ცვლილებები 2022 წლის ბიუჯეტში - ეკონომიკური ზრდის პირობებში, მთავრობა დამატებით ვალს აღარ აიღებს?

ეკონომიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

 

 

რა ცვლილებები განხორციელდა მიმდინარე წლის ბიუჯეტში

 

მაკა რუხაძე

 

უახლოეს დღეებში, საქართველოს პარლამენტში, მიმდინარე წლის ბიუჯეტში შეტანილი ცვლილებების განხილვა დაიწყება. ქვეყნის პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, პირველ შვიდ თვეში, რეალური ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 2.5%-ით გაზარდა. ამის გამო, დღის წესრიგში დადგა მიმდინარე ბიუჯეტში ცვლილებების მომზადების საკითხი. ეს ნიშნავს, რომ წინასწარ დაგეგმილი 6%-ის ნაცვლად, 2022 წელს, რეალური ეკონომიკური ზრდის საპროგნოზო მაჩვენებელი 8.5% იქნება. ფაქტობრივი მაჩვენებლების გათვალისწინებით, მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) დეფლატორის პროგნოზი - 10.5%-ია, ხოლო ნომინალური შიდა პროდუქტის პროგნოზი 72.2 მილიარდი ლარით განისაზღვრა, რაც ერთ სულ მოსახლეზე გადაანგარიშებით, 6 500 აშშ დოლარს აჭარბებს. ახლა, ვნახოთ, კონკრეტულად რა ცვლილებები შევიდა მიმდინარე წლის ბიუჯეტში, რომელიც უახლოეს დღეებში, პარლამენტმა უნდა განიხილოს.

 

საქართველოს ფინანსთა მინისტრის, ლაშა ხუციშვილის განცხადებით, 2022 წლის ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი, დაახლოებით, 700 მილიონი ლარით, ხოლო საგადასახადო შემოსავლები - 1 მილიარდ 266 მილიონი ლარით იზრდება. მინისტრის თქმით, პანდემიის შემდგომ, გასული წლის მეორე კვარტლიდან, საქართველოს ეკონომიკამ აღდგენა დაიწყო და საბოლოოდ, 2021 წელს, ორნიშნა - 10.4%-იანი ზრდა დაფიქსირდა. აქედან გამომდინარე, 2022 წლის ბიუჯეტი დაიგეგმა 6%-იანი ეკონომიკური ზრდის პროგნოზით, ხოლო ნომინალური მთლიანი შიდა პროდუქტის პროგნოზი 64.8 მილიარდი ლარი იყო.

„6%-იანი ზრდის შემთხვევაში, პროგნოზირებული იყო, რომ საქონლის ექსპორტის მაჩვენებელი 13%-ით გაიზრდებოდა, ხოლო 2019 წელთან შედარებით, ტურიზმის აღდგენის მაჩვენებელი 70%-ის ფარგლებში დაფიქსირდებოდა. უკრაინაში საომარი მოქმედებების დაწყებამ, პირველ ეტაპზე, რა თქმა უნდა, რისკები შექმნა და რომ არა ჩვენი სწორი პოლიტიკა, შესაძლებელია, დღეს არა ორნიშნა ეკონომიკური ზრდა, არამედ, ეკონომიკური ვარდნაც გვქონოდა“, - განაცხადა ლაშა ხუციშვილმა.

მინისტრის თქმით, საქონლის ექსპორტის მაჩვენებელი 3.1 მილიარდი აშშ დოლარია, რაც 36.4%-ით აღემატება გასული წლის მაჩვენებელს, მათ შორის, ადგილობრივი ექსპორტის მაჩვენებელი 2.2 მილიარდი აშშ დოლარია, რაც 34%-ით მეტია 2021 წლის ამავე პერიოდის მაჩვენებელზე. ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები ქვეყნის ეკონომიკაში 1.6 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს, რაც 3.2-ჯერ მეტია 2021 წლის მაჩვენებელზე. 2019 წელთან შედარებით, მიმდინარე წლის შვიდ თვეში, ტურიზმიდან შემოსავლების აღდგენის მაჩვენებელი 87%-ს აღემატება. კერძოდ, იანვარ-აპრილში, აღდგენის საშუალო მაჩვენებელი 68% იყო, ხოლო მაისი-ივლისის პერიოდში, საშუალო მაჩვენებელმა 100%-ს გადააჭარბა.

ლაშა ხუციშვილის განცხადებით, წლის პირველ კვარტალში, პირდაპირი უცხოური ინვესტიციები 922.9 მილიონი აშშ დოლარი იყო, რაც გასული წლის მაჩვენებელს ორჯერ აღემატება, ხოლო 2019 წლის პირველი ნახევრის მაჩვენებელს 62.4%-ით აჭარბებს. აქედან გამომდინარე, სწორედ ამ მაჩვენებლების გათვალისწინებით, რა თქმა უნდა, ძირითადი ეკონომიკური პარამეტრების წლიური პროგნოზებიც შეიცვალა. მაღალი ეკონომიკური ზრდის გათვალისწინებით, დღის წესრიგში დადგა 2022 წლის ბიუჯეტში ცვლილებების მომზადება, რომელიც ორიენტირებულია ორი ძირითადი მიზნის მიღწევაზე - ბიუჯეტის დეფიციტისა და მთავრობის ვალის შემცირებაზე.

„პირველი არის მაკროეკონომიკური პარამეტრების კიდევ უფრო გაუმჯობესება, რაც ქვეყნისთვის მდგრადი და გრძელვადიანი ზრდის აუცილებელი პირობაა, ხოლო მეორე - მიმდინარე საჭიროებებზე დამატებითი ფინანსების გამოყოფა გახლავთ. 2022 წლის ნაერთი ბიუჯეტი დაიგეგმა მშპ-სთან მიმართებით 4.4%-იანი დეფიციტის, ხოლო მთავრობის ვალის - 51%-იანი ნიშნულის ოდენობით. ბიუჯეტში განხორციელებული ცვლილებების მიხედვით, 2022 წელს, 710 მილიონი ლარით ნაკლებ ვალს ვიღებთ, ვიდრე ბიუჯეტით გვქონდა დაგეგმილი და წლის ბოლოსთვის, მთავრობის ვალის მოცულობა შემცირდება მშპ-ის 40%-მდე, რაც იმაზე უკეთესი მაჩვენებელია, ვიდრე ქვეყანას პანდემიამდე პერიოდში ჰქონდა. მთავრობის ვალის შემცირება 60%-დან უსაფრთხო, 40%-იან ნიშნულამდე, მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია ქვეყნისთვის. ამასთან, ნაერთი ბიუჯეტის დეფიციტის მოცულობა მშპ-ის 4.4%-დან, 3.2%-მდე მცირდება“, - აღნიშნა ლაშა ხუციშვილმა.

მისი თქმით, დეფიციტისა და ვალის შემცირების პარალელურად, დამატებით მიიმართება, ერთი მხრივ, აღებული ვალდებულებების დასაფინანსებლად, ხოლო მეორე მხრივ - ქვეყნის ინფრასტრუქტურის გასაუმჯობესებლად, თავდაცვისუნარიანობის გასაძლიერებლად, სოციალური და ჯანდაცვის მიმართულებებით. მისივე განცხადებით, ამ კუთხით დაგეგმილი ცვლილებები ითვალისწინებს დამატებითი თანხების გამოყოფას შემდეგ პროგრამებსა და სახელმწიფო პროექტებში:

___________________________________

___________________________________

სოციალურად დაუცველი ბავშვების ყოველთვიური დახმარება მიმდინარე წლის 1 ივნისიდან, 50 ლარით გაიზარდა და ყოველთვიურად, 150 ლარით განისაზღვრა. ცვლილების შემდეგ, სწორედ ამ პროგრამის დასაფინანსებლად, მიმდინარე წლის ბიუჯეტიდან 86 მილიონ ლარზე მეტს გამოყოფენ; მიმდინარე წელს, საზოგადოებრივ სამუშაოზე დასაქმების ხელშეწყობის პროგრამა დაიწყო, რისთვისაც გამოიყოფა 40 მილიონ ლარამდე; ჯანდაცვის პროგრამებზე დამატებით გამოიყოფა 80 მილიონი ლარი, მათ შორის, კორონავირუსის - COVID-19-ის მკურნალობასთან დაკავშირებული ხარჯებისთვის დამატებით 45 მილიონი ლარია განსაზღვრული; მცირემიწიან ფერმერთა სასოფლო-სამეურნეო ვაუჩერებით დასახმარებლად - 40 მილიონი ლარი; რთველის დასაფინანსებლად - 40 მილიონი ლარი; სოფლის მეურნეობის ხელშეწყობის სხვა პროგრამების დასაფინანსებლად - 70 მილიონი ლარი, მათ შორის, 55 მილიონი ლარი გათვალისწინებულია შეღავათიანი აგროკრედიტების დასაფინანსებლად; თავდაცვის სამინისტროს დასაფინანსებლად დამატებით გამოიყოფა 80 მილიონი ლარი, რომლითაც გაგრძელდება ჯარისკაცების ბინების მშენებლობა, ასევე, გაგრძელდება თავდაცვის შესაძლებლობების გაუმჯობესება; თბილისში იწყება პოლიციის ქალაქის მშენებლობა, რომლის ფარგლებშიც, 1 100-ზე მეტი ბინის მშენებლობა განხორციელდება; სამაშველო ვერტმფრენების შესყიდვის მიზნით, გამოიყოფა 50 მილიონი ლარი; სპორტის ხელშეწყობისა და მიღწეული შედეგების შესაბამისად, სპორტსმენთა დაჯილდოების მიზნით, დამატებით გამოიყოფა 43 მილიონი ლარი; თბილისსა და მუნიციპალიტეტებში, ინფრასტრუქტურული პროექტების დაფინანსების მიზნით, თბილისის მუნიციპალიტეტის ტრანსფერი იზრდება 65 მილიონი ლარით, ხოლო რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისთვის დამატებით გამოიყოფა 130 მილიონი ლარი.

___________________________________

___________________________________

აღსანიშნავია, რომ მუნიციპალიტეტების საგადასახადო შემოსავლები, თავდაპირველ გეგმასთან შედარებით, 160 მილიონ ლარამდე გაიზარდა. მისი დიდი ნაწილი გათვალისწინებულია ინფრასტრუქტურული პროექტების დასაფინანსებლად. კერძოდ, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს დაფინანსება იზრდება 80 მილიონი ლარით, რაც 2023 წელს, საქართველოში დაგეგმილი, ფეხბურთში ევროპის 21 წლამდე ჩემპიონატის მასპინძლობას, ასევე, საფეხბურთო სტადიონების მშენებლობა-რეაბილიტაციას მოხმარდება. ჯამში, მიმდინარე წელს, ინფრასტრუქტურული პროექტების დასაფინანსებლად გამოყოფილია 6 მილიარდი ლარი, რაც უპრეცედენტოდ დიდი დაფინანსებაა.

 

***

ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში, თსუ ანალიზისა და პროგნოზირების ცენტრის წარმომადგენელი, ოთარ ანგურიძე აცხადებს, რომ მიმდინარე წლის ეკონომიკა, ბევრი მიმართულებით, რეკორდული გახლავთ, რასაც 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის კანონში შეტანილი ცვლილებების პროექტიც ადასტურებს:

„ექსპორტმა 3.1 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, რაც 36.4%-ით აჭარბებს გასული წლის მაჩვენებელს. განსაკუთრებით აღსანიშნავია 2.2 მილიარდდოლარიანი ადგილობრივი ექსპორტის მოცულობა. ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავლებმა, პირველ შვიდ თვეში, 2019 წლის ანალოგიური მაჩვენებლის 87% შეადგინა, ხოლო ცალკეულ თვეების მიხედვით, გადაასწრო კიდეც. დღგ-ს გადამხდელთა ბრუნვა 21%-ით გაიზარდა; პირდაპირი უცხოური ინვესტიციები პირველ კვარტალში 922.9 მილიონი აშშ დოლარი იყო, რაც 2019-2020 წლების მაჩვენებლებს აღემატება. ყველაფერმა ერთად, ჯამურად, პირველ შვიდ თვეში, ორნიშნა ეკონომიკური ზრდა მოგვცა“.

ოთარ ანგურიძე ამბობს, რომ ნაერთი ბიუჯეტის შემოსავლები 1 266 მილიონი ლარით იზრდება და 16 824 მილიონ ლარი შეადგენს. მისი თქმით, მიმდინარე წელს, ასეთი მასშტაბური ფინანსური რესურსების მობილიზება იმის საშუალებას იძლევა, რომ ერთი მხრივ, მთავრობამ უარი თქვას დამატებით ვალის - 710 მილიონი ლარის აღებაზე, ხოლო მეორე მხრივ, შეამციროს არსებული ვალი და დავიდეს მშპ-ს 40%-მდე. რაც მთავარია, ნაერთი ბიუჯეტის დეფიციტი 4.4%-ის ნაცვლად, შემცირდეს 3.2%-მდე.

„როდესაც ეკონომიკურ ზრდასა და საბიუჯეტო შემოსავლების ზრდაზე ვსაუბრობთ, ეს ნიშნავს, რომ პირდაპირ და ზოგიერთ შემთხვევაში, ირიბად, სხვადასხვა პროექტების სახით, ეს ზრდა ამ ქვეყნის თითოეულ მოქალაქეს შეეხება. ეს ყველაფერი იძლევა საშუალებას, რომ განხორციელდეს მეტი ინფრასტრუქტურული პროექტი, გვქონდეს უკეთესი ჯანდაცვა, უკეთესი სოციალური პროგრამები, მეტად შევუწყოთ ხელი კერძო სექტორს და მეტი ახალი რეფორმა განვახორციელოთ, რათა მომავალი წელი უფრო სტაბილური და მაღალ ეკონომიკურ ზრდაზე იყოს ორიენტირებული“.