო. ჩემი გამოცდილებით, ძალიან დაიწია აბორტების რაოდენობამ იმიტომ, რომ ახალგაზრდები როდესაც მოდიან, ექიმები ვუხსნით, რომ მომავლისთვის დაიცვან თავი, რადგან შემდგომ აბორტის წინაშე არ დადგეს ქალი. თუმცა, მაინც არის შემთხვევები დაუგეგმავი ორსულობისა და მოგვმათავენ, რომ არ გვინდა, გვიშველეთ, მაგრამ ჩვენ მაინც ვაძლევთ სწორ გზას. პირადად მე ყოველთვის ვცდილობ, რომ შეინარჩუნონ ორსულობა.

-აბორტის რა სახის მეთოდები არსებობს?
- აბორტი არსებობს- ინსტრუმენტალური, როდესაც ექიმი აკეთებს სათანადო ტექნიკური საშუალებებით და მეორე მედიკამენტოზური. აღრიცხვაზე არის ეს წამალი და პაციენტმა უნდა მიმართოს ქალთა კონსულტაციას, სადაც არსებობს მედიკამენტოზური აბორტი, სათანადო მომზადების შემდეგ მიეცემა ეს წამალი და იწყება ორსულობის შეწყვეტა.

-თუ არის ისევ ე.წ „იატაკქვეშა“ აბორტების შემთხვევები?
-ნამდვილად არა, ჩემს გარშემო არც ერთი ჩემი კოლეგა ამას აღარ იკადრებს.

-და თუ გყოლიათ პაციენტი, რომელსაც მსგავსი მეთოდისთვის მიუმართავს და შემდეგ თქვენთან გართულებული მდგომარეობით მოსულა?
-იცით რა არის?! მე არ შემხვედრია არასდროს და არ მოსულა არავინ მსგავსი მდგომარეობით. ძალიან გახშირდა ერთმანეთში, მეგობრების არაკვალიფიციური ინფორმაციების მიწოდება, იმ კუთხით, რომ არსებობს წამლები, რომლებიც თავისი გვერდითი მოვლენებით წყვიტავს ორსულობას. ოღონდ არ მიმართონ ექიმებს, ალბათ სოციალური პირობების გამო და თანხასთან არ იყოს დაკავშირებული, ამის გამო იწყებენ ამ წამლების მიღებას. დოზები, რომ არ არის სწორად მიღებული ან საეთოდ არ უნდა იყოს ის პრეპარატებული გამოყენებული, ამას მოყვება სისხლის დენა, ღებინება, კუჭის აშლილობა, თავის ტკივილი. უკვე შემდეგ მოდიან, რადგან ნაყოფი ბოლომდე ვერ გამოდის, ამ შემთხვევაში ვეხმარებით და ვაყენებთ სწორ გზაზე. ასეთი შემთხვევები უფრო ხშირია დღეს.

-რამდენად ხშირად გითქვამთ პაციენტისთვის აბორტზე უარი?
-თითქმის 99,9%-ის შემთხვევაში ვანარჩუნებინებ მე პირადად ორსულობას. ექოსკოპიაზე როდესაც მოდიან და ესმით ნაყოფის გულისცემა, მათზე ძალიან ემოციურად მოქმედეს ეს ფაქტი, ამ ფონის დახმარებითაც ვცდილობთ, გადავაფიქრებინოთ აბორტის გაკეთება. მაგრამ როდესაც პაციენტი გადის შენობიდან, რა მოვლენების და ვისი გავლენის ქვეშ მოხვდება ეს უკვე აღარ ვიცით. 33 წელია, ვმუშაობ და ჩემთან ძირითადად ორსულობის შენარჩუნებაზე მოდიოდნენ. ფსიქოლოგია მე ძალიან კარგად ვიცი და ვცდილობ, ყველანაირად ხელი შევუწყო, მიუხედავად იმისა, რომელ სოციალურ ფენას ვეხებით.

-ქალბატონო ეკა, თქვენ აღნიშნეთ, რომ აბორტების რაოდენობა შემცირდა. ხომ არ იცით ზუსტი სტატისტიკა საქართველოში, წელიწადში რამდენი ქალი იკეთებს აბორტს?
-ზუსტ ციფრს ვერ გეტყვით, მე ბოლო დროს არ ვიყავი ამით დაინტერესებული იმიტომ, რომ თემა აბორტი არ მაინტერესებს, რადგან მე ვარ მომხრე ორსულობის შენარჩუნების, ამ სტატისტიკისთვის არ მიმიმართია, არ მოგატყუებთ.

-რაც შეეხება კონტრაცეფციის თანამედროვე მეთოდებს, რომლებიც ქალს და მის პარტნიორს არასასურველი არჩევანის რისკის წინაშე არ დააყენებს - ამაზე რას გვეტყვით?
-არსებობს რამდენიმე მეთოდი, ეს არის მექანიკური, რომელიც არის პრეზერვატივის გამოყენება, ე. წ საშვილოსნოს შიდა მეთოდი-სპირალის ჩადგმა, რომელიც ითვალისწინებს პატარა ჩარევას და 3-დან 5-წლამდე ინარჩუნებს მდგომარეობას, რომ არ დარჩეს ქალი ორსულად. არის მედიკამენტოზური კონტრაცეფცია, სათანადო სქემებით, რომელიც არის სხვადასხვა ჯგუფის, ირჩევა სათანადო პრეპარატი კონკრეტული ქალისთვის. ასევე, არსებობს მეთოდი, როდესაც იკეტავენ მილებს.

-როგორ უნდა შეარჩიონ კოტრაცეფციის მეთოდი და რა უნდა გავითვალისწინონ ქალებმა?
-ექიმი ვალდებულია განიხილოს ქალის ანთებითი პროცესების სიხშირე, ფსიქოლოგიური კუთხით შესწავლა, პაპ-ტესტი, მისი წარსული, რა ცხოვრებით ცხოვრობს ქალი, ყავს ერთი თუ რამდენიმე პარტნიორი. არის პრეპარატები, რომლებიც ალერგიულ ფონს იწვევს, ამიტომ შერჩევა ხდება ანალიზებიდან გამომდინარე.

-იქნებ გვესაუბროთ ჩასახვის საწინააღმდეგო აბების შესახებაც, შეწყვეტის შემდეგ რა ვადებში აღდგება შვილოსნობის უნარი?
-როდესაც მოიხსნება დანიშნულება, მაშინვე შეიძლება დადგეს ორსულობა. თუ ქალი სწორად ღებულობს პრეპარატს, ორგანიზმში ხდება მარტო ამ პროცესის დათრგუნვა, თუმცა როგორც გითხარით, ერევა სისხლის შედედების პროცესშიც და პერიოდულად ხდება სისხლის შედედების კონტროლირება. მაგრამ თუ ქალმა გადაწყვიტა ბავშვის გაჩენა, წყვეტს ამ პრეპარატის მიღებას, ისევ კონტროლდება მდგომარეობა და ხდება აღდგენა უმტკივნეულოდ. ერთადერთი ცვლილებები შეიძლება გამოიწვიოს საშვილოსნოს ყელის და სარძევე ჯირკვალში, მაგრამ ჩვენ ყოველთვის ვეკითხებით კონტრაცეფციას გადის თუ არა, ამიტომ მზად ვართ ამ ცვლილებებისთვის.

-რამდენად მნიშვნელოვანია ქალისთვის რეპროდუქციული ჯანმრთელობის შესახებ ინფორმირებულობა და როგორ ფიქრობთ, რა ასაკში უნდა მოხდეს ბავშვებში ამ ინფორმაციის მიწოდება?
-ეს აუცილებელია, რადგან მე შევეხე ფაქტებს, როდესაც თანამედროვე ბავშვებმა არ იციან ზუსტად, რას ნიშნავს მენსტრუალური ფუნქცია. შესაბამისად არ იციან, რომ ამ ფუნქციას მოჰყვება შვილოსნობა. ვფიქრობ, 14 წლიდან გოგონა უნდა იყოს სკოლის ან მშობლის მხრიდან ინფორმირებული, რას ნიშნავს სქესობრივი აქტი, რომ ეს ფაქტი ბუნებამ შექმნა იმისთვის, რომ ქალი დაორსულდეს და ჰყავდეს შვილი. გოგონამ უნდა იცოდეს ამის შესახებ, რადგან მე მყოლია ძალიან ახალგაზრდა პაციენტები და ყოველთვის ვღელავდი იმაზე, რომ 14 წლის ბავშვი აჩენდა შვილს.

ავტორი-გვანცა პეტრიაშვილი