ვინ არის ზაალ კოკაია, რომელიც პოლიტიკურ კულუარებში, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად სახელდება?!

პოლიტიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, ოპოზიციურ პარტიებს ტექნიკური მთავრობის მეთაურის კანდიდატურას შესთავაზებს. მართალია, ოფიციალურად პრემიერ-მინისტრის ვინაობა არ სახელდება, თუმცა, როგორც თავად პრეზიდენტი აცხადებს, კანდიდატურა უკვე შერჩეულია და ის ყველა პოლიტიკური მოთამაშისთვის მისაღები ფიგურა იქნება.

როგორც სალომე ზურაბიშვილი განმარტავს, იგი არ არის პოლიტიკური ფიგურა, სამეცნიერო წრეებში დიდი ავტორიტეტით სარგებლობს და ყველა პირობა არსებობს, რომ 2024 წლის არჩევნებში ოპოზიციის გამარჯვების შემთხვევაში, იგი შეძლებს, შეასრულოს 9 პუნქტიანი გეგმა.

ოპოზიციური პარტიების მიერ ხელმოწერილი ქარტიის მიხედვით კი,  საქართველოს მთავრობასა და პრემიერ-მინისტრს, რომელსაც  წარადგენს საქართველოს პრეზიდენტი, ერთადერთი ფუნქცია აქვს - შესრულოს ევროკავშირის წინაშე აღებული ვარდებულება, მოამზადოს ვითარება სამართლიანი არჩევნებისთვის და ჩაატაროს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები.

კულუარული ინფორმაციით, რომელიც ჯერ-ჯერობით ოფიციალურად არ დასტურდება, სალომე ზურაბიშვილი ტექნიკური მთავრობის მეთაურის პოსტზე ზაალ კოკაიას კანდიდატურას შესთავაზებს ოპოზიციურ პარტიებს. ვინ არის ზაალ კოკაია?

შვედეთში მოღვაწე ქართველი მეცნიერი ზაალ კოკაია დაიბადა 1962 წლის, 29 მაისს. ჰყავს მეუღლე, თამარ ჩიქოვანი და ორი შვილი: გიორგი და ლუკა.

სწავლობდა თბილისის 24–ე საჯარო სკოლაში. 1984 წელს წითელ დიპლომზე დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიოლოგიის ფაკულტეტი (სპციალობით “ადამიანის და ცხოველთა ფიზიოლოგია”). 25 წლის ასაკში დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია ი. ბერიტაშვილის სახელობის ფიზიოლოგიის ინსტიტუტში. ამავე პერიოდში ბიოლოგიის მასწავლებლად მუშაობდა თბილისის მეექვსე გერმანულ სკოლაში.

1990 წელს მიიღო შვედეთის ინსტიტუტის სტიპენდია და ცხრათვიანი სამეცნიერო პროექტის შესასრულებლად ლუნდის უნივერსიტეტში ჰისტოლოგიის კათედრაზე სამუშაოდ გაემგზავრა. პროექტის დასრულების შემდეგ ის  საქართველოში ჩამოვიდა, თუმცა მალე მიხვდა, რომ აქ თავის პროფესიაში პერსპექტივა არ ექნებოდა, და მალევე, ოჯახთან ერთად, უკან, შვედეთში დაბრუნდა.

ბატონი ზაალი ლუნდის სამეცნიერო  ცენტრში 1996 წლიდან მოღვაწეობს. აქვე დაიცვა სადოქტორო დისერტაციაც  კლინიცისტ ნევროლოგის ულე ლინდვალის ხელმძღვანელობით. ამის შემდეგ საქართველოშიც მიენიჭა ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორის სამეცნიერო ხარისხი. 1999 წელს მან დაიმსახურა ლუნდის უნივერსიტეტის დოცენტის წოდება ექსპერიმენტულ ნევროლოგიაში. 2002 წელს კი მოიპოვა ასოცირებული პროფესორის თანამდებობა (მუდმივი) ექსპერიმენტული მედიცინის დარგში.

2003 წელს ზაალ კოკაია სათავეში ჩაუდგა ლუნდის უნივერსიტეტში ახლად დაარსებული ღეროვანი უჯრედებისა და უჯრედული თერაპიის სტრატეგიული ცენტრის ნერვული ღეროვანი უჯრედების ბიოლოგიის ლაბორატორიას. რამდენიმე წელში მას ამავე ცენტრის დირექტორის მოადგილის თანამდებობა ჩააბარეს, რა დროსაც იგი ხელმძღვანელობდა ნეირომეცნიერების პროგრამას.

2007 წლიდან დღემდე ის არის ევროკავშირის მიერ დაფინანსებული საერთაშორისო სამეცნიერო კონსორციუმის “შტემშტროკე” ხელმძღვანელი. 2008 წელს კი იგი გახდა ლუნდის უნივერსიტეტის სრული პროფესორი (მუდმივი თანამდებობა) ექსპერიმენტული სამედიცინო კვლევის დარგში.

სამეცნიერო მოღვაწეობასთან ერთად ქართველი მკვლევარი შვედეთში პედაგოგიურ საქმიანობასაც ეწევა. ამავე დროს, იგი არის კაგლიარის უნივერსიტეტის (სარდინია, იტალია) მოწვეული პროფესორი. 2010 წლიდან ხელმძღვანელობს შვედეთის მთავრობის მიერ დაფინანსებული ღეროვანი უჯრედებისა და უჯრედული თერაპიის სტრატეგიულ კვლევით დარგს; ხოლო 2011 წლიდან არის ევროკავშირის მიერ დაფინანსებული FP7 ევროპული სამეცნიერო კვლევითი კონსორციუმის კოორდინატორი და ლუნდის ღეროვანი უჯერედების ცენტრის დირექტორი.

უცხოეთში მოღვაწეობის პარალელურად მეცნიერს კონტაქტი არ გაუწყვეტია საქართველოსთან. იგი რეგულარულად ჩამოდის  და კითხულობს მოხსენებებსა და ლექციებს ი. ბერიტაშვილის სახელობის ფიზიოლოგიის ინსტიტუტში, სხვადასხვა უნივერსიტეტებში, მონაწილეობს სატელევიზიო გადაცემებში და სხვ.

ზაალ კოკაია ოც წელზე მეტია შვედეთში ცხოვრობს და მუშაობს, თუმცა თავს ემიგრანტად არ თვლის. მისი აზრით, მეცნიერება უნივერსალურია და გეოგრაფიული საზღვრები არ აქვს. იგი ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მოწვეული პროფესორია და დოქტორანტებს ორ საგანს უკითხავს: სწავლების თანამედროვე მეთოდებსა (Problem based learning) და სამეცნიერო წერას (Scientific writing). 

 ზაალ კოკაიას მიღებული აქვს მრავალი ჯილდო, მათ შორის საქართველოს ეროვნული პრემია მეცნიერებაში, რომელიც პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა 2019 წელს მიანიჭა.

20 ოქტომბერს თბილისში დაგეგმილია გრანდიოზული მანიფესტაცია. არსებობს ვარაუდი, რომ სალომე ზურაბიშვილი სწორედ ამ აქციაზე დაასახელებს, მომავალი პრემიერ-მინისტრის კანდიდატურას. როგორ განვითარდება მოვლენები და ოპოზიცია მხარს დაუჭერს თუ არა პრეზიდენტის მიერ დასახელებულ  ნეიტრალურ კანდიდატურას, სულ რამდენიმე დღეში გაირკვევა.