"არც სალომე ზურაბიშვილი და არც ნიკა გილაური არ არის საინტერესო, ის თავის დროზე აკეთებდა სისხლიანი რეჟიმის საქმეს" - პრემიერი

პოლიტიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ჯერ სალომე ზურაბიშვილი არ არის საინტერესო, მერე ნიკა გილაური არ არის საერთოდ საინტერესო, რომელიც თავის დროზე სისხლიანი რეჟიმის პრემიერ-მინისტრი იყო, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

 

მთავრობის მეთაურს კითხვა დაუსვეს გილაურისა და ზურაბიშვილის შეხვედრაზე, რაზეც პრემიერმა აღნიშნა, რომ ნიკა გილაური თავის დროზე აკეთებდა სისხლიანი რეჟიმის საქმეს.

 

„ასეთი გამონათქვამი არსებობს - იყავი და გაგეკეთებინა - ის იყო და აკეთებდა სისხლიანი რეჟიმის საქმეს. მან როცა დატოვა საკუთარი თანამდებობა, მაშინ ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა 30 მილიარდი ლარიც არ იყო, როცა ჩვენ 90 მილიარდ ლარამდე გავზარდეთ ჩვენი ეკონომიკა. აქედან ჩანს, რამდენად უსუსურები არიან ეს ადამიანები.

 

რაც შეეხება სალომე ზურაბიშვილს, თქვენ იცით, რომ მას უწევს იმპიჩმენტის წესით თანამდებობის დატოვება ნოემბრის ბოლოს ან მაქსიმუმ დეკემბრის დასაწყისში. ეს ქალბატონი არის სრულიად არარელევანტური, ერთ თვეში ტოვებს იმპიჩმენტის წესით თანამდებობას“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 

პრემიერის თქმით, თუ კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ არ გამოცხადდება არაკონსტიტუციურად, რისთვისაც შესაბამისი პროცედურები დაიწყება აუცილებლად არჩევნების შემდეგ, ისე პოლარიზაციის პრობლემა საქართველოში არასდროს არ მოგვარდება.

„ეს პოლიტიკური ძალა, ეს პოლიტიკური პარტიების ერთობლიობა მუდმივად იქნება დაბრკოლება ქართული დემოკრატიის განვითარების და ჩვენი ქვეყნის გაძლიერების გზაზე.
რაც შეეხება ამომრჩეველს, ვერ განვიხილავ ასეთ საკითხს. რა თქმა უნდა, ჩემთვის წარმოუდგენელია ამომრჩევლის გასამართლება. მიუხედავად იმისა, რომ თითოეულ ამომრჩეველს პასუხისმგებლობა ეკისრება საკუთარი არჩევანის გამო, ჩვენი მხრიდან ვერ იქნება განხილული ათიათასობით ადამიანის გასამართლების საკითხი. ჩვენ ამაზე ვერც ფიქრს ვერ დავიწყებთ და ეს იდეა ჩვენი მხრიდან ვერ იქნება აქტიურად განხილული. ერთადერთი, რაც შეგვიძლია ვთქვათ, უნდა მოვუწოდოთ თითოეულ ამომრჩეველს, რომ მათ იმოქმედონ საკუთარი პასუხისმგებლობით“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.